ა(ა)იპ "უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრი" საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1871 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, |
ავტორ(ებ)ი | ა(ა)იპ „უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრი" |
თარიღი | 16 ივნისი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „საქართელოს მთავრობის N33 დადგენილება“.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24/01/2023წ. N33 დადგენილების 1-ელი მუხლი. | საქართველოს კონსტიტუციის 11-ე მუხლის 1-ელი პუნქტი: „ ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი: „სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 და 39-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები, კერძოდ:
ა) თავისი ფორმითა და შინაარსით სარჩელი შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ;
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით არის სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებულ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია;
ე) კანონმდებლობა კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადას სარჩელის წარსადგენად;
ვ) სადავო აქტი საკანონმდებლო აქტია და მის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის დადგენილება N33-ის 1-ელი მუხლის შინაარსის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტთან და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ელ პუნქტთან მიმართებით, კერძოდ:
არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის N33 დადგენილების 1-ელი მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობას განსაზღვრავს არაუმეტეს - 2 000 ლარით და დაევალოს საქართველოს მთავრობას აღნიშნულ მუხლში შეიტანოს იმდაგვარი ცვლილება, რომლის მიხედვითაც საშვებულებო ანაზღაურება ყოველვიურად გაიცემა შვებულების მთელ პერიოდზე დასაქმებულის შრომის ანაზღაურების გათვალისწინებით.
სოციალური თანასწორობა და სამართლიანობის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია, რომლებიც დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში წარმოადგენს საზოგადოებრივი მოწყობის საფუძველს. ამ უფლებების დაცვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოს ძირითადი პასუხისმგებლობაა და მათ დარღვევაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, სწორედ სახელმწიფოს ეკისრება.
სახელმწიფოს კონსტიტუციური და საერთაშორისო ვალდებულებაა უზრუნველყოს სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა და სოლიდარობა, რაც მოითხოვს, რომ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად დასაქმების სექტორისა, ჰქონდეს თანაბარი წვდომა ფუნდამენტურ სოციალურ გარანტიებზე, მათ შორის, შვებულების ანაზღაურების უფლებაზე შვილის გაჩენის შემთხვევაში.
მნიშვნელოვანია რომ ერთი და იმავე ვითარებაში მყოფი ადამიანები თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ, ჰქონდეთ თანაბარი წვდომა განათლებაზე, ჯანდაცვაზე, დასაქმებაზე და სოციალურ დაცვაზე, არ ექმნებოდეთ სისტემური დაბრკოლებები ან დისკრიმინაცია რომელიმე სოციალურ ჯგუფში ყოფნის გამო. სოციალური თანასწორობა არ ნიშნავს იმავეს მიცემას ყველასთვის არამედ, საჭიროების შემთხვევაში, მეტი რესურსის გამოყოფას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სტრუქტურული არათანასწორობის გამო მეტად არიან ზიანის/საფრთხის ქვეშ. სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს სოციალური ბალანსის დაცვაზე, რომელიც გულისხმობს რესურსების სამართლიან გადანაწილებას; სოციალური სერვისების თანაბარ ხელმისაწვდომობას; ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას.
გასაჩივრებული ნორმა ხელს უწყობს უთანასწორობის გაზრდას, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს თანასწორობის პრინციპის დაცვა საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და პრაქტიკული ზომების მიღებით; თავად არ დაარღვიოს სოციალური სამართლიანობის პრინციპი (მაგ., არასამართლიანი ბიუჯეტური განაწილება, დისკრიმინაციული კანონები), შეიმუშაოს და განახორციელოს სოციალური პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას; გააძლიეროს სოციალური დაცვის სისტემები (პენსიები, სოციალური დახმარებები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება), გაითვალისწინოს პრინციპი პოზიტიური დისკრიმინაციის, ანუ - საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებული მხარდაჭერის გაწევა იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ისტორიულად ან სისტემურად იყვნენ გარიყულნი.
ქალის რეპროდუქციული ფუნქციის გათვალისწინება შრომით ურთიერთობებში აუცილებელია იმისთვის, რომ ქალს შეეძლოს დაბალანსებული ცხოვრება ოჯახსა და კარიერას შორის. არანაზღაურებადი ან მინიმალურად ანაზღაურებადი შვებულება ქალებს აიძულებს არჩევანი გააკეთონ სამუშაოსა და ოჯახს შორის, რაც სისტემური უთანასწორობის მაგალითია. მშობიარობის შემდგომ ანაზღაურების უქონლობა ან სიმცირე, ხშირად დაზიანებით მოქმედებს სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე, მათ შორის მარტოხელა დედებზე, ახალგაზრდა ქალებზე, და დასაქმებულებზე დაბალი შემოსავლით.
საქართველოს კონსტიტუციის 11-ე მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია“ და „აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია“. ამავე დროს, კონსტიტუციის პრეამბულა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპები (მუხლი 5) სახელმწიფოს ავალდებულებს იზრუნოს მოქალაქეთა კეთილდღეობასა და თანასწორ სოციალურ პირობებზე.
ამ კონტექსტში, სახელმწიფოს მიერ საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალთათვის უფრო მაღალი ანაზღაურების გარანტირება, ვიდრე კერძო სექტორში დასაქმებულთათვის, ქმნის არათანაბარ და დისკრიმინაციულ პრაქტიკას.
მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება სოციალური სოლიდარობის პრინციპს, რომლის თანახმად, სოციალური მხარდაჭერა არ უნდა განსხვავდებოდეს დასაქმების სექტორის მიხედვით, მით უფრო მაშინ, როცა საუბარია მშობიარობასა და ბავშვის მოვლაზე, რაც საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დეკრეტული შვებულების ანაზღაურების სისტემაში არსებული ეს უთანასწორობა არღვევს ქალების უფლებას თანასწორზე ხელმისაწვდომობაზე სოციალურ დაცვასთან მიმართებით და აძლიერებს სოციალურ უთანასწორობას, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს აქტიური ზომები, მათ შორის რეგულაციების გზით, უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა მშობლისთვის, რაც არა მხოლოდ ქალთა შრომითი უფლებების დაცვას, არამედ დემოგრაფიული და სოციალური პოლიტიკის გონივრულ წარმართვასაც ემსახურება.
სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციური ფუნქცია მოითხოვს, რომ მსგავს სიტუაციებში სწორედ სახელმწიფომ განახორციელოს რეგულაცია თანასწორობის, სამართლიანობისა და სოლიდარობის პრინციპების უზრუნველსაყოფად.
სოციალური უთანასწორობა, მით უფრო, მკაფიოა იმ ფონზე, როდესაც კანონმდებლობით განსაზღვრულია იმგვარი ჩანაწერი, რომელიც ზრდის მოქალაქეთა შორის უფლებრივ დისბალანსს.
ამ ყველაფრის კარგი მაგალითია „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ 64-ე მუხლი, რომელიც საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს აყენებს, კერძო სექტორში დასაქმებულ პირებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში. დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს ანაზღაურებად შვებულებას 183-200 დღის ოდენობით და მოხელეს სრულად უნაზღაურებს აღნიშნულ პერიოდში თანამდებობრივ სარგოს, მაშინ როდესაც კერძო სექტორში დასაქმებულ პირთა მიმართ სახელწიფოს ვალდებულება შემოიფარგლება მხოლოდ ზემოთ გასაჩივრებული N33 დადგენილებით გასაზღვრული - 2 000 ლარით.
მოცემული დადგენილების სდაო ნორმით სახელმწიფო ერთგვარად ამცირებს საკუთარ პასუხისმგებლობას და კერძო სექტორში დასაქმებული პირების სოციალური უფლებების დაცვის დელეგირებას უთმობს კერძო სექტორს, რომელიც თავისმხრივ გამოირჩევა, გარკვეულწილად არასტაბილური დამოკიდებულებით მსგავსი უფლებების დაცვის მიმართ.
უდავოა, რომ არსებული მოწესრიგება არათანაბარ/უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ,,კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებს, საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალებთან შედარებით“.
დედობის და მშობლის შვებულების მიზანია - ქალმა განურჩევლად მისი დასაქმების სექტორისა შეძლოს საკუთარი თავისთვის და ახალშობილისთვის ჯანმრთელობის და ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის შენარჩუნება. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია.
,,ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის (რომელსაც საქართველო შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 22 სექტემბრის №651 დადგენილებით) მე-11 მუხლის მიხედვით - მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას დასაქმების სფეროში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.
ამასთან, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ,,ორსული ქალის მიმართ დისკრიმინაციის დასადგენად, შესადარებელი პირის არსებობა აუცილებელი არ არის“ (იხ.:CJEU, Elisabeth Johanna Pacifica Dekker v Stichting Vormingscentrum voor Jong Volwassenen (VJV Centrum) Plus, C-177/88, 1990; Webb v EMO Air Cargo, C-32/93, 1994).
აღნიშნულის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ,,ორსულობა თავისთავად განსხვავებული/ უნიკალური მდგომარეობაა და მისი თანასწორი/შესადარებელი სუბიექტი ან არაორსული ქალი ვერ იქნება.
განსხვავებული მოპყრობა ორსულების მიმართ შრომით ურთიერთობაში ითვლება დისკრიმინაციად, რადგან მას გავლენა, მხოლოდ ქალებზე შეუძლია მოახდინოს.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია დედობის დაცვის კონვენციაში 2000 (C183) ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქალებს მიეცეთ საშუალება, განახორციელონ თავისი ერთ-ერთი ფუნქცია, დედობა, საზოგადოებისგან მარგინალიზაციის გარეშე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, რომლის ხელმომწერიც არის საქართველო, მკაცრად განსაზღვრავს გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად დაუშვებელია დისკრიმინაცია სოციალური წარმოშობის, პოლიტიკური ნიშნით, ასევე მოცემული მუხლი უზრუნველყოფს/განამტკიცებს დიფერენციაციის აკრძალვას საჯარო/კერძო სექტორში დასაქმებულ პირებთან მიმართებით. აღნიშნულს იზიარებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის N12 დამატებითი ოქმი, რომლის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საჯარო ხელისუფლების როლზე და აკისრებს მას დამატებით პასუხისმგებლობას სოციალური, სქესობრივი, თანამდებობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს (საქმეზე Nას-1043-2023) განმარტებით შვებულების გამოყენების შესახებ საკანონმდებლო მოწესრიგება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებსა და საუკეთესო პრაქტიკას. საქართველომ აიღო ვალდებულება (27.06.2014წ. ასოცირების შესახებ შეთანხმებით, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის) მათ შორის შვებულების სარგებლობის და ანაზღაურების ნორმების ევროპული კავშირის დირექტივებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულ საქმეზე განმარტა, რომ ,,ქალის სოციალური ფუნქციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე დედათა და ბავშვთა ინტერესების გათვალისწინებით, ქალთა უფლებების დაცვის მიმართ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი განაპირობებს შრომითსამართლებრივი ურთიერთობებისათვის სპეციალური რეგულაციების ასახვას როგორც საერთაშორისო აქტებში, ასევე- საქართველოს კანონმდებლობაში.
აღნიშნული რეგულაციებით ქალებისთვის გათვალისწინებულია შეღავათები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის პერიოდში, რაც გარანტირებულს უნდა ხდიდეს ქალის უზრუნველყოფას სათანადო სამუშაო პირობებით, ისევე როგორც ზღუდავს ქალის სამუშაოდან გათავისუფლების შესაძლებლობას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების პერიოდში (სუსგ Nას-1189-1131-2014, 03.04.2015წ.).
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილით გაცხადებულია, რომ საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ (იხ.26.12.2007წ. გადაწყვეტილება, საქმე №1/3/407) განმარტებით - პირადი ცხოვრება არის ინდივიდის ცხოვრება და განვითარების პირადი სფერო. უფლება პირად ცხოვრებაზე არის ინდივიდის შესაძლებლობა, თავისი შეხედულებების შესაბამისად, დამოუკიდებლად შექმნას და განავითაროს თავისი პირადი ცხოვრება, ასევე იყოს დაცული მის პირად სფეროში როგორც სახელმწიფოსგან, ისე ნებისმიერი პირის ჩარევისგან. სახელმწიფომ უფლებების დაცვისა და უზრუნველყოფისას უნდა შეძლოს კერძო და საჯარო ინტერესების გონივრული დაბალანსება, მხოლოდ ასეა შესაძლებელი, როგორც უფლებით სარგებლობის, ისე კონკრეტული საჯარო მიზნების მიღწევა.
„ევროპის სოციალური ქარტია“ (საქართველოში ძალაშია 01.10.2005წ.-დან) აღიარებს დასაქმებულის დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს და შეეხება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა, შრომის უფლება, რომელიც მოიცავს შრომის თავისუფლებას, უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე, უფლებას შვებულებაზე და სხვა.
„ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის (ILO N52 კონვენცია (შემდეგში კონვენცია)) (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 22.02.1995 დადგენილებით, ძალაშია 22.06.1997წ.-დან) დებულებების თანახმად, ყოველ პირს აქვს უფლება, ისარგებლოს ყოველწლიური ფასიანი შვებულებით.
აღნიშნული კონვენციის მე-4 მუხლის მიხედვით კი ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც გამორიცხავს ყოველწლიური ფასიანი შვებულების უფლებას ან არ იძლევა ასეთი შვებულების უფლებას, მიიჩნევა ბათილად.
ევროპული სასამართლოს (ECJ - European Court of Justice) 21.06.2012 გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების უფლება არის დასაქმებულისათვის მინიჭებული განსაკუთრებული მნიშვნელობის უფლება, რომელსაც ევროპული კავშირის სოციალური სამართალი უზრუნველყოფს გამონაკლისების დაუშვებლად (Case C-78/11 Judgement of the Court, 21.06.2012).
უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრმა დადგენილებაში ცვლილების შეტანის ინიციატივით მიმართა საქართველოს მთავრობას, რომელმაც მართალია დაადასტურა ცვლილების აუცილებლობა, თუმცა კონკრეტული დროის განსაზღვრის გარეშე.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა