სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ნანა შერვაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1649)

2026 წლის 5 თებერვალს 13:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ნანა შერვაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1649).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციები ზღუდავს, ერთი მხრივ, საქმის სხვა სასამართლოში გადაცემის შესახებ განჩინების გასაჩივრებას, მეორე მხრივ, ცალკეულ შემთხვევებში სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე კერძო საჩივრის შეტანას.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საგნობრივი განსჯადობის შესახებ მოსამართლის განჩინების გასაჩივრების უფლება მისი სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის კონსტიტუციური გარანტიით არის დაცული. მისი პოზიციით, სასამართლოებში არსებობს საგნობრივი განსჯადობის საფუძვლით საქმის კოლეგიებს შორის განაწილების დადგენილი არასწორი პრაქტიკა, რაც ზიანს აყენებს მის ინტერესებს.

მოსარჩელე სადავოდ ხდის აგრეთვე საქმეთა გაერთიანების შესახებ სასამართლოს განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შეზღუდვას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული მექანიზმი შესაძლოა გამოყენებულ იქნას მოწინააღმდეგე მხარის მიერ საქმის გაჭიანურების მიზნით. მისი პოზიციით, სასამართლო პრაქტიკაც ადასტურებს საქმეთა გაერთიანების გამო დავის გადაწყვეტის დროში გახანგრძლივებას.

მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „რომელიც არ გასაჩივრდება“ და 414-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.