ახალი ამბები

02 აგვისტო, 2016

მოსამართლეების ზაზა თავაძის, ლალი ფაფიაშვილის და ოთარ სიჭინავას განცხადება

ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გავრცელდა არაერთი დაუსაბუთებელი განცხადება იმის შესახებ, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილი ცდილობს სასამართლოს საქმიანობის პარალიზებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, საკონსტიტუციო სასამართლოში 2016 წლის 2 აგვისტოს დაგეგმილ N740 და N764 კონსტიტუციური სარჩელების (საქართველოს მოქალაქეები გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განხილვასთან დაკავშირებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ, ლალი ფაფიაშვილმა, ზაზა თავაძემ და ოთარ სიჭინავამ, საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, 2016 წლის 2 აგვისტოს გამართეს შეხვედრა საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. აღნიშნული ღონისძიების დაგეგმვიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ჯერ კიდევ ამა წლის 30 ივლისს ეცნობა საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის მიერ, რომ ისინი ვერ მოახერხებდნენ 2 აგვისტოს დაგეგმილ N740 და N764 კონსტიტუციური სარჩელების განხილვაში მონაწილეობას და ეთხოვა საქმის განხილვის გადადება პლენუმისთვის მისაღები სხვა დღისთვის. სამწუხაროა, რომ ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დროულად არ მიიღო გადაწყვეტილება სხდომის გადადებაზე, არ უზრუნველყო მხარეების დროულად გაფრთხილება აღნიშნულის შესახებ, რაც უზრუნველყოფდა იმ უხერხულობის თავიდან აცილებას, რაც გამოიხატა მხარეების მიერ როგორც სამართალწარმოებაში მონაწილეობის მისაღებად სასამართლოში გამოცხადებაში, ასევე სხდომის გამართვის მოლოდინში სასამართლო დარბაზში მათ რამდენიმე საათიან დაყოვნებაში.

საქმის განხილვის გადადება, არ წარმოადგენს საკონსტიტუციო სამართალწარმოებისთვის უჩვეულო მოვლენას. აღნიშნული შესაძლებლობა განსაზღვრულია კანონმდებლობით და იგი არცთუ იშვიათად გამოიყენება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში როგორც მხარეების შუამდგომლობით, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივით. საქმის განხილვის მოკლევადიანი გადადება, რომელიც გამოწვეულია ობიექტური მიზეზებით, არ იწვევს საქმის განხილვის პარალიზებას და კონსტიტუციური კონტროლის ეფექტიანობის შეფერხებას.

სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უფლების რეალიზება სწრაფ და ობიექტურ კონსტიტუციურ კონტროლზე. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია ერთი მხრივ, არ დაუშვას საქმის განხილვის ობიექტური მიზეზების გარეშე, არაგონივრული ვადით გაგრძელება, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოს საქმის გარემოებების სრულფასოვანი შესწავლა, დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება, რაც საკონსტიტუციო კონტროლის სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორც წესი, რამდენიმე თვეს საჭიროებს. კვლავაც აღვნიშნავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საერთო სასამართლოებისგან განსხვავებით არ იხილავს კონკრეტულ პირებს შორის დავას, ან კონკრეტული პირის მიმართ გატარებული ზომების კანონიერებას. ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება, სამართლებრივი აქტის ნორმატიული ბუნებიდან გამომდინარე, მოითხოვს ურთიერთობათა ფართო სპექტრის შეფასებას და შესაბამისად, წარმოადგენს გაცილებით მოცულობით პროცესს.

ამასთან, ვთვლით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა მიერ საჯაროდ გაკეთებული გაცხადებები, შესაძლოა გამოყენებული იქნეს სხვადასხვა ჯგუფების მიერ პოლიტიკური სპეკულაციის მიზნით. აღნიშნულმა შესაძლოა დააზიანოს საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტი, ნეგატიურად აისახოს მის საქმიანობაზე და ამდენად, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს კონსტიტუციური კონტროლის ეფექტიანად განხორციელებას. შესაბამისად, ვთვლით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი მაქსიმალურად უნდა ეცადოს საკუთარი განცხადებებით არ გააჩინოს დამატებითი სპეკულაციის შესაძლებლობა და საბაბი, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარემ უზრუნველყოს სამართალწარმოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა სასამართლოს სამუშაო ფორმატში.