გიული დევაძე და ჯემალ გვარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
| ნომერი | N20/1/1867 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
| თარიღი | 7 ნოემბერი 2025 |
| გამოქვეყნების თარიღი | 18 ნოემბერი 2025 18:30 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: გიული დევაძე და ჯემალ გვარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 21 მაისს, კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1867) მომართეს გიული დევაძემ და ჯემალ გვარიშვილმა. №1867 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 28 მაისს. №1867 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 7 ნოემბერს.
2. №1867 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მე-4 ნაწილის შესაბამისად, „გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი განსაზღვრავს გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის საფუძვლებსა და წინაპირობებს.
4. მოსარჩელე მხარის მითითებით, არაკონსტიტუციურია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის კონსტიტუციურ გარანტიას.
7. №1867 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 სექტემბრის №3-64 გადაწყვეტილებით კონსტიტუციური სარჩელის ავტორებს, ისევე როგორც, ერთ-ერთი მოსარჩელის, გიული დევაძის მამას, გიორგი დევაძეს, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ მათ საკუთრებაში არსებული რიგი უძრავი ქონება, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის ზემოხსენებული გადაწყვეტილება კონსტიტუციური სარჩელის ავტორებმა და გიორგი დევაძემ გაასაჩივრეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 იანვრის №ბს-1276-1079-კ-04 გადაწყვეტილების საფუძველზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჯემალ გვარიშვილის, ისევე როგორც, გიული დევაძის საკასაციო საჩივარი, მათ დაუბრუნდათ სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეული ქონების ნაწილი, ხოლო გიორგი დევაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში უცვლელად დარჩა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება ქ. ბათუმში, გრიბოედოვის ქ. №33-ში მდებარე სახლის გიორგი დევაძისთვის ჩამორთმევის თაობაზე. ამავდროულად, კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის განაჩენით, ცვლილებები შევიდა ქედის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განაჩენში, რის შედეგადაც, ჯემალ გვარიშვილი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ ბრალდების ერთ-ერთ ეპიზოდში, დანარჩენ ეპიზოდებში კი შეეცვალა ბრალდების კვალიფიკაცია, სასჯელის სახე, თავისუფლების აღკვეთის ვადა და შეფარდებული ჯარიმის ოდენობა. მოსარჩელე ჯემალ გვარიშვილმა, მოსარჩელე გიული დევაძემ და გიორგი დევაძემ, 2015 წლის 22 მაისს, განცხადებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგის 2004 წლის 10 სექტემბრის №3-64 და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა 2005 წლის 17 იანვრის №ბს-1276-1079-კ-04 გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. აღნიშნული განცხადება, განსჯადობით გადაიგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 აგვისტოს №27-გ/2015 განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი ჯემალ გვარიშვილის, გიული დევაძის და გიორგი დევაძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება წარდგენილი იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაწესებული 5-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
8. მოსარჩელეთა განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაბათილების 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ვერ იქნა დაცული მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. 2004 წელს, ვიდრე სასამართლო განხილვები დაიწყებოდა ისინი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საქართველო. მათ საქმეზე გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2005 წელს, ხოლო 2024 წელს მოსარჩელეებისთვის ცნობილი გახდა, რომ 2004 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ მათ წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერეს მოსამართლეებმა, რომლებსაც, როგორც სხვა კოლეგიის მოსამართლეებს, საქმის განხილვის დროს მოქმედი კანონის თანახმად, (მხედველობაშია 2004 წელს მოქმედი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი) მხოლოდ მაშინ ჰქონდათ უფლება, მონაწილეობა მიეღოთ ამ გადაწყვეტილების მიღებაში, თუკი აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს თავმჯდომარე გასცემდა შესაბამის დავალებას, რაც, მოსარჩელეთა მითითებით, ფორმდებოდა წერილობითი ბრძანების სახით. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2024 წლის 16 ოქტომბრის წერილის თანახმად, აღნიშნული წერილობითი დოკუმენტი (საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანება) საქმის მასალებში არ იძებნება. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა პოზიციით, საქმე განიხილა სასამართლოს არაუფლებამოსილმა შემადგენლობამ, რაც მოქმედი პროცესუალური წესრიგის პირობებში, ქმნის დასახელებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეების პოზიციით, განცხადების შეტანისათვის დაწესებული 5-წლიანი ხანდაზმულობის სავალდებულოობის გამო, ისინი, როგორც დაინტერესებული მხარეები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, დაიცვან საკუთარი უფლებები და კანონიერი ინტერესები, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და უფლებამოსილი სასამართლოს (მოსამართლის) მიერ საქმის განხილვის გარანტიას.
9. გარდა იმისა, რომ, მოსარჩელეთა მტკიცებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში, ისინი ობიექტურად მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, ჰქონოდათ ინფორმაცია მათი საქმის არაუფლებამოსილი სასამართლო შემადგენლობის მიერ განხილვის თაობაზე, მათივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაზე, საერთოდ არ უნდა ვრცელდებოდეს ხანდაზმულობის ვადა. კერძოდ, მოსარჩელეები უთითებენ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი 5-წლიანი, ისევე როგორც, ზოგადად ნებისმიერი ხანდაზმულობის ვადა, იქნება ეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილზე მეტი თუ ნაკლები, სასამართლოში განაცხადის შეტანის უფლებას არ უნდა უზღუდავდეს იმ სუბიექტებს, რომელთა სამართლებრივი სტატუსი განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და რომლებმაც მოახერხეს იმის გარკვევა, რომ მათი საქმე განიხილა სასამართლოს არაუფლებამოსილმა შემადგენლობამ.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო რეგულაციის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შემოსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის შესაძლებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
11. მოსარჩელეები, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებზე, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
12. №1867 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1867 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით (მხედველობაშია შემთხვევა, როდესაც გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში) პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის შესაძლებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის უფლების 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადით შემოსაზღვრა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს, რამდენადაც აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ ისინი მოკლებული არიან თავიანთი საკუთრების სასამართლოს გზით დაცვისა და არამართლზომიერად ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესაძლებლობას.
3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. სამართლიანი სასამართლოს უფლება, თავის თავში, არაერთ უფლებრივ კომპონენტს აერთიანებს და გულისხმობს არა მხოლოდ პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, არამედ, სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი ნორმატიული წესრიგის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომების თანახმად, [...] „საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, პირის უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილი სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის შესახებ, გულისხმობს, მათ შორის, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების უფლებასაც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე - „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-7).
4. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის წარმოსაჩენად მოსარჩელეები სხვადასხვა არგუმენტს ეყრდნობიან. კერძოდ: I. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა პოზიციით, ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირი ობიექტურად იყო მოკლებული შესაძლებლობას, ჰქონოდა ინფორმაცია, რომ მისი საქმის განხილვაში მონაწილეობდა არაუფლებამოსილი მოსამართლე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების შეტანისთვის 5-წლიანი ხანდაზმულობის დაწესება გაუმართლებელია; II. მათი საქმის განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობა მიიღეს სხვა კოლეგიის მოსამართლეებმა, იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, არ არსებობდა საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარის შესაბამისი დავალება წერილობითი ბრძანების სახით, რამაც სასამართლო შემადგენლობა აქცია არაუფლებამოსილად; III. მოსარჩელეები უთითებენ, რომ ხანდაზმულობის ვადა საერთოდ არ უნდა მოქმედებდეს (მათ შორის, სადავო ნორმით დადგენილი 5-წლიანი ვადა) იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ადრესატები არიან, კერძოდ, ვისი საქმის გადაწყვეტაშიც მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც, კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო გადაწყვეტილების მიღებაში. მოსარჩელეთა ზემოაღნიშნულ არგუმენტს საკონსტიტუციო სასამართლო ცალ-ცალკე უპასუხებს და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით მათ შეაფასებს რელევანტურობისა და დასაბუთებულობის ჭრილში.
5. მოსარჩელეები, უწინარეს ყოვლისა, აღნიშნავენ, რომ ისინი მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, ჰქონოდათ ინფორმაცია, რომ მათ საქმეს იხილავდა არაუფლებამოსილი სასამართლოს შემადგენლობა და რომ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ განსახილველ საქმეში კანონმდებლობის დარღვევით მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო კოლეგიის წევრმა მოსამართლეებმა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორებმა, ამის მიზეზად, მათ საქმეზე, სასამართლო განხილვების დაწყებამდე, ემიგრაციაში იძულებით წასვლა დაასახელეს, რაც განპირობებული იყო სახელმწიფოს მხრიდან მათი უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნით. ამრიგად ,მოსარჩელეებმა, მათი საქმის განხილვაში არაუფლებამოსილი მოსამართლეების მონაწილეობის საკითხის გამორკვევის განსაკუთრებული სირთულე საზღვარგარეთ ყოფნისა და სასამართლო განხილვების მათი მონაწილეობის გარეშე ჩატარების ფაქტს დაუკავშირეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა მითითებული ფაქტობრივი გარემოების - რომ მოსარჩელეებმა მათ საქმეზე სასამართლო განხილვის დაწყებამდე, დატოვეს საქართველოს ტერიტორია - ნამდვილობაში. მოსარჩელეებს, ასევე კონკრეტული მტკიცებულებებით არ გაუმყარებიათ, სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ, მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისთვის, და მით უფრო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისათვის კანონმდებლობით დაწესებული 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში, ობიექტურად რატომ ვერ შეძლეს მათი საქმის განხილვაში არაუფლებამოსილი მოსამართლეების მონაწილეობის ფაქტის დადგენა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხი, რომელიც გულისხმობს იმის დადასტურებას ან უარყოფას, რამდენად გააჩნდათ კონსტიტუციური სარჩელის ავტორებს, დაინტერესების შემთხვევაში, ობიექტური შესაძლებლობა, ჰქონოდათ/მოეძიათ ინფორმაცია მათი საქმის არაუფლებამოსილი მოსამართლეების მიერ განხილვის თაობაზე, მაინც არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე. შესაბამისი ინფორმაციის მოძიების ობიექტური შეუძლებლობის არგუმენტის გაზიარების შემთხვევაშიც კი, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა დასაბუთებულად ვერ იქნება მიჩნეული, რაზედაც საკონსტიტუციო სასამართლო ქვემოთ გაამახვილებს ყურადღებას.
6. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციური სარჩელის ავტორების პოზიციით, მათ საქმეზე დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც სწორედ იმით გამოიხატა, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა, საქმის განხილვაში მათი მონაწილეობისთვის აუცილებელი საკანონმდებლო პროცედურის დარღვევით. კერძოდ, არ არსებობდა საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარის შესაბამისი დავალება, წერილობითი ბრძანების სახით, რომლის საფუძველზეც, სხვა კოლეგიის მოსამართლეები, გარდა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიისა, უფლებამოსილნი იქნებოდნენ, მომჩივანთა საქმის განხილვაში მიეღოთ მონაწილეობა. სწორედ ამ კონტექსტს უკავშირებენ მოსარჩელეები არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებასა და იმას, რომ მათ საქმეზე არ შედგა მართლმსაჯულება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „მხარეთა შორის დავის გადაწყვეტისას მართლმსაჯულება ვერ ჩაითვლება აღსრულებულად, თუკი იგი არ აკმაყოფილებს სამართლიანობის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი […]“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე - „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-42). ამ კონტექსტში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებულად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ ნათლად დაანახოს სასამართლოს, რომ პროცესის მიმდინარეობისას მან ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს მინიმალური გარანტიებით, რის გამოც, მართლმსაჯულება ვერ ჩაითვლება აღსრულებულად. თუმცა სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მოცემული სარჩელის ფარგლებში, მისი ამოცანა არ არის იმის შეფასება, დაირღვა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეთა სამართლიანი განხილვის უფლება მათი საქმის განხილვაში პროცედურული წესის დარღვევით მოსამართლეთა მონაწილეობის საფუძველზე.
8. ის გარემოება, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა სამოქალაქო კოლეგიის ორი მოსამართლე, რომელთაც ამის უფლება სასამართლოს თავმჯდომარის წერილობითი ბრძანების გარეშე არ გააჩნდათ, ავტომატურად არ გულისხმობს არც საქმეზე სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევას და არც იმას, რომ ბრძანების არსებობის შემთხვევაში სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. კონსტიტუციურ სარჩელში დასაბუთებული არ არის, თუ რატომ გულისხმობს ზემოაღნიშნული პროცედურული წესის დარღვევა იმას, რომ მოსარჩელეებმა ამ პირობებში სამართლიანი სასამართლოს მინიმალური გარანტიებითაც კი ვერ ისარგებლეს. შესატყვისი დასაბუთების წარმოდგენა მეტ რელევანტურობას შესძენდა მათ მოსაზრებას ამგვარი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მიზნით სარჩელების წარდგენის საჭიროების შესახებ ხანდაზმულობის ვადის მიღმა საზოგადოდ.
9. თუმცა, ზემოაღნიშნულ კონტექსტთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლო, უწინარესად, იმას უსვამს ხაზს, რომ, პრინციპულად, წინამდებარე სარჩელის ფარგლებში მისი შესაფასებელი არ არის, დაირღვა თუ არა თავის დროზე მოსარჩელეთა სამართლიანი სასამართლოს უფლება იმის გამო, რომ მათი საქმის განხილვაში სავარაუდოდ მონაწილეობდნენ მოსამართლეები, რომელთაც არ გააჩნდათ საამისო ფორმალურსამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულ კონტექსტში, მოსარჩელეთა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასა თუ დაცულობაზე მსჯელობა მხოლოდ მაშინ იქნებოდა რელევანტური, თუკი საკუთრივ სადავო ნორმით იქნებოდა დაშვებული (პირდაპირ თუ არაპირდაპირ) საქმის განხილვაში არაუფლებამოსილი მოსამართლეების ჩართულობის შესაძლებლობა. წინამდებარე საქმეში კი ასეთ ვითარებასთან არ გვაქვს საქმე. მოსარჩელე მხარე სწორედ იმას უთითებს, რომ სასამართლოს შემადგენლობა არაუფლებამოსილი გახადა არა არსებული პროცედურული წესით დადგენილი რეგულაციის შესრულებამ, არამედ მისმა შეუსრულებლობამ (კერძოდ, მოსამართლეთა საქმის განხილვაში ჩართვამ სასამართლოს თავმჯდომარის შესაბამისი წერილობითი ბრძანების გამოცემის გარეშე). გარდა ამისა, ისიც მხედველობაშია მისაღები, რომ მოქმედი ნორმატიული წესრიგი, საზოგადოდ, პრინციპულად კი არ კრძალავდა, არამედ, პირიქით, უშვებდა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსახილველ საქმეზე სამოქალაქო კოლეგიის წევრი მოსამართლეების მონაწილეობას, თუმცა, შესაბამისი პირობით - სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე. მეტიც, მოქმედი ნორმატიული წესრიგი მოსარჩელეთა საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარეს არ ზღუდავდა, გამოეცა შესაბამისი დავალება წერილობითი ბრძანების სახით და მოსარჩელეთა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება დაევალებინა სწორედ იმ მოსამართლეებისათვის, რომელთა არაუფლებამოსილებაზეც უთითებს მოსარჩელე მხარე. ასეთ პირობებში, ისედაც გაურკვეველია, ხსენებული პროცედურული დარღვევა - საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარის წერილობითი ბრძანების სახით გამოცემული დავალების გარეშე სხვა კოლეგიის მოსამართლეების მიერ მათ საქმის გადაწყვეტაში მონაწილეობა - შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ფუნდამენტურ/არსებით დარღვევად, რაც, მისი სიმძიმისა და სერიოზულობის გათვალისწინებით, მიჩნეული უნდა ყოფილიყო სამართლიანი სასამართლოს უფლების მინიმალური გარანტიებით სარგებლობის ხელყოფად და, მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევად. როგორც უკვე აღინიშნა, დაირღვა თუ არა მოსარჩელეთა სამართლიანი სასამართლოს უფლება, მოცემულ შემთხვევაში, არა თუ გადამწყვეტი, რელევანტურიც კი არ არის კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის შეფასებისას, რადგან, ამ კონსტიტუციური დებულების სავარაუდო დარღვევას მოსარჩელე უკავშირებს არა სადავო ნორმით დადგენილ წესს, არამედ ამ წესის დაუცველობით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შეუძლებლობას კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდეგ. მოქმედი პროცესუალური კანონმდებლობა და, მით უფრო, სადავო ნორმა, არ ითვალისწინებს ან უშვებს, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, სასამართლო საქმის განხილვაში არაუფლებამოსილი მოსამართლის მონაწილეობას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართება მაშინ გახდებოდა რელევანტური, სადავო ნორმა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხეს რომ შეიცავდეს ან საამისო წინაპირობებს ქმნიდეს.
10. რაც შეეხება მოსარჩელეთა ზოგად მოსაზრებას, რომ ხანდაზმულობის ვადა საერთოდ არ უნდა მოქმედებდეს (მათ შორის, სადავო ნორმით დადგენილი 5-წლიანი ვადა) იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ადრესატები არიან და რომელთა საქმის გადაწყვეტაშიც მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც, კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო გადაწყვეტილების მიღებაში, ამის თაობაზე სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული მიდგომების თანახმად, საზოგადოდ, სამოქალაქო საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის თაობაზე სასამართლოსათვის განცხადების წარდგენის უფლების კონკრეტული ვადით შემოფარგვლა ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორებიცაა: სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა, სამართლებრივი სტაბილურობა და უსაფრთხოება, დავის საბოლოოდ გადაწყვეტა, ისევე როგორც, პროცესის მონაწილე მხარეთა უფლებების დაცვა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე - „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-22). თავიანთ უფლება-მოვალეობებში ადამიანთა სამართლებრივი გარკვეულობა მათი უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური ინტერესია, რომელიც, იმავდროულად, საჯარო ინტერესიც არის. დაუშვებელია, რომ სასამართლოების მიერ განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები დიდი ხნის განმავლობაში, განუსაზღვრელი ვადით ექვემდებარებოდეს გაუქმებას, შეცვლასა თუ სხვაგვარ მოდიფიცირებას. სწორედ ამის პრევენციას ემსახურება სასამართლოში სარჩელების/საჩივრების წარდგენის ხანდაზმულობის ვადების დაწესება, რომელთა ხანგრძლივობაც გონივრული უნდა იყოს შესაბამის სამართალურთიერთობასთან მიმართებით. სწორედ ამიტომ, როგორც ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებული, ისე სხვა, ნებისმიერი სამართლებრივი ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცებას წონადი არგუმენტები ესაჭიროება. იმ შემთხვევაში, როდესაც ნათელია უფლებაშემზღუდველი სადავო რეგულაციის ლეგიტიმური მიზანმიმართულება და იგი აშკარად თვითმიზნური, არაგონივრული არ არის, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი ვერ იქნება მხოლოდ ძირითადი უფლების შესაძლო შეზღუდვაზე მითითება. აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც გარკვეული ხარისხით მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). მხოლოდ ამგვარ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია ადასტურებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
11. ზემოხსენებულის საპირისპიროდ, №1867 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას, ვინაიდან დაინტერესებულ პირს უწესებს კონკრეტულ ვადას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას განცხადებით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორებმა სადავო ნორმით გასაჩივრების ვადის შეზღუდვის ნორმატიულ ფაქტზე მითითებისა და ზოგადი მსჯელობის (რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო დანაწესით მისაღწევი ლეგიტიმური მიზნების დაცვა ვერ იქნება უფრო პრიორიტეტული, ვიდრე სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების რეალიზაცია) მიღმა, ვერ წარმოადგინეს რელევანტური არგუმენტაცია/მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ სადავო მოწესრიგება და 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ლეგიტიმური მიზნის/მიზნების მიღწევის არაპროპორციული და არაკონსტიტუციური საშუალებაა, ისევე როგორც, ვერ დაასაბუთეს, თუ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რატომ უნდა გადაიხაროს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შენარჩუნებასა და მისი გაუქმების ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. როგორც ზემოთ აღინიშნა, ვერ იქნა ნაჩვენები, რომ ფორმალური პროცედურის დარღვევით მოსამართლეთა მონაწილეობა საქმის კოლეგიურ განხილვაში (მაშინ, როდესაც მათ პროცედურის დაცვითაც თავისუფლად შეიძლებოდა დაკისრებოდათ შესაბამის საქმეში ჩართვის ვალდებულება), ყველა მსგავს შემთხვევაში, წარმოადგენს სამართლიანი განხილვის უფლების ისეთ უხეშ და შეუწყნარებელ დარღვევას, როდესაც მიღებულ გადაწყვეტილებათა ბათილობის მიღწევის ინტერესი გადაწონის სარჩელის წარდგენის შესაძლებლობაზე კანონით ხანდაზმულობის ვადის დაწესების ერთდროულად ყველა ლეგიტიმურ ინტერესს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1867 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1867 კონსტიტუციური სარჩელი („გიული დევაძე და ჯემალ გვარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე