ახალი ამბები

18 მარტი, 2019

არსებითი განხილვა საქმეზე „გიორგი ლაბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2019 წლის 19 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „გიორგი ლაბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1277).

სადავო ნორმის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისათვის სავალდებულოა პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სიის წარდგენა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმით გაუმართლებლად იზღუდება პოლიტიკური პარტიის შექმნის კონსტიტუციური უფლება. კერძოდ, პარტიის წევრთა სავალდებულო რაოდენობად არანაკლებ 1000 წევრის განსაზღვრა არათანაზომიერია, რადგან პოლიტიკურმა პარტიამ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, შესაძლებელია, განახორციელოს წევრთა გაცილებით მცირე რაოდენობითაც.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვების „პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.