შორენა წიკლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
| ნომერი | N1/21/1894 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
| თარიღი | 7 ნოემბერი 2025 |
| გამოქვეყნების თარიღი | 18 ნოემბერი 2025 18:46 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: შორენა წიკლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 4 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1894) მომართა შორენა წიკლაურმა. №1894 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2025 წლის 15 სექტემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 7 ნოემბერს.
2. №1894 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება“. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი კი ადგენს, რომ „ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები/დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველყოფაზე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“, ხოლო მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება კი, განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის პრინციპს.
5. №1894 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს წარმოადგენს ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაშიც არსებული უძრავი ნივთი დატვირთულია იპოთეკის უფლებით, იურიდიულ პირზე გაცემული სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად.
6. მოსარჩელის არგუმენტაციით, სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი აკრძალვა არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე, რაც მათ (იურიდიულ პირებს) შესაძლებლობას აძლევს, რომ უძრავი ნივთი გამოყენებული (დატვირთული) იქნეს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. თავის მხრივ, უზრუნველყოფის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ფიზიკური პირის უძრავი ქონება, საცხოვრებელი სახლი, რომლის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ღირსების უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
7. კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდაა გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად უძრავი ქონების გამოყენების აკრძალვა არ ვრცელდება სხვა სპეციალურ სუბიექტებზე. კერძოდ, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები/დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე, შესადარებელ პირებად მიიჩნევს, ერთი მხრივ, ფიზიკურ პირებს, რომელთაც ეკრძალებათ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად ფიზიკური პირის უძრავი ქონების გამოყენება, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა ზემოთ ჩამოთვლილი სპეციალური სუბიექტებს, რომლებზეც არ ვრცელდება აღნიშნული აკრძალვა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით დადგენილი განსხვავებული მოპყრობა არღვევს კონსტიტუციით დაცულ თანასწორობის უფლებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, აუცილებელია, რომ იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული არგუმენტაცია შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ასევე, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ დასახელებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1894 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდაა გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კანონით დადგენილ სპეციალურ სუბიექტებს უფლებას აძლევს, სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოიყენოს ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი.
3. სადავო ნორმით დადგენილია, რომ ფიზიკურ პირებზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სასესხო/საკრედიტო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებზე (კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი და სესხის გამცემი სუბიექტი). იმავდროულად, სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, განსაზღვრულია იპოთეკის ინსტიტუტის ცნება და არსი, რომლის თანახმადაც, „უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)“. შესაბამისად, ერთი მხრივ, სადავოდ გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილი საგამონაკლისოდ გამორიცხავს ფიზიკურ პირზე გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოყენებას, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე მუხლის მე-5 ნაწილი საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებზე არ ავრცელებს იგივე სახის შეზღუდვას. ამასთანავე, უძრავი ნივთის უზრუნველყოფის სანივთო საშუალებად გამოყენების ზოგადი წესი დადგენილია სწორედ სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტებიდან ირკვევა, რომ მისთვის პრობლემურია იურიდიული პირების, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული სუბიექტების მხრიდან, უძრავი ნივთის (საცხოვრებელი სახლის), როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება. თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია სესხის გამცემი სუბიექტების, კერძოდ, კონკრეტული პირების აღჭურვა უფლებამოსილებით, ფიზიკურ პირთან დადებული სესხისა და კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფისთვის გამოიყენონ იპოთეკის უფლება ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მან უნდა გაასაჩივროს სწორედ ის ნორმა, რომელიც ზოგადად ამკვიდრებს იპოთეკის ინსტიტუტს (წარმოადგენს ინსტიტუტის დამდგენ ნორმას) და უშვებს იურიდიული პირების მხრიდან ფიზიკური პირის ქონების, მათ შორის, საცხოვრებელი ფართის, სასესხო/საკრედიტო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების შესაძლებლობას.
5. №1894 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილი განსაზღვრავს, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფიზიკურ პირზე გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებასთან დაკავშირებით, საგამონაკლისო წესს, აკრძალვას. ამდენად, ნათელია, თავისი შინაარსისა და მოწესრიგების სფეროს გათვალისწინებით, უშუალოდ გასაჩივრებული ნორმის რეგულირების საგანს არ წარმოადგენს ფიზიკურ პირზე საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტების (კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი და სესხის გამცემი) მიერ პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის საკითხის გადაწყვეტა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა არ მომდინარეობს გასაჩივრებული ნორმიდან და არსებობს მისი განსახილველად მიუღებლობის საფუძველი.
6. სადავო ნორმიდან მომდინარე შემზღუდველი წესის იდენტიფიცირების პრობლემურობის მიღმა, აღსანიშნავია ისიც, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის განმარტებით, ადამიანის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ღირსების უფლების განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, უძრავი ნივთის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება აჩენს პირის საცხოვრისის გარეშე დარჩენის რისკებს.
7. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის საკითხი, საკუთრების უფლებასთან მიმართებით, შეფასებულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის №1/4/1380 გადაწყვეტილებით საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ხსენებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ იმსჯელა პირის საკუთრებაში არსებული ნივთების, მათ შორის, უძრავი ქონების თავისუფალ განკარგვასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ რეგულირება, რომელიც აფერხებს მესაკუთრის მიერ ქონებით სარგებლობისა და განკარგვის თავისუფლებას, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცულ საკუთრების უფლებას. სასამართლომ განმარტა, რომ „ქონებით სარგებლობის და განკარგვის უფლება, მათ შორის, უძრავი ნივთის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოყენება (დატვირთვა), მნიშვნელოვანი მექანიზმებია ინდივიდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას შესაძლოა ჰქონდეს სასიცოცხლო მნიშვნელობა მისი მიმღებისთვის და მისცეს მას წვდომა ისეთ სერვისებზე, რომლებიც სხვაგვარად მისთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნებოდა. ამდენად, ასეთ სერვისებზე წვდომამ შესაძლოა გააუმჯობესოს ადამიანის ცხოვრების ხარისხი, გადაჭრას მის წინაშე მდგარი გადაუდებელი ამოცანები, უზრუნველყოს მისი ინტეგრაცია საზოგადოებაში და, მთლიანობაში, ხელი შეუწყოს სხვადასხვა საჯარო ინტერესის რეალიზაციას, მათ შორის, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის №1/4/1380 გადაწყვეტილება საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30). ამასთანავე, სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილი მნიშვნელოვნად ამცირებს იმ უფლებამოსილ კრედიტორთა წრეს, რომელთაგანაც ფიზიკურ პირს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღება შეუძლია. სასამართლომ აღნიშნული რეგულირება საკუთრების უფლების ინტენსიურ შეზღუდვად მიიჩნია.
8. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი სტანდარტებით, „სახელმწიფოს ქმედება, რომელიც ზღუდავს პირის თავისუფლებას ფლობდეს, სარგებლობდეს, განკარგავდეს საკუთარ ქონებას ... a priori განიხილება როგორც ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის №1/4/1380 გადაწყვეტილება საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). შესაბამისად, ნათელია, რომ პირის შესაძლებლობა, საკუთარი სურვილის მიხედვით განკარგოს მისსავე საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის, მოახდინოს მისი იპოთეკით დატვირთვა, მიიჩნევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების უფლებრივ კომპონენტად.
9. №1894 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იპოთეკის ინსტიტუტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეალიზება, პირის საკუთრებაში არსებული ქონების ინდივიდის შეხედულებისამებრ განკარგვაარღვევს კონსტიტუციით დაცულ ღირსების უფლებას. უფრო კონკრეტულად კი, მოსარჩელე მიუთითებს, რომ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემა უნდა აეკრძალოთ ასევე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემ სუბიექტებს. შესაბამისად, თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ქონების იპოთეკით დატვირთვა ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, არათუ საკუთრების უფლებით არ არის დაცული, არამედ იწვევს ღირსების უფლების შეზღუდვას, იგი ვალდებულია, საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტაცია. მოსარჩელე მხარე საერთოდ არ ასაბუთებს, თუ რა ფორმით ზღუდავს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების რეალიზება ღირსების უფლებას.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1894 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
11. №1894 კონსტიტუციური სარჩელით, ასევე სადავოდაა გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
12. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი აღნიშნული დებულება წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს.
13. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საგამონაკლისო წესი არ ვრცელდება სპეციალურ, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებზე. №1894 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, ფიზიკური პირები, რომლებსაც არ შეუძლიათ, უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენონ ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ხოლო, მეორე მხრივ, იურიდიული პირები (კანონით განსაზღვრული სპეციალური სუბიექტები), რომლებსაც არ ეკრძალებათ იგივე ქმედების განხორციელების შესაძლებლობა. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე არის ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაში არსებული ქონებაც დატვირთულია იპოთეკის უფლებით მესამე პირის (იურიდიული პირის) სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად. როგორც აღინიშნა, სადავოდ გამხდარი ნორმები ეხება სესხის გამცემ სუბიექტებს, კერძოდ, კონკრეტულ პირებს აღჭურავს უფლებამოსილებით, ფიზიკური პირებისგან განსხვავებით, მოთხოვნის უზრუნველყოფისთვის გამოიყენონ იპოთეკა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე. კონსტიტუციური სარჩელიდან კი ირკვევა, რომ მოსარჩელეს სურს, აღნიშნული შესაძლებლობა, ფიზიკური პირის მსგავსად, არ გააჩნდეს არც სხვა სუბიექტს. მოსარჩელე ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე არ დავობს იმ მოტივით, რომ მას სურს სესხის გაცემა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე დავობს არა თავისი უფლების, არამედ სხვა, სესხის გამცემი პირების თანასწორობის უფლების დარღვევაზე და, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში იგი ვერ იქნება მიჩნეული უფლებამოსილ სუბიექტებად.
14. გარდა ამისა, №1894 კონსტიტუციური სარჩელით, საერთოდ არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ სადავო ნორმით დადგენილი განსხვავებული მოპყრობა შესაძლოა პირდაპირ, თუ ირიბად იწვევდეს თავად მოსარჩელის კონსტიტუციურად გარანტირებული თანასწორობის უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას.
15. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, №1894 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, არ არის შემოტანილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1894 კონსტიტუციური სარჩელი („შორენა წიკლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე