ახალი ამბები

12 დეკემბერი, 2017

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 13 დეკემბერს 13:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1240).

სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენენ საერთო სასამართლოს მოსამართლეთათვის სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების წესს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა 2012-2016 წლებში მოქმედთან შედარებით მოსამართლისათვის უფრო მაღალი კომპენსაციის დანიშვნას ითვალისწინებს. ამავე დროს წარსულში დანიშნული კომპენსაციის გადაანგარიშება არ ხდება მოქმედი წესის შესაბამისად. აღნიშნულის შედეგად დღეის მდგომარეობით მოსამართლეები სხვადასხვა ოდენობის კომპენსაციას იღებენ.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე მოსამართლეთა განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს (თანასწორობის უფლება) და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს (საკუთრების უფლება).

საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2015 წლის 27 ნოემბრის  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.