გიორგი კვერენჩხილაძე

დაიბადა 1972 წლის 21 ოქტომბერს ქ. თბილისში. 

წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1994) და ასპირანტურა საკონსტიტუციო სამართლის სპეციალობით (1997).

1993-1999წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში სხვადასხვა თანამდებობებზე, იყო პარლამენტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი, ფრაქციის აპარატის უფროსი, იურიდიული კომისიის წამყვანი სპეციალისტი.

1998 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (Ph.D).

2000-2003 წლებში იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსი.

2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ, 2006-2007 წლებში ეკავა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა.

2005-2007 წლებში მონაწილეობდა კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა (სტრასბურგი) და ევროპის საჯარო სამართლის ცენტრში (ათენი).

2009-2012 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჟურნალის „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ მრჩეველი.

2009-2010 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და აღმასრულებელი ხელისუფლების საკითხთა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.

2009-2012 წლებში იყო სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი.

2010-2012 წლებში მონაწილეობდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანული საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამეცნიერო საგრანტო პროექტებში.

კითხულობდა ლექციებს კავკასიის სამართლის სკოლაში (2005-2008) და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (2009-2012).

2009-2014 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, 2011-2014 წლებში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

2014-2016 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი.

2014-2016 წლებში ეკავა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა.

2016 წელს (მაისი-სექტემბერი) იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი.

2016 წლის 12 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის N231 ბრძანებულებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, ხოლო იმავე წლის 2 ოქტომბერს, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.

1996 წლიდან დღემდე ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, არის სამართლის დოქტორი, იურიდიული ფაკულტეტის საკონსტიტუციო სამართლის პროფესორი და სადისერტაციო საბჭოს წევრი. მიჰყავს სასწავლო კურსები ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე (საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართალი, საკონსტიტუციო სამართლის გაღრმავება, ქართული კონსტიტუციონალიზმი, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, იმიტირებული პროცესი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში).

გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი საკონსტიტუციო სამართლისა და საკონსტიტუციო მართლმსაჯულების საკითხებზე. არის 50-ზე მეტი საერთაშორისო, რეგიონული თუ ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის რედაქტორი და რეცენზენტი, 10-მდე სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი და შემფასებელი.

ფლობს ფრანგულ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.