საზაფხულო სკოლა

საზაფხულო სკოლა საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების თემაზე

2023 წლის 27-30 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მასპინძლობს საზაფხულო სკოლას საერთაშორისო სისხლის სამართლის თემაზე.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სალექციო კურსი ქართველი და უცხოელი პროფესორების ხელმძღვანელობით, უშუალოდ დარგის ექსპერტებთან, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძესთან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების მოლაპარაკებებში ჩართულ პირებთან ერთად იმსჯელონ სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების განვითარების საკითხებზე და ამ მიმართებით საქართველოს გამოცდილებაზე.

საზაფხულო სკოლა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავას სალექციო სესიით დაიწყო. მან დამსწრე აუდიტორიას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების შემუშავების, შინაარსისა და რატიფიკაციის სამართლებრივი თავისებურებების შესახებ საქართველოს მაგალითზე ესაუბრა.

ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის, ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის, ბერლინის ჰუმბოლდტის, მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულეტეტებსა და ბილეფელდის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტთან ერთად ხორციელდება.

საზაფხულო სკოლის მიზანია საზოგადოებაში, განსაკუთრებით, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებში გააღრმავოს ცოდნა და დაინტერესება საერთაშორისო სისხლის სამართლის დოქტრინისა და მართლმსაჯულების, კერძოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის მიმართ.

საზაფხულო სკოლა 30 სექტემბერს დასრულდება.