სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „გრიგოლ დოჩია, გიორგი გიგაური, გელა ნიორაძე და სხვები (სულ 7 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

2025 წლის 9, 10 და 11 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „გრიგოლ დოჩია, გიორგი გიგაური, გელა ნიორაძე და სხვები (სულ 7 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

კონსტიტუციური სარჩელები (№1744, №1746, №1760, №1761, №1783, №1805, №1812), შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან (სამართლის წინაშე თანასწორობა) და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მიმართებით.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ დებულებას, რომელიც, მათი პოზიციით, დაუსაბუთებლად ზღუდავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შესაძლებლობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით (განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებულ „დაუმთავრებელ“ დანაშაულებზე. მოსარჩელეთა მითითებით, ბრალდების მხარეს (პროკურორს) აქვს შესაძლებლობა, ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლით, თავად გადაწყვიტოს, წარიმართება თუ არა საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ, რაც არღვევს ბრალდებულთა თანასწორობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს იმ ბრალდებულებს, რომელთა ქმედებაც კვალიფიცირდება როგორც დანაშაულის მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის სიმძიმე და მოსალოდნელი სასჯელი შესაძლოა არსებითად არ განსხვავდებოდეს დამთავრებული დანაშაულისგან. ამავდროულად, შესადარებელ პირთა მიმართ, მტკიცების სტანდარტი და საპროცესო სტატუსი იდენტურია. სადავო ნორმით დადგენილი განსხვავებული მოპყრობა, მოსარჩელეთა შეფასებით, მოკლებულია ყოველგვარ ობიექტურ და გონივრულ გამართლებას და წარმოადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას.

მოსარჩელეთა მტკიცებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე ხელმისაწვდომობა სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, წარმოადგენს საზოგადოებრივი მონაწილეობისა და დემოკრატიული კონტროლის მექანიზმს, რაც უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას. ამგვარად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების ერთ-ერთ არსებით გარანტიას წარმოადგენს და ამ ინსტიტუტზე წვდომის დაუსაბუთებელი შეზღუდვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა.

აგრეთვე, სადავო ნორმას წარმოადგენს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც კრძალავს არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმის ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განხილვას, რაც, მოსარჩელის აზრით, არასრულწლოვან ბრალდებულებს გაუმართლებლად აყენებს დიფერენცირებულ მდგომარეობაში, სრულწლოვან ბრალდებულებთან მიმართებით.

საქმის არსებითი განხილვა დაიწყება "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით.