სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1394 კონსტიტუციური სარჩელი („ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)

2023 წლის 27 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1394 კონსტიტუციური სარჩელი („ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

სადავო ნორმა ადგენდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მოსამართლის შეურაცხყოფისთვის. მოსარჩელისთვის პრობლემური იყო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის შეურაცხყოფას იმ პირობებშიც კი, როდესაც ეს ქმედება არ განხორციელებულა უშუალოდ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მას ხელი არ შეუშლია და საფრთხე არ შეუქმნია მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელებისა და პროცესის ჩვეული მიმდინარეობისთვის. მისი პოზიციით, სადავო ნორმის განმარტებისას მისთვის იმგვარი შინაარსის მინიჭება, რომ დანაშაულს უნდა წარმოადგენდეს მოსამართლის შეურაცხყოფა ნებისმიერ ადგილას და დროის მონაკვეთში იმის მიუხედავად, სად და როდის არის ის ჩადენილი, ვერ აკმაყოფილებს კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს და ბუნდოვანებას წარმოადგენდა, თუ რა ქმედებები მოიაზრება „შეურაცხყოფისა“ და „უპატივცემულობის“ ქვეშ.

მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნებია სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის დაცვა და მისდამი ხალხის ნდობის შენარჩუნება, აქედან გამომდინარე კი, მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა. მოპასუხის განმარტებით, ზღვარი უნდა გაივლოს კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის. მართალია, მოსამართლეს, სხვა საჯარო მოხელეების მსგავსად, გააჩნია გარკვეული თმენის ვალდებულება, თუმცა მოსამართლის კრიტიკაზე საკუთრივ მოსამართლის მხრიდან შეპასუხების შეზღუდული შესაძლებლობის გათვალისწინებით, გამოირიცხება იგი საჯარო დებატებში მაღალი ინტენსივობით ჩართვისგან, რაც ხელს უწყობს სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის შესუსტებას. მოპასუხის მტკიცებით, სადავო ნორმა ახდენს მხოლოდ იმგვარი „უპატივცემულობის“ კრიმინალიზებას, რაც გამოიხატება შეურაცხყოფით. ამდენად, მოპასუხის მტკიცებით, სადავო ნორმა აკმაყოფილებს გამოხატვის თავისუფლების უფლებით დადგენილ სტანდარტებსა და კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს.

გამოხატვის თავისუფლების უფლების ფარგლებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საზოგადოებაში თავისუფლად უნდა ცირკულირებდეს განსხვავებული იდეები და შეხედულებები, მათ შორის, ისეთებიც, რომლებიც შესაძლოა შემაწუხებელი, გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისათვის, რადგან ამას მოითხოვს დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ტოლერანტობა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ დააზუსტა, რომ ხსენებული განმარტებები არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, თითქოს, გამოხატვის თავისუფლებით დაცულია სხვისი პირადი შეურაცხყოფის უფლება და რომ პიროვნების რეპუტაცია ან ხელისუფლების შტოს ავტორიტეტის დაცვა არ წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველს. პიროვნების რეპუტაცია, მათ შორის, მოსამართლისა, რომელიც განასახიერებს სასამართლო სისტემას, წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძველს. უფრო მეტიც, მოსამართლის რეპუტაცია კიდევ უფრო მეტი დაცვით სარგებლობს, რადგანაც მისი შელახვით ზიანდება არა მარტო კონკრეტული ინდივიდის, არამედ მთელი სასამართლოს იმიჯი, რეპუტაცია, ავტორიტეტი და მისდამი ხალხის ნდობა. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი, ცხადია, იცავს კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმის უფლებას, მათ შორის, კონკრეტული ინდივიდების, მათ შორის, მოსამართლეების მისამართით, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ღირებულებათა კონფლიქტი გამოხატვის თავისუფლებასა და სასამართლოს ავტორიტეტს, მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას შორის უნდა გადაწყდეს კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის, თუ ვის მიერ და ვის მიმართ არის გამოთქმული კრიტიკა, როგორია დასაშვები კრიტიკის ფარგლები შესაბამის შემთხვევაში, როგორია გამოყენებული ენა და გამოთქმები, შეფასებით მსჯელობას შეეხება საქმე თუ ფაქტების მტკიცებას და სხვა. შესაბამისად, ყოველი კონკრეტული შემთხვევა სამართლიანი ბალანსისა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით უნდა გადაწყდეს.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსამართლის მიმართ გამოთქმული მოსაზრებები და კრიტიკაც არ უნდა იყოს დაცლილი გარკვეული ფაქტობრივი საფუძვლებისგან. დასაშვებია თუნდაც მცდარი შეფასებების გამოთქმაც, თუკი ეს არ სცდება კრიტიკის დასაშვებ ფარგლებს გამოხატვის ფორმით, გამოყენებული ტერმინოლოგიითა და ტონალობით. შესაბამისად, ამგვარი კრიტიკა უნდა ჩაითვალოს არა გაუმართლებელ, უსაფუძვლო პერსონალურ თავდასხმად, არამედ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე გამოთქმულ მოსაზრებად. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, ნებისმიერი კრიტიკული, თუნდაც მცდარი მოსაზრება ინდივიდუალური მოსამართლის მიმართ არ უნდა გადაიქცეს ისეთ უხამს ან/და უცენზურო თავდასხმად, რომელიც ხელყოფს ამ მოსამართლის ინდივიდუალურ რეპუტაციას და, მასთან ერთად, მთელი სასამართლოს ავტორიტეტს, მისდამი ხალხის ნდობას, ისევე, როგორც მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების ინტერესს.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსამართლის წინააღმდეგ გამოთქმულმა კრიტიკამ გამოყენებული ფორმის, ტერმინოლოგიის, კონტექსტის, ტონალობის, ფაქტობრივი საფუძვლების არარსებობის, ექსცესიურობის ხარისხისა და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, შეიძლება დაარღვიოს მოსამართლის/სასამართლოს მიმართ არსებული დასაშვები კრიტიკის ფარგლები. კერძოდ, უხამს, უცენზურო და დაუსაბუთებელ/თავდასხმებს გამონათქვამებს სასამართლოს/მოსამართლის მისამართით შეუძლია სერიოზულად შელახოს სასამართლოს ავტორიტეტი და მაღალი ხარისხით დააზიანოს ის. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება უნდა მოიცავდეს სასამართლოს/მოსამართლის დასაშვები კრიტიკის ფარგლების გადამეტებით ჩადენილ მხოლოდ ისეთ უკიდურეს, ზღვარგადასულ შემთხვევებს, უსაფუძვლო პერსონალურ თავდასხმებს, როდესაც სასამართლოს ავტორიტეტისა და მისდამი ხალხის ნდობისათვის მიყენებული ზიანის სერიოზულობა მოითხოვს ამ ქმედებაზე სისხლისსამართლებრივ რეაგირებას.

ამასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია სადავო ნორმით აკრძალული ქმედებების ზუსტი იდენტიფიცირება იმდენად, რამდენადაც სამართლებრივი დახმარების გზით, რომელსაც შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, ისედაც ცხადი და გასაგებია, რომ მასში იგულისხმება სასამართლოს შენობაში ჩადენილი შეურაცხყოფა. სასამართლოს მითითებით, ამგვარი მიდგომა მთლიანად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის დასაცავად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სფეროში და ქმედების კრიმინალიზებისას კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარ შემთხვევებში პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება აკმაყოფილებდა კონსტიტუციურ სტანდარტებს.

გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.