ლუკა მახათაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1890 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვასილ როინიშვილი, |
ავტორ(ებ)ი | ლუკა მახათაძე |
თარიღი | 4 სექტემბერი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-2 ნაწილი: ,,2. სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი: ,, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19
მუხლის 1-ლი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
- წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
- სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;
- სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი მიერ, კერძოდ, ლუკა მახათაძე არის უძრავი ქონებიდან გამოსახლებული, რომლის მიმართაც არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება. სარჩელს თან ერთვის გაფრთხილება აღსრულების ეროვნული ბიუროდან, რომელიც ლუკა მახათაძის დედის, მარიამი კაკიაშვილის მიმართ არის გაცემული, ასევე ლუკა მახათაძის დაბადების მოწმობა.
- სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
- სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
- სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტით.
- კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმა ითვალისწინებს მოვალის გამოსახლებას უძრავი ქონებიდან და ამავდროულად მასთან ერთად მცხოვრები პირებისა.
აღნიშნული ნორმის პრობლემურობა მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც ეხება მხოლოდ მოვალეს, აღსრულების საშუალებით, გამოსახლების გზით, პირდაპირ და უშუალოდ ეხება სხვა პირებსაც, რომლებიც ცხოვრობენ და სარგებლობენ უძრავი ქონებით. შესაბამისად სასამართლო არ მსჯელობს ამ პირების შესახებ, არიან თუ არა ისინი მართლზომიერი მფლობელები და ა.შ. ვინაიდან მათ შესაძლოა მოვალისგან განსხვავებული უფლებები და მოვალეობები გააჩნდეთ. სასამართლო კი გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მოვალეზე და გამოსახლების პროცესით კი აღსრულება ხდება მესამე პირების მიმართ, რომელთა შესახებაც არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, მათ ეზღუდებათ შესაძლებლობა თავი დაიცვან, ამტკიცონ სიმართლე და გამოიყენონ სამართლებრივი ბერკეტები თავიანთი უფლებებისის დასაცავად.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აქედან გამომდინარე სადავო ნორმა მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციის ზემოთხსენებულ პრინციპთან, რაც გამოიხატება იმაში, რომ პირს ეზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება და სასამართლოს გზით თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. აღნიშნული უფლება გათვალისწინებულია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით, რომლის მიხედვითაც - ,, ყოველი ადამიანი აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.“
აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ზღუდავს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულ საპროცესო უფლებებს და იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა