ახალი ამბები

02 ნოემბერი, 2015

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი - საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (N603)

2015 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება N603 კონსტიტუციურ სარჩელთან (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ) დაკავშირებით.

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა „სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების 103 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

სადავო ნორმა განსაზღვრავს რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ რეინტეგრაციის შემწეობა ნაკლებია მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობაზე. მოსარჩელის აზრით, როგორც რეინტეგრაციის, ისე მინდობით აღზრდის შემთხვევაში, ბავშვები, აგრეთვე ბიოლოგიური მშობლები და დედობილი/მამობილი წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს. სახალხო დამცველის აზრით, სადავო ნორმა განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებს არსებითად თანასწორ პირებს, რაც არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, შესაბამისად იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის მიზანს წარმოადგენს მზრუნველობამოკლებული ბავშვისთვის ოჯახური გარემოს შექმნა. სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია შესადარებელი ჯგუფები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს, თუმცა სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირების კონსტიტუციურობის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს  რეინტეგრაციისა და მინდობით აღზრდის ინსტიტუტების სამართლებრივი ბუნება.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მინდობით აღზრდის ინსტიტუტი წარმოადგენს სახელმწიფო სერვისს, რომელიც მიმართულია მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ოჯახური გარემოს შექმნისკენ და ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფო იყენებს სახელშეკრულებო, კვაზი შრომით-სამართლებრივ რეგულირებას. კერძოდ, მართალია, მინდობით აღზრდის ანაზღაურება აღემატება რეინტეგრაციის შემწეობას, მაგრამ იგი ბავშვზე ზრუნვის ხარჯებთან ერთად, ემსახურება მიმღები ოჯახის მიერ ბავშვის ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად გაწეული დედობილის/მამობილის საქმიანობის ანაზღაურებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ არსებითად თანასწორ პირებს შორის დადგენილ დიფერენცირებულ მოპყრობას გააჩნია რაციონალური საფუძველი. სადავო ნორმა აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14  მუხლის მოთხოვნებს, შესაბამისად კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.