ახალი ამბები

28 დეკემბერი, 2017

საქართველოს მოქალაქე გიორგი დგებუაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2017 წლის 28 დეკემბერს, არსებითად განსახილველად არ მიიღო №824 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე გიორგი დგებუაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეგულაციას, რომლის თანახმადაც, ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში, საქართველოში გამოძიების ადგილზე ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, იგი უნდა წარედგინოს შესაბამის სასამართლოს.

მოსარჩელე მხარე უთითებს საქართველოს საერთო სასამართლოების განმარტებას სადავო ნორმასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ბრალდებულის უცხოეთში დაკავებისას, მისი საქართველოში გამოძიების ადგილზე ჩამოყვანიდან სასამართლოში წარდგენის გარანტია ვრცელდება მხოლოდ იმ ძებნილი ბრალდებულების მიმართ, რომელთა ექსტრადიცია მოხდა წინასწარი გამოძიების ეტაპზე და არა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასამართლოს ამგვარი განმარტება სადავო ნორმის თაობაზე ეწინააღმდეგება თანასწორობის, ფიზიკური თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არ განსაზღვრავს პირის სასამართლოსთვის წარდგენისაგან დამაბრკოლებელ წინაპირობებს. საერთო სასამართლოს მიერ შემოთავაზებული განმარტების პირობებში, მართალია, სადავო წესი არ ვრცელდება გამოძიების შემდგომ ექსტრადირებულ ბრალდებულებზე, თუმცა კონკრეტული ნორმის გარკვეულ ურთიერთობაზე არგავრცელება, თავისთავად არ განაპირობებს კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. გასაჩივრებული დანაწესი უფლებააღმჭურველი შინაარსისაა იმ პირთა წრის მიმართ, რომელზეც ის ვრცელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს და კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია.

განჩინება მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ. განჩინებას თან ერთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ლალი ფაფიაშვილის და მერაბ ტურავას განსხვავებული აზრი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინება №1/23/824 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი დგებუაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა იგი უნდა წარედგინოს შესაბამის სასამართლოს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.