სიახლეები

„საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1601)

2022 წლის 24 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1601).

საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკითხი შეეხება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მოპოვება წარმოადგენს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც წარმოიშობა კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შედეგად. თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან ადამიანის განსაკუთრებული სამართლებრივი კავშირი, რაც განაპირობებს მოქალაქის სტატუსთან დაკავშირებული მთელი რიგი სამოქალაქო, სოციალური და პოლიტიკური უფლებებით პირის აღჭურვას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პირს უნდა გააჩნდეს, სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების კანონიერების გადამოწმების შესაძლებლობა იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, გამოირიცხოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას შეცდომის დაშვების რისკი, ხოლო, მეორე მხრივ, არ დაირღვეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.