ახალი ამბები

30 ნოემბერი, 2017

ააიპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 30 ნოემბერს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება N752 კონსტიტუციური სარჩელის („ააიპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არსებითი განხილვის სხდომა.

სადავო ნორმის თანახმად, სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში დაცული ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ არ არის საჯარო.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების (საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი) და სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის (საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი) უფლებებს.

საქმეს განიხილავს საქართველოს  საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სიტყვების „დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.