ახალი ამბები

26 ივლისი, 2016

საზაფხულო სკოლა 2016 დაიწყო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ილიაუნის სამართლის სკოლასთან ერთად 24 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, ევროკავშირის პროექტის - “საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა“ და „USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) – ფინანსური მონაწილეობით, მართავს კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლას.

საზაფხულო სკოლის ოფიციალური გახსნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 26 ივლისს 12:00-ზე გაიმართა. სკოლის მონაწილე სტუდენტებს სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი მიესალმა. საზაფხულო სკოლის გახსნას დაესწრნენ ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანი ირაკლი ფორჩხიძე და პიტერ დენისი - პროექტის მენეჯერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებისთვის ლექციებს 10 დღის განმავლობაში კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში წაიკითხავენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, პროფესორი რიჩარდ ვოგლერი (სასექსის უნივერსიტეტი), პროფესორი ერინ შელი (კალგარის უნივერსიტეტი), პროფესორი ბრიდჯიტ არიმონდი (ნორსვესტერნის უნივერსიტეტი), პროფესორი რობერტ აჰდიჰი (ემორის სამართლის სკოლა), პროფესორი ფილიპ ლიჩი (ლონდონის მიდლსექსის უნივერსიტეტი), დოქტორი თამარა ტაკაცსი (ევროკავშირის სამართლის მკვლევარი), გიორგი მშვენიერაძე (თავისუფალი უნივერსიტეტი), გიორგი ჩიტიძე (ადამიანის უფლებათა სპეციალისტი) და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები.

საზაფხულო სკოლის მიზანია მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ილიას უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა ტრადიციად იქცა და წელს იგი მეცხრედ იმართება.