მანანა კობახიძე

მანანა კობახიძე  1968  წლის 3 თებერვალს დაიბადა  ქალაქ  თბილისში.

1985 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის 54-ე საშუალო სკოლა, იმავე წელს ჩააბარა  და  1990  წელს  წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლის კვალიფიკაციით.

1998 წელს  ჩაააბარა და  2003  წელს წარჩინებით დაამთავრა   თბილისის იურიდიული ინსტიტუტი,  იურისტის კვალიფიკაციით. სადიპლომო ნაშრომი დაიცვა კონსტიტუციურ სამართალში.

2011-2012 წწ. იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2003 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით და 2012 წლამდე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.

1991-2001 წლებში მუშაობდა ისტორიის, საზოგადოებათმცოდნეობის,  სახელმწიფოსა და სამართლის საფუძვლებისა და ადამინის უფლებების პედაგოგად თბილისის 54-ე საჯარო სკოლაში. პარალელურად, 1995-96 წლებში მუშაობდა  თბილისის მერიის განათლების სამმართველოს პედაგოგიურ ინოვაციათა ცენტრში წამყვან სპეციალისტად.

2001-2002 წწ. იყო არასამთავრობო ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იურიდიული კლინიკის პროგრამის სტაჟიორი.

2002-2003 წწ. იყო შპს  „დარაკას“ საადვოკატო ბიუროს  ადვოკატი.

2003 წლიდან 2011 წლის ჩათვლით  პროფესიული საქმიანობა გააგრძელა არასამთავრობო ორგანიზაცია  „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“.  2004-2009 წლებში იყო ამავე ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე, ხოლო 2009-2011 წლებში - აღმასრულებელი დირექტორი.  

სხვადასხვა კონფერენციებსა და სემინარებზე იყო მიწვეული როგორც  ტრენერი და ექსპერტი ადამიანის უფლებებში.

2005-2012 წლებში იყო  კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი, კითხულობდა ლექციებს   სამართალმცოდნეობის  შესავალ კურსში, ასევე  ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში.

2007     წელს იყო მომხსენებელი საჯარო სამართლის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაზე „საკონსტიტუციო რეფორმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“, რომელიც გაიმართა საბერძნეთში.

2009-2011 წწ. იყო შპს ”დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სასამართლოს” დამფუძნებელი პარტნიორი.

2009 წლიდან 2012 წლამდე იყო ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი.

2011-2012 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციის  „საზოგადოებრივი დამცველი“ _ აღმასრულებელ დირექტორად.

2012 წლის 21 აპრილიდან  2013 წლის 16 თებერვლამდე იყო არჩეული  მ.პ.გ. „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ.

2012-2016 წწ. იყო საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საჩხერის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, იყო სხვადასხვა მუდმივმოქმედი დელეგაციების,  მეგობრობის ჯგუფების, საბჭოებისა (გენდერული თანასწორობის საბჭო და ხაზინადართა საბჭო)  და კომისიების ხელმძღვანელი და წევრი, მათ შორის 2013-2016 წწ. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი,  ადამიანის უფლებებისა და სასამართლოსა და პროკურატურის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, 2012-2016 წწ. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიების თავმჯდომარე.

2016 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრად.

2016-2017 წწ. იყო სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიის წევრი.

2017 წლის 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას  შეუდგა  ფიცის დადების დღიდან - იმავე წლის 15 თებერვლიდან.

2018 წლის 12 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად.

არის სხვადასხვა პუბლიკაციების რედაქტორი და თანაავტორი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე  და ორი შვილი.