სიახლეები
არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1274)
2025 წლის 24 და 25 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1274).
განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულირება განსაზღვრავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების კომპენსაციის გაანგარიშების წესსა და მის მაქსიმალურ ოდენობას. კერძოდ, რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობა კი განისაზღვრება ყოველწლიურად, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი არის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოუწია დაეტოვებინა მოსამართლის თანამდებობა, თუმცა, სადავო ნორმების საფუძველზე, მას სახელმწიფო კომპენსაცია შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ 65 წლის ასაკის მიღწევისას. მოსარჩელე მხარის მითითებით, საერთო სასამართლოების მოსამართლეებს სახელმწიფო კომპენსაცია უნდა ენიშნებოდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე, მოქმედი მოსამართლის ხელფასთან მიახლოებული ოდენობით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელე მხარის პოზიციით, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები ვერ უზრუნველყოფს მოსამართლის სათანადო სოციალური გარანტიებით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხზე. შედეგად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას.
დამატებით, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კომპენსაცია გაანგარიშდება განსხვავებული წესით. კერძო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაცია შეადგენს 1200 ლარს. ამავდროულად, მათ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, განსხვავებით საერთო სასამართლოების სხვა მოსამართლეებისაგან, გააჩნიათ უფლებამოსილების ამოწურვისთანავე. აღნიშნული კი, მოსარჩელე მხარის პოზიციით, წარმოადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
დავის საგანი: ა) „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტებისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.