სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1537 კონსტიტუციური სარჩელი

2023 წლის 22 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1537 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს მთავარი არხი“, „შპს ტელეკომპანია პირველი“, „შპს ტელეკომპანია კავკასია“, „შპს ფორმულა“, ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენდა მაუწყებლის მიერ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისაგან ბავშვის დაცვის, სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმების გამოყენებისა და პროგრამების სამაუწყებლო ბადეში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განთავსების ვალდებულებებს. სადავო ნორმები ასევე უკრძალავდა მაუწყებელს ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის/პროგრამის გადაცემას. გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, მაუწყებელს უნდა განესაზღვრა პროგრამათა კატეგორიები და სამაუწყებლო ბადეში პროგრამათა განთავსებისას ეხელმძღვანელა კანონით დადგენილი დროითი შეზღუდვებით. გასაჩივრებული ნორმები ასევე ითვალისწინებდა მაუწყებლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის გამო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლისთვის შესაბამისი სანქციის დაკისრების შემთხვევებს.

მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმები მათ ართმევდა და განსაზღვრული დროით უზღუდავდა შესაძლებლობას, მათთვის სასურველი საშუალებით მიეღოთ/გაევრცელებინათ კონკრეტული შინაარსის მქონე ინფორმაცია. მათი განმარტებით, განუჭვრეტელი ნორმების საფუძველზე გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება წარმოადგენდა ამ უფლების შეზღუდვისათვის კონსტიტუციის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევას. მოსარჩელეთა განცხადებით, ასეთ შინაარსობრივ რეგულირებას ექვემდებარება გამოხატვის თავისუფლებით დაცული ისეთი კონტენტიც, რომლის შეზღუდვასაც ბავშვთა უფლებების დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის. ამასთან, სადავო ნორმათა ასეთი განუსაზღვრელობა არა მხოლოდ „მსუსხავ ეფექტს“ ქმნიდა მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებაზე, არამედ შეიცავდა ცენზურის მაკორექტირებელ ეფექტსაც. იგი მაუწყებლებს აიძულებდა, უწყვეტ კოორდინაციაში ყოფილიყვნენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან და, სანქციის შიშით, წინასწარ დაეზუსტებინათ მათ მიერ გადაცემული პროგრამის ან პროგრამაში განთავსებული მასალის შინაარსი.

მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, სადავო ნორმები შინაარსობრივი თვალსაზრისით ნეიტრალურია და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება სრულად ეფუძნება კანონის ფარგლებში ფაქტის სამართლებრივ კონსტატაციას. მოპასუხის განმარტებით, ბავშვის/არასრულწლოვნის დაცვა ისეთი ინფორმაციისაგან, რომელმაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე, მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სოციალიზაციას, უაღრესად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზანია, რაც სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს. მხარის არგუმენტაციით, კანონმდებლის მიერ ხისტი და ამომწურავი განმარტების შემოღების შემთხვევაში, სადავო ნორმას არ ექნებოდა დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევაზე ეფექტიანი გავლენა, უფრო მეტიც, სამართალშემოქმედებაში ნორმის ზედმიწევნითი და ინსტრუქტირების დონეზე გაწერის მეშვეობით საკანონმდებლო ჩარჩო შეიძენდა ვიწრო განმარტების ფუნქციას, რაც გამორიცხავდა სამართლებრივი პრინციპების დაცვის შესაძლებლობასა და მათი აღსრულების ეფექტიანობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა მაუწყებლისთვის სანქციის დაკისრების შესაძლებლობას არასრულწლოვანისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის/მასალის პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას გადაცემისათვის ისეთ პირობებში, როდესაც მაუწყებელმა, შესაბამის გარემოებებში სიფრთხილის ყველა შესაძლებელი ღონისძიების მიმართვის მიუხედავად, ვერ განჭვრიტა და არ შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა ამგვარი მასალის ეთერში მოხვედრის შესაძლებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირდაპირი ეთერის დროს მაუწყებელი, რედაქცია თუ ცალკეული ჟურნალისტები არ თავისუფლდებიან მოვალეობისა და პასუხისმგებლობისაგან, ყურადღებით შეისწავლონ გასაშუქებელი საკითხები, რამდენადაც შესაძლებელია, განჭვრიტონ მოსალოდნელი რისკები, რათა ნებსით თუ უნებლიედ არ გახდნენ ბავშვის ინტერესებისათვის საზიანო კონტენტის გამავრცელებლები. აგრეთვე, სადაც შესაძლებელია, მყისიერად გაემიჯნონ ამგვარ ინფორმაციასა და მოსაზრებებს და გააკეთონ გამაფრთხილებელი მითითებები. თუმცა სასამართლომ ისიც აღიარა, რომ ეს შეიძლება ყოველთვის არ იყოს განხორციელებადი და მაუწყებელმა ობიექტური მიზეზების გამო, ვერ აიცილოს თავიდან გადაცემის პირდაპირ ეთერში მიმდინარეობისას ყველა შესაძლო საფრთხე, რის გამოც მაუწყებელი სავარაუდოდ გახდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის შესაბამისი სანქციის სუბიექტი. სასამართლოს აზრით, ამგვარ შემთხვევაში, ოღონდ იმ პირობით, თუკი დადგინდა, რომ მაუწყებელმა განახორციელა, გამოხატვის თავისუფლებისაგან განუყოფელი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სიფრთხილის ყველა ღონისძიება, მათ შორის, შეასრულა ის ვალდებულებებიც, რომლებიც უშუალოდ მედიის საშუალებებს ეკისრება მათი დიდი თავისუფლების დასაბალანსებლად, გამორიცხული უნდა იყოს მაუწყებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. კანონმდებელმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს წინასწარ განუჭვრეტელი შემთხვევების გამო პასუხისმგებლობის დაკისრების ალბათობა მედია საშუალებისათვის, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდა საკითხს და, შესაბამის გარემოებებში, მიმართა სიფრთხილის ყველა შესაძლო ღონისძიებას. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარ შემთხვევებში მაუწყებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ აკმაყოფილებდა კონსტიტუციურ სტანდარტებს.

დავის საგანი:ბავშვის უფლებათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მაუწყებლობის შესახებ; საქართველოს კანონის 561 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, 562 მუხლისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 წინადადებების, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.