ვის შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს?

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია მიმართოს: საქართველოს პრეზიდენტმა, მთავრობამ, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, სასამართლომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანოებმა, თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითმა ორგანომ – საკრებულომ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, სახალხო დამცველმა, საქართველოს მოქალაქემ და სხვა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა.

რა შინაარსის დავებს იხილავს საკონსტიტუციო სასამართლო?

საკონსტიტუციო სასამართლო:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს კონსტიტუციასთან, კონსტიტუციური შეთანხმების, კანონის, პრეზიდენტის, მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხებზე;
ბ) იხილავს დავას სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის შესახებ;
გ) იხილავს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხებს;
დ) იხილავს რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავას;
ე) იხილავს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების კონსტიტუციურობის საკითხს;
ვ) პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით;
ზ) იხილავს დავას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის დარღვევის თაობაზე;
თ) თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს კონსტიტუციის მეშვიდე თავთან მიმართებით;
ი) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების შესაბამისობას კონსტიტუციის 82-ე, 84-ე, 86-ე, 861, 87-ე და 90-ე მუხლებთან;
კ) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

რა შემთხვევაში არიან საქართველოს მოქალაქეები და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს?

საქართველოს მოქალაქეები, სხვა  ფიზიკური და  იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს თუ მათ მიაჩნიათ, რომ კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი არღვევს ან შესაძლებელია უშუალოდ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.

როგორ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს?

კონსტიტუციური სარჩელი შედგენილი უნდა იყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის (მოსარჩელეთა) მიერ.

რა დოკუმენტები უნდა ერთვოდეს კონსტიტუციურ სარჩელს?

კონსტიტუციურ სარჩელს თან უნდა ერთვოდეს:

ა) სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი;

ბ) მოსარჩელის წარმომადგენელთა და ინტერესების დამცველთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი მათი მისამართების მითითებით;

გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;

დ) კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.

რა ვადაში წყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს?

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ რეგლამენტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვა - გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში, განხილვის ვადას არაუმეტეს 1 თვით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

რა ვადაში ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა?

კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადას არაუმეტეს 2 თვით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

რა ვადაში იღებს საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას?

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისვთის ვადა კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის.

არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვისას სახელმწიფო ბაჟის გადახდა აუცილებელი?

დიახ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა აუცილებელია.

ფიზიკური პირის მიერ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელზე 10 ლარი;

სხვა პირების მიერ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელსა და კონსტიტუციურ წარდგინებაზე 55 ლარი;

საკონსტიტუციო სასამართლოს არა აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების, სახელმწიფო ბაჟის გაზრდის ან შემცირების უფლება.
სახელმწიფო ბაჟის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში შემდეგ სახაზინო კოდზე:

ანგარიში/სახაზინო კოდი 302 003 161, 302 003 150; სახელმწიფო ბაჟი საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე.

სად შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტები გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი და დასკვნა?

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი და დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

რა წესით ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა?

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი, როგორც წესი, განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს საქმე ზეპირი მოსმენით, თუ სხვაგვარად შეუძლებელია საქმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებების გამორკვევა.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა, როგორც წესი, ტარდება ზეპირი მოსმენით. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის და მოპასუხის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე არსებითად განიხილოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე.

რა ეტაპებს მოიცავს საკონსტიტუციო სასამართლოში ზეპირი მოსმენით საქმის არსებითი განხილვა?

საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის მომხსენებელი მოსამართლის მოხსენებით. მომხსენებელი მოსამართლე ვალდებულია:
საკონსტიტუციო სასამართლოს მოახსენოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებისა და საქმის არსებითად განხილვის საფუძველი, აგრეთვე საქმეში არსებული მასალების შინაარსი;
საქმის მოხსენების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლო მოისმენს ჯერ მოსარჩელის, ხოლო შემდეგ მოპასუხის განმარტებებს. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს მისცეს შეკითხვები;
მხარეთა მოსმენის შემდეგ, სასამართლო მოისმენს მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა ჩვენებებს, აქვეყნებს საქმეში არსებულ და საქმის განხილვის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს;
საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების განხილვის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლო მოისმენს საქმის განხილვის მონაწილეთა დასკვნით სიტყვებს. ჯერ გამოდიან მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი და ადვოკატი. დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ სასამართლო გადის სათათბირო ოთახში.

ვინ არიან საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეები?

სამართალწარმოების მონაწილეები არიან მოსარჩელე და მოპასუხე. მხარეებს უფლება აქვთ საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე თავიანთი ინტერესების დაცვა მიანდონ ადვოკატს ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე სხვა პირს. ასევე, მხარეებს უფლება აქვთ საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე თავიანთი უფლებამოსილების განხორციელება მიანდონ ნდობით აღჭურვილ პირს – წარმომადგენელს.

მხარეთა წარმომადგენლები არიან ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებსაც მხარეებმა კანონით დადგენილი წესით გადასცეს თავიანთი უფლებამოსილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლის დანიშვნა სავალდებულოა, თუ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შემტან პირთა რაოდენობა ორზე მეტია, აგრეთვე თუ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შემტანი პირი პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. მხარის წარმომადგენლის რწმუნებულება უნდა დამოწმდეს სანოტარო ან შესაბამისი დაწესებულებისთვის დადგენილი წესით;

მხარეთა ინტერესების დამცველნი–ადვოკატები არიან პირები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან განახორციელონ საადვოკატო საქმიანობა, ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე სხვა პირები, რომლებიც სამართალწარმოებაში მონაწილეობენ მხოლოდ მხარეებთან ან მათ წარმომადგენლებთან ერთად. მათი დანიშვნის უფლება აქვს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს.

როგორ ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა?

საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა 10 წელია. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.

ვინ შეიძლება გახდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი?

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შერჩევისას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი და უზენაესი სასამართლო ითვალისწინებენ კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებას, რომელიც უნდა შეეფერებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს.

ვის შეუძლია წარადგინოს თავისი მოსაზრება საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმესთან დაკავშირებით?

ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დამტკიცებული ფორმით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით თავისი წერილობითი მოსაზრებით. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს, თუ იგი საჭიროდ მიიჩნევს, გამოიყენოს სასამართლოს მეგობრის მიერ გამოგზავნილი მოსაზრება, რომელიც შესაძლებელია აისახოს ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.