სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „სს „თიბისი ბანკი“ და ნიკა ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1419 და №1668)

2026 წლის 21 იანვარს, 14:00 საათზე და 22 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „სს „თიბისი ბანკი“ და ნიკა ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1419 და №1668).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა განსაზღვრავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებამდე ან ყადაღის დადების შემდეგ, თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ამავე ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებაზე აღსრულებას აჩერებს პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე.

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს არა მხოლოდ საქმის სამართლიან და გონივრულ ვადაში გადაწყვეტას, არამედ სასამართლო გადაწყვეტილების დროულ, ეფექტიან და ჯეროვან აღსრულებასაც. სადავო ნორმის საფუძველზე კი, განუსაზღვრელი ვადით ხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება. ამავდროულად, მოსარჩელეთა პოზიციით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უნდა შეეძლოს მხოლოდ სასამართლოს, სადავო ნორმის შესაბამისად კი, აღნიშნულზე გადაწყვეტილებას პროკურატურა და აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს.

დამატებით, მოსარჩელეები განმარტავენ, რომ ქონებაზე აღსრულების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, პროკურორს გააჩნია ფართო დისკრეციული უფლებამოსილება. სადავო ნორმა არ განსაზღვრავს აღსრულების შეჩერების მატერიალურ წინაპირობებს, არ ადგენს შეჩერების ხანგრძლივობას და არ ითვალისწინებს სასამართლო კონტროლის მექანიზმს.

ამდენად, მოსარჩელეები ითხოვენ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.