სიახლეები

„იბრაჰიმ მუხტაროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2023 წლის 5 და 6 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე- „იბრაჰიმ მუხტაროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1592 კონსტიტუციური სარჩელი). 

მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომელიც ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართვის  შემთხვევაში,   საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისთვის დადგენილია  არაუგვიანეს    ერთი თვის ვადა.  

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე, ფიზიკური გადარჩენის მიზნით, იძულებული გახდა, უკანონოდ გადმოეკვეთა აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარი და საქართველოში მოეთხოვა სამართლებრივი დაცვა. 2020 წლის 23 ოქტომბერს იბრაჰიმ მუხტაროვმა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს და ითხოვა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი. მოსარჩელის განცხადება  განხილული  იქნა და  თავშესაფრის მინიჭებაზე უარი ეთქვა.

კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას, ვინაიდან ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირების მიმართ დადგენილია განცხადების განხილვის ერთთვიანი ვადა, განსხვავებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვის 6 თვიანი ვადისაგან, რომლის გახანგრძლივებასაც კანონი ითვალისწინებს.

მოსარჩელე, ასევე, მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ- ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლებას. თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, მოსარჩელეს კანონით აკისრია მტკიცების ტვირთი, თუმცა, საგულისხმოა, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა პენიტენციური დეპარტამენტის დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, მას შეზღუდული ქონდა  თავისუფლად გადაადგილების უფლება. ასევე, მოსარჩელეს საკუთარ ადვოკატთან, რომელიც აზერბაიჯანში იმყოფებოდა, „პატიმრობის კოდექსის“ შესაბამისად, შეზღუდული ქონდა სატელეფონო კომუნიკაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის პოზიციით, ერთთვიანი განხილვის ვადის განსაზღვრა, ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა, მოსარჩელის მხრიდან, მტკიცების ტვირთის უნაკლოდ შეუსრულებლობის პირობებში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანად განხილვას

დავის საგანი: „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.