ახალი ამბები

13 დეკემბერი, 2017

2017 წლის 14 დეკემბერს 11:00 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება კონსტიტუციური სარჩელის (რეგისტრაციის N750) არსებითი განხილვა საქმეზე სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

2017 წლის 14 დეკემბერს 11:00 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება კონსტიტუციური სარჩელის (რეგისტრაციის N750) არსებითად განხილვა სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“  საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

მოსარჩელე ასაჩივრებს საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების დადგენილ წესს, რომლის მიხედვითაც თუ კონკრეტული რელიგიური აღმსარებლობის სახელით დარეგისტრირებულია ერთზე მეტი რელიგიური გაერთიანება, სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურების უფლებით სარგებლობისთვის, აუცილებელია, მათი ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გაერთიანება ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნა, რომელშიც შევა ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები მხოლოდ მუსლიმ თემს ავალდებულებს, გაერთიანდნენ/ითანამშრომლონ, მაშინ, როდესაც მსგავს მოთხოვნას არ უყენებს ქრისტიანული აღმსარებლობის გაერთიანებებს, კერძოდ, რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, შეიქმნა წარმომადგენლობით საბჭო, რომელიც უფლებამოსილია, თავისი აღმსარებლობის სახელით სახელმწიფო ორგანოებთან აწარმოოს ურთიერთობა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შიიტ და სუნიტ მუსლიმთა რელიგიურ შეხედულებებს შორის არსებული პრინციპული უთანხმოების პირობებში, მათი იძულება, წარმომადგენლობითი საბჭოს ფარგლებში, ერთმანეთთან ითანამშრომლონ სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურების საკითხზე, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს მათ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებით და ამგვარად, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.