მარიამი კაკიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1891 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, |
ავტორ(ებ)ი | მარიამი კაკიაშვილი |
თარიღი | 4 სექტემბერი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის 1-ლი ნაწილი: ,, სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას.“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი: ,,ადამიანის ღირსება ხელშუევალია და მას იცავს სახელმწიფო.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილი :
,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“
საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი
„საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:
ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის
საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით.“
“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19
მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი:
1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური
წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს:
ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული
ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი;
საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ” 31-ე და 311-ე მუხლები.
“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე
მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი:
1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების
კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ
მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და
თავისუფლებანი;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
● წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლის მოთხოვნებს;
● სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;
● სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის, მარიამი კაკიაშვილის მიერ, რომლის მიმართაც გამოტანილია გადაწყვეტილება იძულებით გამოსახლების შესახებ. არ აქვს არანაირი ალტერნატივა, რომელიც უზრუნველყოფს მის ღირსეულ პირობებში ცხოვრებას გამოსახლების შემდგომ. სარჩელს თან ერთვის შეტყობინება აღსრულების ეროვნული ბიუროდან.
● სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
● სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
● სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით
● კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმა ითვალისწინებს, არა საცხოვრებელი სივრციდან სხვაგან გადაყვანას, არამედ ქუჩაში გამოყვანას ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის 1-ლი ნაწილი კი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის ზემოთხსენებულ მუხლთან მიმართებაში. სადავო ნორმის მიხედვით, კრედიტორის სასარგებლოდ ბინიდან მფლობელის და მისი ოჯახის გამოსახლება ხდება ალტერნატიული საცხოვრებლის არარსებობის პირობებში. ასეთ დროს გამოსახლებული პირი რჩება საცხოვრებლის გარეშე. აღნიშნული ნორმით აშკარად ირღვევა საცხოვრისის უფლება, რომელიც დაცულია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით. სადავო ნორმის მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად იძულებით აუქციონზე გაყიდული ქონების გამოთავისუფლება და ახალი მესაკუთრისათვის გადაცემა, რისთვისაც ხდება საცხოვრისიდან ხალხის იძულებითი გამოსახლება. სადავო არ არის თავად გამოსახლების ლეგიტიმურობა, არამედ საკუთრების უფლების დაცვის მიზნით სხვათა საცხოვრისის უფლების შეზღუდვის არჩეული გზის პროპორციულობა. მართალია საკუთრების უფლება კონსტიტუციით აღიარებული უფლებაა, თუმცა იგი აბსოლუტური არ არის და არ შეიძლება ამ უფლების დაცვისას სხვათა უფლებები შეიზღუდოს. რაც შეეხება ღირსების უფლებას იგი ხელშეუვალია და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შეიზღუდოს იგი.
ამასთანავე საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. რაც გულისხმობს იმას, რომ სოციალურმა სახელმწიფომ უნდა მოახერხოს თავისი მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყოფა როდესაც ისინი უსახლკაროდ, ალტერნატივის გარეშე რჩებიან ღია ცის ქვეშ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიდგომა
აღსანიშნავია გაერთიანებული ერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი, რომელიც, ერთის მხრივ, ავალდებულებს პაქტის მონაწილე მხარეებს საკანონმდებლო დონეზე დაიცვან ადამიანის უფლებები, მეორეს მხრივ კი, - განამტკიცებს საცხოვრისის უფლებას. პაქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად:
“1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი კვების, ტანისამოსის და ბინის ჩათვლით; აგრეთვე უფლებას, განუწყვეტილივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ამ უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად მიიღებენ შესაბამის ზომებს, აღიარებენ რა, ამ მხრივ თვისუფალ თანხმობაზე დაფუძნეული საერთაშორისო თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას.”
აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით 1997 წელს, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის მიერ მიღებული ზოგადი ხასიათის შენიშვნა no7, რომელიც იძულებით გამოსახლებას შეეხება და დამატებით განმარტავს პაქტში მოცემული მე-11-ე მუხლის შინაარს. კომენტარის თანახმად, იძულებითი გამოსახლება დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება ადამიანის უფლებები. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ გამოსახლება წარმოადგენს ადამიანის უფლების უხეშ დარღვევას. დამატებით, კომენტარში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ გამოსახლებამ არ უნდა გამოიწვიოს პირის უსახლკარობა. სახელწიფო ვალდებულია დახმარება აღმოუჩინოს იმ პირებს, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ და, საკუთარი შესაძლებლობებისა და რესურსების ფარგლებში, უზრუნველყოს ალტერნატიული საცხოვრისით. იძულებითი გამოსახლების დაწყებამდე, გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა ალტერნატივებიც. დაუშვებელია, რომ გამოსახლების შედეგად პირი უსახლკაროდ დარჩეს. დამატებით, გამოსახლებულმა პირებმა კომპენსაცია უნდა მიიღონ წინასწარ, ალტერნატიული საცხოვრებლის შერჩევისას მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ტერიტორიულობის პრინციპი.
საცხოვრისის უფლების დამატებით გარანტიას ქმნის ბავშვის უფლებათა კონვეცია. კონვენციის მე-16-ე მუხლის მიხედვით:
“1.არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს მისი პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლების განხორციელებაში ნებისმიერი ან უკანონო ჩარევის ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის ობიექტი.
2.ბავშვს უფლება აქვს კანონით იყოს დაცული ასეთი ჩარევისაგან ან ხელყოფისაგან.”
ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო რეგულაციები
ევროპულ ქვეყნებში გამოსახლების აუცილებლობა შესაძლოა წარმოიშვას ქირავნობის ხელშეკრულების დარღვევის საფუძვლით, ან ვალდებულების შეუსრულების გამო პირის უძრავი ქონების გაყიდვის შედეგიდან. იძულებითი გამოსახლება, საფუძვლის მიუხედავად, მიჩნეულია საცხოვრისის უფლების უხეშ დარღვევად.
ევროპის ყველა ქვეყნის კონსტიტუცია აღიარებს სახლის ხელშეუხებლობის უფლებას. თუმცა, თავად საცხოვრებლის უფლება ევროკავშირის მხოლოდ 11 ქვეყანაშია განმტკიცებული კონსტიტუციურ დონეზე. ამასთანავე, ყველა ქვეყანაში რეგულირებულია გამოსახლების პროცესი.
სლოვაკეთის სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გამქირავლებისგან მოითხოვს გამოსახლებული ოჯახებისთვის, თუ ოჯახში ბავშვი ან შშმ პირია, გამოსახლების სხვა ალტერნატივა მოიძიოს. ალტერნატივა შესაძლოა გულისხმობდეს თავშესაფრის მოძიებას იგივე არეალში.
ესპანეთში სასამართლომ იძულებითი გამოსახლება გადაავადა, ვინაიდან ოჯახში სამი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობდა. თავისი გადაწყვეტილება სასამართლომ ესპანეთის კონსტიტუციის 47-ე მუხლს - საცხოვრისის უფლება, მე-19 მუხლს - საცხოვრისი ადგილის არჩევისა და მიმოსვლის თავისუფლება, 27-ე მუხლს - განათლების უფლება, 43-ე მუხლს - ჯანდაცვის უფლება, დააფუძნა.
რაც შეეხება კონკრეტულად ვალდებულების დარღვევის გამო ქონების რეალიზაციასა და პირის გამოსახლების პროცესს, იგი დაცულია: სამოქალაქო კოდექსით და მომხმარებელთა კოდექსით. სამოქალაქო კოდექსის თანახმად მოსამართლეს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ვადა გააგრძელოს 24 თვემდე ვადით. ნასყიდობის ხელშეკრულებაში შეიძლება ჩაიდოს პირობა, რომელიც სახლის შემძენს ავალდებულებს დატოვოს ყოფილი მესაკუთრე საცხოვრებელში და არ გამოასახლოს. ამასთანავე, მომხმარებელთა შესახებ კანონი შეიცავს რიგ ნორმებს, რომლებიც იძულებითი აუქციონის აღსრულებას აჩერებს.
ბელგიაში სახლის სასამართლო გადაწყვეტილებით გაყიდვის შემდეგ, მიიღება გადაწყვეტილება გამოსახლების შესახებ. როგორც წესი, პრაქტიკის თანახმად სასამართლო დაახლოებით ოთხ თვეს აძლევს პირს სახლის დასაცლელად. ამასთანავე, გამოსახლებისთვის უნდა არსებობდეს საკმარისი მიზეზები, დამატებით სასამართლო აფასებს რამდენად აქვს შესაძლებლობა პირს, იპოვოს ახალი საცხოვრისი.
აღნიშნული კანონმდებლობების განხილვა გვიჩვენებს, რომ კერძო ინტერესებს შორის ბალანსის მოძიება სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი. ერთის მხრივ, შესაძლებელია კანონის ისე მოწესრიგება, რომ თანაბრად იყოს როგორც კრედიტორის, ისე მოვალის უფლებები დაცული - ბელგიის კანონმდებლობის მსგავსად. შესაძლებელია საფრანგეთის მსგავსად სოციალური სამსახურების ჩართვა გამოსახლების პროცესში, მხარეთა მორიგების მცდელობა, ქირის სუბსიდირება და ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფა. დასაშვებია ასევე სახლმწიფოს მიერ სასამართლო პროცესს გარეთ სოციალური დახმარების პროგრამის მეშვეობით უსახლკარობის თავიდან აცილება, როგორც ეს ჰოლანდიაშია. არსებობს საცხოვრისის უფლების დაცვის მრავალი გზა, სამწუხაროდ გასაჩივრებული ნორმა არც ერთ მათგანს არ ითვალისწინებს, რითაც უხეშად არღვევს საცხოვრისის უფლებას.
ზემოთ განხილული საერთასორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული დოკუმენტები და საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილებები მეტყველებენ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საცხოვრისი უფლების დაცვას ევროპის ქვეყნებში. საქართველოს, როგორც გაეროს და ევროპის საბჭოს წევრს ვალდებულება აქვს გაითვალისწინოს საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნები და პრინციპები, მათთან შესაბამისობაში უზრუნველყოს საკანონმდებლო დონეზე გამოსახლების პროცესის იმგვარად მოწესრიგება, რომ არ დაირღვეს საცხოვრისის უფლება, რომელიც აშკარად გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან. გასაჩივრებული ნორმა არღვევს საცხოვრისის უფლებას, არ ითვალისწინებს რა გამოსახლების ალტერნატიულ სასშუალებებს, არ იძლევა გამოსახლებული პირის მდგომარეობის შეფასებას და უგულებელყოფს თანაზომიერების პრინციპს.
შესაბამისად აღნიშნული ნორმა არის არაკონსტიტუციური და უნდა გაუქმდეს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა