სიახლეები

არსებითი განხილვა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1572)

2023 წლის 17 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1572).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები ზღუდავს თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში მყოფი პირების მიერ, წინასწარი ნებართვის გარეშე, საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ, შეკრების შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც, წინასწარი ნებართვის გარეშე, საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლებას უზღუდავს სადავო ნორმებში მითითებულ დაწესებულებებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს და იმ პირებს, რომლებიც პირდაპირ არ ახორციელებენ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვის თანაზომიერება კონკრეტულ ორგანოში დასაქმებული პირების კომპეტენციებისა და უფლებამოსილების შინაარსის, ისევე, როგორც მათ მიერ შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობით გამოწვეული რისკების შეფასების საფუძველზე უნდა განისაზღვროს. ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ სამსახურებრივ ფუნქციებს არ გააჩნია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვასთან პირდაპირი კავშირი. შესაბამისად, მსგავსი პირების შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობას ვერ ექნება გავლენა მათზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაზე. ამრიგად, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები გაუმართლებლად ზღუდავს აზრისა და მისი გამოხატვის უფლებას, ისევე, როგორც შეკრების თავისუფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-3 მუხლის „ი.ბ“, „ი.გ“, „ი.დ“, „ი.ზ“, „ი.თ“, „ი.ი“, „ი.კ“, „ი.ლ“, „ი.ნ“ და „ი.ო“ ქვეპუნქტების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 251 მუხლის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტის სიტყვების „შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში მონაწილეობა“, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების „შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, მასში მონაწილეობა“, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვების „შეკრებაში მონაწილეობა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.