ახალი ამბები

29 დეკემბერი, 2017

ააიპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი“ და საქართველოს მოქალაქეები - მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 28 დეკემბერს  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არსებითად განსახილველად მიიღო ააიპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა“ და საქართველოს მოქალაქეების - მარინე მიზანდარის, გიორგი ჩიტიძისა და ანა ჯიქურიძის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №1216).

№1216 კონსტიტუციური სარჩელით დავის საგანს წარმოადგენდა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 34-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.

სადავო ნორმის თანახმად, რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე არ ვრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებული რიგი ღონისძიებები, რომლებიც  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვისკენაა მიმართული. კერძოდ, სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს არ აქვს უფლებამოსილება ძეგლის მესაკუთრე რელიგიურ კონფესიებს დააკისრონ პასუხისმგებლობა ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების ან ნებართვის პირობების დარღვევისათვის, ჩაატარონ ძეგლზე გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები, ასევე რელიგიურ კონფესიებს შესაძლებლობა აქვთ გაასხვისონ მათ საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე.

მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ სადავო რეგულაცია, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას, რამდენადაც რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არ ავრცელებს სახელმწიფო კონტროლის მექანიზმს, ხოლო, მეორე მხრივ, არღვევს მათი კულტურული გარემოთი სარგებლობის უფლებას, რადგან სახელმწიფო არასრულფასოვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას - დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ  მოსარჩელე იურიდიული პირი ვალდებულია, დაასაბუთოს სუბიექტობა ისეთ უფლებებთან მიმართებით, რომელთა იურიდიულ პირებზე გავრცელების საკითხი არ არის თავისთავად ცხადი ან/და ცალსახად განსაზღვრული სასამართლო პრაქტიკით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იქნა დასაბუთებული. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ააიპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი“ არასათანადო სუბიექტად იქნა მიჩნეული განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თაობაზე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, მისი განხორციელების ფორმები და ფარგლები დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით. შესაბამისად, სადავო ნორმას არ აქვს შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 39-ე მუხლთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, №1216 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.