ახალი ამბები

12 ივლისი, 2017

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ენრიკო ბარტოლის უმასპინძლა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ენრიკო ბარტოლის უმასპინძლა. შეხვედრა ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში შედგა.
 
ეს იყო ენრიკო ბარტოლის პირველი ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას შეეხო.
 
ბ-ნი ენრიკო ბარტოლი დაინტერესდა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმეებით, გაეცნო ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობაზე, მის როლზე დემოკრატიულ სახელმწიფოში.
 
„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩვენი ევროპელი პარტნიორები ინტერესდებიან საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობით და მხარდაჭერას აფიქსირებენ ჩვენი ინსტიტუტის მიმართ. საქართველომ და, კონკრეტულად, საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ ღირსეული მასპინძლობა გაუწია ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესს ბათუმში. ეს მოვლენა მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ კონსტიტუციური სამართლის თვალსაზრისით, არამედ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული გზით განვითარებისთვის" - აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ.