სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1628)

2023 წლის 23 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1628).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა საერთაშორისო დაცვის შესახებ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გამორიცხავს იმ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რომლებიც საქართველოს საზღვარი კანონსაწინააღმდეგოდ გადმოკვეთეს.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე პირებს უფლება აქვთ, ისარგებლონ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მექანიზმებით, რაც, აგრეთვე მოიაზრებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლასა და თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმას, რომელიც უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საერთაშორისო დაცვაზე მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობას უკავშირებს, გააჩნია მსუსხავი ეფექტი საერთაშორისო დაცვის საჭიროების მქონე პირებისათვის თავშესაფრის მოთხოვნის უფლების რეალიზაციაზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ სახელმწიფოს ვალდებულებას, თავშესაფრით უზრუნველყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად საჭიროებენ დაცვას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.