მაია ფირანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1889 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - მანანა კობახიძე, |
ავტორ(ებ)ი | მაია ფირანაშვილი |
თარიღი | 4 სექტემბერი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი ,,ნოტარიატის შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი: ,, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) ნოტარიუსის ვინაობას, რომელსაც ის მიმართავს განცხადებით; ბ) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების ვინაობას/სახელწოდებებს; გ) მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ; დ) მითითებას იმის შესახებ, რომ შეუსრულებელი მოთხოვნა, რომლის აღსასრულებლადაც უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი, არ არის დამოკიდებული განმცხადებლის მიერ რაიმე საპასუხო (სანაცვლო) ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ე) განმცხადებლის ხელმოწერას. 2. ამ მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი: ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19
მუხლის 1-ლი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
- წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
- სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;
- სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, მაია ფირანაშვილის მიმართ გაიცა სანოტარო სააღსრულებო ფურცელი, რის შედეგადაც მის მიმართ დაიწყო აღსრულების საქმის წარმოება. სარჩელს თან ერთვის სანოტარო აქტი სააღსრულებო ფურცლის შესახებ.
- სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
- სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
- სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტით.
- კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმა ეხება სააღსრულებო ფურცლის გაცემას ნოტარიუსის მიერ. იგი არის აღსრულების ქვემდებარე აქტი.
შესაბამისად კრედიტორს შეუძლია უფლება ბოროტად გამოიყენოს და მიმართოს სააღსრულებო ფურცლისათვის ნოტარიუსს, რომელიც დაუყოვნებლივ გასცემს ამ ფურცელს და რომელიც არ ამოწმებს იმას, რომ მოვალემ ნამდვილად დაარღვია თუ არა ვალდებულება. აღნიშნული აქტის საფუძველზე კი იწყება მოვალის მიმართ აღსრულების შესახებ წარმოება. ამ შემთხვევაში მოვალეს ერთმევა შესაძლებლობა თავი დაიცვას და გამოიყენოს სამართლებრივი ბერკეტები თავისი უფლების დასაცავად, ვინაიდან სასამართლომ უნდა დაადგინოს ვალდებულების შეუსრულებლობა და შემდგომ გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყოს აღსრულების შესახებ წარმოება. სადავო ნორმის მეორე ნაწილი კი მიუთითებს , რომ ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რაც ყოვლად დაუშვებელია. სასამართლო პროცესის გარეშე პირს ეზღუდება ყველანაირი შესაძლებლობა სასამართლოს გზით, საპროცესო უფლებების განხორციელებით, ამტკიცოს სიმართლე.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აქედან გამომდინარე სადავო ნორმა მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციის ზემოთხსენებულ პრინციპთან, რაც გამოიხატება იმაში, რომ პირს ეზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება და სასამართლოს გზით თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. აღნიშნული უფლება გათვალისწინებულია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით, რომლის მიხედვითაც - ,, ყოველი ადამიანი აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.“
აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ზღუდავს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულ საპროცესო უფლებებს და იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა