ახალი ამბები

15 თებერვალი, 2018

საქართველოს მოქალაქეები − გიორგი ოკუჯავა, ელენე სხირტლაძე, გიორგი ღლონტი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2018 წლის 16 თებერვალს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება კონსტიტუციური სარჩელის N860 ("საქართველოს მოქალაქეები − გიორგი ოკუჯავა, ელენე სხირტლაძე, გიორგი ღლონტი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ) არსებითად განხილვის სხდომა.
           
 მოსარჩელეები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმები მათ ართმევს საკუთრების გამოსყიდვის უპირატესობით სარგებლობის უფლებას, ვინაიდან საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს შეუძლია, საკუთრებაში მიიღოს აღნიშნული ობიექტი მისი ღირებულების 15%-დან 25%-მდე, სასამართლოს მეშვეობით მესაკუთრისათვის გადახდის შემთხვევაში, მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებლად. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მათ ეზღუდებათ კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება.
 
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
 
დავის საგანი: „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.