სიახლეები
სამეცნიერო ჟურნალის „სამართლის კულტურა“ პრეზენტაცია
4 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საერთაშორისო სტანდარტის სამეცნიერო ჟურნალის „სამართლის კულტურა“ („Legal Culture“) პრეზენტაციას უმასპინძლა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, სასამართლოს აპარატის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ და ჟურნალის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ევა გოცირიძემ და გიორგი თევდორაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, ასევე ჟურნალის რედაქტორმა ბექა ქანთარიამ. შეხვედრაზე მოისმინეს თიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ბერნდ ჰაინრიხის მისასალმებელი სიტყვა.
სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის კულტურა“ წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადრინდელი ჟურნალების განახლებულ ვერსიას, რომლის მიზანია ქართველ და უცხოელ ავტორებს მისცეს შესაძლებლობა გამოაქვეყნონ სამეცნიერო სტატიები. ჟურნალი გამოირჩევა არაერთი სიახლით: მას მიენიჭა DOI-ის უნიკალური საერთაშორისო კოდი, სამეცნიერო სტატიები ქვეყნდება ბეჭდური ფორმით, ხოლო მათი ელექტრონული ვერსიები განთავსდება ჟურნალის დამოუკიდებელ, ახლადშექმნილ ვებგვერდზე - www.legalculture.ge
ჟურნალის რედაქტორია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პროფესორი ბექა ქანთარია, ხოლო სარედაქციო კოლეგიაში შედიან გამოჩენილი ქართველი და უცხოელი იურისტი მეცნიერები. .„სამართლის კულტურა“ აერთიანებს რამდენიმე რუბრიკას. აკადემიურ კვლევებთან ერთად, მკითხველი გაეცნობა პოპულარულ პუბლიკაციებს სამართლის ისტორიულ და თანამედროვე საკითხებზე შემდეგ რუბრიკებში: „კონსტიტუციონალიზმის დიალოგი“, „Monumenta Iuris“ და „Judicial Biographies“.
გამოცემის პირველი ნომერი ეძღვნება საქართველოს კონსტიტუციის 30 წლის იუბილეს.
მკითხველი პირველ ნომერში გაეცნობა სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის, გვამური დონაციის სამართლებრივი პრობლემის, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენის, ციფრული მმართველობის სამართლებრივ-ტექნოლოგიური ასპექტების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამართლებრივი საკითხების, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო საპროცესო აქტების ინტერპრეტაციის თაობაზე. ამჯერად, მკითხველი იხილავს ესპანეთის 1812 წლის კონსტიტუციის ტექსტის ქართულენოვან თარგმანს და პროფესორ ვლადიმერ მაყაშვილის ინგლისურენოვან პუბლიკაციას გამოჩენილი ქართველი იურისტის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის შემოქმედებით მოღვაწეობაზე. თითოეულ სამეცნიერო სტატიას მინიჭებული აქვს DOI-ს უნიკალური კოდი.
ჟურნალი „სამართლის კულტურა“ გამოიცემა წელიწადში ორჯერ.