სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „სალომე ხვადაგიანი, მარინე კაპანაძე და ალექსანდრე ზიბზიბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1561 და №1576)

2025 წლის 16 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „სალომე ხვადაგიანი, მარინე კაპანაძე და ალექსანდრე ზიბზიბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1561 და №1576).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა განსაზღვრავს საქართველოდან დროებით გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება, უარი ეთქვას სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ იგი მიემგზავრება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს.

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში გამგზავრების მიზნით სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს სადავო ნორმით განსაზღვრული დოკუმენტების (დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთის; სასტუმროს ჯავშნის; სამოგზაურო დაზღვევის; მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურების) წარდგენის ვალდებულება ემსახურება შენგენის ზონის წევრი მიმღები ქვეყნის სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში არსებული მოთხოვნების უზრუნველყოფას. ამ მიზნით, ევროკავშირის წევრი/შენგენის ზონის ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი ამოწმებს და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, შეუშვას თუ არა საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში, შესაბამისად, აღნიშნულ პროცესში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართვის საჭიროება არ არსებობს.

მოსარჩელეები დამატებით აღნიშნავენ, რომ სადავო მოწესრიგება არ ემსახურება მიმოსვლის თავისუფლებით დაცული საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლების შეზღუდვის კონსტიტუციით გათვალისწინებულ ისეთ ლეგიტიმურ მიზნებს, როგორებიცაა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაცვა და მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობა. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.