• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 16.06.2025
      • N1870
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 23 ივლისის №1/2/1870 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N1/2/1870
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი,
თარიღი 23 ივლისი 2025
გამოქვეყნების თარიღი 1 აგვისტო 2025 11:50

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი − სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე − წევრი;

გიორგი თევდორაშვილი − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი კვერენჩხილაძე − წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 16 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1870) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1870 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 16 ივნისს. №1870 კონსტიტუციური სარჩელთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 23 ივლისს.

2. №1870 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

3. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინებაზე ვალდებულ პირს. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება: ა) დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის მესაკუთრეს; ბ) დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის კანონიერ მფლობელსა და მესაკუთრეს, თუ კანონიერი მფლობელი იმავდროულად არ არის მესაკუთრე.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრების უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის კონსტიტუციურ უფლებას.

5. საქართველოს სახალხო დამცველის განმარტებით, გასაჩივრებული ნორმების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებული/ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების − სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინება ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს, მიუხედავად საქმეში მისი სტატუსისა. შესაბამისად, ხარჯების გადახდა ეკისრება როგორც მსჯავრდებულს, ბრალდებულს, ისე გამართლებულს, დაზარალებულსა თუ მოწმეს, სატრანსპორტო საშუალების დანაშაულთან კავშირისა და დაცულ სადგომზე მისი შენახვის პერიოდის მიუხედავად. მოქმედი კანონმდებლობა არ ახდენს განსხვავებას სატრანსპორტო საშუალება, როგორც ნივთიერი მტკიცებულება, მოპოვებულია ბრალდების მხარის მიერ გამოძიებისა და მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, თუ დაცვის მხარის მიერ არის იგი წარდგენილი. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ან/და მისი მისაბმელი სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ არის ნივთიერ მტკიცებულებად წარმოდგენილი, მისი დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს.

6. საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ნივთიერი მტკიცებულების შენახვის ხარჯების გადახდევინების ამგვარი წესი არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებასთან. კერძოდ, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაზარალებულსა და მოწმეს საერთოდ არ აკისრებს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის საპროცესო ხარჯების დაფარვის ვალდებულებას. ბრალდებულს/მსჯავრდებულს კი, მხოლოდ ადვოკატის მომსახურებისა და დაცვის მხარის (მისი ან მისი ადვოკატის) მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მოწვეული ექსპერტის, მოწმის ან წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულების შენახვის ხარჯებს აკისრებს. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, დაზარალებულს ან მოწმეს საერთოდ არ უნდა ეკისრებოდეს სატრანსპორტო საშუალების გადაყვანისა და დგომის საფასურის ანაზღაურება, ხოლო ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ეკისრებოდეს მხოლოდ მისი ინიციატივით წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულების შენახვის ხარჯები და აღნიშნულის თაობაზე, გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ განაჩენის დადგენისას.

7. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს, როგორც გამოძიებისა და მართლმსაჯულების აღსრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ვალდებულებას წარმოადგენს მის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულების შენახვის ხარჯების ანაზღაურება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მსგავს შემთხვევაში, მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი, ობიექტური საფუძვლით, ისედაც ვერ სარგებლობს მისი საკუთრებით (დაცულ სადგომზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებით) გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთანავე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება და სასამართლო განხილვა შესაძლებელია გრძელდებოდეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, თვეებისა და წლების მანძილზე, კონკრეტული დანაშაულისთვის დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულება, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალება, შესაძლებელია, ინახებოდეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივი პერიოდით დაცულ ავტოსადგომზე გაჩერების შემთხვევაში, მცირდება სატრანსპორტო საშუალების თვითღირებულება და დაცულ სადგომზე მისი გადაყვანისა და დგომის საფასური, სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების დროისათვის, შეიძლება, აღემატებოდეს მის ღირებულებას. აღნიშნული ხარჯების მესაკუთრისათვის/კანონიერი მფლობელისათვის დაკისრება მაშინ, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ამოღება და შესაბამისი ვადით დაცულ სადგომზე დაყოვნება გამოძიების ინტერესს წარმოადგენს, გაუმართლებელ მატერიალურ ზარალს აყენებს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს.

8. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის/ბრალდებულისთვის, გაუმართლებელი ხარჯების დაკისრება მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის ინიციატივით ხდება სატრანსპორტო საშუალების/მისაბმელის სადგომზე გადაყვანა, არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების მოთხოვნას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონტექსტში და უარეს, წამგებიან მდგომარეობაში აყენებს დაცვის მხარეს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდა ეკისრება მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს მაშინ, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა ხდება ბრალდების მხარის ინიციატივით, არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებსა და 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1870 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის/ბრალდებულისთვის გაუმართლებელი ხარჯების დაკისრება მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის ინიციატივით ხდება სატრანსპორტო საშუალების/მისაბმელის სადგომზე გადაყვანა, არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონტექსტში და უარეს, წამგებიან მდგომარეობაში აყენებს დაცვის მხარეს.

3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლების ისეთი მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტი, როგორიცაა სამართალწარმოების მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციური პრინციპები. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, „შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით და გამოიყენონ ისინი საიმისოდ, რათა წარადგინონ მათი პოზიციების სასარგებლო არგუმენტები. იმავდროულად, ამ პრინციპის უმთავრესი მიზანი არის სწორი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა და ამ მიზნისთვის ეს პრინციპი ეყრდნობა ორივე მხარის მიერ არგუმენტების თავისუფლად წარდგენის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/8/594 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27).

4. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში „მხარეს უნდა ჰქონდეს საქმისწარმოებაზე სამართლებრივი გავლენის მოხდენის, მტკიცებულების იმ პირობებში მოპოვება-წარდგენის და საკუთარი ინტერესების დაცვის გონივრული შესაძლებლობა, რომელიც არ აყენებს მას მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის №1/1/650,699 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). მხარეთა შორის მითითებული ბალანსი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესში საგამოძიებო ღონისძიებებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურ თანასწორობას, ასევე, აღნიშნულ ღონისძიებათა შედეგად მოპოვებული სხვადასხვა ხასიათის მტკიცებულების საკუთარი პოზიციის დასაბუთებისათვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების ჩაურევლად მიღებასა და სამართალწარმოებაში მონაწილეობას დამოუკიდებლად განსაზღვრულ სტრატეგიაზე დაყრდნობით.

5. „სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის უფლება გულისხმობს არა მხარეთა სრულ, ტოტალურ გათანაბრებას, არამედ მათთვის გონივრულობის ფარგლებში თანაბარი შესაძლებლობის მინიჭებას, დაცვის მხარის აღჭურვას იმგვარი საპროცესო უფლებებით, რომ შეძლოს ბრალდების მხარესთან კონკურენცია, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა. ამ კონტექსტში არ უნდა არსებობდეს იმგვარი საკანონმდებლო მოწესრიგება, რომელიც ბრალდების მხარეს ჩააყენებს უპირატეს მდგომარეობაში, მიანიჭებს მას რაიმე ისეთ პრივილეგიას, რომლის დაბალანსებაც მთლიანი პროცესის განმავლობაში ვერ მოხდება და დაცვის მხარე არსებითად უარეს სამართლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/4/809 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).

6. ამდენად, მოსარჩელე მხარემ სადავო ნორმის შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპთან წინააღმდეგობის სამტკიცებლად, უნდა დაასაბუთოს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგება ბრალდების მხარეს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში, ანიჭებს მას ისეთ პრივილეგიას, რომლის დაბალანსებაც არ ხდება მთლიანი პროცესის განმავლობაში და ამით დაცვის მხარეს აყენებს არსებითად უარეს სამართლებრივ მდგომარეობაში.

7. სადავო ნორმა ადგენს ნივთიერი მტკიცებულების - სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინებაზე ვალდებულ პირს, იგი არ განსაზღვრავს რომელიმე მხარის მიერ საგამოძიებო ღონისძიებების განხორცილების შესაძლებლობას, არ აწესრიგებს მტკიცებულებების მოპოვების, სასამართლოში წარდგენისა თუ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის წესს. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტი, რომელიც წარმოაჩენდა, სადავო ნორმიდან იმგვარი შეზღუდვის არსებობას, რომლის პირობებშიც, დაცვის მხარე უარეს სამართლებრივ მდგომარეობაშია ჩაყენებული და, ამ მხრივ, ირღვევა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციური პრინციპი. ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე მხოლოდ აბსტრაქტულად მიუთითებს უფლების შეზღუდვაზე. ამგვარი ზოგადი მითითება კი ვერ გამოდგება კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1870 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1870 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის აღნიშნული ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1870 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1870 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ