ახალი ამბები

29 ნოემბერი, 2017

საქართველოს მოქალაქე ზაქარია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 29 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზაქარია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N781).

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სასამართლოს მიერ იმ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კონსტიტუციურობას საკუთრების უფლებასთან მიმართებით, როდესაც უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლო მსჯელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი შესაბამისი რეგულაციების საფუძველზე. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს არა ზოგადად სადავო ნორმით დადგენილ ინსტიტუტს, არამედ სასამართლოსათვის ხსენებული კომპეტენციის მინიჭებას სათანადო საპროცესო გარანტიების განსაზღვრის გარეშე. კერძოდ, მოპასუხე მიუთითებს, რომ ამ ტიპის დავებზე საქართველოს სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართვისას საკმარისია მხოლოდ მხარეებს შორის სხვა ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი დავის შესახებ ცნობის წარდგენა. შესაბამისად, მისი აზრით, არ ხდება საქმის მასალების სათანადო გამოკვლევა, მოსამართლეს არ შეუძლია, შეაფასოს სარჩელის საფუძვლიანობა და მისი გადაწყვეტილება ვერ დაემყარება ვარაუდს, რომ სარჩელი შესაძლოა დაკმაყოფილდეს. ამრიგად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სწორედ შესაბამისი საპროცესო გარანტიების არარსებობა განაპირობებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სრულად არის მოწესრიგებული, თუ რა შემთხვევებში, რა ტიპის მტკიცებულებებზე დაყრდნობით და როგორი დასაბუთების არსებობისას უნდა გამოიყენოს სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტს, რომლის თანახმად, სადავო ნორმა შესაძლოა კონსტიტუციას არღვევდეს შესაბამისი საპროცესო გარანტიების არარსებობის გამო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ მიუთითებია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების რომელი ასპექტი არ არის რეგულირებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რომლის არარსებობაც მისი უფლების დარღვევას იწვევს. ხსენებულ მსჯელობას ვერ გააბათილებს მოსარჩელის არგუმენტი, რომლის თანახმად, კანონი პირდაპირ არ აწესრიგებს განცხადებაზე სარჩელის დართვის, დოკუმენტების თარგმნისა და სხვა მსგავს ვალდებულებებს, არამედ, პირიქით, როგორც განცხადების წარდგენის წესი თანდართული დოკუმენტების მითითებით, ასევე გადაწყვეტილების მიღებისას გამოსაყენებელი დასაბუთების სტანდარტი განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურული გარანტიები დადგენილია არა უშუალოდ სადავო ნორმით, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს დავის საგანს. ამდენად, მოსარჩელის პრობლემა მიემართება არა სადავო ნორმას, რომელიც არის საერთო სასამართლოებისთვის განსჯადობის დამდგენი, არამედ საპროცესო ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. სადავო ნორმის მოწესრიგების საგანს არ წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განხილვის პროცედურა, შესაბამისად, იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.

გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზაქარია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N781) მიღებულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ.

დავის საგანი: „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის სიტყვების „უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი ან“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.