ახალი ამბები

10 ნოემბერი, 2017

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2017 წლის 10 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №642).

კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 77-ე მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) მიმართებით.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას ანიჭებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებს,  რომელთაც მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდა უფლებამოსილების ვადის გასვლის, ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. ხოლო, ამავე კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით აგრეთვე სარგებლობენ მოსამართლეები, რომელთაც უფლებამოსილება შეუწყდათ 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, პირადი განცხადების საფუძველზე.

მოსარჩელეს უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა 2010 წელს. შესაბამისად, იგი მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმების საფუძველზე ექცეოდა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, რითაც ირღვეოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული კანონის წინაშე თანასწორობის უფლება. ამავე დროს, მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი ითხოვს დიფერენცირების აღმოფხვრას მხოლოდ მისთვის კომპენსაციის უფლების მინიჭებით და არა ზემოთხსენებული პირებისათვის კომპენსაციის უფლების გაუქმების გზით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო  წარმოადგენს ნეგატიურ კანონმდებელს და ის უფლებამოსილია, მხოლოდ გააუქმოს სადავო ნორმა მთლიანად ან/და მისი რომელიმე ნაწილი/ნორმატიული შინაარსი. საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი შექმნას ახალი სამართლებრივი წესრიგი, გააფართოვოს სადავო ნორმის მოქმედება.

სადავო ნორმები ადგენენ საქართველოს უზენაესის სასამართლოს ზოგიერთი ყოფილი წევრისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას. ისინი არ კრძალავენ კომპენსაციის გაცემას უზენაესი სასამართლოს სხვა რომელიმე წევრისათვის. ამდენად საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია ისეთი ნორმატიული შინაარსი, რომლის გაუქმებაც მოსარჩლისათვის კომპენსაციის დანიშვნას გამოიწვევდა.

ამდენად,  მოსარჩელის მოთხოვნა მიემართებოდა არა სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის გაუქმებას, არამედ ახალი ნორმატიული წესრიგის შექმნას, რომლის ფარგლებშიც, მასაც ექნება სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება. ამდენად, შინაარსობრივად მოსარჩელე ითხოვდა კანონმდებლობაში პოზიტიური ჩანაწერის გაკეთების იდენტურ ღონისძიებას, რომლის უფლებამოსილებაც საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია.

შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი.

გადაწყვეტილებას ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების გიორგი კვერენჩხილაძის და მაია კოპალეიშვილის თანმხვედრი აზრები, აგრეთვე ლალი ფაფიაშვილის განსხვავებული აზრი.