სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - ააიპ "საქართველოს საბანკო ასოციაცია"
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac1833 |
ავტორ(ებ)ი | ააიპ "საქართველოს საბანკო ასოციაცია" |
თარიღი | 27 მაისი 2025 |
თქვენ არ ეცნობით სასამართლოს მეგობრის სააპლიკაციო ფორმის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. საქმე/საქმეები რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებაა შემოტანილი
ა. ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, კონსტიტუციური სარჩელი №1833
2. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
სამართლებრივი მოსაზრება N 1833-ე კონსტიტუციურ სარჩელზე
1. შესავალი
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია შეფასდეს N1833-ე კონსტიტუციური სარჩელიდან (შემდგომში: „კონსტიტუციური სარჩელი“) მომდინარე სამართლებრივი რისკები.
კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე ითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილი (შემდგომში: „პირველი სადავო ნორმა“) და ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი (შემდგომში: „მეორე სადავო ნორმა“) (შემდგომში ერთობლივად: „სადავო ნორმები“).
პირველი სადავო ნორმა: „თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე“;[1]
მეორე სადავო ნორმა: „თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის (საგნების) ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით ან გირავნობითა და იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის (საგნების) ღირებულება ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი“.
კონსტიტუციური სარჩელი 2/19/1833 საოქმო ჩანაწერით წარმოებაში იქნა მიღებული, თუმცა დოკუმენტის სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს დასაბუთებას სადავო ნორმების წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით.
იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია არსებით სხდომაზე, წარმოებაში მიუღებლობის საფუძვლების იდენტიფიცირების შემთხვევაში, უარი თქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის ასევე შეფასდება კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების წინაპირობები.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი, იმის გათვალისწინებით, რომ იგი უკვე არსებითად განსახილველად მიღებულია ვეღარ მოდიფიცირდება იმ ფარგლებში, რაც მოთხოვნის გაზრდისკენ, ანუ სადავო ნორმების ან კონსტიტუციური ნორმების დამატებისკენ იქნება მიმართული.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრებით სადავო ნორმები არღვევს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ თანასწორუფლებიანობის კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, შესაბამისად დოკუმენტის მიზნებისთვის ასევე განხილული იქნება სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის მე-11 მუხლთან.
2. სადავო ნორმების დასაშვებობის წინაპირობები
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის (შემდგომში: „კანონი“) 39-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
ასევე ამავე კანონის 313 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო განსახილველად არ მიიღებს სადავო ნორმას იმ შემთხვევაში თუ: „სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის“.
ამდენად, იმისათვის რომ კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნეს მიღებული, სადავო ნორმა:
1. უნდა არღვევდეს ან უნდა ქმნიდეს უფლებაში ინტერვენციის აშკარა საფრთხეს;
2. არ უნდა არსებობდეს იერარქიულად სადავო ნორმაზე მაღლა მდგომი საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელზე მსჯელობის გარშეც ვერ შეფასდება ნორმის კონსტიტუციურობა.
წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის სწორედ აღნიშნულ ფარგლებში იქნება შეფასებული სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღებისთვის საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების საკითხი.
2.1. პირველი სადავო ნორმა
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად „იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან.“
პირველი სადავო ნორმა, აღნიშნულ წესს არ ავრცელებს კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე, რაც მოსარჩელის აზრით არღვევს თანასწორუფლებიანობის პრინციპს და მითითებულ კომერციულ სუბიექტებს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.
პირველი სადავო ნორმით დადგენილი მოწესრიგება დღევანდელი საბაზრო რეალობის გათვალისწინებით მძიმე მდოგმარეობაში არ აყენებს მსესხებლებს, აღნიშნულის დასტურია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული და საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის განმავლობაში კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საბაზრო წლიური საპროცენტო განაკვეთების საშუალო არითმეტიკული 13.08%-ს შეადგენდა (დაახლოებით ყოველთვიური 1.09%).
ამდენად, კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების გარდა, სხვა სუბიექტების მიერ გაცემული სესხების მაქსიმალური დასაშვები საპროცენტო განაკვეთის ზღვრული ოდენობა 2024 წელს შეადგენდა 13.044 *2.5/ 1/12 = 2.725%-ს, ანუ ფაქტობრივად 2.5-ჯერ მეტს ვიდრე კომერციულ ბანკებს 2024 წელს ქონდათ საშუალოდ გამოყენებული. ამდენად, არ არსებობს არანაირი რაციონალური წინაპირობა იმაზე მსჯელობის, რომ 625-ე მუხლის დღევანდელი რედაქცია, რაიმე კუთხით ნეგატიურად აწვება კომერციული ბანკების ან სხვა სუბიექტების მომხმარებელს.
გარდა ზემოთ მითითებული გარემოებისა ყურადღება უნდა მიექცეს იმ მოცემულობას, რომ მოსარჩელე, პირველ სადავო ნორმიდან გამომდინარე უფლების დარღვევას უკავშირებს მასსა და შპს „მოგოს“ შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ შპს „მოგო“-სთან გაფორმებული მისი ლიზინგის ხელშეკრულების საპროცენტო განაკვეთი 40%-ს შეადგენს, რასაც პირველ სადავო ნორმას აბრალებს. მოსარჩელე რატომღაც ყურადღებას არ ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „მოგო“ საერთოდ არ წარმოადგენს და არასდროს ყოფილა სსკ-ს 625-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტი, შესაბამისად, მისი მხრიდან სსკ-ის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, არა საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ საერთო სასამართლოების განსახილველ საკითხს წარმოადგენს.
ამასთან, თუ მოსარჩელე სალიზინგო ურთიერთობის ფარგლებში გამოყენებული პროცენტის კონსტიტუციურობის გახდიდა სადავოს, მაშინ მას, დღის წესრიგში უნდა დაეყენებინა არა სსკ-ის 625-ე მუხლის, არამედ სსკ-ის 576-ე მუხლის კონსტიტუციურობას საკითხი, რომლის მიხედვითაც: „თუ ლიზინგის გამცემი მეწარმეა, ლიზინგის გაცემისას ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს“.
აღნიშნული მოცემულობის ფარგლებში კი ფაქტია, რომ მოსარჩელის ინტერესები არც სსკ-ის 576-ე მუხლის ჭრილი დარღვეულა.
ამდენად, წინამდებარე შემთხვევაში, ცხადია, რომ სახეზე არ არის უფლებაში ინტერვენცია და დაზიანებული კონსტიტუციური სიკეთე. შესაბამისად, აღნიშნული ავტონომიურად იყო საკმარისი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისთვის, რამაც შეიძლება (უნდა) გამოიწვიოს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. მეორე სადავო ნორმა
მეორე სადავო ნორმის შესაბამისად, „თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის (საგნების) ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით ან გირავნობითა და იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის (საგნების) ღირებულება ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი“.
წინამდებარე რეგულაციის იდენტურ უფლებამოსილებას ეროვნულ ბანკს ანიჭებს, საქართველოს ორგანული კანონი ეროვნული ბანკის შესახებ. კერძოდ, 641-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი სამართლებრივი აქტით საფინანსო სექტორის წარმომადგენელსა და სესხის გამცემ სუბიექტს შეიძლება დაუდგინოს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-300 მუხლის 21 ნაწილითა და 301-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესები ან/და დამატებითი წესები.
წინამდებარე შემთხვევაში, სწორედ იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც, მეორე სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება შეუძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ იერარქიულად მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტით იგივე წესია დადგენილი, ხოლო აღნიშნული გასაჩივრებული საერთოდ არ არის.
მოცემული გარემოება კი ავტონომიურად საკმარისია, არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი.
3. სადავო ნორმების არსებითი შეფასება კონსტიტუციურ უფლებასთან
3.1 პირველი სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი
კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე დარღვეულ უფლებად მხოლოდ თანასწორუფლებიანობას ასახელებს. შესაბამისად, მისი პოზიციით, ზემოთ მითითებული კომერციული სუბიექტების მიერ, სესხის გაცემისა და ამოღების პროცესში განსხვავებული წესების არსებობა არღვევს თანასწორუფლებიანობის პრინციპს.
პირველ სადავო ნორმასთან მიმართებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მოვალე, ხოლო მეორე მხრივ სხვა ნებისმიერი სუბიექტის მოვალე, იპოთეკური სესხის მიღების პროცესში წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს და მათზე გავრცელებული უნდა იყოს იდენტური სამართლებრივი მოწესრიგება.
როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე არ წარმოადგენს არც უფლების სუბიექტს და არც მის მიერ წარმოდგენილი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა არ ექცევა პირველი სადავო ნორმის რეგულირების ფარგლებში.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი შეზღუდვა კომერციულ ბანკზე, მიკრობანკზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაზე არ ვრცელდება, აღნიშნული სუბიექტების სპეციფიკური ბუნების გათვალისწინებით. კერძოდ, სპეციფიკურ ბუნებასთან დაკავშირებით და ზემოაღნიშნული რეგულირების მიზნიდანგამომდინარე, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ შემდეგზე:
საბანკო სექტორი წარმოადგენს ეროვნული ეკონომიკისთვის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სფეროს. მისი სტაბილური ფუნქციონირება არა მხოლოდ ფინანსური შუამავლობის უწყვეტობას უზრუნველყოფს, არამედ ქვეყნის ფულად-საკრედიტო სისტემის ბალანსისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფუნდამენტური საფუძველია. სწორედ ამით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ საბანკო საქმიანობა გლობალურად მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეგულირებულ სფეროდ. აღნიშნული რეგულირების ინტენსიურობა უკავშირდება სექტორის სისტემურ ხასიათს და იმ ფაქტს, რომ ბანკების მეშვეობით ხდება დეპოზიტების მოზიდვა მოსახლეობისა და ბიზნესის მხრიდან, ამ რესურსების გაცემა სესხების სახით და ფინანსური რისკების სისტემური გავრცელება ფინანსურ ქსელში. შესაბამისად, საბანკო ინსტიტუტები და ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული სხვა დეპოზიტების მიმღები ორგანიზაციები, პირველადი ფუნქციით იცავენ/ინახავენ მოსახლეობის/ფიზიკური პირების თანხებსა და კაპიტალს, და სწორედ ამ ფუნქციიდან გამომდინარე, ვრცელდება მათზე განსაკუთრებულად მძიმე რეგულატორული მოთხოვნები. ამავე ფუნქციიდან გამომდინარე, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კაპიტალის დაცვა და განთავსებულ კაპიტალზე ამოღების შესაძლებლობის სრულად უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში, გამოდის რომ დეპოზიტართა დიდი ერთობლიობის ინტერესი ვერ იქნება საკმარისად დაცული.
საერთაშორისო დონეზე, ბაზელის კომიტეტი საბანკო ზედამხედველობაზე (Basel Committee on Banking Supervision – BCBS) განსაზღვრავს პრინციპებს, რომლითაც ეროვნული ზედამხედველი ორგანოები უნდა ხელმძღვანელობდნენ. ბაზელი III-ის ჩარჩო ხაზგასმით ამახვილებს ყურადღებას პრუდენციულ რეგულირებაზე, კერძოდ, კაპიტალის ადეკვატურობაზე, ლიკვიდურობის მართვაზე, სისტემურ რისკებზე ზედამხედველობასა და მაკროპრუდენციულ ჩარჩოებში გადაწყვეტილებების მიღებაზე. ამ მიდგომების მიზანია საბანკო კრიზისების პრევენცია და მთლიანად ეკონომიკის სტაბილურობის შენარჩუნება.
საქართველოს შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციები სწორედ ამ პრინციპებზეა აგებული და მიზნად ისახავს როგორც სისტემური სტაბილურობის უზრუნველყოფას, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ჭარბვალიანობის პრევენციას და ბანკების საქმიანობის გამჭვირვალობის ამაღლებას. რეგულაციების ფარგლებში განსაზღვრულია არა მხოლოდ მინიმალური კაპიტალური მოთხოვნები, არამედ დეტალური წესები რისკების შეფასების, დაკრედიტების სტანდარტების, მომხმარებელთა ინფორმირების და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შესახებ.
არსებითი შეცდომაა თანასწორობაზე საუბარი მხოლოდ ფასის ან პროდუქტზე ხელმისაწვდომობის ჭრილში, როდესაც არ ხდება იმ სისტემური ტვირთის გათვალისწინება, რომელსაც რეგულაცია აკისრებს ლიცენზირებულ საბანკო ინსტიტუტებს. კერძოდ, ამ ინსტიტუტებს უწევთ არა მხოლოდ პრუდენციულ ნორმებთან შესაბამისობა, არამედ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მუდმივ ანგარიშგებაზე, შიდა კონტროლის მექანიზმებზე, აუდიტორულ პროცესებზე, კორპორაციული მმართველობის სტანდარტებზე და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებზე მუდმივი რესურსების მობილიზება.
შესაბამისად, რეგულირებადი სუბიექტის მიერ შეთავაზებული პროდუქტისა და არარეგულირებადი (ან ნაკლებად რეგულირებადი) სუბიექტის მიერ შეთავაზებული პროდუქტების ფასის/პირობის თანასწორობაზე საუბარი სრულიად აცდენილია ბაზრის სამართლიანობის პრინციპს. არ არსებობს მექანიზმი, რომელიც მსგავსი უთანასწორო პირობების ფონზე უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის რეალურად თანასწორ და დაცულ გარემოს.
დაკრედიტების სფეროში ბოლო ცვლილებების ძირითადი მიზანი იყო სწორედ ის, რომ კრედიტის გაცემა მოქცეულიყო ერთიანი რეგულირების ჩარჩოში, რათა თავიდან აცილებულიყო ჭარბვალიანობის კრიზისი, ეგრეთწოდებული “მევახშეობრივი პრაქტიკის” გავრცელება და, შედეგად, სუსტ პოზიციაში მყოფი მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება. საქართველოს პარლამენტმა ამ პროცესში აირჩია ერთგვარი კომპრომისული მიდგომა – ეროვნულ ბანკს სრულად მიანდო ლიცენზირებული სუბიექტების ზედამხედველობა, ხოლო დერეგულირებულ სუბიექტებთან მიმართებით შემოიღო მინიმალური სტანდარტები ისე, რომ არ დაერღვია მათი სამოქალაქო უფლებები, მაგრამ შეეცადა დაეცვა მომხმარებლის ინტერესები.
ზოგადად, რეგულაციები შეიძლება იყოს მკაცრი ან რბილ/პრინციპებზე დაფუძნებული. ეს უკანასკნელი აწესებს ზოგად მოთხოვნებს (მაგ., „უზრუნველყოს მომხმარებელთა კეთილსინდისიერი მოპყრობა“), მაგრამ არა კონკრეტულ რიცხვობრივ ზღვარს. განსახილველ შემთხვევაში, პირველი სადავო ნორმით შეზღუდვა სწორედ რიცხობრივია, რაც თავისთავად მკაცრი და იშვიათი ჩარჩოა საბანკო სექტორისთვის და მეტად ახასიათებს დერეგულირებულ მოთამაშეთა შეზღუდვას, რათა ისინი არ გახდნენ უსამართლო კონკურენციის წყარო.
აქედან გამომდინარე, თუ საზოგადოებრივი დისკუსიის მიზანი არის თანასწორობის მიღწევა, ეს უნდა განისაზღვროს არა მხოლოდ კონკურენტუნარიანობის ჭრილში, არამედ სახელმწიფოს სისტემური სტაბილურობისა და სამართლებრივი გარემოს პრინციპების კონტექსტშიც. შესაბამისად, თანასწორობის მიზანს ემსახურება არა რეგულირების შერბილება რეგულირებულ სუბიექტებთან მიმართებით, არამედ უფრო ლოგიკურად – ეროვნული ბანკის რეგულაციების გავრცელება ყველა იმ სუბიექტზე, რომელიც აწარმოებს დაკრედიტებას, მათ შორის არასაბანკო ორგანიზაციებზე, “მევახშეებზე” და ა.შ. რეგულაციის მიზანი არ არის ფასის რეგულირება per se, არამედ სისტემური რისკის მართვა და სამართლიანი ფინანსური გარემოს უზრუნველყოფა.
წინამდებარე შემთხვევაში აუცილებლად აღსანიშნავ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სწორედ მითითებული კომერციული სუბიექტების მიერ გაცემული იპოთეკური სესხების პროცენტები, იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე ამის შესაძლებლობას პირველი სადავო ნორმა იძლევა.
საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ნორმა, რომელიც იძლევა გამონაკლისს კომერციული ბანკების მიმართ იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხების საპროცენტო განაკვეთების ზედა ზღვრის საკითხში, წარმოადგენს როგორც პრაქტიკულად, ისე კონსტიტუციურად გამართლებულ მიდგომას. საბანკო სფერო თავისთავად გულისხმობს მაღალ სისტემურ რისკებს და შესაბამისად ექვემდებარება განსაკუთრებულ რეგულირებას, რაც თავის მხრივ იწვევს სესხების ფასების ბუნებრივ ზრდას. ეს რეგულაციები არ უნდა იქნას განხილული, როგორც უბრალოდ ფასის კონტროლი, არამედ პირველ რიგში ის წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც ორიენტირებულია ფინანსური სტაბილურობის დაცვაზე და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფაზე.
სწორედ ამიტომ, ამ კონტექსტში, თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის გამართლებად სავალდებულოა იმის აღნიშვნა, რომ რეგულირებული ბანკები განსხვავებულ პირობებში ფუნქციონირებენ, მათზე ვრცელდება მკაცრი პრუდენციალური მოთხოვნები და ზედამხედველობა, რაც აშკარად განასხვავებს მათ სხვა ფინანსურ ორგანიზაციებისა და კრედიტორებისგან. ამ კუთხით, ჩვენი მოსაზრებით, თანასწორობის იდეა არ გულისხმობს აბსოლუტურ განზომილებას და მიზანშეწონილია, რომ ერთნაირი მიდგომა არ ვრცელდებოდეს ყველა სუბიექტზე, ვინაიდან განსხვავებული რეგულაციები ქმნიან სხვადასხვა შესაძლებლობებს და სირთულეებს, რაც ბუნებრივად წარმოშობს ბაზრის უთანასწორობას.
ზემოაღნიშნული პრინციპებისა და არგუმენტების ვალიდურობას ასევე ცხადყოფს საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზიც. მაგალითად:
· საფრანგეთში სესხების მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთებს კანონი (Code de la consommation (French Consumer Code), არეგულირებს, თუმცა ბანკები, რომლებიც ეროვნული რეგულატორის მეთვალყურეობის ქვეშ არიან, თავისუფლდებიან ამ შეზღუდვების სრულად დაცვის ვალდებულებისგან.
· მსგავსი მიდგომა მოქმედებს იტალიაშიც (Decreto Legislativo 1 settembre 1993, n. 385 - Testo Unico Bancario), სადაც ბანკებს და სხვა კრედიტის გამცემ ინსტიტუტებს სხვადასხვა რეგულირების რეჟიმი აქვთ და მათთვის დაშვებულია გამონაკლისები, რათა დააკმაყოფილონ მათზე დაკისრებული ფინანსური პასუხისმგებლობები და რისკის მართვის მოთხოვნები.
· დიდი ბრიტანეთის მაგალითი (Financial Services and Markets Act 2000 (FSMA); FCA Handbook) კი იძლევა ცალკე ხედვას, სადაც ბანკების და საფინანსო სექტორის რეგულირება დაფუძნებულია მომხმარებელთა დაცვაზე და საბაზრო ქცევის სტანდარტებზე, თუმცა კონკრეტული საპროცენტო ზღვარი ბანკებისათვის არ არის პირდაპირ დაწესებული, რაც ემსახურება იმ ლოგიკას, რომ რეგულაციები ფინანსურ სტაბილურობაზე და რისკების მართვაზეა ორიენტირებული.
· აშშ-ში ბანკებს აშშ-ის ფედერალური ორგანოები (National Bank Act, Office of the Controller of the Currency) იცავენ შტატების რეგულაციებისგან იმით, რომ ბანკებს აქვთ ფედერალური პრევალენცია/უპირატესობა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ მათზე არ ვრცელდება ზოგადი საპროცენტო ზღვრები, რომლებიც სხვა ტიპის კრედიტორებზე შეიძლება გავრცელდეს. ეს ასევე ასახავს ბანკების განსაკუთრებულ სტატუსს ფინანსურ სისტემაში და მათ როლს სისტემურ სტაბილურობაში.
· გერმანიაში საბანკო სექტორი მკაცრად რეგულირდება Kreditwesengesetz-ის ფარგლებში (ასევე რელევანტურია Bürgerliches Gesetzbuch (BGB)), რაც მათ განასხვავებს სხვა საკრედიტო დაწესებულებებისგან და ამავე დროს გამორიცხავს ბანკების ზედმეტ შეზღუდვებს ზოგად სამოქალაქო კოდექსში განსაზღვრულ საპროცენტო ზღვარზე.
· ნიდერლანდებშიც (Wet op het financieel toezicht - Wft) ფინანსური ზედამხედველობა აქტიურია, თუმცა ბანკებს შეუძლიათ გარკვეული გამონაკლისებით სარგებლობა, რათა უფრო მოქნილი და ეფექტიანი იყოს ფინანსური მომსახურება და ამავდროულად დაცული იყოს ბაზრის სტაბილურობა.
ზემორეს გათვალისწინებით, კანონმდებლის მიდგომა, რომელიც სესხის საპროცენტო ზღვრის გამონაკლისს აფიქსირებს კომერციული ბანკებისთვის არის სამართლებრივად დასაბუთებული და აკმაყოფილებს როგორც ქვეყნის კონსტიტუციურ მოთხოვნებს თანასწორობის პრინციპის ჭრილში, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის ნორმებს. თანასწორობა ფინანსურ სექტორში არ უნდა განიმარტოს ვიწროდ, არამედ როგორც რეგულირების გარემოს განსხვავებული მოთხოვნების გათვალისწინება, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ფინანსური სისტემის უსაფრთხოებას და მდგრადობას.
ამავე დროს, ეს მიდგომა ხელს უწყობს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, რადგან იძლევა გარანტიას, რომ სისტემურ რისკებსა და ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნება, რაც საბოლოო ჯამში პრინციპულად უფრო მნიშვნელოვანი და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისია, ვიდრე ცალკეული ფასობრივი შეზღუდვების მკაცრი თანაბრად გავრცელება.
დღეს არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, მითითებული კომერციული სუბიექტების მიერ გაცემულ იპოთეკურ სესხებს, 625-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრული რეგულირებაზე თითქმის 3-ჯერ ნაკლები საპროცენტო სარგებელი ერიცხება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 625-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრული რეგულირების საბანკო სექტორზე არ გავრცელება ატარებს გრძელვადიანი მაკროეკონომიკური რისკების გადაზღვევის მიზანსაც. კერძოდ, მაკროეკონომიკის ციკლური ბუნების პირობებში, ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის პერიოდი, კონკრეტულ სექტორებში, ატარებს რისკს შემდგომი კრიზისის. უძრავი ქონების სექტორში, სადაც იპოთეკა ძირითადი მდგენელი პროდუქტია და მისი ზრდისთვის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ატარებს, მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობდეს არაჯეროვანი სამართლებრივი ბარიერები იპოთეკების გაცემისათვის. ასეთი ტიპის არაჯეროვან ბარიერებად ითვლება ე.წ. პროცენტის ზედა ზღვრები, რომლებმაც, შესაძლებელია, კრიზისულ პერიოდში, იპოთეკების გაცემა შეაფერხოს ან/და შეანელოს და შესაბამისად, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის კრიზისი ბევრად გააღრმავოს.
ამდენად, კომერციული სუბიექტების სპეციფიკური ბუნებისა და ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არსებობს პირველი სადავო ნორმის რეგულირებულ სუბიექტებზე გავრცელების წინაპირობა.
3.2 მეორე სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი
რაც შეეხება მეორე სადავო ნორმას, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტის მოვალე, ხოლო მეორე მხრივ სხვა ნებისმიერი სუბიექტის მოვალე, გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი კრედიტის ამოღების პროცესში წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს და მათზე გავრცელებული უნდა იყოს იდენტური სამართლებრივი მოწესრიგება.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მეორე სადავო ნორმის სრულად არაკონსტიტუცურად ცნობა ეწინააღმდეგება თავად სარჩელის მიზანს. სასარჩელო მოთხოვნის ანალიზიდან გამომდინარე დგინდება, რომ მოსარჩელის მიზანია ფიზიკურ პირებთან მიმართებით, არ არსებობდეს შეთანხმების შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც, იპოთეკა/გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად, იმ შემთხვევაში თუ არ კმაყოფილდება კრედიტორის ქონებრივი ინტერესი, აღსრულება გაგრძელდება მოვალის სხვა ქონებებზეც.
არსებული დავის ფარგლებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს მხოლოდ ფიზიკურ პირებზე გირავნობით და იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის ფარგლებში, კრედიტორის დაკმაყოფილების პროცესში რეგულირებას დაქვემდებარებული და დაუქვემდებარებელი სუბიექტების განსხვავებული უფლებამოსილების კონსტიტუციურობის საკითხი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მეორე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, ეფექტი არამხოლოდ ფიზიკური პირების უზრუნველყოფილ კრედიტებზე გავრცელდება, არამედ მცირე, საშუალო და კორპორატიულ ბიზნეს კრედიტებზეც. სტანდარტულად, იურიდიული პირის დაკრედიტების პროცესში, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების (შემდგომში გენი) ან მსგავსი ტიპის მასტერ/სტანდარტული საკრედიტო სახელშეკრულებო მოწესრიგების ფარგლებში იურიდიული პირის თანამსეხებელად (სოლირულ მოვალედ) გვევლინებიან იურიდიულ პირთან დაკავშირებული ფიზიკური პირები, რომლებიც ინდივიდუალურად ან გენის სხვა თანამსესხებლებთან ერთად წარმოადგენენ გენის ფარგლებში გაცემული საკრედიტო ხელშეკრულების მოვალეებს. შესაბამისად, თუ თანამსესხებელი ფიზიკური პირისთვის, უზრუნველყოფის საგნების რეალიზაციის შემდგომ, ვალდებულება ჩაითვლება სრულად შესრულებულად, ვალდებულება აღარ იარსებებს სოლიდარული თანამსესხებელი იურიდიული პირის მიმართაც, რაც გულისხმობს, რომ ამ გამონაკლისის გაუქმების ეფექტი სრულად სისტემურია და არ შემოიფარგლება მხოლოდ საცალო დაკრედიტების სექტორზე ზეგავლენით
3.2.1 არსებითად თანასწორობის საკითხი
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლში მითითებული, რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტებისმიღმა დატოვებულ პირებთან მიმართებით, კანონმდებლობა განსაზღვრავს მხოლოდ ფიზიკურ პირებზე გირავნობით და იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის ფარგლებში კრედიტორის დაკმაყოფილების ფარგლებს და არ განსაზღვრავს დაკრედიტების პროცესში სუბიექტთა ვალდებულებებს, მათ შორის, არ ადგენს გამსესხებელი პირისათვის მსესხებლის გადახდისუნარიანობის და შემოსავლების შეფასების ვალდებულებას, ან/და მხარის თავისუფალი ნების საფუძველზე, აღნიშნული პირობების მოდიფიცირების შესაძლებლობას.
წინამდებარე შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შეზღუდვა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნორმა გულისხმობს მსგავს ვითარებაში მყოფი, არსებითად თანასწორი პირებისადმი განსხვავებულ მოპყრობას, უქმნის განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს მათ განსხვავებული უფლებებითა თუ ვალდებულებებით.[2]
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს რომ არ შეიძლება „არსებითად თანასწორ პირებად“ განვიხილოთ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული სუბიექტები და ნებისმიერი სხვა სესხის გამცემი პირი, იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული სუბიექტებისთვის კანონმდებლობა და ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციები განსაზღვრავს სამართლებრივად აბსოლუტურად განსხვავებულ ჩარჩოს. მხოლოდ მაგალითისათვის, ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული სუბიექტებზე, მათი ბუნებიდან გამომდინარე ვრცელდება:
· კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნები – ბანკებს ეკისრებათ ვალდებულება, მუდმივად შეინარჩუნონ მინიმალური კაპიტალის ბუფერები (მაგ., CET1, TIER 1, სულ კაპიტალი), რაც წარმოადგენს დაცვის პირველ ხაზს ფულად ზარალზე და სისტემური რყევების დროს უზრუნველყოფს ფინანსური სისტემის მდგრადობას. აღნიშნული მოთხოვნა პირდაპირ ზღუდავს ბანკის შესაძლებლობას მიიღოს რისკიანი სესხის გადაწყვეტილებები მაღალი მოგების სანაცვლოდ;
· ლიკვიდობის ნორმები – მოქმედებს როგორც ლიკვიდობის თანაფარდობის მაჩვენებლის (LCR), ასევე სტაბილური დაფინანსების მოთხოვნის (NSFR) დონეზე, რაც აიძულებს ბანკებს, გააჩნდეთ საკმარისი მაღალლიკვიდური აქტივები მოკლევადიან ვალდებულებებთან გასამკლავებლად. აღნიშნული ზრდის სესხების დაფინანსების ფასწარმოქმნას და ზღუდავს ფინანსური ინსტიტუტის მოქნილობას;
· კორპორაციული მართვის რეგულაციები – სავალდებულოა დამოუკიდებელი დირექტორების, რისკისა და აუდიტის კომიტეტების, შიდა კონტროლის სისტემების არსებობა. ეს ქმნის პასუხისმგებლიანი მართვის სტრუქტურას და ზრდის სავალდებულო საოპერაციო დანახარჯს. ასეთი დანახარჯები არ აქვთ სხვა ტიპის საკრედიტო დაწესებულებებს;
· რისკების მართვა – ბანკები ვალდებულნი არიან შეიმუშავონ და მუდმივად განაახლონ შიდა რისკების მართვის პოლიტიკა, რომელიც მოიცავს საკრედიტო, ბაზრის, ოპერაციულ, კიბერ და რეპუტაციულ რისკებს. თითოეულ მათგანზე დაწესებულია როგორც შიდა პოლიტიკის, ისე ანგარიშგების ფორმალური ვალდებულება. რისკების მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული სუბიექტებისთვის არა მხოლოდ სისტემური სტაბილურობის გარანტიაა, არამედ ქმნის სესხის ფასში გარდაუვალ დამატებით დანახარჯს, რომელიც პირდაპირ განასხვავებს მათ არარეგულირებული სესხის გამცემი პირებისგან;
· დაკრედიტების ჩარჩო – სხვა მოთხოვნებთან ერთად, ამ კონტექსტში, მოქმედებს ე.წ. “პასუხისმგებლიანი დაკრედიტების” პოლიტიკა, რომელიც ზღუდავს სესხის მოცულობას მსესხებლის შემოსავლებთან მიმართებაში (PTI, DTI, LTV ინდიკატორები). ამ რეგულაციებს აქვს პირდაპირი გავლენა სესხის გაცემის სტრატეგიაზე და მიზნად ისახავს როგორც მომხმარებელთა დაცვას, ისე სისტემური რისკების შეკავებას;
· მომხმარებელთა დაცვის რეგულაციები – მათ შორის მოიცავს, რომ მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, ჯამური გადასახდელი თანხის, პირობების ცვლილების შესაძლებლობის და შესაძლო რისკების შესახებ. ეს ვალდებულება განსაზღვრულია როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის წესდებით, ისე "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" აქტებით და ევროკავშირის სამომხმარებლო საკრედიტო დირექტივის მსგავსადაა აგებული. მთლიანობაში, მომხმარებელთა დაცვის სტანდარტების დაცვა რეგულირებული სუბიექტებისთვის წარმოადგენს არა მხოლოდ სამართლებრივ ვალდებულებას, არამედ მნიშვნელოვანი დანახარჯის წყაროსაც, რომელიც პირდაპირ აისახება მომსახურების ფასზე და ეკონომიკური მოდელის სტრუქტურაზე;
· და სხვა მრავალი;
ზემოაღნიშნული რეგულაციები არა მხოლოდ განსაზღვრავს ბანკის სტრატეგიულ და საოპერაციო ჩარჩოს, არამედ ქმნის მნიშვნელოვან მარეგულირებელ და ფინანსურ ტვირთს, რაც გავლენას ახდენს ბანკის მიერ შეთავაზებული პროდუქტის ფასზე, სტრუქტურასა და მოქნილობაზე.
ზედა ჩამონათვალის გადახედვაც კი საკმარისია, რომ აშკარად დავასკვნათ — დაშვება, თითქოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული სუბიექტები და სხვა ყველა დანარჩენი სესხის გამცემი პირი არსებითად თანასწორია, არა მხოლოდ არ ასახავს რეალობას, არამედ უგულებელყოფს განსხვავებული სამართლებრივი ჩარჩოს, პასუხისმგებლობისა და ბაზარზე ზემოქმედების მასშტაბს. სწორედ ამ განსხვავებების გათვალისწინება განაპირობებს იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ გარკეული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ სუბიექტებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება მკაცრი, სისტემური რისკების შემცირების მიზნით დაწესებული სტანდარტებით.
ზემოაღნიშნული რეგულაციების მოცულობისა და ინტენსივობის მიმოხილვაც კი საკმარისად ნათლად აჩვენებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებსა და დერეგულირებულ სესხის გამცემ პირებს შორის არსებობს სამართლებრივი და ეკონომიკური თვალსაზრისით პრინციპული განსხვავება. ამ კონტექსტში, შეუძლებელია მათი ერთნაირი რეგულირებით ან მკაცრი თანასწორობის საფუძველზე განხილვა, ვინაიდან ისინი ფუნქციონირებენ თვისობრივად განსხვავებულ სამართლებრივ გარემოში, ატარებენ სისტემურ სტაბილურობაზე ორიენტირებულ საჯარო ტვირთს და ემორჩილებიან საგრძნობლად მაღალ საბაზრო და ადმინისტრაციულ სტანდარტებს. შესაბამისად, მათი "არსებითად თანასწორ" ეკონომიკურ ან სამართლებრივ სუბიექტებად განხილვა არათუ საფუძველს მოკლებულია, არამედ ეწინააღმდეგება იმ სისტემურ ლოგიკას, რომელიც ბანკების და სხვა რეგულირებული კრედიტორის მიმართ მაღალი სტანდარტების დაწესებას განაპირობებს.
რაც შეეხება კონკრეტულად სარჩელის მიზანთან დაკავშირებულ საკითხს და ამ მიმართებით სესხის გამცემის სუბიექტების თანასწორობის ან სესხის მიმღები სუბიექტების თანასწორობის არგუმენტებს. ამ მიმართულებით, დეტალურად უნდა განვიხილოთ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო რომელიც მხოლოდ მის მიერ რეგულირებულ სუბიექტებზე ვრცელდება. პასუხისმგებლიანი სესხის/კრედიტის გაცემის წინაპირობები განისაზღვრება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანების რიგი ნორმებით.
ამდენად, წინამდებარე შემთხვევაში შესადარებელი ჯგუფები მოქმედებენ სრულიად განსხვავებული რეგულირების ფარგლებში, ისინი როგორც დაკრედიტების, ისე აღსრულების ნაწილში განსხვავებულ რეგულირებას ექვემდებარებიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ დაკრედიტების პროცესში, რეგულირების არსებობის საკითხი სადავოდ წინამდებარე საქმის ფარგლებში გამხდარი არ არის.
ამდენად, თავად კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელეებიც კონკლუდენტურად ადასტურებენ, რომ შესადარებელ ჯგუფად მოხსენიებული სუბიექტები არსებითად თანასწორ მდგომარეობაში არ იმყოფებიან.
დამატებით განვმარტავთ, რომ დაკრედიტების დებულებებითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პრუდენციული წესების ფარგლებში, რეგულირებას დაქვემდებარებულ სუბიექტებს, როგორიცაა კომერციული ბანკები, მიკრობანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ეკისრებათ ვალდებულება, რომ სესხის გაცემის წინ ჩაატარონ დეტალური და კომპლექსური შეფასება როგორც სესხის მოთხოვნის საფუძვლიანობის, ისე მოვალის გადახდისუნარიანობის შესახებ. ეს არ გულისხმობს მხოლოდ სესხის უზრუნველყოფის საგნის, მაგალითად უძრავი ქონების, საბაზრო ღირებულების შეფასებას. სავალდებულო დაკრედიტების სტანდარტების შესაბამისად, სესხის გაცემისას გათვალისწინებულია მოვალის შემოსავლის სტრუქტურა, შემოსავლების რეგულარობა და მდგრადობა, არსებული ფინანსური ვალდებულებები, მოვალის საკრედიტო ისტორია და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის, მასზე დამოკიდებული პირების არსებობა, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ მის გადახდისუნარიანობაზე.
ეს სისტემა ემყარება თანამედროვე საბანკო რეგულირების ფუნდამენტურ პრინციპს - პასუხისმგებლიან დაკრედიტებას, რომლის მიზანია, რომ სესხის გაცემის გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს არა მხოლოდ მაგალითად უძრავი ქონების ფასს, არამედ კომპლექსურ შეფასებას იმისა, რეალურად რამდენად არის მიღებულ სესხზე პასუხისმგებელი და გადახდისუნარიანი თვითონ სესხის მიმღები პირი. მათ შორის, გადახდისუნარიანობის ანალიზი უნდა მოიცავდეს:
· პირის შემოსავლების (მათ შორის, მონაცემებზე დაფუძნებული შესაბამისი მოდელების გამოყენებით), ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალურ ანალიზს;
· მიღებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმებას გონივრულობის ფარგლებში;
· ბიუროში მსესხებლის/თანამსესხებლის საკრედიტო ისტორიის გადამოწმებას;
· სესხის გამცემი ორგანიზაციისათვის ხელმისაწვდომი ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებას, რომლებმაც შესაძლოა, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ვალდებულებების მომსახურებაზე;
· მსესხებლის მიერ სესხის გრაფიკით განსაზღვრული მაქსიმალური გადასახდელის მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეების გარეშე მომსახურების შესაძლებლობის შეფასებას.
ამ პირობებში, იმ საკანონმდებლო დათქმის შესაძლო არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ეროვნული ბანკს ანიჭებს უფლებას სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილისგან განსხვავებული წესი დაუდგინოს მის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს ქმნის სერიოზულ სისტემურ რისკს. ასეთი გადაწყვეტილება წარმოშობს სამართლებრივ გარემოს, სადაც კრედიტის გამცემი სუბიექტის მიერ სესხის გაცემის მთავარი კრიტერიუმი აღარ იქნება მოვალის გადახდისუნარიანობა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ ქონების ღირებულება, რომელიც უზრუნველყოფის საგნად არის წარდგენილი.
დამატებით, ასეთ სისტემაში შესაძლოა კრედიტი გაიცეს პირთან, რომელსაც რეალურად არ გააჩნია მისი მომსახურების ფინანსური რესურსი, მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს ღირებული უძრავი ქონება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება შემდგომში სესხის დაკმაყოფილება აღსრულების გზით. პრაქტიკაში ეს ნიშნავს იმას, რომ დაკრედიტება იქცევა ქონებაზე მიბმულ ოპერაციად და არა ეკონომიკურ ურთიერთობად, რომელიც იბადება პასუხისმგებლიან სესხზე და მისი დაბრუნების რეალურ შესაძლებლობაზე დაფუძნებით. ასეთი მიდგომა კი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების მიზნებს, ისე ფართო საზოგადოებრივ და ლეგიტიმურ ინტერესს – ფინანსური სტაბილურობის, ჭარბვალიანობის პრევენციისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფის კუთხით.
საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირის დაკრედიტება რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც დამკრედიტებელი სუბიექტი ეროვნული ბანკის ლიცენზირებას დაქვემდებარებულია, დაკრედიტების პროცესს სრულად არეგულირებს ეროვნული ბანკის დადგენილი მოთხოვნები და შემუშავებული სამართლებრივი აქტები, შესაბამისად, დაკრედიტება კანონმდებლობის დონეზე უფრო გამკაცრებულია, დაქვემდებარებულია მუდმივ ზედამხედველობას და მონიტორინგს. შედეგად კომერციული ბანკის ასევე ნებისმიერი სები-ს სხვა ლიცენზირებას დაქვემდებარებული სუბიექტის დაკრედიტების პროცესი არის:
· სისტემური - ექვემდებარება რა დამატებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული შესასრულებლად სავალდებულო ნორმატიულ აქტებს;
· კონტროლირებადი - ექვემდებარება რა ეროვნული ბანკის მუდმივ ზედამხედევლობას;
· დაცული - ვინაიდან, დაკრედიტების პროცესი, მათ შორის მომხმარებლის წესი სრულად რეგულირებულია არამარტო სამოქალაქო კოდექსით, არამედ სებ-ის ნორმატიული აქტებით.
ამ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ თანასწორობის სახელით დადგენილი "ერთნაირი" მოპყრობა რეალურად შეიძლება გადაიქცეს არათანაბარ და არასამართლიან შედეგად, რომელიც ზიანს აყენებს მომხმარებელს, საფინანსო სექტორს და მთლიანად ეროვნულ ეკონომიკას. მეორე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის ეკონომიკური ეფექტი გარდაუვლად გამოიხატება დაკრედიტების შემცირებაში. თუ ავიღებთ, 2024 წლის მონაცემებს და მივუსადაგებთ მეორე სადავო ნორმის შესაძლო არაკონსტიტუციურად ცნობის ფაქტს, საბანკო სისტემაში ჯამური პორტფელის ნომინალური ზრდა, ამ დაშვებით დაეცემოდა 16.4 პროცენტული პუნქტით. სს გალტ ენდ თაგარტის შეფასებით, სესხების რეალური ზრდის შემცირება 1 პროცენტული პუნქტით ეკონომიკურ ზრდას ამცირებს 0.12 პროცენტული პუნქტით. ამ დაშვებით, აღნიშნული ცვლილება 2024 წელს გამოიწვევდა 1.7 პროცენტული პუნქტით დაბალ ეკონომიკურ ზრდას. აქვე აღსანიშნავია, რომ შეფასებული ეფექტი ითვალისწინებს პირდაპირ და მყისიერ გავლენას ეკონომიკურ აქტივობაზე. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გავლენას ამძიმებს ბიზნეს სესხების კლების გამო შემცირებული საინვესტიციო აქტივობა და შესაბამისად ეკონომიკის საწარმოო პოტენციალის გაუარესება.
ზემოთ მითითებული არგუმენტაციით დასტურდება, რომ შესადარებელი სუბიექტები არ წარმოადგენენ მსგავს ვითარებაში მყოფ, არსებითად თანასწორ პირებს თუმცა იმ დაშვების პირობებშიც, კი თუ სასამართლო საპირისპიროს დაადგენს, დიფერენცირებული მოპყრობის შეფასების კონსტიტუციური ტესტის შესაბამისად, მეორე სადავო ნორმა კონსტიტუციურად უნდა იქნეს შეფასებული.
3.2.2.უფლებაში ჩარევის შეფასება
დამკვიდრებული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით“.[3] კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-11 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს.
განსახილველ შემთხვევაში, არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული უფლებრივი რეჟიმის განსაზღვრა უკავშირდება კრედიტორთა ორგანიზაციულ ფორმას. შესაბამისად, დიფერენცირება ხორციელდება სამართლებრივი სტატუსის ნიშნით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში სახელდებით მოხსენიებული არ არის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის დიფერენცირების შესაფასებლად მკაცრი ტესტის გამოყენების პირველი საფუძველი.
ვინაიდან სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე კლასიკურ ნიშანს, სასამართლოს მიერ მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენება დამოკიდებულია დიფერენცირების ინტენსივობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დიფერენცირების ინტენსივობის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ „არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში იმყოფებიან, დიფერენცირება რამდენად მკვეთრად დააცილებს ამ უკანასკნელთ კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებიდან“.[4]
მეორე სადავო ნორმა არ ადგენს ბლანკეტურ აკრძალვას, მართალია, აღნიშნული ნორმა ადგენს ფიზიკური პირებისთვის გაცემული სესხის ამოღების პროცესში შესადარებელ პირთა შორის განსხვავებულ წესს, თუმცა შეზღუდვის ფარგლები არ არის განუზომლად დიდი და არ ადგენს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ექსკლუზიურ წესს. შესაბამისად, მეორე სადავო ნორმა არსებითად თანასწორ პირებს მნიშვნელოვნად არ ანსხვავებს საკუთრების უფლებით სარგებლობის თვალსაზრისით, დიფერენცირების ინტენსივობა არ აღწევს იმ ხარისხს, რომ უთანასწორობა შეფასდეს „მკაცრი ტესტის“ გამოყენებით, შესაბამისად, სასამართლო დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურობას შეაფასებს „რაციონალური დიფერენცირების ტესტით“.[5]
3.2.3 რაციონალური დიფერენციაციის ტესტი
„დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლებისათვის საჭიროა, სადავო ნორმამ დააკმაყოფილოს რაციონალური დიფერენცირების ტესტის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთება, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის“.[6]
განსახილველ საქმეზე უნდა დადგინდეს სადავო ნორმით დადგენილი დიფერენციაციის საჭიროება და ის გარემოება, არსებობს თუ არა რეალური და რაციონალური კავშირი დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და სადავო ნორმების მოქმედებით მიღწეულ შედეგს შორის.
მსგავსად, წარსულში განხილული იგივე შინაარსის დავებისა, წინამდებარე შემთხვევაშიც ლეგიტიმურ მიზნად მიჩნეული უნდა იყოს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ჭარბვალიანობის თავიდან აცილება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ეროვნული ბანკის კონსტიტუციურ მანდატს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, წინამდებარე შემთხვევაში, მეორე სადავო ნორმის არ არსებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს კრედიტების გაცემის მოცულობას, ასევე ბაზრის განვითარება მნიშვნელობას მიანიჭებს არა მოვალის გადამხდელუნარიანობასა და შემოსავლებს, არამედ მხოლოდ უზრუნველყოფის საგნის ღირებულებას.
3.2.3.1 ნორმის ლეგიტიმური მიზანი
როგორც უკვე აღინიშნა, მეორე სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ჭარბვალიანობის თავიდან აცილება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
წინამდებარე დოკუმენტის 3.2.1. პუნქტში დეტალურად და ამომწურავად დასაბუთდა რა ობიექტურმა მიზეზებმა განაპირობა კანონმდებლის ნება მთელი რიგი შეზღუდვები არ გაევრცელებინა კომერციულ ბანკებზე, მიკრობანკებზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებზე.
შესაბამისად, ცხადია, რომ შესადარებელი სუბიექტები ერთი მხრივ არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ მდგომარეობაში მყოფ პირებს, ასევე მეორე სადავო ნორმა ემსახურება ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის, ჭარბვალიანობის თავიდან აცილებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვს ლეგიტიმურ მიზნებს, რომლის გარეშეც, წახალისებული იქნება ვალდებულების შეუსრულებლობა და ფიზიკურ პირების შესაძლებლობა ისარგებლონ იპოთეკური სესხით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
4. შეჯამება
ყოველივე ზემოთ მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი არის ფორმალურად/შინაარსობრივად გაუმართავი და დაუსაბუთებელი, რაც შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით უნდა გამორიცხავდეს მისი დაკმაყოფილების პერსპექტივას:
· პირველ სადავო ნორმას არც ერთ კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართება არ აქვს;
· მეორე სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება შეუძლებელია, რადგან გასაჩივრებული არ არის მასზე იერარქიულად მაღლა მდგომი იდენტური ნორმატიული მოწესრიგება;
· მეორე სადავო ნორმის ფარგლებში კონსტიტუციურ სარჩელში განხილული არ არის კომპარატორთა არსებითად თანასწორობის საკითხი;
· კომპარატორები არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს;
· არსებითად თანასწორობის მიჩნევის შემთხვევაშიც სადავო ნორმა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და არ არღვევს კონსტიტიციას.
[1] სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილი: იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან.
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-6.
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8.
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება, II-25
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.
[6] საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6