კონსტანტინე ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/14/1307-1 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 8 ოქტომბერი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 20 ოქტომბერი 2025 12:32 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი − სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე − წევრი;
გიორგი თევდორაშვილი − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე − წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: კონსტანტინე ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 141-ე მუხლების, 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 341-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 365-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1307) მომართა კონსტანტინე ბერუაშვილმა. №1307 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 10 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2025 წლის 8 ოქტომბრის №1/1-13/1307 განჩინებით, №1307 კონსტიტუციური სარჩელი გაიყო ორ საქმედ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 141-ე მუხლებთნ, 144-ე მუხლის მე-3 ნაწილთან, 341-ე მუხლის პირველ ნაწილთან და 365-ე მუხლთან მიმართებით, №1307 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 8 ოქტომბერს.
2. №1307 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამავე კოდექსის 141-ე მუხლი კი განსაზღვრავს შეწყვეტილი ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების თავიდან ათვლის საკითხს, კერძოდ, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, ხოლო თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არ აქვს უფლება, მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. აღნიშნული მუხლის სადავო მე-3 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. ამავე კოდექსის 365-ე მუხლი აწესრიგებს ვალდებულების შესრულებას შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის არარსებობისას და ადგენს, რომ, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს, ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია, იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.
4. №1307 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით დაცული იყო კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლი განამტკიცებდა საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას, აგრეთვე, აღნიშნული უფლების შეზღუდვისა და საკუთრების ჩამორთმევის საფუძვლებსა და პირობებს.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით.
6. №1307 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე კონსტანტინე ბერუაშვილსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, ასევე, ინდივიდუალურ მეწარმე გიორგი ბერუაშვილსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა სხვადასხვა დროს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე. მოსარჩელე მხარის მითითებით, აღნიშნული ორი დავა ფაქტობრივად იდენტური შინაარსის იყო, სასამართლოებმა კი განსხვავებულად გადაწყვიტეს ხანდაზმულობის ვადის ათვლის საკითხი. როგორც სარჩელზე დართული სასამართლო გადაწყვეტილებებიდან ირკვევა, კონსტანტინე ბერუაშვილის საქმეში ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა განაპირობა ნაწილობრივმა შესრულებამ, რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო თავიდან და სახელშეკრულებო მოთხოვნის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია. გიორგი ბერუაშვილის მიმართ მიმდინარე საქმეში კი, სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად ვალის არსებობის აღიარების შესახებ წერილი მიიჩნია და, ვინაიდან, მასში განსაზღვრული არ იყო ვალდებულების შესრულების კონკრეტული თარიღი, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლისას სასამართლო დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლს, რომლის ფარგლებშიც, კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, სასამართლომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ხანდაზმულად არ ჩათვალა.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ზემოაღნიშნულ ორ დავაში, ფაქტობრივად იდენტურ შემთხვევებში, სასამართლოს განსხვავებული სამართლებრივი შეფასება განაპირობა გასაჩივრებული ნორმების ბუნდოვანმა და განუსაზღვრელმა ხასიათმა. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, გაურკვეველია რას გულისხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტისთვის მოთხოვნის არსებობის სხვაგვარი აღიარება და საჭიროებს თუ არა ის ამავე კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული, მათ შორის, ფორმალური მოთხოვნების დაცვას. ამავდროულად, მოსარჩელის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 141-ე და 365-ე მუხლების ერთობლივად წაკითხვის შემთხვევაში, ბუნდოვანია ხანდაზმულობის ვადის ათვლის საკითხიც.
8. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებული ნორმები ვიწროდ განმარტებადი და განჭვრეტადი უნდა იყოს, ვინაიდან სწორედ მათზეა დამოკიდებული არა მხოლოდ კონკრეტული სამოქალაქო დავის ბედი, არამედ, ზოგადად, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების სტაბილურობა და განსაზღვრულობა.
9. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სადავო ნორმების განუსაზღვრელი ხასიათი, ერთი მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან და, მეორე მხრივ, საკუთრების უფლებასთან, ვინაიდან ბუნდოვანი და განუსაზღვრელი ნორმების მოქმედების პირობებში, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეს არ აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებას.
10. მოსარჩელე მხარე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სადავო ნორმები დისკრიმინაციული ხასიათისაა. მისი მტკიცებით, აღნიშნულ ნორმებს დისკრიმინაციული ხასიათი შესძინა საერთო სასამართლოების მიერ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში გაკეთებულმა განსხვავებულმა განმარტებებმა, რასაც განსხვავებული სამართლებრივი შედეგები მოჰყვა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, იგი დისკრიმინაციულ ვითარებაშია ყველა სხვა იმ პირთან მიმართებით, რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლომ სადავო ნორმების სტანდარტული განმარტებები გამოიყენა.
11. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გასაჩივრებულ ნორმებთან მიმართებით, მოსარჩელის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სადავო ნორმებს გააჩნია ბუნდოვანი, განუსაზღვრელი შინაარსი. აღნიშნული კი სასამართლოს აღჭურავს ფართო დისკრეციით, შექმნას არაერთგვაროვანი პრაქტიკა და იგი განსხვავებული შინაარსით გამოიყენოს სხვადასხვა პირის მიმართ, რის გამოც, აღნიშნული ნორმები წინააღმდეგობაში მოდის როგორც საკუთრების უფლებასთან, ისე თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპთან.
12. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური დებულების ცვლილება
1. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, დასახელებული დებულების ნაცვლად, დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესატყვის დებულებებს.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით გარანტირებული იყო კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება დაცულია მე-11 მუხლის პირველი პუნქტით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლი განამტკიცებდა საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას, აგრეთვე, აღნიშნული უფლების შეზღუდვისა და საკუთრების ჩამორთმევის საფუძვლებსა და პირობებს. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, საკუთრების უფლება დაცულია მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო აღნიშნული უფლების შეზღუდვისა და ჩამორთმევის საფუძვლებსა და პირობებს ითვალისწინებს მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს, რომ დავის საგანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 141-ე მუხლების, 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 341-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 365-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
2. სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხი
4. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
5. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმები პრობლემურია მათი ბუნდოვანი და განუსაზღვრელი ხასიათის გამო და სწორედ ამიტომ წინააღმდეგობაში მოდის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან და საკუთრების უფლებასთან. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ გაურკვეველია, რას გულისხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტისთვის მოთხოვნის არსებობის სხვაგვარი აღიარება და საჭიროებს თუ არა ის, ამავე კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული, მათ შორის, ფორმალური მოთხოვნების დაცვას. ამავდროულად, მოსარჩელე მხარისათვის ბუნდოვანი და განუსაზღვრელია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 141-ე და 365-ე მუხლების ერთობლივად წაკითხვის შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის ათვლის საკითხიც.
6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმები აწესრიგებს ხანდაზმულობის, ხელშეკრულების დადებისა და ვალდებულების შესრულების რიგ საკითხებს და განსაზღვრავს მათთან დაკავშირებულ სამართლებრივ შედეგებს. მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციიდან და თავად სადავო სამართალურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, სადავო ნორმების ბუნდოვანებაზე ზოგადი მითითება, რამდენად შეიძლება იყოს მათი არაკონსტიტუციურობის მტკიცების თვითკმარი საფუძველი.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ნორმის „განსაზღვრულობის მასშტაბი ზოგად დადგენას არ ექვემდებარება, არამედ დამოკიდებულია კონკრეტული შემთხვევის თავისებურებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). ამასთან ერთად, „კონკრეტული შემთხვევის თავისებურების ანალიზისას მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული იმ ურთიერთობის სპეციფიკა, რომელსაც არეგულირებს შესაფასებელი ნორმატიული აქტი. შესაძლებელია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებული იყოს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნები, იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ურთიერთობას აწესრიგებს ეს კანონი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).
8. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც სასამართლომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო, ვინაიდან მისი რამდენიმე შესაძლო ინტერპრეტაციიდან ერთ-ერთი კონსტიტუციის საწინააღმდეგო იყო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-30). დასახელებული პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმის ბუნდოვანების საფუძვლით არაკონსტიტუციურობას განაპირობებდა არა ცალკე აღებული ნორმის განუსაზღვრელი შინაარსი, არამედ ის გარემოება, რომ მისი რომელიმე კეთილსინდისიერი განმარტება არაკონსტიტუციურ შედეგებს აყენებდა.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის განვითარების კვალდაკვალ, იმ შემთხვევაში, თუ სადავო ნორმიდან რამდენიმე წესი, ინტერპრეტაცია იკითხება, რომელთაგან ერთ-ერთი არაკონსტიტუციურია, სასამართლო სადავო ნორმას მთლიანად არაკონსტიტუციურად აღარ ცნობს, არამედ აფასებს და, საჭიროების შემთხვევაში, ძალადაკარგულად ცნობს კონკრეტულ ნორმატიულ შინაარსს. ამდენად, 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის მოქმედ პრაქტიკაზე მორგების შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც მოსარჩელე მხარისათვის არის პრობლემატური (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, განსაზღვრულობის პრინციპთან მიმართებით, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის შეუსაბამობის სამტკიცებლად საკმარისი არ არის მოსარჩელის მითითება ნორმის ზოგად ხასიათზე. საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს თითოეული ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას და, ამ გზით, უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს არაკონსტიტუციური შინაარსის ნორმების გამოყენება. სწორედ ასე მიიღწევა, ერთი მხრივ, ურთიერთობათა მეტ-ნაკლებად ამომწურავი სამართლებრივი მოწესრიგება, ხოლო, მეორე მხრივ, ის, რომ ნორმის საფუძველზე გაკეთებული თითოეული სამართლებრივი განმარტება არ დარჩება კონსტიტუციური კონტროლის მიღმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ მოსარჩელემ ამტკიცოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა, მან უნდა მიუთითოს იმ ნორმატიულ შინაარსზე, რომელიც, მისი აზრით, უფლების დარღვევას იწვევს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/10/1212 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად უნდა წარმოჩინდეს მათი არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსით გამოყენების შესაძლებლობა.
11. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს არ მოუხდენია ერთი კონკრეტული, მისთვის პრობლემური ნორმატიული შინაარსის იდენტიფიცირება. იგი ზოგადად მიუთითებს სადავო ნორმების ბუნდოვან და განუსაზღვრელ ხასიათზე. ამავდროულად, სარჩელში არ არის მოყვანილი შესაბამისი არგუმენტები იმის შესახებ, რომ სადავო ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებობს ნორმის განსაზღვრულობის განსხვავებული სტანდარტით შეფასების საჭიროება და მათი კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაუხვიოს უკვე დადგენილ შეფასების კრიტერიუმებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, მოკლებულია შესაძლებლობას, კონკრეტული ნორმატიული შინაარსის მითითების გარეშე იმსჯელოს სამოქალაქო კოდექსის სადავო ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე.
12. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრაქტიკაში არაერთხელ მიუთითა სამოქალაქო სამართლის ნორმების მოქნილობის მნიშვნელობაზე და ამ დარგში ხისტი კანონმდებლობის დადგენიდან მომდინარე საფრთხეებზე. საქმეში „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება) სადავო ნორმის განსაზღვრულობის საკითხზე მსჯელობისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმანეთისაგან გამიჯნა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების, საჯაროსამართლებრივი ნორმებისა და სამოქალაქო სამართლის მომწესრიგებელი ნორმების მიმართ წაყენებული განჭვრეტადობის სტანდარტები. შესაბამისად, სამოქალაქო სამართლის მომწესრიგებელი ნორმებისადმი წაყენებული განჭვრეტადობის ხარისხის მოთხოვნა ვერ იქნება ისეთივე მკაცრი, როგორიც სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმებისადმი წაყენებული კრიტერიუმებია. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ კონკრეტულ სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში ზოგადი ტერმინების გამოყენება, თავისთავად, არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს.
13. მოსარჩელე მხარეს სარჩელში არ მოუყვანია არც ერთი არგუმენტი იმის სამტკიცებლად, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სადავო ნორმები აწესრიგებს ისეთი ხასიათის სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებს, რომელთა ფარგლებშიც, ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაუშვებელია ზოგადი ტერმინების (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული სხვაგვარი აღიარება) გამოყენება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, ამ მხრივ, დაუსაბუთებელია.
14. მოსარჩელე მხარე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სადავო ნორმების ბუნდოვანი ხასიათი სასამართლოს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციას, რაც არაერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას განაპირობებს.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/552 „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).
16. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საერთო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის განმარტების კონკრეტული მაგალითები, გარდა სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებისა, რომელიც მოსარჩელისა და ინდივიდუალურ მეწარმე გიორგი ბერუაშვილის მიმართ იქნა გამოტანილი. აღნიშნულ გადაწყვეტილებებში კი არ იკვეთება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სადავო ნორმების განსხვავებული ინტერპრეტაცია. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე არაერთხელ მიუთითებს ზემოაღნიშნული ორი დავის იდენტურ ხასიათზე, რის გამოც, მისთვის გაუგებარია, რატომ დადგა განსხვავებული სამართლებრივი შედეგები ფაქტობრივად იდენტურ შემთხვევებში. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა გიორგი ბერუაშვილის საქმეში დადგენილი ფაქტების კონსტანტინე ბერუაშვილის საქმეში პრეიუდიციად მიჩნევაზე, იმის გამო, რომ აღნიშნული ორი დავა ფაქტობრივი გარემოებებით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ კონსტიტუციურ სარჩელზე დართულ სასამართლო გადაწყვეტილებებში, განსხვავებული სამართლებრივი შეფასებები განპირობებულია განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებებით და არ იკვეთება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სადავო ნორმების განსხვავებული ინტერპრეტაცია. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარეს არ მოუყვანია საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმების განსხვავებულად განმარტების არც ერთი კონკრეტული მაგალითი. იგი ასევე არ ასახელებს სადავო ნორმების საერთო სასამართლოების მიერ გამოყენებული, კონკრეტულად, რომელი ნორმატიული შინაარსია პრობლემური.
18. მოსარჩელე მხარე სამოქალაქო კოდექსის სადავოდ გამხდარ ნორმებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებითაც. მისი განმარტებით, სადავო ნორმებს დისკრიმინაციული ხასიათი შესძინა საერთო სასამართლოების მიერ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში გაკეთებულმა განსხვავებულმა განმარტებებმა, რასაც განსხვავებული სამართლებრივი შედეგი მოჰყვა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე დისკრიმინაციულ ვითარებაშია ყველა სხვა იმ პირთან მიმართებით, რომლებთან დაკავშირებითაც, სასამართლომ სადავო ნორმების სტანდარტული განმარტებები გამოიყენა.
19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი კრძალავს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორ მოპყრობას და პირიქით. „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორს შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით, ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს.
20. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს სადავო ნორმები ხომ არ იწვევს პირთა დიფერენცირებას. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმები დიფერენცირებულად ეპყრობა არსებითად თანასწორ პირებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სადავო ნორმები აწესრიგებს ხანდაზმულობის, ხელშეკრულების დადების, ვალდებულების შესრულების რიგ საკითხებს და განსაზღვრავს მათთან დაკავშირებულ სამართლებრივ შედეგებს. აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული მოწესრიგება ნეიტრალური ხასიათისაა ნებისმიერ პირთა წრის მიმართ. სადავო ნორმებით გათვალისწინებული შედეგები დამოკიდებულია არა პირთა რომელიმე ჯგუფისადმი მიკუთვნებაზე, არამედ − კონკრეტულ სამოქალაქოსამართლებრივ ქმედებებზე. მათ საფუძველზე არ ხდება პირთა რომელიმე ჯგუფის გამოყოფა და რაიმე ნიშნით მათი განსხვავებულ უფლებრივ მდგომარეობაში ჩაყენება, არამედ განსაზღვრულია იდენტური უფლებრივი რეჟიმი სადავო რეგულირების ყველა პოტენციური ადრესატისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული, არსებითად თანასწორ პირთა შორის დიფერენცირება, არ მომდინარეობს ხსენებული სადავო ნორმებიდან, ასეთი შინაარსი გასაჩივრებულ რეგულირებას არ აქვს და, ამ მხრივ, არ იზღუდება სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება.
21. იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ სადავოდ გამხდარი რეგულაცია შესაძლოა იყოს ნეიტრალური, არ ითვალისწინებდეს განსხვავებულ მოპყრობას, თუმცა განსხვავებულ შედეგებში ტრანსფორმირდებოდეს მყარად დაკავშირებული ნიშნის ქვეშ გაერთიანებულ პირთა ჯგუფის მიმართ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყურადღების მიღმა არ დარჩეს ფორმალურად ნეიტრალური რეგულაციები, რომლებიც პრაქტიკაში განსხვავებულ ფაქტობრივ შედეგებს იწვევს. ფორმით ნეიტრალურ, თუმცა დისკრიმინაციული შედეგის მქონე მოპყრობას მყარად დაკავშირებული ნიშნით იდენტიფიცირებულ პირთა ჯგუფის მიმართ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე მიიჩნევს დისკრიმინაციად (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10,11). თანასწორობის უფლებასთან ამგვარი მიმართების სამტკიცებლად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, რომელიმე მყარად დაკავშირებული ნიშნით გამორჩეული ჯგუფისთვის, რეალურად განსხვავებული შედეგები დგება. ამ მხრივ, დასასაბუთებლად ვერ გამოდგება, ცვლადი ფაქტობრივი გარემოებების გავლენით ჩამოყალიბებულ პირთა განსხვავებულ მდგომარეობაზე მითითება. მსგავსი დაცვა შესაძლოა, შეეხოს მხოლოდ იმ ჯგუფებს, რომლებიც მკვეთრად გამოყოფილი, პიროვნებასთან მყარად დაკავშირებული ნიშნის ქვეშ ერთიანდებიან (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
22. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს არა თავისთავად სადავო ნორმებიდან მომდინარე დიფერენცირებაზე და პირთა გარკვეული წრის მიმართ მყარად დაკავშირებულ ნიშანზე, არამედ საერთო სასამართლოების მიერ აღნიშნული სადავო ნორმებისთვის, განმარტების შედეგად შეძენილ დიფერენცირებულ ხასიათზე. მოსარჩელე მხარე არც იმაზე აპელირებს, რომ საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმების განსხვავებული ინტერპრეტაცია კონკრეტული პირების მიმართ, მათთან მყარად დაკავშირებული, ამა თუ იმ ნიშნით არის განპირობებული. ამავდროულად, მოსარჩელე მხოლოდ ჰიპოთეტურად მიუთითებს სხვა ყველა იდენტურ დავებზე, რომლებშიც სასამართლომ სადავო ნორმების სტანდარტული განმარტებები გამოიყენა. იგი ასევე არ განმარტავს, თუ რას გულისხმობს სადავო ნორმების სტანდარტულ განმარტებაში ან სასამართლოს კონკრეტულად რომელ განმარტებას მიიჩნევს ასეთად. ამდენად, არ იკვეთება, რომ სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, რომელიმე მყარად დაკავშირებული ნიშნით გამორჩეული ჯგუფისთვის, რეალურად განსხვავებული შედეგები დგება.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1307 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 141-ე მუხლები, 144-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 341-ე მუხლის პირველი ნაწილი და 365-ე მუხლი არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვეზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1307 კონსტიტუციური სარჩელი („კონსტანტინე ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 141-ე მუხლების, 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 341-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 365-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე