• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 8.10.2025
      • N3/11/1698
      • განჩინება
    • საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 6.05.2022
      • N1698
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 39-ე მუხლის მე-2 წინადადების არსებითად განსახილველად არმიღებასთან დაკავშირებით

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 39-ე მუხლის მე-2 წინადადების არსებითად განსახილველად არმიღებასთან დაკავშირებით

დოკუმენტის ტიპი განსხვავებული აზრი
ნომერი do3/11/1698
ავტორ(ებ)ი თეიმურაზ ტუღუში
თარიღი 8 ოქტომბერი 2025
გამოქვეყნების თარიღი 20 ოქტომბერი 2025 18:30

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 39-ე მუხლის მე-2 წინადადების არსებითად განსახილველად არმიღებასთან დაკავშირებით

1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 8 ოქტომბრის №3/11/1698 განჩინებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითად განსახილველად უნდა მიეღო №1698 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 39-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას.

2. №1698 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ იყო გამხდარი, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 39-ე მუხლის მე-2 წინადადების (2023 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა. გასაჩივრებული ნორმა ადგენდა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემ ფულად დახმარებას, ჯამურად არა უმეტეს 1000 ლარის ოდენობით.

3. მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ ორსულობისა და მის შემდგომ პერიოდში დედის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სამედიცინო საჭიროებების, ასევე ოჯახის ახალშობილი წევრის, ბავშვის მოვლის გამო დამატებითი ხარჯების პირობებში, მშობელს გარანტირებული უნდა ჰქონდეს უფლება, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, რათა შეინარჩუნოს ფინანსური სტაბილურობა. თავის მხრივ, მშობლის შვებულების ჯამური ანაზღაურება უნდა იყოს იმგვარი ოდენობის, რომელიც უზრუნველყოფს ქალს საკუთარი და შვილის ჯანმრთელობის, სათანადო პირობებისა და ცხოვრების შესაბამისი სტანდარტით, რათა პირი არ გახდეს იძულებული, ნაადრევად დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს. გასაჩივრებული ნორმით განსაზღვრული ფულადი დახმარების ჯამური ოდენობა, მოსარჩელის პოზიციით, არასაკმარისი იყო, რადგან იგი ვერ უზრუნველყოფდა შვებულების ანაზღაურებას იმ მინიმალური ოდენობითაც კი, რაც ანაზღაურების ქვედა ზღვრად არის დადგენილი გაეროს სპეციალიზებული სააგენტოს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციით და შეადგენს შრომის ანაზღაურების ორ მესამედს. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე აღნიშნავდა, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული თანხის ოდენობა, არათუ დედისა და ბავშვის გაზრდილ საჭიროებებსა და შრომის ანაზღაურების აღნიშნულ მინიმალურ ორ მესამედს, არამედ ერთი პირის საარსებო მინიმუმსაც კი ვერ აკმაყოფილებდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ გასაჩივრებული ნორმით განსაზღვრული მშობლის შვებულების ანაზღაურება ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციურსამართლებრივ მოთხოვნებს და არღვევდა დასაქმებულ ქალთა უფლებებს.

4. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციასთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა №3/11/1698 განჩინებაში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმაში განხორციელებული ცვილებების შემდეგ, მშობლის შვებულების პერიოდზე გაცემული ფულადი დახმარების მაქსიმალური ჯამური ოდენობა სადავოდ გამხდარ ოდენობასთან შედარებით, არსებითად შეიცვალა, კერძოდ, გაორმადგდა და გახდა 2000 ლარი, რაც აჭარბებს საშუალო მომხმარებლის, აგრეთვე შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ №1698 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა მნიშვნელოვნად შეიცვალა და მოქმედი სადავო რეგულირების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა ახალი, რელევანტური მოთხოვნა და დასაბუთება, რომელიც მიმართული იქნება იმის დადასტურებისაკენ, რომ მოქმედი რედაქციის პირობებში, გასაცემი დახმარების მაქსიმალური 2000-ლარიანი ოდენობა არ არის ის მინიმუმი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულებისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომდინარეობს. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაასკვნა, რომ სადავო ნორმაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, აღარ არსებობს ძალადაკარგული გასაჩივრებული ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსი, რაც გამორიცხავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან გასაჩივრებული ნორმის მოქმედ რედაქციაზე სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას და იწვევს საქმის შეწყვეტას (იხ., №3/11/1698 განჩინების სამოტივაციო ნაწილის 5-24 პუნქტები).

5. მიმაჩნია, რომ №1698 კონსტიტუციურ სარჩელში გასაჩივრებული წესის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტაცია შესაძლებელს ხდიდა, დავის საგნის ფორმალურ მოდიფიცირებას და მოქმედ სადავო ნორმაზე სამართალწარმოების გაგრძელებას, რადგან გასაჩივრებულ ნორმაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაზრდილი ანაზღაურების პირობებშიც, კვლავ რელევანტური იყო სასარჩელო მოთხოვნა და მოსარჩელის არგუმენტაცია მშობლის შვებულების პერიოდზე გაცემული ფულადი დახმარების მაქსიმალური ჯამური ოდენობის არასაკმარისობაზე. ამავდროულად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია სათანადოდ ასაბუთებდა კონსტიტუციურ უფლებებთან მიმართებას და მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული კონსტიტუციური დებულებებით დაცული უფლებრივი სფეროების შეზღუდვის შესაძლო არაკონსტიტუციურობას, რაც საკმარისი იყო სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს უნდა მოეხდინა დავის საგნის მოდიფიცირება, სამართალწარმოება გაეგრძელებინა გასაჩივრებული ნორმის მოქმედ რედაქციაზე და არსებითად განსახილველად მიეღო №1698 კონსტიტუციური სარჩელი, რის შემდეგაც, არსებითი განხილვის ფორმატში, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია და შეეფასებინა სადავო ნორმით დადგენილი მოწესრიგების თავსებადობა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი დებულებების მოთხოვნებთან.

6. №1698 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდეგ, სადავო ნორმაში განხორციელდა ცვლილება. კერძოდ, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2022 წლის 16 დეკემბრის №2438-IXმს-Xმპ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 წინადადება ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის, სადავო ნორმა ძალადაკარგულია. ამასთანავე, სადავო რეგულირებამ ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №1698 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.

7. მიუხედავად ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, გასაჩივრებული ნორმის ძალადაკარგულად ცნობა a priori არ იწვევს სადავო ნორმაზე სამართალწარმოების შეწყვეტას, თუკი სახეზეა ძალადაკარგული ნორმის მსგავსი შინაარსის მქონე ნორმა, რომელიც მოქმედებს, არსებითად იმავე ნორმატიული შინაარსით, რომლის კონსტიტუციურობასაც მოსარჩელე სადავოდ ხდიდა და საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით მოსარჩელეს აქვს უწყვეტი ინტერესი. საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული პრაქტიკა – გასაჩივრებულ ნორმაში განხორციელებული არაარსებითი ცვლილების შემთხვევაში, დავის საგნის მოდიფიცირებისა და სადავო ნორმის მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობის შეფასების შესაძლებლობა, მიზნად ისახავს უფლების დაცვის ეფექტიანობის უზრუნველყოფასა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის ხელოვნური გაჭიანურების პრევენციას (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8-10).

8. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, მათ შორის, მოიცავს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვისა და უფლების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის №1/1/1312 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამ კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლოში უფლების დაცვა ეფექტიანად შეიძლება მივიჩნიოთ, თუკი იგი პასუხობს სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნებს, იძლევა უფლების დაცვის, მისი დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლების აღდგენის რეალურ და არა – ილუზორულ შესაძლებლობას (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამდენად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, იდავოს ყველა იმ აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ზღუდავს ან განჭვრეტად მომავალში შეზღუდავს მის ძირითად უფლებებს, ხოლო კონსტიტუცია დამატებით განსაზღვრავს, რომ აღნიშნული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვაზე/შესაძლო შეზღუდვაზე სასამართლოსადმი მიმართვა უნდა იყოს უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალება. უფლების დაცვის ეფექტიანობა კი, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ, როდესაც განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, სადავო ნორმას ემატება ახალი განსაზღვრება/მოცემულობა, თუმცა იგი შინაარსობრივად არ ცვლის მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ შინაარსს, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გააგრძელოს საქმის განხილვა და შეაფასოს მოქმედი ნორმის კონსტიტუციურობა.

9. განსახილველ შემთხვევაში, №1698 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციიდან, ნათლად ირკვეოდა, გასაჩივრებული რეგულირების მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი შინაარსი. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა მშობლის შვებულებისთვის სახელმწიფოს მიერ გადასახდელი ფულადი დახმარების ჯამური მაქსიმალური ოდენობის არასაკმარისობას. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ორსულობისა და მის შემდგომ პერიოდში დედის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სამედიცინო საჭიროებების, ასევე ბავშვის მოვალის გამო დამატებითი ხარჯების პირობებში, მშობელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკმარისი ფინანსური რესურსით, რათა ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, შეინარჩუნოს სტაბილურობა და არ მოუწიოს ნაადრევად სამუშაო ადგილზე დაბრუნება. თავის მხრივ, ანაზღაურება უნდა იყოს იმგვარი ოდენობის, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარ და შვილის ჯანმრთელობას, სათანადო პირობებსა და ცხოვრების შესაბამის სტანდარტს. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული მაქსიმალური ჯამური დახმარება – 1000 ლარი ვერ უზრუნველყოფდა შვებულების ანაზღაურებას იმ მინიმალური ოდენობითაც კი, რაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციით ანაზღაურების ქვედა ზღვრად არის დადგენილი და შეადგენს შრომის ანაზღაურების ორ მესამედს. ამავდროულად, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული თანხის ოდენობა არათუ დედისა და ბავშვის გაზრდილ საჭიროებებს, არამედ ერთი პირის საარსებო მინიმუმსაც კი ვერ აკმაყოფილებდა.

10. ბუნებრივია, სადავო არ არის, რომ გასაჩივრებულ რეგულირებაში განხორციელებულმა ცვლილებებმა განსხვავებული განსაზღვრებები და მოცემულობები გააჩინა, რამაც, გარკვეულწილად, შექმნა ახალი სამართლებრივი რეალობა. კერძოდ, სადავო ნორმის მოქმედი რედაქციამ შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრა საქართველოს მთავრობის დადგენილებას მიანდო. თავის მხრივ, „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 იანვრის №33 დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად, ფულადი დახმარების ოდენობად განისაზღვრა ჯამურად არა უმეტეს 2000 ლარი. შესაბამისად, ნათელია, რომ შვებულების პერიოდზე ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა გაზრდილია, რიცხობრივი თვალსაზრისით, გაორმაგებულია.

11. სადავო ნორმაში განხორციელებული აღნიშნული ცვლილებების მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ფულადი დახმარების რაოდენობრივ გაორმაგებას, სადავო მოწესრიგების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციასა და იდენტიფიცირებულ სამართლებრივ პრობლემაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია. მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ ფულადი დახმარება უნდა იყოს ისეთი ოდენობის, რომელიც მშობელს, არათუ მხოლოდ საარსებო პირობების უზრუნველყოფის საშუალებას მისცემს, არამედ, გაზრდილი ხარჯების პირობებში, შეუქმნის რეალურ შესაძლებლობას, ისარგებლოს შვებულებით – არ აიძულებს, ნაადრევად დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუკი ფულადი დახმარება იქნებოდა, პირის შრომის თვიური ანაზღაურების არა ნაკლებ ორი მესამედის ოდენობის მაინც. აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, ვთვლი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გაეგრძელებინა სამართალწარმოება და შეეფასებინა სადავო მოწესრიგების მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს, არსებითი განხილვის ფორმატში უნდა ემსჯელა, რამდენად არის კონსტიტუციის მოთხოვნებთან თანხვედრაში მოქმედი რედაქციის პირობებში, სადავო მოწესრიგებით განსაზღვრული ანაზღაურების ოდენობა.

12. საკონსტიტუციო სამართალწარმოების თითოეულ ეტაპს აშკარად გამოხატული მიზანი და დანიშნულება გააჩნია. სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე განსხვავდება იმ საკითხთა წრე და მოცულობა, რომელთა შესწავლაც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართალწარმოების კონკრეტული ეტაპის ფარგლებში. №1698 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობის, ისევე როგორც სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სწორედ საქმის განხილვის ამ ეტაპზე ხდება საკითხის სიღრმისეული ანალიზი. საქმის არსებითი განხილვისას, საკონსტიტუციო სასამართლო იკვლევს სადავო რეგულირების კონსტიტუციურობის თაობაზე მოსარჩელის არგუმენტაციის რელევანტურობასა და სიმყარეს, ასევე ისმენს უფლებრივ სფეროსთან მიმართებით მოსარჩელე მხარის მიერ წარმოჩენილ რისკებზე სადავო ნორმის შემოქმედის პოზიციას. ამავდროულად, სასამართლოს (თითოეულ მოსამართლეს) აქვს შესაძლებლობა, თავად დასვას კითხვები, გამოიკვლიოს სადავო რეგულირების კონსტიტუციურობის დადგენისათვის რელევანტური არგუმენტაცია/მტკიცებულებები, საჭიროების შემთხვევაში, მოისმონოს სფეროს ექსპერტ-სპეციალისტთა პოზიციები, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ამა თუ იმ კონსტიტუციური უფლების ფარგლებისა და დიაპაზონის სიღრმისეული გააზრების შესაძლებლობას და მართლმსაჯულების საბოლოო პროდუქტის – სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობასა და დამაჯერებლობას.

13. განსახილველ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული განმწესრიგებელი სხდომის აქტი, №3/11/1698 განჩინება ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებულობისა და დამაჯერებლობის დასახელებულ სტანდარტებს. №1698 კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებული სასარჩელო მოთხოვნა ეხებოდა, ოჯახის ახალშობილ წევრთან, აგრეთვე, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების პირობებში, ფულადი დახმარების ჯამური მაქსიმალური ოდენობის არასაკმარისობას. მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ ანაზღაურება საკმარისად რომ ჩაითვალოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს დედისა და შვილის საჭიროებებს, აღნიშნულ არგუმენტაციას მოსარჩელე მხარე ამყარებდა რელევანტური საერთაშორისო პრაქტიკით. ამდენად, მოსარჩელე მხარეს სათანადო სიცხადით ჰქონდა წარმოჩენილი, სადავო ნორმით, ძირითადი უფლების შესაძლო შეზღუდვის ფაქტი და მისი მიმართება კონკრეტულ კონსტიტუციურ დებულებებთან, იგი კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით ასაბუთებდა, თუ რატომ მიიჩნევდა სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად. აღნიშნულ არგუმენტაციაზე პასუხად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიუთითა მხოლოდ იმაზე, რომ მოქმედი მოწესრიგების პირობებში, მშობლის შვებულების ანაზღაურების გაორმაგებული ოდენობა აჭარბებს საშუალო მომხმარებლის, აგრეთვე, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმს, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნამ რელევანტურობა დაკარგა, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა არ შემოიფარგლებოდა ანაზრაურების ერთი პირის საარსებო მინიმუმთან არათავსებადობის გამო მისი არაკონსტიტუციურობის მტკიცებით. მოსარჩელე, ანაზღაურების არასაკმარისობის საილუსტრაციოდ, იმაზე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული ოდენობა, არათუ დედისა და ბავშვის გაზრდილ ხარჯებსა და საჭიროებებს, არამედ ერთი პირის საარსებო მინიმუმსაც კი ვერ უზრუნველყოფდა, რაც მისი პოზიციით, პრაქტიკულად, გამორიცხავდა ანაზღაურების საკმარისობას და ნათელს ხდიდა, სახელმწიფოს მხრიდან, კონსტიტუციური მოთხოვნების შეუსრულებლობას – უზრუნველყოს მშობლის მიერ ანაზღაურებადი შვებულებით რეალურად სარგებლობის შესაძლებლობა. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციიდან ცხადად ირკვეოდა, რომ მოსარჩელე მხარის ინტერესი არ იყო მშობლის შვებულების ანაზღაურების ჯამური ოდენობის საშუალო მოხმარებლის საარსებო მინიმუმთან გათანაბრების მოთხოვნა.

14. აღსანიშნავია ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, თავის პრაქტიკაში, ამ დრომდე, არსებითად არ განუმარტავს, არსებობს თუ არა და რა ფარგლებში, ასევე პრაქტიკულად რას გულისხმობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება, უზრუნველყოს მშობლის შესაძლებლობა, რეალურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა არ განმარტავს მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ უფლებრივ სფეროებს და, კონკრეტულად, რა ვალდებულებებს შეიძლება უდგენდეს ისინი სახელმწიფოს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ განსახილველ საქმეზე განმწესრიგებელი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, არ ჩატარებულა, ამასთან, სადავო ნორმის ცვლილების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს არ მოუთხოვია/მიუღია მოსარჩელისგან წერილობით დამატებითი პოზიცია. ამდენად, პრაქტიკულად, სასამართლოს არ მოუსმენია და არც დამატებით გამოუკვლევია რელევანტურ საკითხებზე მხარეების, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის დასაბუთებული პოზიცია, ნორმიდან მომდინარე უფლების შეზღუდვის არსთან დაკავშირებით. ამგვარი პრაქტიკისა და შეპირისპირებული პოზიციების შესახებ ინფორმაციის არარსებობის პირობებში კი, მით უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, არსებითი განხილვის ეტაპზე, ემსჯელა განსახილველი კონსტიტუციური ვალდებულების შინაარსსა და ფარგლებზე, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით განესაზღვრა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის მოცულობა და შეეფასებინა, აკმაყოფილებს თუ არა მოქმედი ნორმატიული წესრიგი კონსტიტუციურ მოთხოვნებს. ამავდროულად, ბუნებრივია, სადავოდ გამხდარი წესის კონსტიტუციურობის არსებითად შეფასების შემდეგ, გამორიცხული არ იყო, რომ სადავო რეგულირება ჩათვლილიყო კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისად, თუმცა ამისთვის აუცილებელი იყო, სწორედ არსებითი განხილვის ეტაპზე, საკითხის სიღრმისეული ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ, სათანადოდ დასაბუთებული, მოტივირებული გადაწყვეტილების მიღება, რასაც განჩინებაში მოცემული გადაწყვეტა ვერ აკმაყოფილებს.

15. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ვერ გავიზიარებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრების პოზიციას, რომლის თანახმად, სადავო ნორმაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, მოქმედ მოწესრიგებაში აღარ არსებობს მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ძალადაკარგული გასაჩივრებული ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსი, რაც გამორიცხავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას და იწვევს საქმის შეწყვეტას. ვთვლი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად უნდა მიეღო კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 39-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას, არსებითი განხილვის ფორმატში გამოეკვლია საკითხი და გამოეტანა გადაწყვეტილება, სადავო რეგულირების კონსტიტუციასთან თავსებადობის შესახებ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ