სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1442 კონსტიტუციური სარჩელი

2023 წლის 25 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1442 კონსტიტუციური სარჩელი („ეკატერინე ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

დავის საგანს წარმოადგენდა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი შეადგენს 45 წელს.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა ადგენდა ასაკის ნიშნით დიფერენცირებას 45 წლის ასაკს მიღწეულ და აღნიშნულ ასაკს მიუღწეველ უმცროს ოფიცრებს, კერძოდ, კაპიტნებს შორის. მოსარჩელის განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 45 წლის ასაკის პირების ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები, როგორც წესი, სრულ შესაბამისობაში იყო კაპიტნის მიერ შესასრულებელ ფუნქციებთან, არ არსებობდა ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა მსგავს დიფერენცირებას და 45 წლის კაპიტნების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნას ბლანკეტურად, ზღვრულ ასაკზე მითითებით.

მოპასუხის პოზიციით, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული სამხედრო სამსახურის სპეციფიკური ბუნება და ის გარემოება, რომ სამხედრო სამსახური დაფუძნებულია კარიერული განვითარების პირამიდულ მოდელზე, რომლის გამართული ფუნქციონირების აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს სხვადასხვა სამხედრო წოდებებისათვის გრადაციული ზღვრული ასაკების არსებობა.

მოპასუხის განმარტებით, კანონმდებლობა ყველა კაპიტანს აძლევდა თანაბარ შესაძლებლობას, კანონით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გამხდარიყო მაიორი და გაეგრძელებინა კარიერული წინსვლა. შესაბამისად, 45 წლის ასაკის მიღწევა კაპიტნისათვის a priori არ ნიშნავდა სამხედრო სამსახურის დასრულებას და სადავო ნორმის საფუძველზე არ ხდებოდა არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა იწვევს დიფერენცირებულ მოპყრობას მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებულ პირებს შორის და შეზღუდვის კონსტიტუციურობა შეაფასა თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეული თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების პოზიცია და განმარტა, რომ სამხედრო სამსახურში სხვადასხვა წოდების, მათ შორის, კაპიტნის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეებისათვის ზედა ასაკობრივი ზღვრების დაწესება, კარიერული განვითარების პირამიდული მოდელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფით, ემსახურება ისეთ მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს, როგორიც იყო სამხედრო სამსახურში ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვის განმტკიცება, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სიძლიერესა და მდგრადობასთან.

შეზღუდვის ვიწრო პროპორციულობაზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ, ერთი მხრივ, მხედველობაში მიიღო სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის ინტენსივობა, რაც გამოიხატება 45 წლის შრომისუნარიანი პირის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნაში, ხოლო, მეორე მხრივ, დარგის სპეციფიკურობა და ის ფაქტი, რომ ზღვრული ასაკების დაწესება წარმოადგენს სამხედრო სამსახურში კარიერულ განვითარებაზე დაფუძნებული პირამიდული მოდელის გამართულად ფუნქციონირების მნიშვნელოვან წინაპირობას, გამორიცხავს პირამიდის სხვადასხვა საფეხურზე სამხედრო მოსამსახურეების არაგონივრულად ხანგრძლივი ვადით დაყოვნებას და უზრუნველყოფს განვითარებაზე ორიენტირებული, პერსპექტიული სამხედრო მოსამსახურეების დაწინაურებას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია ზღვრული ასაკების თაობაზე საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში შესვლის სურვილის მქონე პირის წინასწარ ინფორმირებულობაზე, პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული კაპიტნების რეალურ დაწინაურებაზე, ამ გზით სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის თავიდან აცილების ობიექტურ შესაძლებლობასა და იმ სოციალურ გარანტიებზე, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო დათხოვნილი კაპიტნებისათვის. სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, მიიღწევა სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.