სიახლეები
ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სტუმრად იმყოფებოდა ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია. სტუმრებს, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილი, სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ კილაძე და მოსამართლის უფროსი თანაშემწე გიორგი ხაზალია შეხვდნენ.
დელეგაციის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში ტაჯიკეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მინისტრის მოადგილე, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აღმასრულებელი ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მეჯლისის (პარლამენტის) იურიდიული დეპარტამენტის უფროსი შედიოდნენ, მიიღეს ინფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ პრაქტიკის შესახებ, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან იყო დაკავშირებული.
ტაჯიკეთის რესპუბლიკის ენერგეტიკული კოდექსის შემუშავების სააგენტოთაშორისო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, მიზნად ისახავს საქართველოს სამართლებრივი და ორგანიზაციული სტრუქტურების, ენერგეტიკის სექტორის მმართველობის მოდელების და სექტორის მართვის, რეგულირებისა და სამართლებრივი ზედამხედველობის საუკეთესო პრაქტიკის გაცნობასა და გაზიარებას.