ახალი ამბები

29 დეკემბერი, 2017

საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 28 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი ნიკოლაძის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №1212).

№1212 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდაა გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, დროებითი განკარგულების საფუძველზე, მშობელს აუკრძალოს შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, მის არასრულწლოვან შვილს, რომელიც კანადის მოქალაქეა, ეზღუდება საკუთარ ქვეყანაში გამგზავრების უფლება და შესაბამისად, იგი ვერ იღებს იმ სარგებელს, რომელსაც ის მიიღებდა კანადის ტერიტორიაზე ყოფნისას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს თავისუფალი განვითარების, პირადი ცხოვრებისა და თავისუფალი გადაადგილების კონსტიტუციურ უფლებებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ზღუდავს პირის საზღვრებს გარეთ გაყვანის უფლებას და არ არეგულირებს ამა თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი სარგებლის მიღების საკითხს. სასამართლოს განმარტებით, თავისუფალი მიმოსვლა და გადაადგილება წარმოადგენს არაერთი ძირითადი უფლებით სარგებლობის წინაპირობას, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ გადაადგილების უფლების ნებისმიერი შეზღუდვა თავისთავად იწვევს სხვა უფლებების, მათ შორის, თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების უფლების, შეზღუდვასაც. შესაბამისად, ის გარემოება, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულაციის გამო პირი ვერ ახერხებს რაიმე უფლების რეალიზაციას ან სარგებლის მიღებას, წარმოადგენს მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის გვერდით ეფექტს.

ხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან (გადაადგილების თავისუფლება) მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში და არ მიიღო მისი  კონსტიტუციის მე-16 (პიროვნების თავისუფალი განვითარება) და მე-20 (პირადი ცხოვრება) მუხლებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის ნაწილში.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, დროებითი განკარგულების საფუძველზე მშობელს აუკრძალოს შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.