|
“საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას". საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი მე-6, პუნქტი 1-ლი

მოგესალმებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე. თქვენ აქ შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ კანონმდებლობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, სასამართლოს აქტებს, ინფორმაციას სასამართლოს მოწყობის, უფლებამოსილების, მიმდინარე საქმიანობის შესახებ, სამეცნიერო სტატიებს და სხვა ინფორმაციას. ვიმედოვნებ, ჩვენი ვებ–გვერდის დახმარებით, დროის მცირე მონაკვეთში შეძლებთ მიიღოთ ამომწურავი პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე სასამართლოს შესახებ.
საქართველო ემყარება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს - დემოკრატიული მმართველობა, ადამიანის უფლებათა პატივისცემა და კანონის უზენაესობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ორგანო, რომელიც მოწოდებულია შეინარჩუნოს და განამტკიცოს ჩვენი სახელმწიფოს ეს მონაპოვარი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სარგებლობს განსაკუთრებული უფლებამოსილებით, კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების საფუძველზე, გააუქმოს ის კანონები და ნორმატიული აქტები, რომლებიც არ შეესაბამება კონსტიტუციას. აგრეთვე, სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება არჩევნებისა და პოლიტიკურ პარტიათა საქმიანობის კონსტიტუციურობის დადგენა, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოთა შორის კომპეტენციათა გადანაწილებისა და, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა მიერ კონსტიტუციის დარღვევის საკითხების განხილვა და, რა თქმა უნდა, მისი ერთ–ერთი მთავარი დანიშნულებაა ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა.
თავისი არსებობის მანძილზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზოგადოების სამართლებრივი კულტურის, თანამედროვე სოციალური, ეკონომიკური და სხვა საყოველთაოდ აღიარებული ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რითაც საკონსტიტუციო სასამართლომ საზოგადოებრიობას დაუმკვიდრა სამართლიანობის რწმენა ამ კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ვებ–გვერდზე წარმოდგენილი ინფორმაცია იქნება თქვენთვის ყოველთვის საინტერესო და ხელმისაწვდომი.
პატივისცემით,
| გიორგი პაპუაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე |
|
|