საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
| დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
| ნომერი | N3/12/1979 |
| კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, გიორგი მოდებაძე, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, |
| თარიღი | 20 ოქტომბერი 2026 |
| გამოქვეყნების თარიღი | 4 ნოემბერი 2026 17:04 |
პლენუმის შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გოგა კიკილაშვილი - წევრი;
სერგო მეთოფიშვილი - წევრი;
გიორგი მოდებაძე - წევრი;
ვასილ როინიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.
განსახილველი საკითხი: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ შუამდგომლობა №1979 კონსტიტუციურ სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით ჩატარებისა და დაუსაბუთებლობის გამო, არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თაობაზე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2026 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოპასუხე მხარემ - მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ და მოითხოვა №1979 კონსტიტუციურ სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომა ჩატარდეს ზეპირი მოსმენით და დაუსაბუთებლობის გამო, კონსტიტუციური სარჩელი არ იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.
2. №1979 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მოსაზრებით, ნათლად დასტურდება კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ხუთივე პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევა, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობაში უკვე გამოიხატა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის სამომავლო მიზნის არსებობაში ვლინდება. მოსარჩელე მხარე - საქართველოს პარლამენტის წევრები - მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი სათანადო ფაქტები და არგუმენტები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს და მოითხოვენ, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებიდან და მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს მოპასუხე პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და აკრძალოს ისინი.
3. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმესთან დაკავშირებით უნდა დანიშნოს განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით, რადგან სარჩელი, თავისი არსით, გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებების დადგენას და გამოკვლევას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში უნდა იქნეს განხილული. შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი არც ერთი ფაქტობრივი გარემოება და მხოლოდ მითითება ხდება დოკუმენტზე, რომელიც ვერ ჩაითვლება რაიმე სახის მტკიცებულებად. იმავდროულად, შუამდგომლობაში მითითებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში უნდა იმსჯელოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დასკვნის მიღებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან ეს უკანასკნელი არის ერთი პარტიის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომლის კონსტიტუციურობაც სადავოა, ხოლო მისი კონსტიტუციურად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, ეს ვერ ჩაითვლება მტკიცებულებად შუამდგომლობის ავტორი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვის პროცესში.
4. წერილობითი შუამდგომლობის მიხედვით, №1979 კონსტიტუციურ სარჩელში პოლიტიკური პარტიის „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წინააღმდეგ არა თუ ერთი მტკიცებულება, არამედ არგუმენტიც კი არ არის წარდგენილი, გარდა იმისა, რომ სარჩელის ავტორები ცდილობენ შექმნან კვაზი სადავო მიმართება, რომელიც შეეხება აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, რომელთა სამტკიცებლად ასევე არ არის წარმოდგენილი რაიმე განაჩენი ან მტკიცებულება. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული გარემოებები მიემართება 2012 წლამდე არსებულ ფაქტებს, როდესაც ამ შუამდგომლობის წარმომდგენი პოლიტიკური პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ არც არსებობდა. შესაბამისად, მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მოსაზრებით, სარჩელი იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მოსარჩელე მხარე აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად წარმოადგენს 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების - „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ და „გახარია საქართველოსთვის“ - საარჩევნო თანამშრომლობის ფაქტს. შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით, არც ქართულ და არც სხვა სამართლებრივ სისტემაში ორი პარტიის წინასაარჩევნო თანამშრომლობა არ მიიჩნევა რაიმე სახის დარღვევად.
5. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტია „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ შეიქმნა 2019 წლის დეკემბერში, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც დაყენებულია №1979 კონსტიტუციურ სარჩელში, პროცედურული თვალსაზრისითაც, არ მიემართება შუამდგომლობის ავტორს, რაც წარმოაჩენს სარჩელის შეუსაბამობას საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების კანონმდებლობასთან. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარისთვის პრობლემატურია მხოლოდ პარტიის შექმნამდე არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მას მოთხოვნა უნდა დაეყენებინა არა პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის თაობაზე, არამედ პარტიის შექმნის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიასთან ერთად მოპასუხე მხარე, მათ შორის, პარტიის მარეგისტრირებელი ორგანოც უნდა ყოფილიყო.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საკითხი უნდა შეაფასოს განმწესრიგებელ სხდომაზე ზეპირი მოსმენის ფარგლებში და, შესაბამისად, დაადგინოს, რომ აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის დაუსაბუთებლობის გამო, მისი არსებითად განსახილველად მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ორგანულ კანონმდებლობას.
7. შუამდგომლობის ავტორი საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. განსახილველ შემთხვევაში, ხაზგასასმელია, რომ №1979 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2026 წლის 13 ოქტომბერს, რის საფუძველზეც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა №3/4/1979 საოქმო ჩანაწერით, ზემოხსენებული კონსტიტუციური სარჩელი სრულად მიიღო არსებითად განსახილველად. ერთ-ერთი მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ მიერ კი შუამდგომლობა განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით ჩატარებისა და სარჩელის დაუსაბუთებლობის გამო, მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა 2026 წლის 19 ოქტომბერს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ უკვე გადაწყვეტილი იყო და შესაბამისი საოქმო ჩანაწერიც გამოქვეყნებული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სამართლებრივი გარემოება, რის გამოც რელევანტურია ამ საკითხის ირგვლივ შინაარსობრივ მსჯელობაში შესვლა.
2. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ასკვნის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ შუამდგომლობა №1979 კონსტიტუციურ სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით ჩატარებისა და დაუსაბუთებლობის გამო არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თაობაზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. №1979 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“) არ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ შუამდგომლობა №1979 კონსტიტუციურ სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით ჩატარებისა და, დაუსაბუთებლობის გამო, არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თაობაზე.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გოგა კიკილაშვილი
სერგო მეთოფიშვილი
გიორგი მოდებაძე
ვასილ როინიშვილი