საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1870 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი თევდორაშვილი, |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 16 ივნისი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ კანონის მე-71 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები: „ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება და სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება: ა) დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის მესაკუთრეს; ბ) დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის კანონიერ მფლობელსა და მესაკუთრეს, თუ კანონიერი მფლობელი იმავდროულად არ არის მესაკუთრე.“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს: 1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ კანონის მე-71 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები: „ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება და სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება: ა) დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის მესაკუთრეს; ბ) დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის კანონიერ მფლობელსა და მესაკუთრეს, თუ კანონიერი მფლობელი იმავდროულად არ არის მესაკუთრე.“ | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს: 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა:
მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - საქართველოს სახალხო დამცველის მიერ (საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით);
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-15 მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
პრობლემის არსი
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოავლინა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებული/ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების - სატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომზე შენახვის ხარჯების გადახდა ეკისრებათ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს, მიუხედავად საქმეში მათი სტატუსისა. შესაბამისად, ხარჯების გადახდა ეკისრებათ როგორც მსჯავრდებულს, ბრალდებულს, ისე გამართლებულს, დაზარალებულსა თუ მოწმეს.[1]
აპარატის მიერ შესწავლილი საქმეებიდან, ერთ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/მფლობელი, იყო სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებული პირი, რომელსაც სპეციალიზებული ავტოსადგომზე სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის სადგომზე გაჩერებისა და მომსახურების თანხა უნდა გადაეხადა.
მეორე შემთხვევაში კი სატრანსპორტო საშუალების - ნივთიერი მტკიცებულების სახით გამოძიების მიერ 2019 წელს ამოღებული ავტომანქანის კანონიერი მფლობელი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებული პირი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს 2022 წლის ნოემბრამდე. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, ბრალდების მხარემ, განმცხადებელს უარი უთხრა ავტომანქანის დაბრუნებაზე საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, მიუხედავად იმისა, რომ საერთო სასამართლოების განაჩენების თანახმად, ნივთიერი მტკიცებულებები უნდა დაბრუნებოდა კანონიერ მფლობელებს.[2]
განმცხადებელმა სახალხო დამცველის აპარატში ასევე წარმოადგინა ცნობა, რომლის თანახმად, მისი კუთვნილი ავტომანქანა 2019 წლიდან 2023 წლის მარტამდე პერიოდში, იდგა სპეციალიზებულ ავტოსადგომზე და მომსახურების თანხა იყო გადასახდელი. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული თანხის გადახდას მისგან სპეციალიზებული ავტოსადგომი ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანა არ დაუბრუნდებოდა.[3]
საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია სატრანსპორტო საშუალების შენახვის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ მონაწილეს (მსჯავრდებულს, ბრალდებულს, გამართლებულს, დაზარალებულსა და მოწმეს), თუ პროცესის მონაწილე მესაკუთრე ან/და კანონიერი მფლობელია, სატრანსპორტო საშუალების დანაშაულთან კავშირისა და დაცულ სადგომზე მისი შენახვის პერიოდის მიუხედავად და არ ახდენს განსხვავებას სატრანსპორტო საშუალება, როგორც ნივთიერი მტკიცებულება მოპოვებული ბრალდების მხარის მიერ გამოძიებისა და მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, თუ დაცვის მხარის მიერ არის წარდგენილი,[4] როგორც ამას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მიჯნავს.[5]
საკითხის შესწავლის შედეგად გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრის, საქართველოს კანონის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანისა და სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფისათვის, საქართველოს სახალხო დამცველმა საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს პარლამენტს მიმართა.[6]
სადავო ნორმის ანალიზი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ კანონი[7] ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინების წესებს.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უზრუნველყოფს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან/და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის სპეციალურ დაცულ სადგომზე ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაყვანასა და დგომას.[8]
სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინებისა და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცული სადგომიდან გაყვანის შესახებ.[9] ამავე პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ აღნიშნული, რა თქმა უნდა წარმოდგენს ვალდებულებას, რომლის ნებაყოფლობით შესრულებისათვის გამოიყოფა კონკრეტული ვადა.[10]
აგრეთვე, აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება და სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება:[11]
დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის მესაკუთრეს; დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის კანონიერ მფლობელსა და მესაკუთრეს, თუ კანონიერი მფლობელი იმავდროულად არ არის მესაკუთრე.
აღსანიშნავია, რომ კანონს ეს კონკრეტული დანაწესი 2021 წლის 9 ივნისის ცვლილების შემდგომ დაემატა და კანონში შეტანილი ცვლილებებით, დაცულ ავტოსადგომზე სამართალდამცავი ორგანოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის დროს ამოღებული სატრანსპორტო საშუალების შენახვის ხარჯების გადახდა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს, სისხლის სამართლის პროცესში მათი სტატუსის, სატრანსპორტო საშუალების დანაშაულთან კავშირისა და დაცულ სადგომზე მისი შენახვის პერიოდის მიუხედავად.
რაც შეეხება პროცედურულ საკითხებს, კანონით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება მისი შესაბამისი პირისთვის (პირებისთვის) ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.[12]
აგრეთვე, იმ შემთხვევაში თუ პირი კანონით განსაზღვრულ ვადაში, ნებაყოფლობით არ შეასრულებს ინდაქტით გათვალისწინებულ პირობებს, აქტი იძულებით აღსრულდება[13] მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის სარეალიზაციოდ მიქცევით.[14]
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „112“-ის შესახებ კანონის მე-7 მუხლი ითვალისწინებს საფასურის გადასახადიდან გათავისუფლების წესს, მაგრამ ეს ეხება ზოგადად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების საფასური და მისი განაკვეთის[15] გადახდისგან გათავისუფლების შემთხვევებს, მაგრამ აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინებაზე. კონკრეტულ რეგულაციას დამატებით, კანონის მე-71 მუხლი ითვალისწინებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ კანონი სატრანსპორტო საშუალებასთან/მისაბმელთან დაკავშირებით საფასურისგან გათავისუფლების წესს არ ითვალისწინებს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ კანონი შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, საფასური გადახდა ეკისრება დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის მესაკუთრეს და ის გადასახადის გადახდისგან არ თავისუფლდება.
სადავო ნორმის ფარგლებში, ასევე მნიშვნელოვანია თუ რა ხდება საფასურთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალება ან/და მისი მისაბმელი სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად არის წარმოდგენილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თავად „112“-ის შესახებ კანონი ითვალისწინებს, რომ კანონის მე-71 მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულების დაბრუნების საკითხის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4−მე-6 ნაწილებისა და 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საბოლოოდ გადაწყვეტის შემდეგ.[16]
აგრეთვე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილ თანამდებობის პირს უფლება აქვს, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი დაცულ სადგომზე მდგომი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართოს შესაბამის სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს.[17]
აღნიშნული დამატებითი რეგულაციები, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად წარდგენას ეხება, არ აწესებს საგამონაკლისო ან დამატებით რეგულაციას საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. ის მხოლოდ აკონკრეტებს წესს სატრანსპორტო/მისაბმელის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.
შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ან/და მისი მისაბმელი სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად არის წარმოდგენილი, საფასური გადახდა ეკისრება დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის მესაკუთრეს ან/და კანონიერ მფლობელს და ის გადასახადის გადახდისგან არ თავისუფლდება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ კანონის მე-71 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელის მიხედვითაც სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის, ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად არის წარმოდგენილი, საფასური გადახდა ეკისრება მესაკუთრეს ან/და კანონიერ მფლობელს არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებსა და 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციები
სადავო ნორმით წარმოდგენილი პრობლემის საფუძვლიანი ანალიზისთვის საჭიროა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციების მიმოხილვა. აღნიშნული რეგულაციების განხილვა ბევრად უფრო ნათლად წარმოდგენს მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარ ნორმატიული შინაარსის პრობლემურ და არაკონსტიტუციურ ასპექტებს.
პირველ რიგში, საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მტკიცებულების შენახვის რეგულაციებს, რაც რელევანტურია უშუალოდ სისხლის სამართლის საქმისა და საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას. საპროცესო კოდექსის მიხედვით, ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება, მესაკუთრეს ან მფლობელს არ უბრუნდება ან სახელმწიფოს არ გადაეცემა, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.[18]
საპროცესო კოდექსი ასევე ითვალისწინებს რეგულაციებს ნივთიერი მტკიცებულების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანომ მესაკუთრეს ან მფლობელს შეიძლება დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალებები, კომპიუტერული სისტემა ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებები, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული.[19]
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ცალკე ითვალისწინებს ნივთიერი მტკიცებულების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე უფლებამოსილი ორგანოსთვის შეტყობინებას სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე და სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისას.[20]
აღნიშნული წესის მიხედვით, თუ სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ცნობილია, რომ ნივთიერი მტკიცებულება, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალება ან/და მისი მისაბმელი, განთავსებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე, ამ ნივთიერი მტკიცებულების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელმა ორგანომ უნდა მიაწოდოს აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.[21]
რაც შეეხება უშუალოდ საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით კოდექსით განსაზღვრულ წესებს, კოდექსის 90-ე მუხლის მიხედვით საპროცესო ხარჯებს განეკუთნება ნივთიერი მტკიცებულების შენახვისა და გადაგზავნის ხარჯი;[22]
საპროცესო ხარჯების გადახდევინება ხდება საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის დადგენილი წესის მიხედვით. ბრალდებულის ადვოკატის მომსახურების ხარჯს აანაზღაურებს უშუალოდ ბრალდებული, ხოლო თუ დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე ხორციელდება – სახელმწიფო ბიუჯეტი.[23] მსჯავრდებულსეკისრება მის ან მისი ადვოკატის მიერ დაზარალებულის, მოწმის, თარჯიმნისა და ექსპერტის მოწვევის, წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულების შენახვისა და გადაგზავნის, მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების, ბრალდების მხარისგან მიღებული ინფორმაციის ასლის გადაღების ხარჯების ანაზღაურება. სასამართლოს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის შემთხვევაში მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს საპროცესო ხარჯების გადახდისაგან.[24]
აღნიშნულიდან ცხადია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პროცესის მონაწილეების გარკვეულ კატეგორიას დაზარალებული/მოწმე საერთოდ არ აკისრებს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის საპროცესო ხარჯების დაფარვის ვალდებულებას. ბრალდებულს/მსჯავრდებულს კი, მხოლოდ ადვოკატის მომსახურებისა და დაცვის მხარის მიერ (მის ან მისი ადვოკატის მიერ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მოწვეული ექსპერტის, მოწმის ან წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულების შენახვის ხარჯებს აკისრებს.[25]
იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს ეზღუდება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მისთვის დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების შენახვის ხარჯების დამატებით დაკისრება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რომლის თანახმად, საპროცესო ხარჯების ანაზღაურება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლით რეგულირებული ხარჯებისა და წესისა, ეკისრება სახელმწიფოს, როგორც გამოძიებასა და მართლმსაჯულების აღსრულებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს.
შესაბამისად, მესაკუთრისთვის/კანონიერი მფლობელისთვის ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების შენახვის ხარჯების ანაზღაურების დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, მათ შორის, ამავე კოდექსის დანაწესს, რომლის თანახმად, მსჯავრდებულს, ნივთიერ მტკიცებულებებთან მიმართებით, ეკისრება მხოლოდ მისი ან მისი ადვოკატის მიერ წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულების შენახვისა და გადაგზავნის ხარჯების ანაზღაურება.[26] ხოლო დაზარალებულსა და მოწმეს კანონმდებლობა საერთოდ არ ავალდებულებს, აანაზღაუროს საპროცესო ხარჯები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციებისაგან განსხვავებით, ბრალდების მხარის მიერ, პირის ნების საწინააღმდეგოდ, სატრანსპორტო საშუალების შენახვის ხარჯებს აკისრებს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს, რაც გაუმართლებლად ზღუდავს მხარის კონსტიტუციურ უფლებებს.
წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან
დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას.“[27]
სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლება ასევე მოიცავს ქონების განკარგვას, სარგებლობასა და მფლობელობას: „საკუთრებაში მოაზრებული უფლებამოსილებები მოიცავს, მათ შორის, საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის მოძრავი და უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ქონებრივი უფლებები) განკარგვას-მათ შორის განადგურებას მესაკუთრის გადაწყვეტილებით, სარგებლობას და მფლობელობასთან ერთად.“[28]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ „საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული კონსტიტუციური სიკეთეა აგრეთვე პირის შესაძლებლობა, დაცული იყოს სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან იმგვარი სამართლებრივი წესრიგის ჩამოყალიბებისაგან, რომელიც იწვევს პირისათვის სხვადასხვა სახის გაუმართლებელი ვალდებულებების დაწესებას.“[29]
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკუთრების უფლებას, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების, დაცვის მხარის ინტერესების საწინააღმდეგოდ, სატრანსპორტო საშუალების შენახვის ხარჯებს მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს აკისრებს, განურჩევლად მათი საპროცესო სტატუსისა.
შეზღუდვის იდენტიფიცირება
როგორც უკვე აღინიშნა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მიხედვით, მსჯავრდებულს, ნივთიერ მტკიცებულებებთან მიმართებით, ეკისრება მხოლოდ მისი ან მისი ადვოკატის მიერ წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულების შენახვისა და გადაგზავნის ხარჯების ანაზღაურება.[30] ხოლო დაზარალებულსა და მოწმეს კანონმდებლობა საერთოდ არ ავალდებულებს, აანაზღაუროს საპროცესო ხარჯები.
აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების ან მისი მისაბმელის ავტოსადგომზე გადაყვანის შემთხვევაში, მესაკუთრეს/მფლობელს თავისთავად ეზღუდება მისი კუთვნილი (მაგალითად) ავტომობილით სარგებლობა. დამატებით კი, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების გამოკვლევის მიზნით, ავტოსადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გადაყვანის/დგომის ხარჯები უნდა გადაიხადოს მხარემ, რომლის საწინააღმდეგოდაც ხდება მტკიცებულების გამოკვლევა ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში. ხოლო რაც დაზარალებულის ან მოწმის შემთხვევას, საპროცესო კოდექსი საერთოდ გაუმართლებლად მიიჩნევს მათთვის საპროცესო ხარჯის დაკისრებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი განამტკიცებს პირის უფლებასა და შესაძლებლობას, დაცული იყოს საკუთრების ობიექტზე, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, საკუთრებითი უფლებების შეზღუდვისაგან/ჩამორთმევისაგან.[31]
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია სატრანსპორტო საშუალების შენახვის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე მსჯავრდებულს, ბრალდებულს, გამართლებულს, დაზარალებულსა და მოწმეს, თუ პროცესის მონაწილე მესაკუთრე ან/და კანონიერი მფლობელია და არ ახდენს განსხვავებას სატრანსპორტო საშუალება, როგორც ნივთიერი მტკიცებულება მოპოვებული ბრალდების მხარის მიერ გამოძიებისა და მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, თუ დაცვის მხარის მიერ არის წარდგენილი.[32]
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი, ობიექტური საფუძვლით, ისედაც ვერ სარგებლობს მისი საკუთრებით (დაცულ სადგომზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებით) გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე (სატრანსპორტო საშუალება ბრალდების მხარის მიერ არის მოპოვებული, როგორც ნივთიერი მტკიცებულება, მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ). ამასთან, სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივი პერიოდით დაცულ ავტოსადგომზე გაჩერების შემთხვევაში, ასევე, მცირდება სატრანსპორტო საშუალების თვითღირებულება და შესაძლებელია, დაცულ სადგომზე მისი მომსახურების ხარჯი, სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების დროისათვის, საერთოდ აღემატებოდეს მის ღირებულებას.
შესაბამისად, ამოღებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს ობიექტურად, ისედაც ეზღუდება საკუთრების უფლება გამოძიების ლეგიტიმური ინტერესიდან გამომდინარე, თუმცა, დამატებით, დაცულ სადგომზე მისი შენახვის ხარჯების მესაკუთრისათვის/კანონიერი მფლობელისათვის დაკისრება, მაშინ, როდესაც ამ სატრანსპორტო საშუალების ამოღება და შესაბამისი ვადით დაცულ სადგომზე დაყოვნება მთლიანად გამოძიების ინტერესს წარმოადგენს, გაუმართლებელ მატერიალურ ზარალს აყენებს მას და ეწინააღმდეგება საპროცესო ხარჯების განაწილების სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ წესს.[33]
საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. კონკრეტულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა საკუთრების უფლებასა და საკუთრების ობიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედების განსახორციელებლად გამოყენებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის საკუთრებაში არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩასადენად გამოყენებული საკუთრებითი ობიექტები განეკუთვნება ქონებათა იმ კატეგორიას, რომელზეც ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული სფერო. შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ზღუდავს პირის შესაძლებლობას, რომ თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს, განკარგავდეს საკუთარ ქონებას, a priori განიხილება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვად და საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას.[34]
კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნის შემთხვევაში, საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას, ბრალდების მხარის მიერ ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევას ისეთ საკუთრების ობიექტზე, რომელიც შესაძლოა იყოს დანაშაულის საგანი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტების გათვალისწინებით ეს ობიექტი/მისი მესაკუთრე დაცულია კონსტიტუციის მე-19 მუხლით და ამ უფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად.
აგრეთვე აღსანიშნავია, რომ საქმეზე „შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ სადავო ნორმა ითვალისწინებდა სამართალდარღვევის იარაღის უპირობო კონფიკაციას და საქმის განმხილველ მოსამართლეს არ აძლევდა შესაძლებლობას, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კერძო და საჯარო ინტერესების ადეკვატური დაბალანსების გზით, განესაზღვრა სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის აუცილებლობა, რაც გაუმართლებლად ზღუდავდა საკუთრების უფლებას.
კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნის შემთხვევაში სადავო ნორმა ხარჯების ანაზღაურებას ავტომატურად აკისრებს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/მფლობელს განურჩევლად მათი საპროცესო სტატუსისა, რაც თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისობაში უნდა შეფასდეს.
შეზღუდვის თანაზომიერების შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლება, მიუხედავად მისი მაღალი კონსტიტუციური მნიშვნელობისა, არ არის აბსოლუტური ხასიათის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია „ ... უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო საკუთრებითი ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს“[35]
ცხადია, რომ ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევა გამოძიების ინტერესებს ემსახურება. „ეჭვგარეშეა, რომ დანაშაულთან ეფექტური ბრძოლა და მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების შეუფერხებელი განხორციელება (...) და დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთა უმნიშვნელოვანესი საჯარო ინტერესებია.“[36]
მაგრამ ლეგიტიმური მიზანი, თავისთავად, ვერ იქნება საკმარისი უფლების შეზღუდვის გამართლებისთვის. სადავო ნორმა ასევე უნდა აკმაყოფილებდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. კერძოდ, რეგულირება უნდა იყოს მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება, უზრუნველყოფდეს გონივრულ და სამართლიან ბალანსს შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანსა და კერძო ინტერესს შორის.
აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის გამოძიების პროცესში, მათ შორის მტკიცებულებათა შეგროვებისა და შენახვის პროცესში, საგამოძიებო ორგანო გარკვეული მიხედულების ფარგლებით სარგებლობს. თუმცა, მიხედულების ფარგლები არ არის უსაზღვრო და არ გულისხმობს საკითხის თვითნებურად გადაწყვეტის შესაძლებლობას. კანონმდებელს მოეთხოვება, თავიდან აიცილოს საკუთრების უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა და არ შეაფერხოს საკუთრებით, განსახილველ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა მაშინ, როდესაც ამის საჭიროება ობიექტურად არ არსებობს.
ბრალდების მხარის მიერ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალება, მისი გამოკვლევის მიზნით ნადვილად ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, მაგრამ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების შენახვის ხარჯების ავტომატურად და ყველა შემთხვევაში მესაკუთრესთვის დაკისრება ვერ ჩაითვლება ამ მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად. აღნიშნული რეგულაცია გაუმართლებლად ზღუდავს მესაკუთრისა და კანონიერი მფლობელის საკუთრების უფლებას. ბრალდების მხარის მიერ სატრანსპორტო საშუალების/მისაბლელის ავტოსადგომზე გადაყვანა და მისი გამოკვლევა უკვე ემსახურება გამოძიების ინტერესს, მაგრამ საპროცესო ხარჯების ავტომატურად მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის დაკისრება, მაშინ როდესაც ეს სისხლის სამართლის გათვალისწინებული საპროცესო ხარჯების გადახდის წესის საწინააღმდეგოდ ხდება ვერანაირად ვერ ჩაითვლება ლეგიტიმური მიზნის მიღწევასთან დაკავშირებულ საშუალებად.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საპროცესო კოდექსი დაზარალებულსა და მოწმეს საერთოდ არ აკისრებს საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, შესაბამისად, მაშინ როდესაც სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/მფლობელი საქმეში დაზარალებული ან მოწმეა მას არ უნდა ეკისრებოდეს ხარჯების ანაზღაურება და ამ მხრივ დამატებითი მსჯელობის საჭიროება არ არსებობს.
რაც შეეხება მსჯავრდებულთან დაკავშირებულ რეგულაციებს, მნიშვნელოვანია დამატებით აღინიშნოს, რომ საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს მსჯავრდებულისათვის ზოგადად საპროცესო ხარჯების დაკისრების შესაძლებლობას. მაგრამ აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს სასამართლოს მიერ განაჩენის დადგენისას.[37] სხვა შემთხვევაში საპროცესო ხარჯების ანაზღაურება ხდება სახელმწიფოს მიერ.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებული პირისთვის ყველა შემთხვევაში ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ვალდებულებას. გასათვალისწინებელია, რომ ნივთიერი მტკიცებულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებელია დაუბრუნდეს მსჯავრდებულ პირსაც.[38]
კანონმდებლობა მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებით გვთავაზობს ამგვარ მიდგომას: (1) თუ სატრანსპორტო საშუალება გამოძიების მიერ ამოღებულია როგორც ნივთიერი მტკიცებულება და წარმოადგენს დანაშაულის საგანს ან/და იარაღს, დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ საგანს ან დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ სატრანსპორტო საშუალებას, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება სასამართლოს მიერ უნდა ჩამოერთვას მსჯავრდებულს;[39] (2) თუ სატრანსპორტო საშუალება არ არის დანაშაულის საგანი ან იარაღი, მსჯავრდებულს, უბრუნდება ამოღებული სატრანსპორტო საშუალება.
სწორედ, ამ მეორე შემთხვევაშიც კი, ხარჯები „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ეკისრება მსჯავრდებულს, რაც არ არის საპროცესო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება და სასამართლო განხილვა შესაძლებელია გრძელდებოდეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, თვეებისა და წლების მანძილზე, შესაბამისი დანაშაულისთვის დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე.[40] ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერებულია მის დაკავებამდე ან სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებამდე,[41] რაც ასევე, შესაძლოა, გაგრძელდეს განუსაზღვრელი პერიოდის განმავლობაში.
შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულება, მათ შორის სატრანსპორტო საშუალება, შესაძლებელია ინახებოდეს სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე.[42] სისხლის სამართლის პროცესი კი, სხვადასხვა ობიექტური მიზეზით, შესაძლებელია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე შენახვის ხარჯები შესაძლოა მნიშნელოვან მატერიალურ ზიანს აყენებდეს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს და არღვევდეს პირის საკუთრების უფლებას.[43]
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელის მიხედვითაც სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის, ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად არის წარმოდგენილი, საფასური გადახდა ეკისრება მესაკუთრეს ან/და კანონიერ მფლობელს არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
წინააღმდეგობა კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, სამართლიანი სასამართლო პროცესის უზრუნველყოფისათვის განსაკუთრებულ როლს იძენს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული პროცესის შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპები და მათი თანმხლები საპროცესო გარანტიები.[44]
მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის უფლება გულისხმობს არა მხარეთა სრულ, ტოტალურ გათანაბრებას, არამედ მათთვის გონივრულობის ფარგლებში თანაბარი შესაძლებლობის მინიჭებას, დაცვის მხარის აღჭურვას იმგვარი საპროცესო უფლებებით, რომ შეძლოს ბრალდების მხარესთან კონკურენცია, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა.
ამ კონტექსტში არ უნდა არსებობდეს იმგვარი საკანონმდებლო მოწესრიგება, რომელიც ბრალდების მხარეს ჩააყენებს უპირატეს მდგომარეობაში, მიანიჭებს მას რაიმე ისეთ პრივილეგიას, რომლის დაბალანსებაც მთლიანი პროცესის განმავლობაში ვერ მოხდება და დაცვის მხარე არსებითად უარეს სამართლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდება.[45]
ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან ნათლად გამოჩნდა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულაცია სრულად შეუსაბამოა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო ხარჯების გადახდის წესებთან და არ ითვალისწინებს იმ საპროცესო სტატუსს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/მფლობელს გააჩნდეს სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას.
როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ბრალდების მხარის ინიციატივით, მტკიცებულების გამოკვლევისას, სატრანსპორტო საშუალების სადგომზე გაჩერებისა და შენახვის ხარჯების დაკისრებას დაცვის მხარისთვის. საპროცესო რეგულაციების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს/ბრალდებულს მხოლოდ იმ ხარჯების ანაზღაურება ეკისრება, რომელიც მისი ან მისი ადვოკატის ინიციატივით ხდება, ხოლო დაზარალებულისა და მოწმის შემთხვევაში საერთოდ არ არის გათვალისწინებული საპროცესო ხარჯების დაკისრების შესაძლებლობა.
სადავო ნორმა არ ახდენს განსხვავებას სატრანსპორტო საშუალება, როგორც ნივთიერი მტკიცებულება მოპოვებული ბრალდების მხარის მიერ გამოძიებისა და მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, თუ დაცვის მხარის მიერ არის წარდგენილი.
მიგვაჩნია, რომ მსჯავრდებულის/ბრალდებულისთვის, აგრეთვე დაზარალებულისა და მოსმისათვის გაუმართლებელი ხარჯების დაკისრება, მაშინ როდესაც ბრალდების მხარის ინიციატივით ხდება სატრანსპორტო საშუალების/მისაბმელის სადგომზე გადაყვანა, არღვევს მხარეთა თანასწორობის უფლებას და უარეს მდგომარეობაში აყენებს დაცვის მხარეს. ის არგუმენტაცია, რაც საკუთრების უფლებასთან მიმართებით განავითარა მოსარჩელე მხარემ რელევანტურია ამ შემთხვევაშიც, ამიტომ აღარ განვმეორდებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, რომელიც ბრალდების მხარის მიერ საქმის გამოძიებისა და პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მიზნით, პირის ნების საწინააღმდეგოდ, სატრანსპორტო საშუალების შენახვის ხარჯებს აკისრებს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.
[1] საქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში, გვ 278. ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/res/docs/2024040518060876432.pdf
[2]ავტომანქანის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ და თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
[3] საქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში, გვ 278.
[4]„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლი.
[5] საქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში, გვ 279.
[6] სახალხო დამცველის 2024 წლის 11 მარტის N15-2/2465 წინადადება.
[7] „112“-ის შესახებ კანონი ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4738372?publication=3
[8] „112“-ის შესახებ კანონის მე-71 მუხლის 1-ლი პუნქტი
[9] „112“-ის შესახებ კანონის მე-71 მუხლის მე-2 პუნქტი.
[10] აღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაუყოვნებლივ, მაგრამ მისი გამოცემიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა უგზავნის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირს (პირებს). აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად დადგენილი ვადა უნდა იყოს ამ აქტის ამ პირისთვის (პირებისთვის) ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღე. ეს ვადა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდის უზრუნველყოფის სათანადო გარანტიის წარდგენისას შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 24 თვით.
[11] „112“-ის შესახებ კანონის მე-71 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.
[12] „112“-ის შესახებ კანონის მე-71 მუხლის მე-5 პუნქტი.
[13]„112“-ის შესახებ კანონის მე-71 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებით აღსრულების მიზნით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს.
[14] „112“-ის შესახებ კანონის მე-71 მუხლის მე-6 პუნქტი. სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასური გადახდილად მიიჩნევა აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით იძულებითი აღსრულების შედეგად ამონაგები თანხა აღნიშნული საფასურის გადასახდელად საკმარისი არ არის.
[15]აღნიშნული გულისხმობს, მაგალითად, მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება დაწესდეს საფასური 0.20-დან 0.50 ლარამდე.
[16] „112“-ის შესახებ კანონის მე-71 მუხლის მე-9 პუნქტი.
[17] „112“-ის შესახებ კანონის მე-71 მუხლის მე-10 პუნქტი.
[18] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
[19] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 80-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. ასევე, აღნიშნულის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული.
[20] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 811 მუხლი.
[21] ამ კოდექსის მე-80 მუხლის პირველი−მე-6 ნაწილებისა და 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტიდან 15 დღის ვადაში.
[22] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 90-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი.
[23] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
[24] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
[25] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის. 91-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები.
[26] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
[27] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება, II-5.
[28] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის №2/1/631 გადაწყვეტილება, II-6.
[29] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება, II-6.
[30] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
[31] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9.
[32] „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ კანონის 71 მუხლის მე-3 პუნქტი.
[33] საქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში, გვ 281.
[34] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4.
[35] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8
[36] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება, II-26.
[37] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 260-ე მუხლის, 1-ლი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი.
[38] საქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში, გვ 280
[39] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლი.
[40] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლი.
[41] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, 71-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
[42] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 81 (იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილეს პროცესის დასრულებამდე უარი ეთქვა ნივთიერი მტკიცებულების დაბრუნებაზე).
[43] საქართველოს კონსტიტუცია მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი.
[44]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის N1/4/809 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6.
[45] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის N1/4/809 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა