ახალი ამბები

30 ნოემბერი, 2017

საქართველოს მოქალაქე ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ

2017 წლის 30 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქე ანა ფირცხალაშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №1248).

სადავო ნორმების თანახმად, კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს ადმინისტრატორს, უფლებამოსილია მომხმარებელს შეუწყვიტოს საკუთარი მომსახურების გაწევა თუ დადგინდა რომ ქვითარში ასახული ერთ-ერთი საფასურის ან/და მოსაკრებლის თანხა გადაუხდელია ან არასრულადაა გადახდილი. უფრო კონკრეტულად, სადავო ნორმა ითვალისწინებს ელექტროენერგიის მომსახურების შეწყვეტას დასუფთავების მომსახურების ან წყალმომარაგების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში.

მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო მოწესრიგება ეწინააღმდეგება სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს, ვინაიდან იგი იძულებულია, ისარგებლოს იმ მომსახურებით, რომლის მიღებაც მას არ სურს ან არ აქვს ამის საშუალება. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, მომხმარებელს შეიძლება შეუწყდეს იმ კომუნალური მომსახურების მიწოდება, რომლის საფასურიც მას გადახდილი აქვს და აღნიშნული მომსახურება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სადავო ნორმებით გაუმართლებლად ირღვევა მისი, როგორც მომხმარებლის, კონსტიტუციური უფლებები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომლის თანახმად სადავო ნორმები არღვევდა სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო რეგულაცია შეეხება, მხოლოდ მომხმარებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ადმინისტრატორის ვალდებულებებს მომხმარებელს შეუწყვიტოს საკუთარი მომსახურების მიწოდება, თუ მან არ გადაიხადა ან არასრულად გადაიხადა ქვითარში არსებული რომელიმე გადასახადი/მოსაკრებელი. შესაბამისად, სადავო ნორმები ითვალისწინებს კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს უკვე არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში და არ შეეხება ხელშეკრულების დადების ან შეწყვეტის ვალდებულებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენი ნაწილი მიიჩნია დასაბუთებულად და მიიღო არსებითად განსახილველად. საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.