ახალი ამბები

22 თებერვალი, 2018

„საქართველოს მოქალაქე ავთანდილ ქათამაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“

2018 წლის 22 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ ქათამაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N743).
მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
სადავო ნორმა ითვალისწინებს დახმარების დანიშვნას საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც დასაქმებული იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (რომელსაც უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვთ პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მათ ჯანმრთელობას მიადგა ზიანი, რაც დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მას დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიადგა ჯანმრთელობის ზიანი, რომლის ანაზღაურება ვერ ხორციელდება საწარმოს ლიკვიდაციის გამო. მის მიმართ სადავო წესი არ ითვალისწინებდა დახმარების დანიშვნას მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ ის დასაქმებული იყო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში, რომელშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა არ აღწევდა 100%-ს. შესაბამისად, მისი აზრით, სადავო წესი უთანასწოროდ ეპყრობოდა არსებითად თანასწორ პირებს, რითაც ირღვეოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული თანასწორობის უფლება.
მოსარჩელე მოითხოვდა სადავო ნორმის ცალკეული სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობას იმგვარად, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფოს 100%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით ლიკვიდირებულ საწარმოში დასაქმებულ პირებს დანიშვნოდა სადავო წესით გათვალისწინებული დახმარება.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ითვალისწინებდა არა სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად და შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნობას, არამედ მის იმგვარ მოდიფიცირებას, რაც გამოიწვევდა დახმარების მიმღებ სუბიექტთა წრის გაფართოვებას და მასში მოსარჩელის მდგომარეობაში მყოფი პირების მოქცევას. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმის შინაარსის მოდიფიცირებისა და მისი სუბიექტთა წრის გაფართოების უფლებამოსილება სცდება მის კონსტიტუციურ მანდატს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ნეგატიურ კანონმდებელს, უფლება აქვს ძალადაკარგულად ცნოს არაკონსტიტუციური ნორმატიული აქტები. ახალი ნორმატიული წესების დადგენით, იგი გასცდება მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და შეიჭრება ხელისუფლების სხვა შტოების კომპეტენციაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, N743 კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქმე განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ.

დავის საგანი: საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ დანართი №1-ით განსაზღვრული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.