მერაბ ტურავა

დაიბადა 1964 წლის 23 სექტემბერს ქ. ზუგდიდში.

წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1990).

1989–1990 წლებში სწავლობდა იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის სახელმწიფოსა და სამართლის ფაკულტეტზე. 1990–1991 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტი, ხოლო 1992–1997 წლებში ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი და სისხლისსამართლებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი. დაიცვა სამეცნიერო დისერტაცია და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი ბერლინის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ.

1998–2005 წლებში ეკავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტის თანამდებობა, იმავდროულად, იყო საქართველოს იუსტიციის სასწავლო (სამოსამართლეო სწავლების) ცენტრის გამგეობის წევრი და სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი.

1998–2001 წლებში იყო საქართველოს სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის წევრი.

1999–2001 წლებში მონაწილეობდა ევროკავშირის ტასისის (TACIS-EU) პროექტში სამოსამართლეო სწავლების საკითხების ექსპერტად.

2001–2003 წლებში იყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ექსპერტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებასთან (რომის სტატუტთან) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობისა და რომის სტატუტის იმპლემენტაციის საკითხებში (გერმანელ პროფესორ კლაუს კრესთან თანამშრომლობით). 2002 წელს მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში (ქ. ფრაიბურგი) ჩაატარა სამეცნიერო კვლევა საერთაშორისო სისხლის სამართალში.

2001–2004 წლებში ხელმძღვანელობდა უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოების ინსტიტუციური რეფორმის უწყებათაშორისი კომისიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტის შემმუშავებელ სამუშაო ჯგუფს.

1999-2006 წლებში ეკავა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის, ხოლო 2000-2005 წლებში ამავე პალატის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.

1998-2005 წლებში სასწავლო ვიზიტებით იმყოფებოდა გერმანიის მოსამართლეთა აკადემიაში (ვუსტრაუ), ევროპული სამართლის აკადემიაში (ტრირი), გერმანიის ფედერალურ საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებში, შვეიცარიის უზენაეს სასამართლოში, საერთაშორისო და ევროპულ სასამართლოებში. 2004 წლის დეკემბერში მონაწილეობდა მსოფლიოს სასამართლოთა თავმჯდომარე მოსამართლეების მე-5 საერთაშორისო კონფერენციაში (ლაქნაუ, ინდოეთი).

2005–2008 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2007–2012 წლებში საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი და ამავე სკოლის სისხლის სამართლის დეპარტამენტის უფროსი.

2003-2010 წლებში სამეცნიერო მივლინებებით იმყოფებოდა ბერლინის, იენის და ბაზელის უნივერსიტეტებში. 2006-2011 წლებში მონაწილეობდა იენის ფრიდრიხ შილერისა და ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით განხორციელებულ სისხლის სამართლის სამეცნიერო პროექტში.

2008–2009 წლებში იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი პროექტის ,,ევროპული სისხლის სამართლის განვითარებისათვის საქართველოში” სამეცნიერო დირექტორი. 2008 წელს მონაწილეობდა ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) მიერ ევროკავშირის ჩარჩო-გადაწყვეტილებებთან ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის დადგენაში.

2011-2013 წლებში მუშაობდა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის, იენის ფრიდრიხ შილერის სახელობისა და კიოლნის უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების სამეცნიერო ინსტიტუტებში, მოწვეული პროფესორის სტატუსით, ალექსანდრე ჰუმბოლდტის სამეცნიერო ფონდის კვლევითი სტიპენდიით.

2012 წლიდან არის საქართველოს სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრი.

2013 წლის იანვრიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორად და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორად. 2013 წლის 5 აგვისტოს დაინიშნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის დირექტორად. კითხულობს ლექციებს სისხლის სამართალში, საერთაშორისო და ევროპულ სისხლის სამართალში.

2015 წლის 20 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 30 მარტს,  ფიცის დადების დღიდან  შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.

2016  წლის  2 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად.

2018  წლის 12 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ.

არის არაერთი სახელმძღვანელოს და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ფლობს გერმანულ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.