ა(ა)იპ "პუბლიკა", შპს "გაზეთი ბათუმელები", ნათია ამირანაშვილი და ჯაბა ანანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
| ნომერი | N1983 |
| კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ევა გოცირიძე, |
| ავტორ(ებ)ი | ა(ა)იპ "პუბლიკა", შპს "გაზეთი ბათუმელები", ნათია ამირანაშვილი და ჯაბა ანანიძე |
| თარიღი | 30 ოქტომბერი 2026 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
|---|---|
| “საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 13¹ მუხლის მე-2 პუნქტის პირველი და მესამე წინადადებები: “სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს. [..] სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით.” - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჟურნალისტებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს სასამართლოში, მათ შორის სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში, უკრძალავს ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებას, ტრანსლაციასა და აუდიოჩაწერას და აღნიშნული საქმიანობის განხორციელებას შესაძლებელს ხდის მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. | საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.“ მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება: მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31³ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. 1.1. სარჩელის ფორმისა და დასაბუთებულობის მოთხოვნების დაცვა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს, ხოლო ამავე კანონის 31¹ მუხლი განსაზღვრავს კონსტიტუციური სარჩელის ფორმასა და შინაარსთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მითითება. მოსარჩელემ უნდა წარმოაჩინოს სადავო ნორმასა და კონსტიტუციის შესაბამის დებულებას შორის აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება და წარმოადგინოს ისეთი სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელიც გარკვეული ხარისხით მიუთითებს სადავო ნორმის შესაძლო არაკონსტიტუციურობაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინამდებარე სარჩელში იდენტიფიცირებულია სადავო ნორმატიული შინაარსი, კონსტიტუციის შესაბამისი დებულებები და დეტალურად არის დასაბუთებული: რომელი კონსტიტუციური უფლებებით დაცულ საქმიანობას ახორციელებენ მოსარჩელეები; როგორ ზღუდავს ამ საქმიანობას სადავო რეგულირება; რა ფორმით და ინტენსივობით ხორციელდება უფლებაში ჩარევა; და რატომ ვერ აკმაყოფილებს აღნიშნული ჩარევა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ გამართლების მოთხოვნებს. შესაბამისად, სარჩელი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ ფორმისა და დასაბუთებულობის მოთხოვნებს. 1.2. სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტების მიერ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებები და თავისუფლებები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული დანაწესი, ერთი მხრივ, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ანიჭებს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, გამორიცხავს actio popularis-ს, კერძოდ, ისეთი ნორმის კონსტიტუციურობის გასაჩივრებას, რომელიც მოსარჩელის უფლებრივ მდგომარეობას უშუალოდ არ შეეხება. მოსარჩელემ უნდა წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე იყო ან მომავალში დიდი ალბათობით იქნება სადავო ნორმით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი და, შესაბამისად, სადავო ნორმა მის მიმართ რეალურად მოქმედებს ან მისი გამოყენების რეალური შესაძლებლობა არსებობს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/7/1483 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9–II-10). წინამდებარე შემთხვევაში აღნიშნული წინაპირობა დაკმაყოფილებულია როგორც მოსარჩელე მედიაორგანიზაციების, ისე მოსარჩელე ჟურნალისტების მიმართ. მოსარჩელე მედიაორგანიზაციები ააიპ „პუბლიკა“ და შპს „გაზეთი ბათუმელები“ პროფესიული საქმიანობის ფარგლებში რეგულარულად აშუქებენ მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობას, მიმდინარე სასამართლო პროცესებს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებსა და სხვა საკითხებს, რომლებიც საზოგადოების ინფორმირებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. მათი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მართლმსაჯულების სფეროში ინფორმაციის უშუალოდ მოპოვება, გადამოწმება, დოკუმენტირება, ანალიზი და საზოგადოებისთვის სხვადასხვა ჟურნალისტური ფორმით მიწოდება. ამ მიზნით მედიაორგანიზაციები ამზადებენ წერილობით მასალებს, სტატიებს, ინტერვიუებს, რეპორტაჟებსა და სხვა ჟურნალისტურ პროდუქტებს, აგრეთვე იყენებენ ფოტო-, ვიდეო- და აუდიომასალებს როგორც ინფორმაციის მოპოვების, დაფიქსირებისა და გავრცელების საშუალებებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. შესაბამისად, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება თავისი შინაარსიდან გამომდინარე იცავს მოსარჩელე მედიაორგანიზაციებსაც. მოსარჩელე ჟურნალისტები ნათია ამირანაშვილი და ჯაბა ანანიძე პროფესიული საქმიანობის ფარგლებში რეგულარულად აშუქებენ მართლმსაჯულების საკითხებს, სასამართლო პროცესებსა და სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებს. ისინი ესწრებიან სასამართლო სხდომებს, უშუალოდ მოიპოვებენ და ამოწმებენ ინფორმაციას, ამზადებენ სტატიებს, ინტერვიუებს, რეპორტაჟებსა და სხვა ჟურნალისტურ მასალებს, აგრეთვე იყენებენ ფოტო-, ვიდეო- და აუდიოდოკუმენტირების საშუალებებს როგორც ინფორმაციის მოპოვების, ზუსტად დაფიქსირების, გადამოწმებისა და შემდგომი გავრცელების ინსტრუმენტებს. შესაბამისად, სადავო რეგულირება უშუალოდ შეეხება მათი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მნიშვნელოვან კომპონენტს და ზღუდავს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად განსაზღვრონ სასამართლოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და საზოგადოებისთვის მიწოდების ფორმა. მოსარჩელეთა კავშირი სადავო ნორმასთან არ არის აბსტრაქტული ან მხოლოდ სამომავლო. სადავო სამართლებრივი რეჟიმის ამოქმედების შემდეგ როგორც ააიპ „პუბლიკამ“, ისე შპს „გაზეთი ბათუმელებმა“, ასევე მოსარჩელე ჟურნალისტებმა, არაერთხელ მიმართეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონკრეტული სასამართლო სხდომების ფოტო-, ვიდეო- და აუდიოფორმით გაშუქების დაშვების მოთხოვნით. ააიპ „პუბლიკის“ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ 2025 წლის 30 ივნისს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გამოცემის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართიდან გაეგზავნა განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში განსახილველი სისხლის სამართლის საქმის სხდომის ვიდეო- და აუდიოჩაწერის ან ტრანსლაციის დაშვების მოთხოვნით. შემდგომ, 2025 წლის 1 ივლისს, მოსარჩელე ჟურნალისტმა ნათია ამირანაშვილმა საკუთარი ელექტრონული ფოსტის მისამართიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორი ცალკეული მიმართვა გაუგზავნა კონკრეტული სასამართლო პროცესების ვიდეო- და აუდიოჩაწერის ან ტრანსლაციის დაშვების მოთხოვნით. 2025 წლის 2 ივლისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნათია ამირანაშვილს ერთ-ერთ აღნიშნულ მიმართვაზე გამოეხმაურა და თანდართული დოკუმენტების სხვა ფორმატით გადაგზავნა სთხოვა. აღნიშნული პასუხი არ შეიცავდა გადაწყვეტილებას მოთხოვნილი სასამართლო სხდომის გაშუქების დაშვების ან მასზე უარის თქმის შესახებ. „პუბლიკამ“ და ნათია ამირანაშვილმა მიმართვები შემდგომ პერიოდშიც გააგრძელეს. 2025 წლის 24 ოქტომბერს ნათია ამირანაშვილმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კვლავ გაუგზავნა განცხადება სასამართლო სხდომის გადაღების დაშვების მოთხოვნით. საბჭომ იმავე დღეს მხოლოდ წერილის მიღება დაადასტურა და ნებართვის საკითხზე არსებითი გადაწყვეტილება არ უცნობებია. 2025 წლის 18 ნოემბერს ნათია ამირანაშვილმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 24 ნოემბერს გასამართ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით და შესაბამისი გაშუქების ნებართვა მოითხოვა. საბჭოს პასუხი ამ შემთხვევაშიც არ შეიცავდა მოთხოვნის არსებით გადაწყვეტას. ამრიგად, „პუბლიკის“ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალები ადასტურებს მედიაორგანიზაციისა და მოსარჩელე ჟურნალისტ ნათია ამირანაშვილის განმეორებით მცდელობას, სადავო ნორმით გათვალისწინებული წესის დაცვით მიეღო კონკრეტული სასამართლო პროცესების აუდიოვიზუალური გაშუქების შესაძლებლობა. იმ შემთხვევებში, როდესაც საბჭოსგან რაიმე სახის უკუკავშირი არსებობდა, იგი შემოიფარგლებოდა ტექნიკური ან პროცედურული მითითებით ან წერილის მიღების დადასტურებით და არ შეიცავდა მოთხოვნილი ნებართვის გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ არსებით გადაწყვეტილებას. ანალოგიური პრაქტიკა დასტურდება შპს „გაზეთი ბათუმელების“ მიმართ. 2025 წლის 1 ივლისს „გაზეთი ბათუმელები“ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა 4 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფოტო-, ვიდეოგადაღებისა და აუდიოჩაწერის დაშვების მოთხოვნით. ანალოგიური მოთხოვნა საბჭოს წარედგინა 11 ივლისს, 14 ივლისის სხდომასთან დაკავშირებით; 16 ივლისს, 21 ივლისის სხდომასთან დაკავშირებით; 23 ივლისს, 1 აგვისტოს სხდომასთან დაკავშირებით; და 4 აგვისტოს, იმავე დღეს ჩანიშნულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით. მზია ამაღლობელის საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე „გაზეთი ბათუმელები“ კვლავ განაგრძობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მიმართვას. 2025 წლის 24 ოქტომბერს მედიაორგანიზაციამ მოითხოვა 28 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული სხდომის ფოტო-, ვიდეოგადაღებისა და აუდიოჩაწერის დაშვება; 5 ნოემბერს ანალოგიური მოთხოვნა წარადგინა 11 ნოემბრის სხდომასთან დაკავშირებით; ხოლო 13 ნოემბერს საბჭოს ორი ცალკეული განცხადებით მიმართა 14 და 18 ნოემბერს ჩანიშნული სხდომების გასაშუქებლად. ამრიგად, მხოლოდ წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ შპს „გაზეთი ბათუმელებმა“ 2025 წლის 1 ივლისიდან 13 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სულ მცირე ცხრაჯერ მიმართა კონკრეტული სასამართლო სხდომის ფოტო-, ვიდეო- და აუდიოფორმით გაშუქების დაშვების მოთხოვნით. აღნიშნული მიმართვები არ ყოფილა ზოგადი ან აბსტრაქტული ხასიათის. თითოეულ შემთხვევაში იდენტიფიცირებული იყო კონკრეტული სასამართლო, საქმე და სასამართლო სხდომა, რომლის ჟურნალისტური გაშუქების შესაძლებლობასაც მედიაორგანიზაცია ითხოვდა. აღნიშნულ მიმართვებზე მოსარჩელეებს არ მიუღიათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც კონკრეტული სასამართლო სხდომის ფოტო-, ვიდეო- ან აუდიოფორმით გაშუქების საკითხი არსებითად გადაწყდებოდა. „პუბლიკის“ შემთხვევაში არსებული წერილობითი უკუკავშირიც ადასტურებს, რომ საბჭო რიგ შემთხვევებში მხოლოდ ტექნიკურ ან პროცედურულ მითითებებს გასცემდა ან მიმართვის მიღებას ადასტურებდა, თუმცა ნებართვის საკითხს არსებითად არ წყვეტდა. აღნიშნულ გარემოებას განსაკუთრებული სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს სადავო ნორმის შინაარსიდან გამომდინარე. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 13¹ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ჟურნალისტური საქმიანობა შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილების არარსებობა ჟურნალისტს არ უტოვებს გადაღების თავისუფლებას. ასეთ ვითარებაში ძალაში რჩება კანონით დადგენილი ზოგადი აკრძალვა. ამდენად, წინამდებარე საქმე არ შეეხება სადავო ნორმის მოსარჩელეთა მიმართ გამოყენების მხოლოდ თეორიულ შესაძლებლობას. მოსარჩელეები არაერთხელ ცდილობდნენ სადავო ნორმით გათვალისწინებული მექანიზმის გამოყენებას. შესაბამისად, სადავო ნორმით შექმნილი სამართლებრივი რეჟიმი შეეხო როგორც მედიაორგანიზაციების ინსტიტუციურ საქმიანობას, ისე უშუალოდ კონკრეტული ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას. მოსარჩელეთა უფლებრივი ინტერესი არც უკვე მომხდარი შემთხვევებით ამოიწურება. ააიპ „პუბლიკა“, შპს „გაზეთი ბათუმელები“, ნათია ამირანაშვილი და ჯაბა ანანიძე აგრძელებენ მართლმსაჯულების სფეროს, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სასამართლო პროცესების გაშუქებას. მათი პროფესიული საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე, არსებობს რეალური და მაღალი ალბათობა, რომ მომავალშიც წარმოეშობათ სასამართლო სხდომებისა და სასამართლოს სივრცეში მიმდინარე სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენების ფოტო-, ვიდეო- ან აუდიოფორმით დოკუმენტირების საჭიროება და კვლავ მოექცევიან სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის მოქმედების ქვეშ. 1.3. სარჩელში დასმული საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ფიზიკური და იურიდიული პირების სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ძირითად უფლებებთან მიმართებით. წინამდებარე სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 13¹ მუხლის მე-2 პუნქტის პირველი და მესამე წინადადებებით დადგენილი ნორმატიული შინაარსის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ უფლებებთან. შესაბამისად, დავის საგანი სრულად განეკუთვნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას. 1.4. სარჩელში დასმული საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არსებითად გადაწყვეტილი არ არის წინამდებარე სარჩელით დასმულ კონსტიტუციურსამართლებრივ საკითხზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითი გადაწყვეტილება არ მიუღია, არ არსებობს სასამართლოს ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც წინამდებარე სარჩელში დაყენებული საკითხი უკვე არსებითად იქნებოდა გადაწყვეტილი. მართალია, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი სასამართლოს წინაშე დაისვა სხვა კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 8 ოქტომბრის №3/12/1884 განჩინებით საქმეზე „შპს „ილიონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითად განსახილველად არ იქნა მიღებული კონსტიტუციური სარჩელი. აღნიშნულ საქმეში სასამართლოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე არსებითად არ უმსჯელია. №1884 კონსტიტუციური სარჩელის მიუღებლობის საფუძველი იყო სარჩელის არასაკმარისი დასაბუთებულობა. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა წარმოდგენილი არგუმენტაცია იმის შესახებ, თუ უფლებით დაცულ კონკრეტულად რომელ ასპექტს ზღუდავდა სადავო წესი და როგორ უქმნიდა იგი საფრთხეს მოსარჩელის სამაუწყებლო საქმიანობას ან მის მიერ ინფორმაციის გავრცელების უფლებით სარგებლობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 8 ოქტომბრის №3/12/1884 განჩინება საქმეზე „შპს „ილიონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3–II-4). სწორედ აღნიშნული დასაბუთების ნაკლებობის გამო სასამართლომ სარჩელი დაუსაბუთებლად მიიჩნია და არსებითად განსახილველად არ მიიღო (იქვე, II-5 და სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი). 1.5. არსებითად განსახილველად მიუღებლობის სხვა საფუძვლები არ არსებობს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები განსაზღვრავს დაცული უფლებების შინაარსს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტი - მათი შეზღუდვის კონსტიტუციურად დასაშვებ მიზნებსა და პირობებს. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი დამატებით ადგენს ძირითადი უფლების შეზღუდვის თანაზომიერების ზოგად მოთხოვნას. შესაბამისად, არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31³ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიუღებლობის საფუძველი. წინამდებარე კატეგორიის კონსტიტუციური სარჩელის წარდგენისათვის კანონმდებლობით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ისეთი ვადა, რომლის დარღვევაც სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობას გამოიწვევდა. ამასთან, სადავოდ არის გამხდარი უშუალოდ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ორგანული კანონის ნორმატიული შინაარსი და არა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. შესაბამისად, არ დგას ისეთი იერარქიულად ზემდგომი, სარჩელით გაუსაჩივრებელი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შეფასების აუცილებლობის საკითხი, რომელიც სადავო ნორმის სრულფასოვან კონსტიტუციურ კონტროლს შეუძლებელს გახდიდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ და მატერიალურ წინაპირობებს და არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31³ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის რომელიმე საფუძველი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. სადავო ნორმის შინაარსი და საკანონმდებლო განვითარება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლი განამტკიცებს სასამართლოში საქმის განხილვის საქვეყნოობის პრინციპს. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოში ყველა საქმე, როგორც წესი, განიხილება ღია სხდომაზე; დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში ცხადდება საქვეყნოდ. უშუალოდ ამ ნორმის შემდეგ განთავსებული 13¹ მუხლი სპეციალურად აწესრიგებს სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებას და განსაზღვრავს სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო-, ვიდეო- და აუდიოჩაწერისა და ტრანსლაციის სამართლებრივ რეჟიმს. შესაბამისად, სადავო 13¹ მუხლის მე-2 პუნქტი უნდა იქნეს გააზრებული სასამართლო პროცესის საქვეყნოობის ზოგადი პრინციპის ფარგლებში მოქმედ სპეციალურ ნორმად. ამ რეგულირების შინაარსისა და მასშტაბის სრულყოფილად წარმოსაჩენად მნიშვნელოვანია მისი საკანონმდებლო განვითარების განხილვა. სასამართლო პროცესის აუდიოვიზუალური გაშუქების მოქმედი რეჟიმი მნიშვნელოვნად განსხვავდება როგორც 2013 წლის რეფორმის შედეგად ჩამოყალიბებული მოდელისგან, ისე 2013 წლამდე არსებული წესისგან. 1.1. 2013 წლამდე მოქმედი სამართლებრივი რეჟიმი სასამართლოში ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების ზოგადი აკრძალვის მოდელი ქართულ კანონმდებლობაში 2013 წლის რეფორმამდე უკვე არსებობდა. კერძოდ, 2007 წლის 11 ივლისის №5288–რს ორგანული კანონით იმდროინდელი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ სასამართლოს შენობაში და სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იყო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებდა. სასამართლოს შეეძლო კანონთან შესაბამისობის პირობით გაევრცელებინა მის ხელთ არსებული ფოტო-, კინო- და ვიდეომასალა. ამასთან, იმდროინდელი რეგულირება ერთმანეთისგან მკაფიოდ განასხვავებდა ვიზუალურ გადაღებასა და ტრანსლაციას, ერთი მხრივ, და სტენოგრაფირებასა და აუდიოჩაწერას, მეორე მხრივ. ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებისა და ტრანსლაციისაგან განსხვავებით, აუდიოჩაწერა ზოგადად აკრძალული არ ყოფილა: სასამართლო სხდომის სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა დაიშვებოდა სასამართლოს ან მოსამართლის მიერ დადგენილი წესით, ხოლო აღნიშნული უფლების შეზღუდვა შესაძლებელი იყო სასამართლოს ან მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილებით. 2009 წლის 4 დეკემბერს მიღებულმა ახალმა ორგანულმა კანონმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ აღნიშნული მოდელი არსებითად უცვლელად გადაიტანა მე-13 მუხლის მე-4 პუნქტში. ამავე დროს, კანონის მე-6 მუხლი მართლმსაჯულების განხორციელების ერთ-ერთ ძირითად პრინციპად საქვეყნოობას ასახელებდა, ხოლო მე-13 მუხლის პირველი სამი პუნქტი ადგენდა ღია სასამართლო სხდომის პრეზუმფციას, დახურული სხდომის მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაშვებასა და სასამართლო გადაწყვეტილების საქვეყნოდ გამოცხადების წესს. ამის მიუხედავად, მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი კვლავ ადგენდა სასამართლოს შენობასა და სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებისა და ტრანსლაციის ზოგად აკრძალვას, სასამართლოს ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული გადაღების გარდა; აუდიოჩაწერა კი კვლავ შესაძლებელი იყო მოსამართლის მიერ დადგენილი წესით და მისი შეზღუდვა მოითხოვდა მოტივირებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, უშუალოდ 2013 წლის რეფორმამდე მოქმედი რეჟიმი ხასიათდებოდა ვიზუალური გადაღებისა და ტრანსლაციის აკრძალვის პრეზუმფციით, თუმცა იგი არ გულისხმობდა ყველა სახის ინფორმაციის ტექნიკური საშუალებით დაფიქსირების სრულ აკრძალვას: აუდიოჩაწერის მიმართ კანონმდებელი განსხვავებულ და შედარებით ნაკლებად შემზღუდველ რეჟიმს ადგენდა. 1.2. 2013 წლის რეფორმა: ზოგადი აკრძალვიდან დიფერენცირებულ რეჟიმზე გადასვლა 2013 წლის ცვლილებებს წინ უძღოდა მოქმედი რეგულირების მიზნობრივი გადახედვა სასამართლო პროცესის საქვეყნოობისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით. შესაბამისი კანონპროექტის ოფიციალურ განმარტებით ბარათში კანონმდებელმა პირდაპირ მიუთითა, რომ იმ დროისთვის არსებული რედაქციით „სრულად არ არის უზრუნველყოფილი საქმის განხილვის საქვეყნოობის პრინციპი“, ვინაიდან საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იყო, გარდა სასამართლოს ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გადაღებისა. რეფორმის ერთ-ერთ მიზნად დასახელებული იყო „სასამართლო ხელისუფლების მეტი დემოკრატიულობისა და საქვეყნოობის პრინციპის ჯეროვანი უზრუნველყოფა“, რისთვისაც კანონპროექტი ითვალისწინებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისა და კერძო პირებისათვის სასამართლო პროცესის აუდიო- და ვიდეოგადაღების შესაძლებლობების გაფართოებას. 2013 წლის 6 მარტის №260 ორგანული კანონით მე-13 მუხლის ძველი მე-4 პუნქტი გაუქმდა და ორგანულ კანონს დაემატა ახალი, სპეციალური 13¹ მუხლი - „სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება“. ამ ცვლილებით სასამართლო პროცესის გაშუქების სამართლებრივი არქიტექტურა არსებითად შეიცვალა. უპირველესად, სასამართლოს დაეკისრა საკუთარი ინიციატივით სასამართლო პროცესის აუდიო- და ვიდეოჩაწერის ვალდებულება. თავდაპირველი რედაქცია სასამართლოს ავალდებულებდა, მოთხოვნისთანავე უზრუნველეყო ჩანაწერის ხელმისაწვდომობა მხარეებისა და სხვა პირებისთვისაც, გარდა დახურული სხდომის შემთხვევებისა. მეორე მხრივ, საზოგადოებრივ მაუწყებელს მიენიჭა ღია სასამართლო პროცესის ფოტოგადაღების, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერისა და ეთერში გადაცემის უფლებამოსილება, ხოლო მასვე დაეკისრა მიღებული ჩანაწერის მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე გადაცემის ვალდებულება. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ უფლებამოსილებას არ გამოიყენებდა, იგი შეიძლებოდა განეხორციელებინა კანონით განსაზღვრულ სხვა მაუწყებელს. 2013 წლის 6 მარტის თავდაპირველი რედაქცია აგრეთვე ითვალისწინებდა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების, მხარეებისა და სხვა პირების შესაძლებლობას, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე და სასამართლოს თანხმობით განეხორციელებინათ სასამართლო სხდომის ფოტოგადაღება და ვიდეოჩაწერა; ამ უფლების შეზღუდვა კი სასამართლოს ან მოსამართლის მოტივირებულ განჩინებას მოითხოვდა. სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს ჰქონდა უფლება, თავისი ადგილიდან განეხორციელებინა სხდომის აუდიოჩაწერა. კანონმდებელმა პარალელურად დაადგინა ქცევის კონკრეტული წესები - დაუშვებელი იყო მოძრაობა, ხმაური, განათების ან სხვა ემისიის გამოყენება, რომელიც მართლმსაჯულების ნორმალურ მიმდინარეობას შეუშლიდა ხელს. რეფორმამ ცალკე გაითვალისწინა ნაფიც მსაჯულთა დაცვაც: მათი მონაწილეობით მიმდინარე სხდომის გაშუქება უნდა განხორციელებულიყო ნაფიცი მსაჯულების გადაღებისა და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გამხელის გარეშე. ამასთანავე, კანონმა პირდაპირ დაუშვა სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა. ამრიგად, 2013 წლის რეფორმის საფუძველზე კანონმდებელმა სასამართლო პროცესის გაშუქება აღარ მოაწესრიგა ერთი საერთო აკრძალვით. შეიქმნა დიფერენცირებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც ერთმანეთისგან განასხვავებდა სასამართლოს ოფიციალურ ჩანაწერს, მედიის მიერ პროცესის აუდიოვიზუალურ გაშუქებას, ნებისმიერ პირთან მიმართებით აუდიოჩაწერას, სასამართლო დარბაზში გადაღების წესებს, განსაკუთრებულად დასაცავ პირებსა და სასამართლოს შენობის გარეთ/სხვა სივრცეებში ჟურნალისტურ საქმიანობას. 1.3. 2013-2025 წლებში მოქმედი დიფერენცირებული მოდელი 2013 წლის 1 მაისის №580 ორგანული კანონით 13¹ მუხლის ცალკეული ელემენტები შემდგომ დაიხვეწა. საბოლოოდ ჩამოყალიბებული მოდელი, რომელიც თავისი ძირითადი არქიტექტურით 2025 წლის ივნისამდე მოქმედებდა, რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებულ გარანტიასა და შეზღუდვას შეიცავდა. პირველი, კვლავ ძალაში დარჩა სასამართლოს ვალდებულება, თავად განეხორციელებინა სასამართლო პროცესის აუდიო- და ვიდეოჩაწერა. მეორე, საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდა ღია სასამართლო პროცესის ფოტოგადაღების, კინო-, ვიდეო- და აუდიოჩაწერის უფლებამოსილება და ევალებოდა ჩანაწერის მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მოთხოვნისთანავე გადაცემა. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ უფლებამოსილებას არ იყენებდა, იგი კანონით განსაზღვრული პროცედურით შეიძლებოდა განეხორციელებინა სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს. 2015 წლის 12 ივნისის №3696 ორგანული კანონით სწორედ ამ სუბიექტის საკანონმდებლო განსაზღვრება დაზუსტდა, თუმცა რეგულირების ძირითადი არქიტექტურა არ შეცვლილა. მესამე, სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტოგადაღება, კინო- და ვიდეოჩაწერა უნდა განხორციელებულიყო სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან. ამასთანავე, სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს ჰქონდა უფლება, სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განეხორციელებინა სხდომის აუდიოჩაწერა. კანონმდებელი პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფდა არა ყველა სახის გადაღების საერთო აკრძალვით, არამედ უშუალოდ იმ ქცევების აკრძალვით - მოძრაობა, ხმაური, შუქი ან სხვა ემისია - რომლებიც მართლმსაჯულების განხორციელების ნორმალურ პროცესს უშლიდა ხელს. მეოთხე, კანონში არსებობდა კონკრეტულ რისკებზე მორგებული სპეციალური დაცვის მექანიზმები. ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით მიმდინარე პროცესის გადაღება მათი გამოსახულებისა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გამხელის გარეშე უნდა განხორციელებულიყო. ხოლო თუ ამას დაზარალებულის ან მოწმის უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვდა, მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეეძლო აეკრძალა დაზარალებულის ან/და მოწმის გადაღება და მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან სხვა პერსონალური მონაცემების გამხელა. მეხუთე, 13¹ მუხლის მე-7 პუნქტი ცალკე არეგულირებდა სასამართლოს იმ სივრცეებს, რომლებიც უშუალოდ სხდომის დარბაზს არ წარმოადგენდა. აღნიშნული ნორმით სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტო-, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა ნებადართული იყო ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ამავე პუნქტით დაუშვებელი იყო სასამართლოს შენობაში კანონიერად შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერისა და ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა. ამრიგად, 2013 წლიდან 2025 წლის ივნისამდე მოქმედი მოდელი ეფუძნებოდა არა ყველა პირისა და ყველა სივრცის მიმართ ერთგვაროვან აკრძალვას, არამედ სივრცის, გადაღების ფორმის, სუბიექტისა და დასაცავი ინტერესის მიხედვით დიფერენცირებულ რეგულირებას. 1.4. 2013 წლის რეფორმის შემდგომი შეფასება საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წელს დანერგილი უფრო ღია და დიფერენცირებული მოდელი საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ დოკუმენტებში შემდგომ წლებშიც დადებით რეფორმად იყო შეფასებული. აღნიშნული შეფასებები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ასახავს თავად კანონმდებლის დამოკიდებულებას იმ სამართლებრივი მოდელის მიმართ, რომელიც 2025 წლამდე მოქმედებდა. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2012-2013 წლების საქმიანობის ოფიციალურ ანგარიშში ცვლილება პირდაპირ არის დასახელებული კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ ღონისძიებად. ანგარიშში მითითებულია, რომ „სასამართლო პროცესის საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის განმტკიცების მიზნით“ კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლითაც დარეგულირდა სასამართლო სხდომების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების, ფოტო-, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერისა და ეთერში გადაცემის საკითხები. საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წელს შემუშავებულ სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში 2013-2021 წლებში განხორციელებულ მიღწევათა ჩამონათვალის მე-11 პუნქტად მითითებულია, რომ „გაიზარდა სასამართლო სხდომის გამჭვირვალობა და დაიხვეწა სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების წესები“. 2023 წელს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავდა საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც ითვალისწინებდა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ღია სისხლის სამართლის პროცესების ფოტო-, ვიდეო- და აუდიოჩაწერის უფლებამოსილების შეზღუდვას. კომიტეტმა აღნიშნული წინადადება უარყო. 2023 წლის 31 მარტის №2-4631/23 დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2013 წლის ცვლილებებით „მნიშვნელოვნად გაიზარდა სასამართლო სხდომის გამჭვირვალობა“, ხელი შეეწყო საქვეყნოობის პრინციპის უზრუნველყოფას და შესაბამისი ცვლილება 2013 წლიდან ქართული მართლმსაჯულების ინსტიტუციური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფორმას წარმოადგენდა. ამავე დასკვნით კომიტეტმა მიუთითა, რომ შემოთავაზებული შეზღუდვა „აკნინებს ზემოხსენებული რეფორმის არსს“. ამრიგად, 2013 წელს ჩამოყალიბებული მოდელი მხოლოდ მისი მიღების პერიოდში არ ყოფილა შეფასებული სასამართლოს საჯაროობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესების საშუალებად. პარლამენტის ოფიციალურ დოკუმენტებში მსგავსი შეფასება წლების შემდეგაც შენარჩუნდა. 1.5. 2025 წლის ცვლილება: რეგულირების არქიტექტურის არსებითი შეცვლა 2025 წელს საკანონმდებლო მიდგომა არსებითად შეიცვალა. ამ ცვლილების ისტორიისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოოდ მიღებული ნორმის ტექსტი, არამედ ისიც, თუ როგორ შეიცვალა პროექტი საპარლამენტო განხილვის პროცესში. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების ინიციირებული პროექტი (რეგისტრაციის №07-3/74/11) ითვალისწინებდა 13¹ მუხლის მე-2 პუნქტის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას და ამავე მუხლის მე-3–მე-7 პუნქტების სრულად ამოღებას. პროექტის თავდაპირველი ვერსიით, სასამართლოში, რაც ტექსტში პირდაპირ მოიცავდა სასამართლოს შენობას, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოს, ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია ზოგადად იკრძალებოდა, გარდა სასამართლოს ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული გადაღებისა. თუმცა პროექტის ამ ეტაპზე სასამართლო სხდომის ვიდეო- და აუდიოჩაწერა შეიძლებოდა დაშვებულიყო დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით. საპარლამენტო განხილვის პროცესში ეს მოდელი შეიცვალა. მესამე მოსმენისთვის მომზადებულ პროექტში კონკრეტული საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი აღარ არსებობდა. მის ნაცვლად განისაზღვრა, რომ სასამართლო სხდომის ვიდეო- და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია, შეიძლებოდა დაშვებულიყო მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით. ამავე პროექტით კვლავ გათვალისწინებული იყო 13¹ მუხლის მე-3–მე-7 პუნქტების ამოღება. ამგვარად, საკანონმდებლო პროცესის ფარგლებში შეიცვალა არა მხოლოდ გადაღების დაშვების სამართლებრივი წინაპირობები, არამედ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოც: ინიცირებული პროექტით გადაწყვეტილებას იღებდა კონკრეტული საქმის განმხილველი მოსამართლე, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე და მოტივირებული გადაწყვეტილებით; საბოლოო საკანონმდებლო მოდელში კი შესაბამისი უფლებამოსილება გადაეცა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და იგი დაუკავშირდა საბჭოს მიერ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებას. 2025 წლის 26 ივნისის №827 ორგანული კანონით 13¹ მუხლის მე-3–მე-7 პუნქტები გაუქმდა. ამით ორგანული კანონიდან ამოიღეს ის სპეციალური წესები, რომლებიც ამ მუხლის ფარგლებში არეგულირებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სასამართლო პროცესის გადაღებას და სხვა მედიისთვის ჩანაწერის გადაცემას, ალტერნატიული მაუწყებლის მექანიზმს, სასამართლო დარბაზში აუდიოჩაწერის უფლებას, ნაფიცი მსაჯულების, დაზარალებულებისა და მოწმეების გადაღებასთან დაკავშირებულ სპეციალურ წესებს, აგრეთვე სასამართლოს ეზოსა და დერეფანში გადაღებისა და პირადი ტექნიკური საშუალებების შენარჩუნების სპეციალურ გარანტიებს. 26 ივნისის ცვლილების შედეგად მე-2 პუნქტი უკვე ადგენდა სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზსა და ეზოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებისა და ტრანსლაციის ზოგად აკრძალვას, ხოლო სასამართლო სხდომის ვიდეო- და აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულიყო მხოლოდ კონკრეტულ სხდომასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. თუმცა რეგულირების გაფართოება ამით არ დასრულებულა. 2025 წლის 2 ივლისის №921 ორგანული კანონით მე-2 პუნქტის ფორმულირება კიდევ ერთხელ შეიცვალა. სწორედ ამ ცვლილების შედეგად აუდიოჩაწერა პირდაპირ დაემატა პირველი წინადადებით დადგენილ ზოგად აკრძალვას; აუდიოჩანაწერი დაემატა სასამართლოს მიერ გასავრცელებელი მასალების ჩამონათვალსაც; ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შესაძლო დაშვების ობიექტად უკვე პირდაპირ განისაზღვრა ყველა ჩამოთვლილი ფორმა: ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია. ეს არის სადავო ნორმის დღეს მოქმედი ფორმულირება. 1.6. სადავო ნორმის დღეს მოქმედი შინაარსი დღეს მოქმედი 13¹ მუხლი ორი არსებითად განსხვავებული წესისაგან შედგება. 1.6.1. სასამართლოს მიერ აუდიო-ვიდეოჩაწერა 13¹ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო თავად არის ვალდებული უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო- და ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს ამ ჩანაწერის მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა. დახურული სხდომის შემთხვევაში მხარეებს ჩანაწერის გაუმჟღავნებლობის ვალდებულება ეკისრებათ. 1.6.2. სხვა პირების მიერ გადაღებისა და ჩაწერის ზოგადი აკრძალვა 13¹ მუხლის მე-2 პუნქტი საპირისპირო საწყის წესს ადგენს: ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა დაუშვებელია, თუ თავად სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი არ ახორციელებს შესაბამის მოქმედებას. აკრძალვის სივრცითი ფარგლები კანონში პირდაპირ და ამომწურავად ფართოდ არის განსაზღვრული. ამ პუნქტის მიზნებისათვის „სასამართლოში“ იგულისხმება: სასამართლოს შენობა; სასამართლო სხდომის დარბაზი; სასამართლოს ეზო.ამდენად, მოქმედი ნორმა ერთი საერთო სამართლებრივი რეჟიმის ქვეშ აქცევს როგორც უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზს, ისე სასამართლოს შენობის სხვა ნაწილებს და სასამართლოს ეზოს. აკრძალვის საგნობრივი ფარგლებიც ფართოა და მოიცავს ინფორმაციის აუდიოვიზუალურად დაფიქსირებისა და გავრცელების პრაქტიკულად ყველა ძირითად ფორმას: ფოტოგადაღებას, კინოგადაღებას, ვიდეოგადაღებას, აუდიოჩაწერასა და ტრანსლაციას. მოქმედი ნორმა ამ სხვადასხვა ფორმას ზოგადი აკრძალვის დადგენის ეტაპზე ერთმანეთისგან არ განასხვავებს. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ 13¹ მუხლის სათაურია „სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება“, მე-2 პუნქტით დადგენილი აკრძალვის ადრესატი ტექსტობრივად არ შემოიფარგლება მხოლოდ მედიასაშუალებებით ან ჟურნალისტებით. აკრძალვა ჩამოყალიბებულია ქმედების გადაღების, ჩაწერის ან ტრანსლაციის მიხედვით და მოქმედებს ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც შესაბამის მოქმედებას ახორციელებს. 1.6.3. აკრძალვიდან გამონაკლისები სადავო ნორმა ზოგადი აკრძალვიდან ორ განსხვავებულ მექანიზმს ითვალისწინებს. პირველი გამონაკლისი ეხება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს. მათ შეუძლიათ თავად განახორციელონ შესაბამისი გადაღება და ჩაწერა. ამასთან, სასამართლოს „შეუძლია“ გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებისა და აუდიოჩაწერის მასალები, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება. შესაბამისად, ნორმა სასამართლოს ანიჭებს აღნიშნული მასალის გავრცელების უფლებამოსილებას, თუმცა მე-2 პუნქტი არ ადგენს მედიისათვის ან სხვა პირისთვის ამ მასალის გადაცემის მოთხოვნის დამოუკიდებელ, უპირობო უფლებას. მეორე გამონაკლისი უკავშირდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას. სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაიშვას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით. შესაბამისად, კანონით დადგენილი საწყისი მდგომარეობაა აკრძალვა, ხოლო გარეშე პირის მიერ შესაბამისი ქმედების განხორციელება წარმოადგენს გამონაკლისს, რომლის ამოქმედებაც დამოკიდებულია საბჭოს მიერ ინდივიდუალურ სხდომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაზე. სადავო მე-2 პუნქტის ტექსტი თავად არ განსაზღვრავს, რა მატერიალური კრიტერიუმების საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკრეტულ სხდომაზე გადაღების დაშვების საკითხი; რა გარემოებები უნდა იქნეს გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას; რა ვადაში უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული; მოითხოვება თუ არა უარის დასაბუთება; რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება მოთხოვნაზე პასუხის გაუცემლობას; ან როგორ უნდა იმოქმედოს ნებართვის მექანიზმმა გადაუდებლად ჩანიშნული ან განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სხდომის შემთხვევაში. აღნიშნული საკითხები სადავო ნორმის ტექსტში მოწესრიგებული არ არის. განსაკუთრებით საყურადღებოა ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო პროცესში მომხდარი ცვლილება: ინიციირებული პროექტი პირდაპირ საუბრობდა „დასაბუთებულ შუამდგომლობაზე“ და „მოსამართლის მიერ მიღებულ მოტივირებულ გადაწყვეტილებაზე“, მაშინ როდესაც საბოლოო ტექსტში ეს კრიტერიუმები აღარ გვხვდება და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. 1.6.4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №76 დადგენილება 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო 2025 წლის 17 ივლისის №76 დადგენილება „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესის დამტკიცების შესახებ“. თავად დადგენილება პირდაპირ მიუთითებს, რომ მისი მიზანია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 13¹ მუხლის მე-2 პუნქტით დაწესებული აკრძალვების აღსრულება. №76 დადგენილებით დამტკიცებული წესი დეტალურად აწესრიგებს აკრძალვის პრაქტიკული აღსრულების ცალკეულ მექანიზმებს. კერძოდ, სასამართლოში, მათ შორის სასამართლოს ეზოსა და შენობაში, პირის შესვლისას მანდატურმა ვიზუალურად უნდა შეამოწმოს, ხომ არ აქვს პირს ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის ან აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალება, გარდა მობილური ტელეფონისა. ასეთი საშუალების აღმოჩენის შემთხვევაში მანდატური უფლებამოსილია არ დაუშვას მისი შეტანა და მფლობელს შესთავაზოს მისი დროებით შესანახად ჩაბარება. სასამართლო სხდომის დარბაზთან მიმართებით წესი კიდევ უფრო ფართოა და მანდატურს ანიჭებს უფლებამოსილებას, არ დაუშვას დარბაზში შესაბამისი ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების შეტანა ან გამოყენება, მათ შორის მობილური ტელეფონისა და ისეთი ნივთისაც, რომელიც გარეგნულად შეიძლება არ წარმოადგენდეს ასეთ საშუალებას, თუმცა ვიზუალური დათვალიერების შედეგად შესაბამის ვარაუდს წარმოშობს. აღნიშნული წესების შინაარსი ასახულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერაც. ამავე დროს, №76 დადგენილება არ ავსებს ორგანული კანონით შექმნილი ნებართვის რეჟიმის. იგი არ განსაზღვრავს, რა მატერიალური კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკრეტული სასამართლო სხდომის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, აუდიოჩაწერის ან ტრანსლაციის დაშვების საკითხის გადაწყვეტისას; რა გარემოებები უნდა შეფასდეს; რა შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს ან არ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა; რა ვადაში უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული; უნდა იყოს თუ არა უარი დასაბუთებული; ან რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობას. შესაბამისად, 2025 წელს ჩამოყალიბებული რეგულირების ერთ-ერთი თავისებურება სწორედ ეს ასიმეტრიაა: აკრძალვის აღსრულება დეტალურად არის მოწესრიგებული, ხოლო აკრძალვიდან გამონაკლისის დაშვების მატერიალური კრიტერიუმები და დროული პროცედურული გარანტიები განსაზღვრული არ არის. შედეგად, კანონმდებლობა კონკრეტულად ადგენს, როგორ უნდა აღიკვეთოს გადაღება, თუმცა არ ქმნის ანალოგიურად განსაზღვრულ სამართლებრივ ჩარჩოს იმისთვის, თუ როგორ და რა საფუძვლით უნდა მიიღოს მედიამ ნებართვა კანონით დასაშვებ გამონაკლის შემთხვევაში. 2. სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსი წინა თავში აღწერილი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 13¹ მუხლის მე-2 პუნქტით ჩამოყალიბდა სამართლებრივი რეჟიმი, რომლის არსის დასადგენად მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს: კანონით დადგენილი საწყისი აკრძალვა, ამ აკრძალვის საგნობრივი და სივრცითი მასშტაბი, მისი მოხსნის მექანიზმი და აღნიშნული მექანიზმის პრაქტიკული მოქმედება. 2.1. აკრძალვა როგორც ზოგადი წესი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 13¹ მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად: „სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს.“ ნორმის ტექსტიდან გამომდინარე, სასამართლოში შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დაფიქსირების საწყისი სამართლებრივი მდგომარეობა არის აკრძალვა. მისი მოქმედებისთვის არ არის საჭირო კონკრეტულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებული საფრთხის არსებობის დადგენა, ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება ან რაიმე დამატებითი სამართლებრივი აქტის გამოცემა. აკრძალვა უშუალოდ კანონიდან გამომდინარეობს და ავტომატურად ვრცელდება ნორმით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის მოქმედებასა და სივრცეზე. ამ წესიდან თავად პირველი წინადადება გამოყოფს სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებულ გადაღებას. სხვა პირების, მათ შორის ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მიმართ კი მოქმედებს კანონით დადგენილი საწყისი აკრძალვა. 2.2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადებითი გადაწყვეტილება, როგორც გამონაკლისის აუცილებელი პირობა 13¹ მუხლის მე-2 პუნქტის მესამე წინადადების თანახმად: „სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით.“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება არ ქმნის გადაღების აკრძალვას. აკრძალვა უკვე დადგენილია კანონის პირველი წინადადებით. საბჭოს დადებითი გადაწყვეტილება წარმოადგენს იმ აუცილებელ სამართლებრივ წინაპირობას, რომლის არსებობის შემთხვევაშიც კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით შესაძლებელია კანონით უკვე მოქმედი აკრძალვის მოხსნა. შესაბამისად, ჟურნალისტს ან მედიასაშუალებას არ აქვს შესაძლებლობა განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა მანამ, სანამ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დადებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი რეჟიმის საწყისი მდგომარეობა არის აკრძალვა, ხოლო გადაღების, ჩაწერის ან ტრანსლაციის შესაძლებლობა წარმოადგენს გამონაკლისს, რომლის რეალიზებაც საბჭოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. სადავო ნორმის კონსტრუქციიდან პირდაპირ გამომდინარეობს საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობის პრაქტიკული სამართლებრივი შედეგიც. ვინაიდან ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია კანონით საწყისად აკრძალულია და მათი დაშვება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, საბჭოს დუმილი აკრძალვას არ აუქმებს. პირიქით, დადებითი გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში კანონით დადგენილი აკრძალვა კვლავ სრულად მოქმედებს. შესაბამისად, ნებართვის მაძიებელი ჟურნალისტის ან მედიასაშუალების თვალსაზრისით, მოთხოვნის ფორმალურად უარყოფასა და მოთხოვნაზე გადაწყვეტილების საერთოდ მიუღებლობას ერთი და იგივე პრაქტიკული და სამართლებრივი შედეგი აქვს: შესაბამისი საქმიანობის განხორციელება კვლავ აკრძალულია. 2.3. აკრძალვის საგნობრივი და სივრცითი მასშტაბი სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვა განსაკუთრებით ფართოა როგორც საგნობრივი, ისე სივრცითი თვალსაზრისით. იგი ერთიან სამართლებრივ რეჟიმს უქვემდებარებს ინფორმაციის აუდიოვიზუალური დაფიქსირებისა და გავრცელების ყველა ძირითად ტექნიკურ ფორმას, კერძოდ ფოტოგადაღებას, კინოგადაღებას, ვიდეოგადაღებას, აუდიოჩაწერასა და ტრანსლაციას. შესაბამისად, მოქმედი რეგულირება ერთმანეთისგან არ განასხვავებს სტატიკური გამოსახულების შექმნას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩანაწერის მომზადებასა და მიმდინარე პროცესის პირდაპირ ტრანსლაციას. ყველა ეს საქმიანობა ექცევა საერთო საწყისი აკრძალვის ქვეშ და, თუ მას თავად სასამართლო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი არ ახორციელებს, მისი დაშვება დამოკიდებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამის გადაწყვეტილებაზე. აკრძალვის მოცულობა არ შემოიფარგლება უშუალოდ სასამართლო სხდომის მიმდინარეობის ადგილით. ორგანული კანონის 13¹ მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ მიუთითებს სასამართლო სხდომის დარბაზზე, სასამართლოს შენობასა და სასამართლოს ეზოზე. ამდენად, სადავო რეჟიმი ვრცელდება არა მხოლოდ იმ სივრცეზე, სადაც მართლმსაჯულება უშუალოდ ხორციელდება, არამედ სასამართლოს შენობის სხვა ნაწილებსა და მის გარე ტერიტორიაზეც. ვინაიდან სხდომის დარბაზი კანონში ცალკე არის დასახელებული, „სასამართლოს შენობა“ მოიცავს მის სხვა სივრცეებსაც, მათ შორის იმ ადგილებს, სადაც ჟურნალისტური საქმიანობა შეიძლება საერთოდ არ იყოს დაკავშირებული მიმდინარე სხდომის პროცესში უშუალო ჩარევასთან. 3. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული სფერო საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული აზრის, ინფორმაციისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს. ამ უფლების დანიშნულება არ ამოიწურება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ აზრის გამოთქმის აკრძალვის დაუშვებლობით. იგი უზრუნველყოფს თავისუფალი ინფორმაციული სივრცის არსებობას, რომელშიც ადამიანს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია, მის საფუძველზე ჩამოაყალიბოს საკუთარი შეხედულებები და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები, ხოლო მედიამ დამოუკიდებლად მოიპოვოს, დაამუშაოს, დააფიქსიროს და საზოგადოებას მიაწოდოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია“; ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“; ხოლო მე-3 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია“. ამგვარად, კონსტიტუცია აყალიბებს ერთმანეთთან დაკავშირებულ, თუმცა დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე რამდენიმე გარანტიას: გამოხატვის თავისუფლებას, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინსტიტუციურ თავისუფლებას. 3.1. გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების დემოკრატიული ფუნქცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობისა და სრულფასოვანი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა, რადგან აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი მიმოცვლა უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე ინფორმირებულ მსჯელობასა და მოქალაქეთა მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). კონსტიტუციური დაცვა ვრცელდება არა მხოლოდ გამოხატული აზრის შინაარსზე. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუცია იცავს აზრის გამოხატვისა და გავრცელების პროცესს, მის შინაარსსა და ფორმებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-13). ეს გარემოება არსებითია განსახილველი დავისთვის, რადგან ფოტო, ვიდეო, აუდიოჩანაწერი და ტრანსლაცია წარმოადგენს იმ ფორმებს, რომელთა საშუალებითაც ჟურნალისტური ინფორმაცია შეიძლება იქნეს მოპოვებული, დაფიქსირებული და საზოგადოებისთვის მიწოდებული. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული ინფორმაციის თავისუფლება მოიცავს ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, აზრის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ინფორმაციის მოპოვება, ხოლო ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება უზრუნველყოფს ჩამოყალიბებული აზრის ავტორიდან ადრესატამდე მიტანას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). შესაბამისად, ინფორმაციის მოპოვება არ არის ინფორმაციის თავისუფლებისაგან განცალკევებული, მხოლოდ ტექნიკური ან პროფესიული საქმიანობა. იგი იმ პროცესის აუცილებელი ნაწილია, რომლის საბოლოო შედეგიც ინფორმირებული აზრის ჩამოყალიბება და ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებაა. 3.2. ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების საშუალებების კონსტიტუციური დაცვა განსახილველი დავისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია იცავს არა მხოლოდ ინფორმაციის შინაარსს, არამედ მის მიღებასა და გავრცელებაში გამოყენებულ საშუალებებსაც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის №1/1/1537 გადაწყვეტილებით ეს სტანდარტი უშუალოდ მოქმედი კონსტიტუციის მე-17 მუხლის ფარგლებში იქნა განმტკიცებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციით გარანტირებულია არა მხოლოდ პირის უფლება, თავისუფლად გაავრცელოს აზრი, ინფორმაცია და შეხედულებები, არამედ თავად ის საშუალებებიც, რომლებიც აზრისა და შეხედულებების გამოხატვის, ინფორმაციის გავრცელებისა და მიღებისათვის არის აუცილებელი. სასამართლომ ასეთ საშუალებებს მიაკუთვნა ბეჭდვითი მედია, რადიო და ტელემაუწყებლობა და ინფორმაციისა და აზრის გავრცელების სხვა საშუალებები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის №1/1/1537 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს მთავარი არხი“, „შპს ტელეკომპანია პირველი“, „შპს ტელეკომპანია კავკასია“, „შპს ფორმულა“, ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6–II-7). აღნიშნული მიდგომა ეფუძნება სასამართლოს ადრინდელ პრაქტიკასაც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილებაში, საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27–II-28, სასამართლომ გამოხატვის თავისუფლებასთან დააკავშირა ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებით გავრცელების შესაძლებლობა. ანალოგიური სტანდარტი ჩამოყალიბდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილებაში საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3. შესაბამისად, ჟურნალისტის მიერ პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ფოტოს გადაღება, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა ვერ დარჩება მე-17 მუხლის დაცული სფეროს მიღმა მხოლოდ იმის გამო, რომ აღნიშნული მოქმედებები ინფორმაციის საბოლოო გავრცელებამდე ხორციელდება. როდესაც ფოტო, ვიდეო ან აუდიოჩანაწერი იქმნება საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენის დოკუმენტირების, ინფორმაციის ზუსტად შენარჩუნების, გადამოწმებისა და საზოგადოებისთვის მიწოდების მიზნით, იგი ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების ერთიანი ჟურნალისტური პროცესის ნაწილია. 3.3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინსტიტუციური თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება, რომლის მიხედვითაც „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია“, არ წარმოადგენს მხოლოდ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების ზოგადი თავისუფლების გამეორებას. იგი სპეციალურად იცავს მედიის თავისუფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის №1/1/1537 გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ მედიას საზოგადოებრივი ინფორმაციის მიმოცვლის პროცესში ცენტრალური როლი აკისრია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს აუდიოვიზუალურ მედიას გამოსახულებისა და ხმოვანი გამოხატვის შესაძლებლობების გამო (II-8–II-9). ამავე გადაწყვეტილების თანახმად, მედიის თავისუფლება მოიცავს მის ინსტიტუციურ და ორგანიზაციულ დამოუკიდებლობას და შესაძლებლობას, გარე ჩარევისაგან დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაზე. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი იცავს მედიის შესაძლებლობას, დროულად მოიძიოს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია და იდეები საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე და შეასრულოს „საზოგადოებრივი დარაჯის“ ფუნქცია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის №1/1/1537 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს მთავარი არხი“, „შპს ტელეკომპანია პირველი“, „შპს ტელეკომპანია კავკასია“, „შპს ფორმულა“, ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). ამავე გადაწყვეტილების II-12 პარაგრაფში სასამართლომ სახელმწიფოს ვალდებულებად მიიჩნია ისეთი სამართლებრივი წესრიგის შექმნა, რომელშიც მედია დაცული იქნება იმგვარი ვალდებულებებისაგან, რომლებიც დაუსაბუთებლად აფერხებს ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობას. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი რეგულაცია, რომელიც დაბრკოლებას უშუალოდ ინფორმაციის გავრცელების საშუალებებს უქმნის. 3.4. ფოტო-, ვიდეო- და აუდიოდოკუმენტირების განსაკუთრებული მნიშვნელობა ფოტო-, ვიდეო- და აუდიომასალა თანამედროვე ჟურნალისტიკაში მხოლოდ უკვე მოპოვებული ინფორმაციის ილუსტრირების დამხმარე საშუალება არ არის. იგი შეიძლება თავად წარმოადგენდეს ინფორმაციას, მის პირველწყაროსა და მოვლენის დოკუმენტურ ჩანაწერს. საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ გამოსახულებისა და ხმის გადაცემის შესაძლებლობას დაუკავშირა აუდიოვიზუალური მედიის განსაკუთრებული მნიშვნელობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის №1/1/1537 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს მთავარი არხი“, „შპს ტელეკომპანია პირველი“, „შპს ტელეკომპანია კავკასია“, „შპს ფორმულა“, ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ჟურნალისტის მიერ დამოუკიდებლად შექმნილი აუდიოვიზუალური მასალა იძლევა ინფორმაციის ზუსტად დაფიქსირების, შემდგომი გადამოწმებისა და საზოგადოებისათვის პირველადი მასალის მიწოდების შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო პროცესის წერილობითი აღწერა, სასამართლოს მიერ შექმნილი ან შერჩეული მასალის შემდგომი გავრცელება და ჟურნალისტის მიერ დამოუკიდებლად შექმნილი ფოტო-, ვიდეო- ან აუდიოჩანაწერი სრულად ურთიერთჩანაცვლებადი საშუალებები არ არის. თითოეული მათგანი ინფორმაციის მოპოვებისა და საზოგადოებისთვის მიწოდების განსხვავებულ ფორმას წარმოადგენს. მე-17 მუხლით დაცული ჟურნალისტური საქმიანობა არც მხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზით შემოიფარგლება. როდესაც ჟურნალისტი იმყოფება სასამართლოს შენობაში ან ეზოში და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფორმაციის მოპოვების მიზნით იღებს ფოტოს, ვიდეოს, აუდიოჩანაწერს, ინტერვიუს ან კომენტარს, ეს საქმიანობაც ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების ჟურნალისტური პროცესის ნაწილია. მისი დაცულ სფეროში მოქცევა უშუალოდ მე-17 მუხლიდან გამომდინარეობს და არ არის დამოკიდებული კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ სასამართლო სხდომის საჯაროობაზე. 3.5. ონლაინმედიის კონსტიტუციური დაცვა მოსარჩელე მედიაორგანიზაციების მიერ ინფორმაციის ინტერნეტის საშუალებით გავრცელება ვერ შეამცირებს მათთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით უზრუნველყოფილი დაცვის მოცულობას. კონსტიტუციური დაცვა დაკავშირებულია მედიის მიერ საზოგადოებრივი ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და გავრცელების ფუნქციასთან და არა იმ ტექნიკურ პლატფორმასთან, რომლის მეშვეობითაც ეს ფუნქცია ხორციელდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაც გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას არ უკავშირებს ინფორმაციის გავრცელების რომელიმე ამომწურავად განსაზღვრულ საშუალებას. სასამართლოს განმარტებით, დაცულია როგორც აზრისა და ინფორმაციის გავრცელება, ისე ამისათვის გამოყენებული შესაბამისი საშუალებები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის №1/1/1537 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს მთავარი არხი“, „შპს ტელეკომპანია პირველი“, „შპს ტელეკომპანია კავკასია“, „შპს ფორმულა“, ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6–II-7). ამგვარად, მედიის კონსტიტუციური სტატუსისათვის გადამწყვეტია არა ის, ინფორმაცია ტელევიზიით, ბეჭდური გამოცემით თუ ონლაინპლატფორმის საშუალებით ვრცელდება, არამედ ის, ასრულებს თუ არა შესაბამისი სუბიექტი ჟურნალისტურ ფუნქციას და მონაწილეობს თუ არა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაში. სწორედ ამ ფუნქციას ასრულებენ მოსარჩელეები. 3.6. სასამართლოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა განსახილველ შემთხვევაში ინფორმაციის საგანს განსაკუთრებული კონსტიტუციური მნიშვნელობა აქვს. ჟურნალისტური საქმიანობა შეეხება სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს მიერ მართლმსაჯულების განხორციელებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილებაში საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ სასამართლომ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების განხორციელების ფარგლებში წყდება უაღრესად მნიშვნელოვანი კერძო და საჯარო საკითხები და სასამართლო აქტები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციას (II-43). სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ კონსტიტუციის მიერ სასამართლო სხდომების საჯაროობის პრინციპის სპეციალურად გამოყოფა ადასტურებს მართლმსაჯულების გამჭვირვალობის განსაკუთრებულ კონსტიტუციურ მნიშვნელობას (II-44). იმავე გადაწყვეტილებაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობა სასამართლო ხელისუფლების ლეგიტიმაციასა და საზოგადოებრივ ნდობას დაუკავშირდა. სასამართლოს განმარტებით, გამჭვირვალე მართლმსაჯულების გარეშე შეუძლებელია ის საზოგადოებრივი ნდობა, რომელიც სასამართლო ხელისუფლების ლეგიტიმაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს (II-45). სასამართლომ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების განხორციელებაზე საზოგადოებრივი ზედამხედველობის მნიშვნელობას (II-46). მართალია, №1/4/693,857 გადაწყვეტილების უშუალო საგანი იყო ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებულ სასამართლო აქტებზე ხელმისაწვდომობა და არა სასამართლო პროცესის ფოტო-, ვიდეო- ან აუდიოჩაწერა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებიდან არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომის აუდიოვიზუალური ჩაწერის დამოუკიდებელი ან შეუზღუდავი უფლება. თუმცა მასში ჩამოყალიბებული პრინციპები პირდაპირ რელევანტურია მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებრივი მნიშვნელობის დასადგენად. სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების შედეგია, სასამართლო სხდომა კი პროცესი, რომლის მეშვეობითაც ეს შედეგი მიიღება. საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს ლეგიტიმური ინტერესი არა მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რა გადაწყვიტა სასამართლომ, არამედ როგორ წარიმართა საქმის განხილვა, რა არგუმენტები წარმოადგინეს მხარეებმა, როგორ განხორციელდა საპროცესო უფლებები და როგორ ფუნქციონირებდა სასამართლო ხელისუფლება. ამ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებაში მედია ასრულებს მის კონსტიტუციურ შუამავლურ და საზოგადოებრივი კონტროლის ფუნქციას. 3.7. სასამართლო სხდომის საჯაროობა და მედიის თავისუფლება, დაკავშირებული, მაგრამ განსხვავებული გარანტიები საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სასამართლოში საქმის განხილვის ზოგადი წესია ღია სხდომა. ამავე დროს, აღნიშნული დებულებიდან თავისთავად არ გამომდინარეობს ნებისმიერი პირის მიერ სასამართლო პროცესის შეუზღუდავად ფოტო-, ვიდეო- ან აუდიოფორმით ჩაწერის ან ტრანსლაციის დამოუკიდებელი კონსტიტუციური უფლება. 62-ე მუხლის მე-3 პუნქტის მნიშვნელობა წინამდებარე დავისთვის სხვა ასპექტში ვლინდება. იგი ადასტურებს, რომ მართლმსაჯულების საჯაროობა თავად კონსტიტუციით აღიარებული ღირებულებაა. სწორედ ამიტომ ღია სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისას მე-17 მუხლით დაცული ჟურნალისტური ინტერესი მოქმედებს განსაკუთრებული კონსტიტუციური კონტექსტის ფარგლებში. საკონსტიტუციო სასამართლომ თავად დაუკავშირა ღია სხდომის კონსტიტუციური პრინციპი მართლმსაჯულების გამჭვირვალობას, საზოგადოებრივ ნდობასა და საზოგადოებრივ ზედამხედველობას. ამ ორი გარანტიის გამიჯვნა მნიშვნელოვანია სხვა მიზეზითაც. ღია სხდომაზე ჟურნალისტის ფიზიკური დასწრების შესაძლებლობა ვერ ჩაითვლება მე-17 მუხლით დაცული ყველა ჟურნალისტური ინტერესის სრულ რეალიზაციად. სხდომაზე დასწრება და ინფორმაციის მოპოვების კონკრეტული ჟურნალისტური საშუალების გამოყენება განსხვავებული შესაძლებლობებია. ის ფაქტი, რომ ჟურნალისტს შეუძლია პროცესს დაესწროს და შემდგომ სიტყვიერად აღწეროს იგი, თავისთავად არ გამორიცხავს ფოტოს, ვიდეოს ან აუდიოჩანაწერის შექმნის მე-17 მუხლით დაცულ სფეროში მოქცევას. 3.8. დასკვნა დაცულ სფეროსთან დაკავშირებით ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე დავაში ერთმანეთს უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული სამი უფლებრივი კომპონენტი. პირველი, ჟურნალისტის მიერ საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენის ფოტო-, ვიდეო- და აუდიოფორმით დაფიქსირება და შესაბამისი მასალის შემდგომი ჟურნალისტური გამოყენება წარმოადგენს აზრისა და ინფორმაციის გამოხატვის ფორმას და ექცევა მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცულ სფეროში. მეორე, სასამართლო პროცესისა და სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის უშუალოდ მოპოვება, დაფიქსირება და შემდგომ გავრცელება წარმოადგენს მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლების ნაწილს. ეს დაცვა მოიცავს ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისათვის აუცილებელი საშუალებების გამოყენებასაც. მესამე, როდესაც აღნიშნულ საქმიანობას მედიასაშუალება და მისი ჟურნალისტი პროფესიული ფუნქციის ფარგლებში ახორციელებს, საკითხი უკავშირდება მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით დაცულ მედიის ინსტიტუციურ თავისუფლებასაც, მათ შორის შესაძლებლობას, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ინფორმაციის მოპოვებისა და საზოგადოებისთვის მიწოდების ფორმების შესახებ. ამ ინტერესებს განსაკუთრებულ კონსტიტუციურ კონტექსტს ანიჭებს ის გარემოება, რომ ჟურნალისტური საქმიანობის საგანია მართლმსაჯულების განხორციელება, რომლის საჯაროობას საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და რომლის მიმართ საზოგადოებრივი ზედამხედველობის მაღალი ინტერესი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირდაპირ აქვს აღიარებული. შესაბამისად, ჟურნალისტისა და მედიასაშუალების მიერ ღია სასამართლო პროცესისა და სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენების ფოტო-, ვიდეო- და აუდიოდოკუმენტირება, როდესაც იგი ინფორმაციის მოპოვებისა და საზოგადოებისთვის გავრცელების მიზნით ხორციელდება, prima facie ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების, მე-2 პუნქტისა და, მედიასაშუალებების შემთხვევაში, მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დაცულ სფეროში. 4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევა 4.1. ინფორმაციის მოპოვების საშუალებების პირდაპირი სამართლებრივი აკრძალვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ინფორმაციის თავისუფლების სფეროში სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება გულისხმობს, რომ სახელმწიფო გაუმართლებლად არ უნდა ჩაერიოს ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების პროცესში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/4/1483 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ უფლების შეზღუდვის ფაქტის დადგენისას მნიშვნელობა მიანიჭა იმას, რომ კანონმდებლობა მედიას უკრძალავდა კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებას ან ავალდებულებდა მის გავრცელებას კანონით განსაზღვრული ფორმით. სასამართლოს შეფასებით, როდესაც მედიას ინფორმაცია აღარ შეუძლია გაავრცელოს მის მიერ არჩეული ნებისმიერი საკომუნიკაციო ფორმით და იგი კანონით დადგენილ მოთხოვნებს ექვემდებარება, სახეზეა ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/4/1483 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9–II-12). მოცემულ შემთხვევაში, კანონმდებელი მხოლოდ უკვე მოპოვებული ინფორმაციის გავრცელების ფორმას კი არ არეგულირებს, არამედ თავიდანვე კრძალავს ინფორმაციის მოპოვებისა და შექმნის კონკრეტული საშუალებების გამოყენებას. ჟურნალისტს არ შეუძლია საკუთარი პროფესიული გადაწყვეტილების საფუძველზე გადაიღოს ფოტო, შექმნას ვიდეო ან აუდიოჩანაწერი და შემდგომ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს მოპოვებული მასალის ჟურნალისტური გამოყენების საკითხი. 4.2. ჩარევა ჟურნალისტური საქმიანობის ინფორმაციის მოპოვების ეტაპზე სადავო ნორმის შემზღუდველი ეფექტი ინფორმაციის საბოლოო გამოქვეყნებამდე წარმოიშობა. ჟურნალისტს ეზღუდება თავად პირველადი ჟურნალისტური მასალის შექმნა. ამ საკითხზე განსაკუთრებით რელევანტურია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Szurovecz v. Hungary, no. 15428/16, 8 October 2019. ევროპულმა სასამართლომ ჟურნალისტური კვლევა პრესის თავისუფლების არსებით ნაწილად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ჟურნალისტისთვის ინფორმაციის პირველწყაროდან მოპოვებისა და ფოტოების გადაღების ხელშეშლა კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ თავისუფლებაში ჩარევას წარმოადგენდა. სასამართლომ მნიშვნელობა მიანიჭა სწორედ იმას, რომ შეზღუდვა ჟურნალისტს ხელს უშლიდა საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე უშუალო ინფორმაციის მოპოვებაში და საკუთარი ჟურნალისტური მასალის შექმნაში (§§52–54). წინამდებარე შემთხვევაშიც ჩარევა ჟურნალისტური საქმიანობის საწყის ეტაპზე მოქმედებს. მოსარჩელეებს ეზღუდებათ არა მხოლოდ უკვე არსებული მასალის გავრცელება, არამედ იმ პირველადი მასალის შექმნა, რომლის გამოყენებაც შემდგომ ჟურნალისტურ პროდუქტში შეიძლება გახდეს საჭირო. 4.3. სხდომაზე ფიზიკური დასწრება არ ანეიტრალებს ჩარევას ჩარევის არსებობას არ გამორიცხავს ის გარემოება, რომ ჟურნალისტს კვლავ შეუძლია დაესწროს ღია სასამართლო სხდომას, საკუთარი თვალით დააკვირდეს პროცესს, გააკეთოს წერილობითი ჩანაწერები და შემდგომ სიტყვიერად აღწეროს მისი მიმდინარეობა. სასამართლო სხდომაზე დასწრება და მისი აუდიოვიზუალური დოკუმენტირება განსხვავებული ჟურნალისტური შესაძლებლობებია. დასწრება ჟურნალისტს აძლევს პროცესზე უშუალო დაკვირვების შესაძლებლობას. ფოტო-, ვიდეო- და აუდიოჩაწერა კი ქმნის დამოუკიდებელ პირველად მატარებელს, რომელიც შეიძლება შენარჩუნდეს, განმეორებით იქნეს შესწავლილი, გამოყენებულ იქნეს ფაქტებისა და ციტატების გადამოწმებისათვის და, შესაბამის შემთხვევაში, უშუალოდ მიეწოდოს საზოგადოებას. შესაბამისად, ჟურნალისტისთვის ერთი მეთოდის ხელმისაწვდომობა არ გამორიცხავს სხვა, კონსტიტუციურად დაცული მეთოდის აკრძალვით გამოწვეულ ჩარევას. 4.4. ჩარევა მედიის ინსტიტუციურ და სარედაქციო ავტონომიაში სადავო რეგულაციას მედიაორგანიზაციების მიმართ დამატებითი, ინსტიტუციური განზომილება აქვს. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა 2023 წლის 22 თებერვლის №1/1/1537 გადაწყვეტილებაში საქმეზე „შპს „მთავარი არხი“, შპს „ტელეკომპანია პირველი“, შპს „ტელეკომპანია კავკასია“, შპს „ფორმულა“, ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მედიის თავისუფლება მოიცავს მის ინსტიტუციურ და ორგანიზაციულ დამოუკიდებლობას და შესაძლებლობას, სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარ საქმიანობასთან, მათ შორის ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით (II-10–II-12). სადავო ნორმის პირობებში მედიაორგანიზაციის პროფესიული გადაწყვეტილება, აუდიოვიზუალური ფორმით გააშუქოს კონკრეტული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სასამართლო პროცესი, თავისთავად საკმარისი აღარ არის ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად. მედიის მიერ შერჩეული ჟურნალისტური ფორმის გამოყენება დამოკიდებული ხდება სახელმწიფოს ორგანოს შესაბამის გადაწყვეტილებაზე. 4.5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დუმილი როგორც ჩარევის პრაქტიკული ფორმა სადავო ნორმის კონსტრუქციიდან გამომდინარე, ჩარევის პრაქტიკული ეფექტი შეიძლება დადგეს საბჭოს მიერ ფორმალური უარის მიღების გარეშეც. აკრძალვა უკვე მოქმედებს კანონის ძალით და მისი მოხსნისათვის აუცილებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადებითი გადაწყვეტილება. ამიტომ, თუ საბჭო კონკრეტულ მოთხოვნაზე გადაწყვეტილებას არ იღებს, არსებული სამართლებრივი მდგომარეობა უცვლელი რჩება და ჟურნალისტს შესაბამისი საქმიანობის განხორციელება კვლავ ეკრძალება. ამ გარემოებას განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პროცესის გაშუქებისას. სასამართლო სხდომა კონკრეტულ დროს მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ იმავე სხდომის ჟურნალისტის მიერ დამოუკიდებლად დოკუმენტირება შეუძლებელი ხდება. შესაბამისად, სხდომის ჩატარებამდე დადებითი გადაწყვეტილების არარსებობა იწვევს კონკრეტული ჟურნალისტური შესაძლებლობის შეუქცევად დაკარგვას. 4.6. სასამართლოს მიერ შექმნილი ოფიციალური ჩანაწერი არ ანაცვლებს დამოუკიდებელ ჟურნალისტურ დოკუმენტირებას ჩარევის არსებობას ვერ გამორიცხავს ის გარემოება, რომ ორგანული კანონი თავად სასამართლოს აკისრებს სასამართლო პროცესის აუდიო- და ვიდეოჩაწერას და სასამართლოს შეუძლია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაავრცელოს მის ხელთ არსებული მასალა. უპირველესად, სასამართლოს მიერ შექმნილი ოფიციალური ჩანაწერის არსებობა არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტს ან მედიაორგანიზაციას მასზე თავისუფალი და დროული წვდომა აქვს. ორგანული კანონის 13¹ მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოს მიერ შექმნილ აუდიო- და ვიდეოჩანაწერზე ხელმისაწვდომობას პირდაპირ უზრუნველყოფს საქმის მხარეებისათვის, ხოლო მედიისათვის ან ფართო საზოგადოებისათვის ანალოგიური უპირობო წვდომის უფლება კანონით დადგენილი არ არის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი მხოლოდ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ სასამართლომ მის ხელთ არსებული მასალა გაავრცელოს. შესაბამისად, ჟურნალისტს არ აქვს კანონიდან გამომდინარე უფლება, კონკრეტული სხდომის სრული ჩანაწერი მიიღოს მოთხოვნისთანავე ან ისეთ ვადაში, როდესაც მასალა ჯერ კიდევ ინარჩუნებს ახალი ამბის აქტუალობასა და ჟურნალისტურ ღირებულებას. ამასთან, სასამართლოს მიერ შექმნილი მასალის მიღება და ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის დამოუკიდებლად დოკუმენტირება არსებითად განსხვავებული შესაძლებლობებია. პირველ შემთხვევაში პირველადი მასალის შექმნასა და მის შემდგომ ხელმისაწვდომობაზე კონტროლი თავად სასამართლოს აქვს. მეორე შემთხვევაში კი ჟურნალისტი ან მედიაორგანიზაცია დამოუკიდებლად განსაზღვრავს, რა დააფიქსიროს, რომელი ეპიზოდი მიიჩნიოს საზოგადოებრივად მნიშვნელოვნად, რა ფორმით შექმნას ჟურნალისტური პირველწყარო და როგორ გამოიყენოს იგი შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში. ეს განსხვავება განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც ჟურნალისტური გაშუქების ობიექტი თავად სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაა. მედიის მიერ სახელმწიფო ორგანოს საქმიანობის დამოუკიდებლად დოკუმენტირების შესაძლებლობა ვერ ჩაითვლება სრულად რეალიზებულად მხოლოდ იმიტომ, რომ იმავე სახელმწიფო ორგანოს თავად შეუძლია შექმნას საკუთარი ჩანაწერი და შემდგომ, საკუთარი გადაწყვეტილებით, გაავრცელოს იგი. მით უფრო, როდესაც მედიას ამ ჩანაწერზე სრულ, ავტომატურ და დროულ წვდომას კანონი არ უზრუნველყოფს. 4.7. ჩარევის სივრცითი მასშტაბი სადავო ნორმით გამოწვეული ჩარევა ფართოა სივრცითი თვალსაზრისითაც. აკრძალვა არ შემოიფარგლება მიმდინარე სასამართლო სხდომით ან სასამართლო სხდომის დარბაზით. იგი ერთდროულად მოიცავს სასამართლოს შენობასა და სასამართლოს ეზოს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების სფეროში ხვდება არა მხოლოდ უშუალოდ სასამართლო პროცესის ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა ან ტრანსლაცია, არამედ სასამართლოს შენობის სხვა სივრცეებსა და ეზოში განხორციელებული ჟურნალისტური დოკუმენტირებაც. 4.8. დასკვნა ჩარევის არსებობასა და ინტენსივობაზე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით გამოწვეული ჩარევა არის პირდაპირი, უშუალო და მაღალი ინტენსივობის. იგი ჟურნალისტურ საქმიანობას არ ზღუდავს მხოლოდ ინფორმაციის შემდგომი გავრცელების ეტაპზე, არამედ მოქმედებს ინფორმაციის მოპოვებისა და პირველადი ჟურნალისტური მასალის შექმნის მომენტიდანვე. მოსარჩელეებს ეკრძალებათ მათ მიერ შერჩეული პროფესიული საშუალებების, მათ შორის ფოტოს, ვიდეოს, აუდიოჩანაწერისა და ტრანსლაციის გამოყენება იმ ინფორმაციის დამოუკიდებლად დასაფიქსირებლად, რომლის მიმართაც მათ აქვთ ჟურნალისტური და საზოგადოებრივი ინტერესი. ჩარევის არსებობას ვერ გამორიცხავს ვერც სასამართლო სხდომაზე ფიზიკური დასწრების, წერილობითი გაშუქების ან ინფორმაციის სხვა წყაროებიდან მიღების შესაძლებლობა. აღნიშნული ფორმები ფუნქციურად ვერ ანაცვლებს აუდიოვიზუალური პირველწყაროს დამოუკიდებლად შექმნას. ამავე მიზეზით სასამართლოს მიერ შექმნილი ოფიციალური აუდიო- და ვიდეოჩანაწერიც ვერ ჩაითვლება დამოუკიდებელი ჟურნალისტური დოკუმენტირების სრულფასოვან შემცვლელად. მოქმედი კანონმდებლობა ასეთ ჩანაწერზე პირდაპირ და უპირობო წვდომას უზრუნველყოფს საქმის მხარეებისათვის, ხოლო მედიას არ ანიჭებს უფლებას, ჩანაწერი ავტომატურად და ისეთ ვადაში მიიღოს, როდესაც მას ახალი ამბის აქტუალობა და ჟურნალისტური ღირებულება ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს. გარდა ამისა, ოფიციალური ჩანაწერის არსებობა ვერ ანაცვლებს მედიის უფლებას, თავად განსაზღვროს, რა დააფიქსიროს, რომელი ეპიზოდი მიიჩნიოს მნიშვნელოვნად და რა ფორმით შექმნას საკუთარი ჟურნალისტური პირველწყარო. ჩარევის ინტენსივობას მნიშვნელოვნად ზრდის სადავო რეჟიმის საგნობრივი, სივრცითი და სამართლებრივი მასშტაბიც. აკრძალვა ერთდროულად მოიცავს ერთმანეთისგან ფუნქციურად განსხვავებულ საქმიანობას, მათ შორის ფოტოგადაღებას, ვიდეოგადაღებას, აუდიოჩაწერასა და ტრანსლაციას, და ვრცელდება არა მხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზზე, არამედ მთლიანად სასამართლოს შენობასა და ეზოზეც. ამასთან, აკრძალვა მოქმედებს საწყის სამართლებრივ მდგომარეობად: ჟურნალისტური საქმიანობა დასაშვები ხდება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, ხოლო ასეთი გადაწყვეტილების არარსებობისას შეზღუდვა ავტომატურად ძალაში რჩება. ეს ჩარევა მოსარჩელეთა მიმართ მხოლოდ ჰიპოთეტური არ არის. მათ არაერთხელ მიმართეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონკრეტული სასამართლო სხდომების აუდიოვიზუალური გაშუქების დაშვების მოთხოვნით, თუმცა შესაბამისი სხდომების ჩატარებამდე არ მიუღიათ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოქმედ აკრძალვას მოხსნიდა. შესაბამისად, სადავო რეჟიმმა მოსარჩელეთა პროფესიულ საქმიანობაზე უკვე უშუალოდ და განმეორებით მოახდინა ზეგავლენა და იგივე სამართლებრივი შეზღუდვა მომავალშიც გავრცელდება მათ მიერ გასაშუქებელ სასამართლო პროცესებზე. ამდენად, სადავო ნორმა ერევა მოსარჩელე ჟურნალისტების საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებითა და მე-2 პუნქტით დაცულ უფლებებში, ხოლო მოსარჩელე მედიაორგანიზაციების მიმართ დამატებით ზღუდავს მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით დაცულ ინსტიტუციურ თავისუფლებას. 5. ჩარევის კონსტიტუციური გამართლება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას. მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი უშვებს ამ მუხლით დაცული უფლებების კანონით შეზღუდვას, თუ ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ამავე პუნქტით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ამ მოთხოვნასთან სისტემურ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. შესაბამისად, ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად საკმარისი არ არის. უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს თანაზომიერების მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, თანაზომიერების პრინციპი მოითხოვს სამართლიანი ბალანსის დაცვას კერძო და საჯარო ინტერესებს შორის და გამორიცხავს უფლების იმაზე მეტად შეზღუდვას, ვიდრე ეს შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის საჭირო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). იგივე მოთხოვნა ვრცელდება გამოხატვისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაზეც (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის №1/1/1537 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „მთავარი არხი“, შპს „ტელეკომპანია პირველი“, შპს „ტელეკომპანია კავკასია“, შპს „ფორმულა“, ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შესაბამისად, სადავო ჩარევის კონსტიტუციური გამართლება უნდა შეფასდეს თანმიმდევრულად: კანონიერების, ლეგიტიმური მიზნის, გამოსადეგობის, აუცილებლობისა და ვიწრო გაგებით პროპორციულობის მიხედვით. თითოეული საკითხი ქვემოთ დამოუკიდებლად შეფასდება. 6. წინასწარი ნებართვის რეჟიმი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განუსაზღვრელი დისკრეცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის დისკრეციული უფლებამოსილების დელეგირება გულისხმობს გარკვეულ საკითხში მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, მათ შორის რამდენიმე შესაძლო ალტერნატივიდან ერთ-ერთის არჩევის შესაძლებლობას. თუმცა სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ დისკრეციას, მის პოზიტიურ ასპექტებთან ერთად, ყოველთვის თან ახლავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მომეტებული რისკი. ამიტომ აუცილებელია, დისკრეციის დელეგირება ხდებოდეს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებისა და პირობების შესაბამისად, რაც მინიჭებულ უფლებამოსილებას სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცევს და უზრუნველყოფს სამართლიანი ბალანსის დაცვას დისკრეციის მიზნებსა და მისი ბოროტად გამოყენების რისკს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52, II-55). ამ სტანდარტის გათვალისწინებით, როდესაც დისკრეციული უფლებამოსილება ეხება ძირითადი უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას, კანონიდან უნდა იკვეთებოდეს არა მხოლოდ ის, რომ ორგანოს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, არამედ ისიც, რა მიზნით, რა კრიტერიუმებით, რა ფარგლებით და რა პროცედურული გარანტიებით უნდა განხორციელდეს ეს უფლებამოსილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ძირითადი უფლებით სარგებლობა დამოკიდებული ხდება არა კანონით განსაზღვრულ წესზე, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს თავისუფალ და გაუმჭვირვალე მიხედულებაზე. 6.1. აკრძალვის მოხსნის მატერიალურ კრიტერიუმების არ არსებობა როგორც სარჩელის წინა თავებში აღინიშნა, აკრძალვის შინაარსი მკაფიოა: ჟურნალისტმა იცის, რომ სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია საწყისად დაუშვებელია. თუმცა ორგანული კანონი მხოლოდ იმას ადგენს, რომ აღნიშნული საქმიანობა შეიძლება დაშვებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით. იგი არ განსაზღვრავს, რა კრიტერიუმებით უნდა გადაწყდეს აღნიშნული საკითხი, რა გარემოებები წარმოადგენს ნებართვის გაცემის ან უარის საფუძველს, როგორ უნდა იქნეს გათვალისწინებული კონკრეტული საქმის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი ან მართლმსაჯულებისათვის იდენტიფიცირებული რისკი, უნდა იქნეს თუ არა ერთმანეთისგან განსხვავებულად შეფასებული ფოტო, აუდიოჩაწერა, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია ან სასამართლოს განსხვავებული სივრცეები. ამავე დროს, კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღების სპეციალურ ვადას, უარის დასაბუთების მოთხოვნას და იმ სამართლებრივ შედეგს, რომელიც საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობას უნდა მოჰყვეს. როგორც წინა თავებში უკვე აღინიშნა, სასამართლო სხდომის აუდიოვიზუალური დოკუმენტირება დროში მგრძნობიარე და შეუქცევადი შესაძლებლობაა. სხდომის დასრულების შემდეგ დაგვიანებული გადაწყვეტილება დაკარგულ შესაძლებლობას ვეღარ აღადგენს, ხოლო დადებითი გადაწყვეტილების არარსებობა ავტომატურად ინარჩუნებს კანონით დადგენილ აკრძალვას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №76 დადგენილებაც აღნიშნულ პრობლემას არ აღმოფხვრის. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, იგი დეტალურად აწესრიგებს აკრძალვის აღსრულებას, თუმცა არ განსაზღვრავს აკრძალვის მოხსნის მატერიალურ კრიტერიუმებს, გადაწყვეტილების მიღების ვადას, უარის საფუძვლებს, დასაბუთების მოთხოვნას ან საბჭოს დუმილის შედეგს. 6.2. დისკრეციის საკანონმდებლო საზღვრები და თვითნებობის რისკი ზოგადად სახელმწიფო ორგანოსათვის ინდივიდუალური შეფასების უფლებამოსილების მინიჭება თავისთავად კონსტიტუციურ პრობლემას არ ქმნის. კონკრეტული სასამართლო საქმის გარემოებები შეიძლება საჭიროებდეს გარკვეულ მოქნილობას. თუმცა დისკრეცია უნდა მოქმედებდეს კანონით განსაზღვრულ ფარგლებში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილებაში საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“ სასამართლომ აღნიშნა, რომ სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის უფლებამოსილების მინიჭება არ გულისხმობს ძირითადი უფლებების სფეროში მისთვის უპირობო თავისუფლების მინიჭებას (II-39, II-45). ამავე პრინციპს ავითარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილება საქმეზე „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“. სასამართლოს განმარტებით, კანონიდან უნდა იკვეთებოდეს შესაბამისი უფლებამოსილების მიზანი, შინაარსი და ფარგლები, მათ შორის იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მისი გამოყენების შემდგომი სამართლებრივი კონტროლი (II-42, II-51–II-53). წინამდებარე შემთხვევაში კანონიდან ნათლად ირკვევა, რომ საბჭოს შეუძლია კონკრეტულ სხდომასთან დაკავშირებით აკრძალვა მოხსნას, თუმცა არ ირკვევა, რა სამართლებრივი საზომით უნდა გადაწყვიტოს მან, გააკეთოს თუ არა ეს. შედეგად, არსებითად მსგავსი მოთხოვნები შეიძლება განსხვავებულად გადაწყდეს ისე, რომ კანონიდან ვერ დადგინდეს განსხვავებული შედეგის საფუძველი და ვერ შემოწმდეს, გამოიყენებოდა თუ არა ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე სამართლებრივი სტანდარტი. ამ ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესის გაშუქების შემთხვევა. 2025 წლის 30 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე გამართულ სხდომაზე ფოტო- და ვიდეოგადაღების ნებართვა გაიცა. სხდომას იღებდნენ საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „იმედი“. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადებით 2025 წლის 28 ივლისს მიმართეს და ნებართვა მომდევნო დღეს, 2025 წლის 29 ივლისს მიიღეს. ასეთი პრაქტიკა არსებითად აძლიერებს სადავო ნორმის შერჩევითი გამოყენების რისკს. როდესაც ერთი მხრივ, კონკრეტული მედიასაშუალებების ჟურნალისტები სასამართლო პროცესის გადაღების ნებართვას მომდევნო დღესვე იღებენ, ხოლო მეორე მხრივ, მოსარჩელე ჟურნალისტები ვერ იღებენ არც ნებართვას და არც პასუხს საკუთარ განცხადებებზე, ნებართვითი რეჟიმი კარგავს ნეიტრალური, ზოგადი და თანასწორად გამოყენებადი პროცედურის ხასიათს. ამგვარ პირობებში სასამართლო პროცესების აუდიოვიზუალური გაშუქება დამოკიდებული ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაუმჭვირვალე და განუსაზღვრელ დისკრეციაზე. მედიის სფეროში ასეთი გაურკვევლობა დამატებით შეიძლება იქცეს თვითშეზღუდვის წყაროდაც. ჟურნალისტმა ზუსტად იცის, რომ ნებართვის გარეშე შესაბამისი საქმიანობა აკრძალულია, მაგრამ წინასწარ ვერ განსაზღვრავს, რა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიიღებს ნებართვას, რა ვადაში გადაწყდება მისი მოთხოვნა და იქნება თუ არა გადაწყვეტილება მიღებული მაშინ, როდესაც შესაბამისი სასამართლო პროცესის გაშუქებას ჯერ კიდევ აქვს პრაქტიკული და ჟურნალისტური მნიშვნელობა. სწორედ გამოხატვის თავისუფლების სფეროში ბუნდოვანი რეგულირების შესაძლო „მსუსხავ ეფექტზე“ მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/3/421,422 გადაწყვეტილებაც (II-7). ამასთან, ხაზგასასმელია, რომ მოსარჩელე მხარის პოზიცია არ შემოიფარგლება ნებართვის გაცემის კრიტერიუმების არარსებობით. არსებითად პრობლემურია თავად რეგულირების საწყისი ლოგიკა, რომლის მიხედვითაც სასამართლო პროცესის აუდიოვიზუალური დოკუმენტირება საწყისად აკრძალულია, ხოლო მედიის მიერ მისი განხორციელება მხოლოდ ნებართვაზე დამოკიდებულ გამონაკლისად რჩება. აღნიშნული რეგულირების კონსტიტუციურ შედეგებსა და მისი თანაზომიერების საკითხს მოსარჩელე მხარე ქვემოთ დეტალურად განიხილავს. 7. ლეგიტიმური საჯარო მიზანი მოსარჩელე არ გამორიცხავს, რომ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, ცალკეულ შემთხვევებში, შეიძლება არსებობდეს ლეგიტიმური ინტერესები, რომლებიც აუდიოვიზუალური გაშუქების გარკვეულ ფარგლებს შეზღუდვას დაუქვემდებარებს. ასეთ ინტერესებს შეიძლება მიეკუთვნებოდეს სასამართლო სხდომის წესრიგის დაცვა თუ ნაფიცი მსაჯულის, არასრულწლოვნის ან სხვა მოწყვლადი პირის ინტერესების დაცვა. თუმცა აღნიშნული ინტერესების არსებობაც კი არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციურად გამართლებულია სასამართლო პროცესის აუდიოვიზუალური დოკუმენტირების საწყისად აკრძალვა. 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილების განმარტებითი ბარათი კანონპროექტის საერთო მიზნად სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დაცვას, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის პრევენციას, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხელყოფის საფრთხის შემცირებასა და მოსამართლეთა შესაძლო ზეგავლენისაგან დაცვას ასახელებდა. თუმცა სწორედ აქ არის აუცილებელი მკაფიო ზღვრის გავლება. მართლმსაჯულებისათვის ხელშეშლა არ არის იგივე, რაც სასამართლოს საქმიანობის მიმართ საზოგადოებრივი ყურადღება, კრიტიკა ან საზოგადოებრივი რეაქცია. სასამართლოს ავტორიტეტის დაცვაც ვერ განიმარტება სასამართლო ხელისუფლების კრიტიკული ჟურნალისტიკისაგან, არასასურველი საჯაროობისაგან ან უარყოფითი საზოგადოებრივი შეფასებისაგან დაცვის უფლებად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „ზვიად კუპრავას“ საქმეშიც გამიჯნა მოსამართლის მიმართ კრიტიკული ან ნეგატიური შეფასება ისეთი ქმედებისაგან, რომელიც კრიტიკის ფარგლებს სცდება და მართლმსაჯულების განხორციელებას რეალურად აზიანებს (№1/4/1394, II-48). ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცვლილების მიღების პერიოდში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საჯაროდ გამოთქმული მოსაზრება, რომლის თანახმადაც სასამართლოში კამერები და პირდაპირი ჩართვები ხელს უწყობდა დამსწრეთა „მიტინგურ საქციელს“. თუ „მიტინგურ საქციელში“ იგულისხმება სასამართლო პროცესის გაშუქების შედეგად კონკრეტული საქმის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის ზრდა, კრიტიკული შეფასებების გავრცელება, მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრება, პროტესტი ან სხვა ფორმით საზოგადოებრივი მობილიზაცია, ასეთი შედეგების პრევენცია მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით დაშვებულ ლეგიტიმურ მიზნად ვერ ჩაითვლება. საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფორმაციის გავრცელების შედეგად სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის კრიტიკა, საჯარო დისკუსია და მოქალაქეთა მშვიდობიანი რეაქცია თავად გამოხატვისა და მედიის თავისუფლების დემოკრატიული ფუნქციის ნაწილია. 8. გამოსადეგობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმარტებით, გამოსადეგობის შეფასებისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა ლოგიკური და რაციონალური კავშირი სახელმწიფოს მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და უფლების შეზღუდვის კონკრეტულ ფორმას შორის, კერძოდ, იძლევა თუ არა სადავო ღონისძიება შესაბამისი მიზნის მიღწევის შესაძლებლობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). წინამდებარე შემთხვევაში ასეთი კავშირი სადავო ნორმის სრული მოცულობის მიმართ აშკარა არ არის. კონკრეტული რისკის არსებობა შესაძლოა ამართლებდეს მასზე მორგებულ კონკრეტულ შეზღუდვას, თუმცა თავისთავად ვერ ხსნის, რატომ უნდა ექვემდებარებოდეს ერთიან წინასწარ აკრძალვას ყველა ღია სასამართლო პროცესი, ყველა ძირითადი აუდიოვიზუალური საშუალება და სასამართლოს ისეთი სივრცეებიც, სადაც სხდომა საერთოდ არ მიმდინარეობს. 9. აუცილებლობა 9.1. აუცილებლობის კონსტიტუციური სტანდარტი თანაზომიერების პრინციპის აუცილებლობის მოთხოვნა გამორიცხავს ძირითადი უფლების იმაზე მეტად შეზღუდვას, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ობიექტურად არის საჭირო. სახელმწიფოს მიერ შერჩეული ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას, რომლითაც დასახელებული ლეგიტიმური ინტერესის არსებულთან შედარებადი ეფექტიანობით დაცვა არის შესაძლებელი. შესაბამისად, აუცილებლობის ეტაპზე უნდა დადგინდეს, ერთი მხრივ, ხომ არ სცდება შეზღუდვის მოცულობა იმ ფარგლებს, რომელსაც დასაცავი ინტერესი რეალურად მოითხოვს და, მეორე მხრივ, ხომ არ არსებობს ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რომელიც იმავე მიზანს მიაღწევდა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/4/1483 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აუცილებლობა გულისხმობს ისეთ შეზღუდვას, რომელსაც ობიექტური გარემოებები განაპირობებს და რომლის ნაცვლადაც შესაბამისი მიზნის მისაღწევად სხვა რეალური ალტერნატივა არ არსებობს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-30). 9.2. ინდივიდუალურ რისკზე მორგებული რეგულირება და ნაკლებად მზღუდავი გამოცდილება სადავო ნორმით დასაცავი ინტერესები თავისი ბუნებით ცვალებადია. ყველა სასამართლო პროცესი ერთნაირ რისკს არ წარმოშობს. ყველა სხდომაში არ მონაწილეობს არასრულწლოვანი, ნაფიცი მსაჯული, მოწყვლადი მოწმე ან განსაკუთრებული დაცვის საჭიროების მქონე დაზარალებული. ყველა საქმეში არ განიხილება პირადი ან სხვა განსაკუთრებით სენსიტიური ინფორმაცია. ყველა ტექნიკური საშუალება ერთნაირ გავლენას არ ახდენს პროცესზე. მოცემული საქმისთვის განსაკუთრებით რელევანტურია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მართალია, აღნიშნული საქმე სასამართლო აქტებზე ხელმისაწვდომობას შეეხებოდა და არა სასამართლო სხდომის აუდიოვიზუალურ გაშუქებას, თუმცა მასში ჩამოყალიბებული აუცილებლობის მეთოდოლოგია პირდაპირ რელევანტურია წინამდებარე დავისთვის. საკონსტიტუციო სასამართლომ პირადი ცხოვრების დაცვის მაღალი კონსტიტუციური მნიშვნელობა აღიარა, თუმცა ამ ინტერესის არსებობა საკმარისად არ მიიჩნია ყველა ინფორმაციის ავტომატურად ერთნაირად შესაზღუდად. სასამართლომ კონკრეტულად შეაფასა ნაკლებად მზღუდავი მექანიზმის არსებობა და მიუთითა ისეთი სისტემის შექმნის შესაძლებლობაზე, რომელიც პირადი ინფორმაციის დაცვის მიზანს შეინარჩუნებდა, ხოლო სასამართლო აქტებზე ხელმისაწვდომობას ნაკლები ინტენსივობით შეზღუდავდა (№1/4/693,857, II-33–II-34). ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ ინფორმაციის დაცვის საჭიროება შეიძლება იცვლებოდეს მისი შინაარსის, მონაცემთა სუბიექტის, ინფორმაციის მნიშვნელობის, გამჟღავნების გარემოებებისა და სხვა ფაქტორების მიხედვით (II-53–II-58). განსაკუთრებით სენსიტიური ინტერესების დაცვისას სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია კონკრეტული კატეგორიების მიმართ სპეციალური დაცვის დაწესება და იმავდროულად კონკრეტული საქმის მიმართ გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინება. საბოლოოდ სასამართლომ კანონმდებელს მიუთითა ისეთი „მოქნილი სისტემის“ შექმნის შესაძლებლობაზე, რომელიც დაპირისპირებულ ინტერესებს კონკრეტული გარემოებების შესაბამისად მოაწესრიგებდა (II-66–II-67). მოსარჩელეები აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ წარმოაჩენენ ისე, რომ იგი სასამართლოში აუდიოვიდეო ჩანაწერების გაკეთების საკითხს უშუალოდ წყვეტდეს. მისი მნიშვნელობა სხვაა: თუ დასაცავი საწინააღმდეგო ინტერესის ინტენსივობა შემთხვევიდან შემთხვევამდე იცვლება, აუცილებლობის პრინციპი უპირატესობას ანიჭებს იმგვარ მექანიზმს, რომელიც შეზღუდვას რეალური დაცვის საჭიროების არსებობას უკავშირებს და არა ყველა შემთხვევის ერთნაირად გადაწყვეტას. წინამდებარე საქმეში ეს არგუმენტი განსაკუთრებით ძლიერია, რადგან ნაკლებად მზღუდავი მოდელის არსებობა მხოლოდ თეორიული ვარაუდი არ არის. იგი საქართველოში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რეალურად მოქმედებდა. 2013 წლიდან 2025 წლის ივნისამდე მოქმედი სამართლებრივი რეჟიმი ერთდროულად აღიარებდა სასამართლო პროცესების საჯაროობის მნიშვნელობას და ადგენდა მართლმსაჯულების დასაცავად სხვადასხვა მიზნობრივ მექანიზმს. გადაღება ხორციელდებოდა განსაზღვრული ადგილიდან; აკრძალული იყო ისეთი მოძრაობა, ხმაური, განათება ან სხვა მოქმედება, რომელიც მართლმსაჯულების ნორმალურ მიმდინარეობას შეუშლიდა ხელს; აუდიოჩაწერა ცალკე რეჟიმით რეგულირდებოდა; ნაფიცი მსაჯულები დაცული იყვნენ გადაღებისა და იდენტიფიცირებისაგან; დაზარალებულისა და მოწმის უსაფრთხოების ინტერესის შემთხვევაში შესაძლებელი იყო კონკრეტულად მათი გადაღებისა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გავრცელების შეზღუდვა; სასამართლოს ეზოსა და დერეფანში კი აუდიოვიზუალური საქმიანობა განსხვავებული რეჟიმით იყო მოწესრიგებული. ამრიგად, ქართული კანონმდებლობა უკვე იყენებდა აუცილებლობის პრინციპისთვის არსებით მიდგომას: კონკრეტულ რისკს პასუხობდა კონკრეტული ღონისძიება. სახელმწიფოს წინაშე არ დგას არჩევანი, ერთი მხრივ, მოქმედ ფართო აკრძალვასა და, მეორე მხრივ, სრულიად დაურეგულირებელ სასამართლო პროცესს შორის. ნაკლებად მზღუდავი გზა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ საქართველოში უკვე არსებობდა და პრაქტიკულად მოქმედებდა. ამ არგუმენტის მტკიცებულებით წონას ზრდის თავად საქართველოს პარლამენტის მოგვიანებით გაკეთებული შეფასებაც. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2023 წლის 31 მარტის №2-4631/23 დასკვნაში 2013 წლის ცვლილებები შეფასებულია როგორც რეფორმა, რომელმაც „მნიშვნელოვნად გაზარდა სასამართლო სხდომის გამჭვირვალობა“ და ხელი შეუწყო საქმის განხილვის საქვეყნოობის პრინციპის უზრუნველყოფას. იმავე დასკვნით კომიტეტმა არ გაიზიარა საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ღია სისხლის სამართლის პროცესების გადაღების უფლებამოსილების შეზღუდვის შეთავაზება და აღნიშნა, რომ ასეთი ცვლილება „აკნინებს ზემოხსენებული რეფორმის არსს“ და სათანადოდ დასაბუთებული არ იყო. მოსარჩელეები ამ გარემოებიდან არ ასკვნიან, რომ ზოგადად კანონმდებელს ერთხელ არჩეული მოდელის შეცვლა ეკრძალება. მისი მნიშვნელობა აუცილებლობის ტესტისთვის სხვაა. როდესაც სახელმწიფოში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა მნიშვნელოვნად ნაკლებად მზღუდავი მოდელი და თავად პარლამენტი მას 2023 წელს კვლავ დადებით რეფორმად აფასებდა, არსებობს განსაკუთრებულად ძლიერი ფაქტობრივი საფუძველი დასკვნისთვის, რომ მართლმსაჯულების დაცვა ზოგადი საწყისი აკრძალვის გარეშე პრინციპულად შესაძლებელი იყო. შესაბამისად, მოქმედი გაცილებით ფართო რეჟიმის აუცილებლობის შეფასებისას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს კითხვას, რა კონკრეტული რისკი აღმოჩნდა ისეთი, რომლის ეფექტიანად მართვა უკვე არსებული ნაკლებად მზღუდავი ინსტრუმენტებით შეუძლებელი გახდა. სწორედ ასეთი საჭიროების არსებობა უნდა გაამართლოს უფლების მნიშვნელოვნად უფრო ფართო შეზღუდვამ. 9.3. მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება შეიძლება დაცულ იქნეს უშუალოდ ხელშემშლელი ქცევის რეგულირებით თუ დასაცავი ინტერესი სასამართლო სხდომის შეუფერხებელი მიმდინარეობაა, შესაბამისი საფრთხის წყარო უნდა იქნეს სწორად იდენტიფიცირებული. მართლმსაჯულების მიმდინარეობისთვის ჰიპოთეტურ პრობლემას შეიძლება ქმნიდეს არა აუდიოვიზუალური ინფორმაციის შექმნა თავისთავად, არამედ მისი განხორციელების კონკრეტული ფორმა: ხმაური გადაადგილების დროს, ხელოვნური განათება, ტექნიკური საშუალებების დიდი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარის კანონიერი მითითებების დაუმორჩილებლობა ან სხვა ქცევა. ასეთ ჰიპოთეტურ რისკებზე ზოგადი აკრძალვა ეფექტიანი პასუხი არ არის. მათი პრევენცია შესაძლებელია, მათ შორის, გადაღებისათვის კონკრეტული ადგილის განსაზღვრით; კამერებისა და ოპერატორების რაოდენობის ლიმიტირებით; საერთო კამერების გამოყენებით და მასალის მედიისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით; სხდომის მიმდინარეობისას გადაადგილების, დამატებითი განათების, ხმაურისა და სხვა ემისიის აკრძალვით; პირდაპირი ტრანსლაციისა და ჩვეულებრივი ჩანაწერის განსხვავებულად მოწესრიგებით და ა.შ. ამავე პრინციპს ემსახურება წესრიგის დამრღვევის მიმართ ინდივიდუალური რეაგირებაც. თუ კონკრეტული - პირი ხმაურობს, არ ემორჩილება მოსამართლის კანონიერ მითითებას, აფერხებს პროცესის მიმდინარეობას ან სხვაგვარად არღვევს სასამართლო სხდომის წესრიგს, რეაგირება შეიძლება მიემართოს უშუალოდ ამ პირსა და მის ქცევას, მათ შორის გამოყენებულ იქნეს ჯარიმა ან სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევება. ამ ღონისძიებების საერთო თვისება ის არის, რომ ისინი ზღუდავენ იმას, რაც რეალურად ქმნის საფრთხეს, ხოლო ინფორმაციის მოპოვებისა და დოკუმენტირების შესაძლებლობას იმ მოცულობით ტოვებენ ძალაში, რომელშიც იგი დასაცავ ინტერესს არ აზიანებს. ერთი პირის შესაძლო დარღვევა არ ქმნის აუცილებლობას, წინასწარ შეიზღუდოს ყველა ჟურნალისტი, მათ შორის ისინიც, ვინც პროფესიულ საქმიანობას სასამართლოს წესების სრული დაცვით ახორციელებენ. განსაკუთრებულ შემთხვევებში კიდევ უფრო ძლიერი ღონისძიებებიც არსებობს. როდესაც კონკრეტული საქმის ან მისი ცალკეული ნაწილის საჯაროდ განხილვა რეალურ საფრთხეს უქმნის კანონით დაცულ ინტერესს, სამართლებრივი სისტემა ითვალისწინებს სასამართლო სხდომის მთლიანად ან ნაწილობრივ დახურვას კანონით განსაზღვრული საფუძვლებით. 9.4. განსხვავებული ინტერესებისა და სივრცეების დიფერენცირებული რეგულირების აუცილებლობა მოსარჩელეები არ უარყოფენ, რომ არასრულწლოვნის, ნაფიცი მსაჯულის ან სხვა მოწყვლადი პირის ინტერესმა კონკრეტულ ვითარებაში შეიძლება აუდიოვიზუალური გაშუქების შეზღუდვა მოითხოვოს. ამ ინტერესების დაცვისათვის არსებობს მიზნობრივი საშუალებები: კონკრეტული პირის გამოსახულების გადაღების შეზღუდვა; მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გავრცელების შეზღუდვა; ან სხდომის შესაბამისი ნაწილის დახურვა. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დაცვის მექანიზმები სწორედ 2013-2025 წლებში მოქმედ ქართულ კანონმდებლობაში არსებობდა. აუცილებლობის მოთხოვნასთან ასევე რთულად თავსდება სადავო ნორმის მიერ ტექნიკურად და ფუნქციურად განსხვავებული საქმიანობის ერთნაირი სამართლებრივი რეჟიმით მოცვა. მიმდინარე სასამართლო სხდომის ტრანსლაციას თეორიულად შეიძლება ახლდეს ისეთი რისკები, რომლებიც არ გააჩნია ჩვეულებრივ აუდიოჩაწერას ან ფოტოგადაღებას. ერთჯერადი ფოტოს შექმნა და სასამართლო პროცესის რეალურ დროში ფართო აუდიტორიისათვის გადაცემა ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების სრულიად განსხვავებული ფორმებია. ამიტომ სახელმწიფომ რომც შეძლოს გარკვეული კატეგორიის საქმეებში შეზღუდვის აუცილებლობის დასაბუთება, აქედან არ გამომდინარეობს აუდიოჩაწერის, ფოტოგადაღების, ვიდეოჩანაწერისა და ტრანსლაციის ერთდროულად და ერთნაირი საწყისი აკრძალვის აუცილებლობა. სადავო ნორმის სივრცითი მოცულობა ამავე პრობლემას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს. სასამართლოს ეზოში სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატთან ნებაყოფლობითი ვიდეოინტერვიუს ჩაწერა, ჟურნალისტის მიერ რეპორტაჟის მომზადება, სასამართლოს შენობის ექსტერიერის გადაღება ან პროცესიდან გამოსული პირის კომენტარის აუდიოჩაწერა არ ქმნის მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელებისთვის საფრთხეს. თუ სასამართლოს ეზოში არსებობს კონკრეტული უსაფრთხოების ან წესრიგის პრობლემა, სახელმწიფოს შეუძლია პირდაპირ ამ რისკს უპასუხოს. 9.5. ნაკლებად მზღუდავი ღონისძიებების ერთობლიობა და საწყისი აკრძალვის პრეზუმფციის პრობლემა წინა ქვეთავებში განხილული ნაკლებად მზღუდავი ღონისძიებები აუცილებლობის ტესტის მიზნებისთვის იზოლირებულად არ უნდა შეფასდეს. სახელმწიფოს მიერ დასახელებული სხვადასხვა ინტერესის დასაცავად შესაძლებელია ერთმანეთის შემავსებელი საშუალებების გამოყენება, რომელთაგან თითოეული კონკრეტული ტიპის რისკს პასუხობს. მათი კონსტიტუციური მნიშვნელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ერთობლიობაში ქმნის ინტერესების დაცვის სისტემას უფლების საერთო წინასწარი აკრძალვის გარეშე. აუცილებლობის ტესტი არ მოითხოვს, რომ ნაკლებად მზღუდავმა ალტერნატივამ ყველა შესაძლო რისკი აბსოლუტურად გამორიცხოს. ასეთი მოთხოვნა სახელმწიფოს პრაქტიკულად ყოველთვის მისცემდა ყველაზე ფართო შეზღუდვის არჩევის შესაძლებლობას, რადგან ნებისმიერი უფლების აკრძალვა, რისკის შემცირების მარტივი გზაა, ვიდრე მისი ინდივიდუალური მართვა. კონსტიტუციური მოთხოვნა სხვაა: თუ ლეგიტიმური მიზანი შეიძლება დაცულ იქნეს შედარებადი ეფექტიანობით და ძირითადი უფლების ნაკლები შეზღუდვით, სახელმწიფოსთვის უფრო მარტივი ან ადმინისტრაციულად უფრო კომფორტული გადაწყვეტა უფრო მძიმე ჩარევას აუცილებელს ვერ გახდის. ამიტომ წინამდებარე საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა იმას, შეძლებს თუ არა რომელიმე ერთი ალტერნატიული ღონისძიება ყველა შესაძლო ინტერესის ერთდროულად დაცვას, არამედ იმას, შესაძლებელია თუ არა სხვა რისკზე მორგებული ღონისძიებებით მართლმსაჯულების ინტერესების ეფექტიანი დაცვა. ზემო ქვეთავებში განხილული გარემოებები აჩვენებს, რომ ასეთი მექანიზმები არსებობს როგორც სასამართლო წესრიგის, ისე პროცესის მონაწილეთა უფლებების, ტექნიკური საშუალებების გამოყენებისა და სხვადასხვა სასამართლო სივრცის სამართავად. ამ ფონზე სადავო ნორმის პრობლემა განსაკუთრებით მკაფიო ხდება: კანონმდებელმა რისკის არსებობა შეზღუდვის წინაპირობად კი არ აქცია, არამედ თავად ჟურნალისტური საქმიანობის აკრძალვა დაადგინა საწყის სამართლებრივ მდგომარეობად. ღია სასამართლო პროცესის ფოტო-, ვიდეო- ან აუდიოდოკუმენტირება დასაშვებია არა მანამ, სანამ კონკრეტული საფრთხე არ გამოვლინდება, არამედ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკრეტული სხდომისათვის გამონაკლისს დაუშვებს. შედეგად, სადავო რეჟიმი ერთმანეთისგან არ განასხვავებს ვითარებებს იმის მიხედვით, საერთოდ არსებობს თუ არა სახელმწიფოს მიერ დასახელებული ინტერესისათვის კონკრეტული საფრთხე. ერთსა და იმავე საწყის აკრძალვას ექვემდებარება როგორც შემთხვევა, რომელშიც შესაძლოა რეალურად არსებობდეს განსაკუთრებით დასაცავი ინტერესი, ისე ჩვეულებრივი ღია სხდომა, რომელშიც ასეთი გარემოება საერთოდ არ იკვეთება. სწორედ ამიტომ აუცილებლობის შეფასებისას პასუხს მოითხოვს არა აბსტრაქტული კითხვა, შეიძლება თუ არა ზოგადად სასამართლოში ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვა, არამედ გაცილებით კონკრეტული კითხვები: ● თუ პრობლემა არის პირდაპირი ტრანსლაცია, რატომ არის აუცილებელი ჩვეულებრივი ვიდეო ან აუდიოჩაწერის აკრძალვა? ● თუ დასაცავია კონკრეტული მოწმის, დაზარალებულის ან სხვა მონაწილის ინტერესი, რატომ უნდა შეიზღუდოს წინასწარ ყველა ჟურნალისტური დოკუმენტირება იმ ფარგლებს მიღმაც, რაც ამ პირის დასაცავად არის საჭირო? ● თუ პრობლემა კონკრეტული პირის მიერ წესრიგის დარღვევაა, რატომ უნდა გავრცელდეს შეზღუდვა იმ ჟურნალისტებზეც, რომლებიც სასამართლოს წესებს სრულად იცავენ? ● თუ პრობლემა არის განსაკუთრებული კატეგორიის საქმე, რატომ მოქმედებს იგივე საწყისი წესი ყველა ღია სასამართლო პროცესზე საქმის ხასიათის მიუხედავად? ● თუ კონკრეტული საფრთხე საერთოდ არ იკვეთება, რა კონსტიტუციური აუცილებლობა არსებობს იმისათვის, რომ ჟურნალისტური საქმიანობა მაინც აკრძალული იყოს მანამ, სანამ სახელმწიფო ორგანო მის განხორციელებას სპეციალურად არ დაუშვებს? ● და თუ ამ რისკების მართვა წლების განმავლობაში შესაძლებელი იყო დიფერენცირებული ტექნიკური, სივრცითი და პიროვნული წესებით, რატომ გახდა მათ დასაცავად აუცილებელი ყველა ძირითადი აუდიოვიზუალური საშუალების საერთო წინასწარი აკრძალვა? ეს კითხვები გამომდინარეობს აუცილებლობის ტესტის არსიდან. როდესაც ძირითადი უფლების უფრო ნაკლები შეზღუდვით სახელმწიფოს ინტერესების დაცვის რეალური მექანიზმები არსებობს, სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს არა მხოლოდ ის, რომ ფართო აკრძალვა გარკვეული რისკების შემცირებას უწყობს ხელს, არამედ ისიც, რატომ არის სწორედ ასეთი ფართო ჩარევა აუცილებელი. ამ დასკვნას ვერ ცვლის ნებართვის მექანიზმის არსებობა. ნებართვა არ ცვლის რეჟიმის საწყის კონსტრუქციას: სანამ დადებითი გადაწყვეტილება არ არსებობს, ჟურნალისტური საქმიანობა აკრძალულია, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კონკრეტული დაცვის საჭიროება. ამიტომ ზემოთ განხილული ნებართვის რეჟიმის პროცედურული დეფექტები აუცილებლობის პრობლემას დამატებით ამძაფრებს, თუმცა იგი მათზე დამოკიდებული არ არის. თუნდაც წარმოვიდგინოთ, რომ ნებართვის პროცედურა სწრაფი, სრულად განჭვრეტადი, დასაბუთებული და ეფექტიანია, კვლავ რჩება ძირითადი კითხვა: რატომ უნდა იყოს კონსტიტუციურად დაცული ჟურნალისტური საქმიანობა კონკრეტული საფრთხის არარსებობის შემთხვევაშიც საწყისად აკრძალული. სწორედ ამ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხის არარსებობა აჩვენებს, რომ სადავო ნორმით დადგენილი საერთო წინასწარი აკრძალვა სახელმწიფოს მიერ დასახელებული ინტერესების დასაცავად აუცილებელ ღონისძიებად ვერ ჩაითვლება. სასამართლოს მიერ ოფიციალური აუდიო- და ვიდეოჩანაწერის შექმნაც ვერ ადასტურებს დამოუკიდებელი ჟურნალისტური დოკუმენტირების აკრძალვის აუცილებლობას. უპირველესად, მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოს ოფიციალურ ჩანაწერს არ აქცევს მედიისათვის ან ფართო საზოგადოებისათვის ავტომატურად ხელმისაწვდომ წყაროდ. ორგანული კანონის 13¹ მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოს ავალდებულებს, მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ჩანაწერის ხელმისაწვდომობა მხარეებისთვის, ხოლო მე-2 პუნქტი მხოლოდ ადგენს, რომ სასამართლოს „შეუძლია“ მის ხელთ არსებული მასალის გავრცელება. შესაბამისად, ჟურნალისტს კანონიდან არ გამომდინარეობს ჩანაწერის დროულად მიღების დამოუკიდებელი უფლება. მეორე, სასამართლოს მიერ შექმნილი ჩანაწერი თავისი ფუნქციითაც არ არის ჟურნალისტის მიერ დამოუკიდებლად შექმნილი მასალის ეკვივალენტი. ჟურნალისტური დოკუმენტირება გულისხმობს არა მხოლოდ მოვლენაზე ტექნიკური ჩანაწერის არსებობას, არამედ თავად მედიის შესაძლებლობას, პროფესიული და სარედაქციო შეფასების საფუძველზე განსაზღვროს რომელი ეპიზოდი არის საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი და რა ფორმით მიაწოდოს იგი საზოგადოებას. როდესაც ჟურნალისტი დამოკიდებულია იმავე სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ შექმნილ და შესაძლო გავრცელებისთვის შერჩეულ მასალაზე, რომლის საქმიანობასაც იგი აშუქებს და აკონტროლებს, ინფორმაციის მოპოვების პროცესში დამოუკიდებელი ჟურნალისტური არჩევანი არსებითად იცვლება. სხვა ინფორმაციული წყაროების არსებობა ვერ აქრობს ჟურნალისტის პროფესიულ ინტერესს, ინფორმაცია თავად მოიპოვოს და პირველწყაროდან შექმნას უშუალო ჟურნალისტური მასალა. მესამე, ოფიციალური სასამართლო ჩანაწერი თავისი ბუნებით შეეხება სასამართლო პროცესს და საერთოდ ვერ ანაცვლებს სადავო ნორმით ასევე აკრძალულ ჟურნალისტურ საქმიანობას სასამართლოს შენობის სხვა სივრცეებსა და ეზოში. ამრიგად, სადავო ნორმით დადგენილი მოწესრიგება ვერ პასუხობს აუცილებლობის მოთხოვნას. შესაძლებელია კონკრეტულ რისკზე მორგებული, ნაკლებად მზღუდავი ტექნიკური, პიროვნული და სივრცითი ღონისძიებების გამოყენება, რომელთა პრაქტიკული შესაძლებლობაც ქართული სამართლებრივი წარსულითა და გამოცდილებით დასტურდება. ამის მიუხედავად, მოქმედი რეჟიმი შეზღუდვას არ უკავშირებს კონკრეტული საფრთხის არსებობას და ჟურნალისტურ საქმიანობას საწყისად კრძალავს ყველა შესაბამის შემთხვევაში, ხოლო ნებართვის მექანიზმი და სასამართლოს ოფიციალური ჩანაწერის არსებობა ამ დეფექტს ვერ აღმოფხვრის. შესაბამისად, არ იკვეთება, რატომ არის სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად აუცილებელი სწორედ ასეთი ფართო, ერთიანი და წინასწარი აკრძალვა უფლების ნაკლები შეზღუდვით. 10. პროპორციულობა ვიწრო გაგებით 10.1. სამართლიანი ბალანსის კონსტიტუციური სტანდარტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფომ უნდა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი ისე, რომ დაცული სიკეთე და მისი დაცვის ინტერესი აღემატებოდეს შეზღუდული უფლების დაცვის ინტერესს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/1/752 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36). ამგვარი აწონვა ვერ განხორციელდება აბსტრაქტულად. უნდა შეფასდეს, ერთი მხრივ, რა რეალურ სიკეთეს იღებს სახელმწიფო სადავო შეზღუდვის სრული მოცულობით მოქმედების შედეგად და, მეორე მხრივ, კონკრეტულად რა ღირებულებებს აზიანებს ეს რეჟიმი. სწორედ ამიტომ ვიწრო პროპორციულობისათვის მნიშვნელობა აქვს როგორც დასაცავი ინტერესის რეალურ ინტენსივობას, ისე ინფორმაციისა და ჟურნალისტური საქმიანობის განსაკუთრებულ კონსტიტუციურ მნიშვნელობას. წინამდებარე საქმეში სახელმწიფო სადავო შეზღუდვის გასამართლებლად სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, აგრეთვე მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელების ინტერესებზე მიუთითებს. თუმცა ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ მათი დაცვის საჭიროება იმ ფორმით არსებობს, რომელიც მედიის საქმიანობის ფართო შეზღუდვას გაამართლებს. მით უფრო, სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა თავად შეიძლება იყოს მწვავე საზოგადოებრივი დისკუსიის, კრიტიკული ჟურნალისტური შეფასებისა და საზოგადოებრივი კონტროლის საგანი. მედიის კრიტიკული გაშუქება, სასამართლოს საქმიანობით გამოწვეული საზოგადოებრივი პროტესტი ან ქცევა, რომელსაც ხელისუფლება შესაძლოა „მიტინგურ“ ხასიათს მიაწერდეს, ვერ გაიგივდება სასამართლოს დამოუკიდებლობისა თუ მიუკერძოებლობის ხელყოფასთან. ამ ღირებულებების დაცვა ვერ გახდება სასამართლოსთვის არასასურველი საჯაროობის, კრიტიკის ან საზოგადოებრივი ყურადღების შემცირების საფუძველი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მედიის ფუნქცია სწორედ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაზე დაკვირვება, შესაძლო პრობლემების გამოვლენა და საზოგადოების ინფორმირებაა. შესაბამისად, ბალანსის მეორე მხარეს დგას აზრისა და ინფორმაციის თავისუფლება, მედიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, მართლმსაჯულების შესახებ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფორმაციის უშუალოდ მოპოვება, სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლი და თავად მართლმსაჯულების გამჭვირვალობა. 10.2. მედიის მიერ მართლმსაჯულების გაშუქების განსაკუთრებული კონსტიტუციური მნიშვნელობა სადავო შეზღუდვა ეხება ინფორმაციის ისეთ სფეროს, რომლის მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი თავისი ბუნებით განსაკუთრებით მაღალია. სასამართლო წყვეტს ადამიანის თავისუფლებასთან, პასუხისმგებლობასთან, საკუთრებასთან, საჯარო ხელისუფლების კანონიერებასთან და სხვა უმნიშვნელოვანეს უფლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ დავებს. მისი საქმიანობა, შესაბამისად, არ წარმოადგენს მხოლოდ კონკრეტული სამართალწარმოების მონაწილეთა კერძო ინტერესის სფეროს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ მართლმსაჯულების კონტექსტში აღნიშნა, რომ საჯარო ინფორმაციის სხვადასხვა კატეგორიას საზოგადოებრივი კონტროლის თვალსაზრისით ერთნაირი მნიშვნელობა არ აქვს და ინფორმაციის ხასიათმა შეიძლება მისი ღიაობის მიმართ მომეტებული ინტერესი წარმოშვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41). იმავე გადაწყვეტილებით სასამართლომ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ერთ-ერთ ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციად შეაფასა და კონსტიტუციის მიერ მართლმსაჯულების გამჭვირვალობისათვის მინიჭებულ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითა (იქვე, II-42–II-44). ამასთან, წინამდებარე საქმეში დამატებით მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით მედიისათვის მინიჭებული სპეციალური გარანტია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დამოუკიდებელი საქმიანობა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიღებისა და აზრის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ცენტრალური საშუალებაა. მედიის ინსტიტუციური თავისუფლება მოიცავს სახელმწიფოს ჩარევის გარეშე საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფორმაციის დროულად მოპოვებისა და საზოგადოებისთვის მიწოდების შესაძლებლობას და სწორედ ამ პირობებში შეუძლია მედიას შეასრულოს „საზოგადოებრივი დარაჯის“ ფუნქცია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის №1/1/1537 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს მთავარი არხი“, „შპს ტელეკომპანია პირველი“, „შპს ტელეკომპანია კავკასია“, „შპს ფორმულა“, ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8–II-10). ეს ფუნქცია განსაკუთრებით არსებითია სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით. მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა უშუალოდ ვერ ესწრება საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სასამართლო პროცესებს. მათი შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მიმდინარეობს მართლმსაჯულება, რას ამბობენ მხარეები, როგორ იქცევიან პროცესის მონაწილეები და როგორ ხორციელდება საჯარო ხელისუფლება სასამართლო დარბაზში, პრაქტიკულად მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მედიაზე. ამიტომ შეზღუდვა უშუალოდ ჟურნალისტის პროფესიულ თავისუფლებას სცდება და გავლენას ახდენს საზოგადოების შესაძლებლობაზეც, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს საქმიანობის შესახებ. 10.3. ჩარევით მიღებული სარგებელი ჰიპოთეტურია, ხოლო მედიისთვის მიყენებული ზიანი ავტომატური სადავო რეგულირების ერთ-ერთი დისბალანსი იმაში ვლინდება, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული სარგებლი ჰიპოთეტური და აბსტრაქტულია, მაშინ როდესაც ჟურნალისტური თავისუფლების შეზღუდვა და ზიანი კანონიდან ავტომატურად და სრული მოცულობით წარმოიშობა. კონკრეტული მოწმის უსაფრთხოების ან არასრულწლოვნის ინტერესების არსებობისას შეზღუდვის შედეგად დაცული ინტერესი შეიძლება მაღალი ინტენსივობის იყოს. მაგრამ ასეთი რისკი ყველა სასამართლო სხდომაში არ არსებობს. კიდევ უფრო ნაკლებად არის იგი თანაბარი ყველა ტექნიკური მოქმედებისა და სასამართლოს ყველა სივრცის მიმართ. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმა ჟურნალისტის მხარეს არსებულ ტვირთს კონკრეტული რისკის ინტენსივობის მიხედვით არ ცვლის. მისი საწყისი შედეგი ერთნაირია როგორც სენსიტიური სისხლის სამართლის პროცესის პირდაპირი ტრანსლაციის, ისე ჩვეულებრივი აუდიო თუ ვიდეოჩაწერის, ფოტოგადაღებისა და სასამართლოს ეზოში ვიდეოგადაღების შემთხვევაში. თითოეულ მათგანში ჟურნალისტური საქმიანობა კანონით აკრძალულია მანამ, სანამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება არ იარსებებს. სადავო ნორმის მიერ დაწესებული წინასწარი ნებართვის რეჟიმიც ტვირთის ინტენსივობას ზრდის. თუ საბჭოს დადებითი გადაწყვეტილება სხდომამდე არ იქნა მიღებული, კონკრეტული მოვლენის დამოუკიდებლად დაფიქსირების შესაძლებლობა სხდომის დასრულებასთან ერთად საბოლოოდ იკარგება. შემდგომ მიღებული თანხმობა ამ დანაკარგს ვეღარ აღადგენს. ამ მხრივ ნიშანდობლივია №1/4/693,857 გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობაც. საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა ისეთი სამართლებრივი ბალანსი, რომელიც საწინააღმდეგო ინტერესის რეალური ინტენსივობის მიუხედავად ინფორმაციის დახურვას ავტომატურ საწყის მდგომარეობად აქცევდა. სასამართლომ მნიშვნელობა მიანიჭა კონკრეტულ გარემოებებს, საზოგადოებრივი ინტერესის განსხვავებულ ინტენსივობას და საბოლოოდ დაადგინა, რომ კანონმდებლობით შექმნილი ბალანსი კონსტიტუციის მოთხოვნებს ვერ პასუხობდა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-66–II-68). 10.4. დამოუკიდებელი ჟურნალისტური პირველწყაროს დაკარგვა და სარედაქციო ავტონომიის შეზღუდვა სადავო რეჟიმით დაკისრებული ტვირთის შეფასებისას გადამწყვეტია ისიც, რომ ჟურნალისტს მხოლოდ ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ფორმა არ ეკარგება. იზღუდება თავად დამოუკიდებელი ჟურნალისტური პირველწყაროს შექმნის შესაძლებლობა. მედიის პროფესიული საქმიანობა არ ამოიწურება მზა ინფორმაციის მიღებით. ჟურნალისტი თავად განსაზღვრავს რა მომენტს დააფიქსირებს და რა კადრს გადაიღებს. ეს არჩევანი სარედაქციო საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითაც, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინსტიტუციური თავისუფლება მოიცავს ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გარე ჩარევისაგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის №1/1/1537 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს მთავარი არხი“, „შპს ტელეკომპანია პირველი“, „შპს ტელეკომპანია კავკასია“, „შპს ფორმულა“, ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). ამიტომ სასამართლოს ოფიციალური აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის არსებობა ტვირთის შეფასებისას დამოუკიდებელ ჟურნალისტურ ჩანაწერს ვერ გაუტოლდება. პირველი იქმნება თავად სასამართლოს მიერ. მეორე იქმნება იმ მედიის მიერ, რომლის ფუნქციაც ამავე საჯარო ინსტიტუტის საქმიანობაზე საზოგადოებრივი დაკვირვებაა. ამ ორ წყაროს შორის განსხვავება არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ ინსტიტუციურია. ამდენად, ჟურნალისტისათვის არ არის უზრუნველყოფილი კონკრეტულ სხდომაზე შექმნილ ჩანაწერზე წვდომა და არც მისი იმგვარად დროული მიღება, რომ ინფორმაციამ ახალი ამბის აქტუალობა და ჟურნალისტური ღირებულება შეინარჩუნოს. დამატებით, სასამართლო პროცესი დროითი თვალსაზრისით შეუქცევადი მოვლენაა. გადაწყვეტილების, ნებართვის ან ოფიციალური მასალის დაგვიანებით მიღება ჟურნალისტს ვერ დაუბრუნებს შესაძლებლობას, თავად დაეფიქსირებინა ის, რაც კონკრეტულ დროს მოხდა. ინფორმაციის დროულად მოპოვების მნიშვნელობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პირდაპირ უკავშირებს მედიის ინსტიტუციურ თავისუფლებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის №1/1/1537 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს მთავარი არხი“, „შპს ტელეკომპანია პირველი“, „შპს ტელეკომპანია კავკასია“, „შპს ფორმულა“, ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). სასამართლომ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სხვა კონტექსტშიც მიუთითა, რომ ინფორმაციის მიღების უფლება შეიძლება არაეფექტური გახდეს, თუ მისი ხელმისაწვდომობის საკითხის გადაწყვეტა არაგონივრულად გაჭიანურდება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-67). ამგვარად, სადავო რეჟიმით გამოწვეული ზიანი მოიცავს ერთდროულად ინფორმაციის მოპოვების საშუალების დაკარგვას, ჟურნალისტური პირველწყაროს შექმნის შეუძლებლობას, სარედაქციო არჩევანის შეზღუდვას, სახელმწიფოს მიერ შექმნილ მასალაზე დამოკიდებულების ზრდასა და დროში უნიკალური ჟურნალისტური შესაძლებლობის შეუქცევად დაკარგვას. 10.5. მართლმსაჯულების გამჭვირვალობა და სასამართლოსადმი ნდობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის მიერ მართლმსაჯულების გამჭვირვალობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება მჭიდროდ არის დაკავშირებული სასამართლო ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან. სასამართლოს მიერ ხელისუფლების განხორციელების ლეგიტიმაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წყაროდ სასამართლომ საზოგადოებრივი ნდობა დაასახელა და აღნიშნა, რომ ასეთი ნდობა გამჭვირვალე მართლმსაჯულების გარეშე წარმოუდგენელია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44–II-45). იმავე გადაწყვეტილებით განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა მართლმსაჯულებაზე საზოგადოებრივ ზედამხედველობას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის შეფასებისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის შესაძლებლობა, ხოლო ასეთი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელისუფლების იმ შტოს მიმართ, რომელიც სხვა შტოებისგან დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდეს. მართლმსაჯულების ღიაობა და მის შესახებ საზოგადოების ინფორმირება უკავშირდება სასამართლოს ანგარიშვალდებულებასა და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისადმი საზოგადოებრივი რწმენის ჩამოყალიბებას (იქვე, II-46–II-48). ეს მსჯელობა არსებითია წინამდებარე საქმისათვის. სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური მიზანია, მაგრამ იგი ვერ დაიყვანება მისი საქმიანობის საზოგადოებრივი ხილვადობის შემცირებამდე. კრიტიკული გაშუქება, არასასურველი საჯაროობა ან მაღალი საზოგადოებრივი ყურადღება შეიძლება სასამართლოსთვის ინსტიტუციურად არაკომფორტული იყოს, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასამართლოს ნდობა უნდა ემყარებოდეს მის დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და საზოგადოებისათვის ხილულ, გამჭვირვალე მართლმსაჯულებას და არა საზოგადოებრივი დაკვირვების მაქსიმალურ შემცირებას. სახელმწიფოს მიერ დასახელებული ინტერესები მნიშვნელოვანია, მაშინ როდესაც მათ კონკრეტული ფაქტობრივი საფუძველი გააჩნიათ. მაგრამ სადავო ნორმა ამ ინტერესების დაცვის სარგებელს განაზოგადებს ყველა ღია სასამართლო პროცესზე, ყველა ჟურნალისტზე, ყველა ძირითად აუდიოვიზუალურ საშუალებაზე და ყველა სივრცეზე. ამის სანაცვლოდ საზოგადოება კარგავს დამოუკიდებელი მედიის მიერ მართლმსაჯულების უშუალოდ დოკუმენტირების შესაძლებლობას, მედია კარგავს საკუთარი პროფესიული საშუალებებისა და სარედაქციო არჩევანის კონტროლს, ხოლო სასამართლოს საქმიანობის შესახებ საზოგადოებრივი ინფორმაცია უფრო მეტად დამოკიდებული ხდება თავად სასამართლოს მიერ შექმნილ მასალაზე. მედიის თავისუფლება და სასამართლოს ავტორიტეტის დაცვა ამ კონტექსტში ურთიერთსაპირისპირო ღირებულებები არ არის. დამოუკიდებელი ჟურნალისტური დაკვირვება და მართლმსაჯულების გამჭვირვალობა თავად ქმნის სასამართლოს საზოგადოებრივი ლეგიტიმაციისა და ნდობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს. შესაბამისად, სადავო ნორმით მიღებული ჰიპოთეტური სარგებელი ვერ გადაწონის იმ ინტენსიურ ტვირთს, რომელსაც საერთო საწყისი აკრძალვა აკისრებს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით, მე-2 პუნქტითა და მოსარჩელე მედიაორგანიზაციების მიმართ მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით დაცულ უფლებებს. სადავო რეგულირება ვერ ადგენს სამართლიან ბალანსს დაპირისპირებულ კონსტიტუციურ ინტერესებს შორის და, ამდენად, ვერ აკმაყოფილებს ვიწრო გაგებით პროპორციულობის მოთხოვნას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი