საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის დებულება
დამტკიცებულია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის
2025 წლის 24 ივნისის №144/2 დადგენილებით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
აპარატის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. აპარატის დებულების მოქმედების სფერო
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (შემდგომში - სასამართლო) აპარატი იქმნება სასამართლოს შეუფერხებლად, ხარისხიანად და ეფექტიანად საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით.
2. სასამართლოს აპარატის დებულება განსაზღვრავს აპარატის ორგანიზაციულ მოწყობასა და სტრუქტურას, საქმიანობის მიზნებს, ამოცანებსა და პრინციპებს, ადგენს სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესს.
3. აპარატს ხელმძღვანელობს სასამართლოს თავმჯდომარე.
4. აპარატი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია სასამართლოს თავმჯდომარის წინაშე.
მუხლი 2. აპარატის მიზნები და ამოცანები
1. აპარატის ძირითადი ამოცანებია:
ა) საკონსტიტუციო სამართალწარმოების მაღალი ხარისხისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა;
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთების ხელშეწყობა;
გ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპით მოქმედება;
დ) საკონსტიტუციო სამართალწარმოებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლება;
ე) საქმისწარმოების უზრუნველყოფა.
მუხლი 3. აპარატის საქმიანობის პრინციპები
აპარატის მოხელეები საქმიანობენ სამართლიანობის, თანასწორობის, მიუკერძოებლობის, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, საჯაროობისა და სამართლის სხვა ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად.
მუხლი 4. აპარატის ნორმატიული საფუძვლები
1. აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო შეთანხმებებით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
2. აპარატის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა, ფორმირების, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე სტრუქტურული ერთეულის დებულებით.
3. აპარატის სტრუქტურული ერთეული შეიძლება დაიყოს სტრუქტურულ ქვედანაყოფად, რომლის სახელწოდება და კომპეტენცია განისაზღვრება აპარატის სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სასამართლოს თავმჯდომარე.
მუხლი 5. აპარატის სიმბოლოები
აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს შეიძლება ჰქონდეს მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ბეჭდები, შტამპები, რომელთა აღწერილობას და გამოყენების წესს ამტკიცებს სასამართლოს თავმჯდომარე.
თავი II
აპარატის სტრუქტურა,
ფორმირების, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესი
მუხლი 6. აპარატის სტრუქტურული ერთეულები
1. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სასამართლოს სამდივნო;
ბ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;
გ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი;
დ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
ე) მანდატურის სამსახური.
მუხლი 7. სასამართლოს სამდივნო
1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და პლენუმის/კოლეგიის უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობის, საპროტოკოლო და ადმინისტრაციული ფუნქციების, ეროვნულ და საერთაშორისო უწყებებთან კოორდინაციის, ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციებთან დაკავშირებული სხვა ამოცანების განხორციელების მიზნით, შექმნილია სასამართლოს სამდივნო.
2. სასამართლოს სამდივნოს საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს განეკუთვნება:
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის და კოლეგიის სხდომების, მოსამართლეთა თათბირების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) სასამართლოს სხდომების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, შესაბამისი ოქმების წარმოება და სხდომის სტენოგრაფირება;
გ) სასამართლოს თავმჯდომარის მოხსენებების, გამოსვლების და ანგარიშების მომზადება;
დ) საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების თაობაზე სასამართლოს თავმჯდომარის მიერ წლიური ინფორმაციის მომზადების პროცესის უზრუნველყოფა;
ე) სახელმწიფო დაწესებულებებთან და სხვა მესამე პირებთან სასამართლოს თავმჯდომარის თანამშრომლობის კოორდინაცია;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან დადებული შეთანხმებების შესრულების მიზნით, წინადადებების შემუშავება და სასამართლოს თავმჯდომარისთვის წარდგენა, მათი შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება;
ზ) საკონსტიტუციო სამართალწარმოების სფეროში უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კავშირების დამყარება, ურთიერთობების გაღრმავება, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება;
თ) საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო მისიებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ი) სასამართლოს სამდივნოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოს თავმჯდომარის საქმიანობის ხელშეწყობა;
კ) საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
ლ) სასამართლოს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;
მ) ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების განხორციელება;
ნ) ქვეყნის შიგნით და უცხო ქვეყნებში სასამართლოს წევრების, აპარატის თანამშრომლების ვიზიტების ორგანიზება, ღონისძიებებში (კონფერენცია, ფორუმი, სიმპოზიუმი და სხვა) მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა;
ო) სასამართლოს საქმიანობის საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების მხრივ კოორდინაცია და ხელშეწყობა;
პ) სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებები, მემორანდუმები, თანამშრომლობის პროგრამები და სხვა) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა; საწევრო გადასახადების უზრუნველყოფა;
ჟ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, მათი რეკომენდაციების და ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება;
რ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან სასამართლოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ს) დონორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, პროექტების ინიციირება, კოორდინაცია, განხორციელებისათვის ხელშეწყობა, აგრეთვე პროექტებსა და პროგრამებში შემდგომი ასახვის მიზნით, სასამართლოს საჭიროებების განსაზღვრა;
ტ) სამართალწარმოების მონაწილეთათვის უწყებების გაგზავნის, სხვა საშუალებებით დაბარებისა და მათი ზეპირი ინფორმირების ორგანიზება;
უ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოს თანამშრომლობის კოორდინაცია;
ფ) სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;
ქ) პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრების, სემინარების და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, მასმედიასთან ურთიერთობა;
ღ) სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მართვა;
ყ) პრესრელიზის განთავსება სასამართლოს ვებგვერდზე;
შ) ფოტო და ვიდეო არქივის შექმნის უზრუნველყოფა;
ჩ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 8. საორგანიზაციო დეპარტამენტი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზაციული ფუნქციონირების უზრუნველყოფის, ადამიანური რესურსების, მოხელეთა შეფასებისა და გამოსაცდელი ვადის მართვის, კონკურსის პროცესის ორგანიზების, საკადრო აღრიცხვის, საკადრო საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტების წარმოების და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული ამოცანების შესასრულებლად, შექმნილია საორგანიზაციო დეპარტამენტი.
2. საორგანიზაციო დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს განეკუთვნება:
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომების (რომელიც არ უკავშირდება საქმის განხილვას) ორგანიზაციული უზრუნველყოფა და შესაბამისი ოქმების წარმოება;
ბ) სარჩელების/წარდგინებების მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია და სამართალწარმოების ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა;
გ) კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, სასამართლოს აქტების შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის გაგზავნა;
დ) საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაში (eDocument) სხვა ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, დამუშავება, სისტემატიზაცია და აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისათვის დროული მიწოდება;
ე) სასამართლოს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის ორგანიზება, სასამართლოს აქტების სისტემატიზაცია;
ვ) მოქალაქეებთან კომუნიკაცია;
ზ) საოქმო და საარქივო საქმიანობის განხორციელება;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება;
ი) საბიბლიოთეკო საქმიანობის ელექტრონული წარმართვა, შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა, ასახვა საცნობარო-საძიებო საშუალებებში და ელექტრონულ საბიბლიოთეკო ცნობარში განახლება;
კ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ლ) ადამიანური რესურსების ეფექტიანად მართვის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;
მ) სასამართლოს თავმჯდომარისთვის საშტატო ნუსხის პროექტის წარდგენა;
ნ) დადგენილი წესის შესაბამისად, მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, ბრძანებების რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;
პ) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
ჟ) დასაქმებულის ან/და კანდიდატის სამსახურებრივ დანიშვნასთან, სხვა საკადრო გადაადგილებასთან, ცვლილებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღება/შემოწმება;
რ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, სამსახურებრივი შემოწმების ორგანიზება და ჩატარება;
ს) დადგენილი წესის შესაბამისად, სასამართლოში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ტ) დადგენილი წესის შესაბამისად, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
უ) მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
ფ) თანამშრომელთა პროფესიული და კარიერული განვითარების, შეფასების, დაწინაურების, მატერიალური და არამატერიალური წახალისების, აგრეთვე სხვა პროცედურების და სისტემების შემუშავება, დანერგვა და დახვეწა;
ქ) მოსამართლეებისათვის და აპარატის თანამშრომლებისათვის მოწმობების დამზადება და გაცემა;
ღ) შრომითი საქმიანობის შესახებ ცნობების გაცემა;
ყ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
შ) დეპარტამენტის საორგანიზაციო კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;
ჩ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 9. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი
1. სამართლის დოქტრინალური საკითხებისა და საუკეთესო სამოსამართლო პრაქტიკის შესახებ სამართლებრივი კვლევების მომზადების, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესების, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული პრაქტიკის ანალიზისა და განზოგადების, სასამართლო აქტების პროექტების მომზადებისა და გამოცემის მიზნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შექმნილია სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
2. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს განეკუთვნება:
ა) სასამართლოში შემოსული სარჩელებისა და წარდგინებების ანალიზი;
ბ) გადაწყვეტილებათა დასაბუთების პროცესში მოსამართლის მხარდაჭერის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დოქტრინალური და შედარებით-სამართლებრივი კვლევების მომზადება;
გ) განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტებისა და საუკეთესო პრაქტიკის კვლევა და ანალიზი;
დ) საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართლის ანალიზი და განზოგადება; საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრიორიტეტულ საკითხებზე ძირითადი ტენდენციებისა და სიახლეების კვლევა;
ე) მოსამართლის დავალებით, სარჩელების (წარდგინებების) განსახილველად მომზადების მიზნით, საჭირო მასალების ეფექტიანი დამუშავება და მომზადება;
ვ) საკონსტიტუციო სამართალწარმოების ცალკეულ ეტაპზე, საქმეების განხილვასთან და განხილულ საქმეებთან დაკავშირებით, მოსამართლის დავალებების შესრულება, მათ შორის სასამართლოს აქტების პროექტების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
ზ) განსახილველ საქმეებთან დაკავშირებით, მოსამართლეებისათვის სამართლებრივი რჩევების მიწოდება;
თ) მოსამართლის დავალებით, სარჩელების/წარდგინებების, თანდართული ან სხვა საჭირო მასალების ეფექტიანი დამუშავება, სარჩელის თაობაზე კორესპონდენციის მომზადება;
ი) სასამართლოს ჟურნალის და სხვა გამოცემების სარედაქციო და საგამომცემლო საქმიანობის უზრუნველყოფა;
კ) კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინებისა და სასამართლოს სამართლებრივი აქტების სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება;
ლ) სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 10. ეკონომიკური დეპარტამენტი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ბიუჯეტის და ფინანსური ოპერაციების მართვის, დაგეგმვის, მიზნობრივი ხარჯვისა და სამეურნეო მომსახურების უზრუნველსაყოფად, შექმნილია ეკონომიკური დეპარტამენტი.
2. ეკონომიკური დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს განეკუთვნება:
ა) სასამართლოს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და საბიუჯეტო პროცესის წარმართვა;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება და ბალანსის შედგენა;
გ) თანამშრომელთა ხელფასების გაცემა;
დ) არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის ჩატარება, ინვენტარიზაციის შედეგების დროული განსაზღვრა და ბუღალტრულ აღრიცხვაში მისი ასახვის უზრუნველყოფა;
ე) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
ვ) სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა; სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, სასამართლოს სახელით, ქონებრივი გარიგებების დადება;
ზ) ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების დაცვა;
თ) სასამართლო შენობის მოვლა-პატრონობა, დასუფთავების უზრუნველყოფა და საყოფაცხოვრებო-სამეურნეო ნარჩენების დროულად გატანა;
ი) შენობის გათბობის საკითხების ორგანიზება, აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების საწვავ-საპოხი და სათადარიგო ნაწილებით მომარაგებისათვის საჭირო განაცხადის მომზადება და უზრუნველყოფა;
კ) საწვავის ხარჯვასა და აპარატის სატელეფონო მომსახურებაზე კონტროლის დაწესება აპარატში დაშვებული ლიმიტების შესაბამისად;
ლ) სასამართლოს მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოთა ორგანიზება და ზედამხედველობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
მ) სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვის კოორდინაცია;
ნ) სტრუქტურული ერთეულის საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე;
ო) სასამართლოს საქმიანობაში თანამედროვე საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით, სასამართლოს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
პ) სასამართლოს კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფა, ლოკალური კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირების ხელშეწყობა და ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა;
ჟ) სასამართლო პროცესების აუდიო-ვიდეო ტრანსლაციისა და საკომუნიკაციო-ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
რ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 11. მანდატურის სამსახური
1. საკონსტიტუციო სასამართლოში წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სამართალდარღვევათა გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურაში შექმნილია მანდატურის სამსახური.
2. მანდატურის სამსახურის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს განეკუთვნება:
ა) სასამართლოს შენობის ტერიტორიის დაცვა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა;
ბ) სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა, წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით, სასამართლოს თავმჯდომარის და სასამართლოს სხდომის თავმჯდომარის მითითებების შესრულება;
გ) სამართალდამრღვევების გამოვლენა, აუცილებლობის შემთხვევაში სასამართლოს პლენუმის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, დაკავების ოქმის შედგენა და პოლიციისათვის გადაცემა;
დ) მანდატურის სამსახური ასრულებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321 მუხლით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 12. უფლებამოსილების დელეგირება
1. სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აპარატის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება დაეკისროს სხვა სტრუქტურული ერთეულის ფუნქციების ჯეროვან განხორციელებაში ხელშეწყობის ვალდებულება.
2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით პასუხს სცემს სასამართლოში შემოსულ კორესპონდენციას.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებით ასრულებს სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
თავი III
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 13. დებულების გადასინჯვის წესი
აპარატის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება სასამართლოს პლენუმის დადგენილებით.
მუხლი 14. დებულების ამოქმედების წესი
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2021 წლის 28 დეკემბერის №132/1 დადგენილებით დამტკიცებული საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის დებულება.
2. ეს დებულება ძალაში შევიდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.